გველოდება თუ არა ახალი პანდემია და „ლოქდაუნი“ „მაიმუნის ყვავილის“ გამო - ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: სალომე ნოზაძე 

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა - იშვიათი ვირუსი, რომელიც მაიმუნის ყვავილისსახელითაა ცნობილი, ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. ბოლო დღეებში კი მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გავრცელდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ორგანიზაციის წევრ 12 სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 შემთხვევა დადასტურდა. WHO-ში განმარტავენ, რომ ეს ციფრი საყურადღებოა, რადგან აღნიშნული ტერიტორიები დაავადებისთვის არც ენდემურია და არც პაციენტების დიდ ნაწილს აქვთ იმ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია, სადაც მანამდე დაავადების შემთხვევები ფიქსირდებოდა. რამდენად საშიშია და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდანმაიმუნის ყვავილი“ -  ამ საკითხზევერსიაჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა:

­_ ბატონო გიორგი, რამდენად საშიშია და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდანმაიმუნის ყვავილი“ ?

_ რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს, არანაირი საპანიკო სიტუაცია არ არის საქართველოსათვის და ჩვენი რეგიონისათვის. საყურადღებო ნამდვილად არის, მაგრამ არა მარტო ეს ვირუსი, არამედ ბევრი სხვა ვირუსიც. კოვიდის შემდეგ ყველა შეშინებული ვართ და როდესაც რაღაც ახალი ხდება, გვეშინია, კიდევ ხომ არ ჩავიკეტებით... მინდა, ყველა დავაწყნარო, რომ არავინ ჩაიკეტება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გამო. ეს არ არის ისეთი ტიპის ვირუსი, რომ გლობალურად პანდემია გამოცხადდეს და ჩავიკეტოთ. ეს ვირუსი ცირკულირებს 50 წელზე მეტია, აფრიკაში ახლაც არის და სხვათაშორის, წელიწადში მარტო კონგოში 6000, ხოლო ნიგერიაში 3000 შემთხვევა ფიქსირდება. ენდემური დაავადება ნიშნავს იმას, რომ მუდმივად არის საზოგადოებაში. ძირითადად, ეს გადადის ცხოველიდან ადამიანზე და ყოველწლიურად ევროპაში და ამერიკაში  ეს ვირუსი 2-10 პაციენტს უფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, უნდა დავწყნარდეთ, საპანიკო არაფერია, საყურადღებო კი არის. რაც კარგი ამბავია ამ ვირუსთან დაკავშირებით ისიცაა, რომ მეცნიერებმა და ექიმებმა ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ იციან, 70-იანი წლებიდან დაიწყო ამ ვირუსის შესწავლა და მისი მართვა და მკურნალობა ექიმებისთვის ცნობილია, პროტოკოლიც არსებობს. სხვათაშორის, 2022 წელს ევროპის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ერთი წამალი, რომელიც პაციენტს ეხმარება მკურნალობაში ამ კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ წამალი არსებობს.

_ როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება?

_ მიმდინარეობა ამ დაავადების ისეთია, რომ, პრაქტიკულად, თვითმკურნალობით მთავრდება ყველაფერი. ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში და სიმპტომური მკურნალობა სჭირდება - თუ მაღალი ტემპერატურა აქვს, სიცხის დამწევი უნდა და ა.შ ეს ვარიანტი, რომელიც ახლა გავრცელდა, არის მსუბუქი. ზოგადად, ამ ვირუსს ბევრი ვარიანტი აქვს, მაგრამ ორი ძირითადია და რაც გავრცელდა, სიკვდილიანობა დაბალი აქვს. მართალია, შესახედაობა არასასიამოვნო აქვს და ვიზუალურად ტოვებს ლაქებს, მაგრამ კატასტროფულად საპანიკო არაა. ქვეყნები არ დაიკეტება და კარანტინი არ გამოცხადდება ამ ვირუსის გამო.

 80-იან წლებამდე ყვავილზე ყველა იყო აცრილი და ამ ადამიანების 85%-ს იცავს ეს აცრა. მართალია, ეს აცრა ამ კონკრეტული ვირუსისთვის არაა, თუმცა არის საშუალებები, რომელიც დაცულად გაგრძნობინებს თავს.

_რამდენად ადვილად გადადის ეს ვირუსი  ადამიანიდან ადამიანზე?

_ორი გზა არსებობს - ჰაერწვეთოვანი გზა და მეორეა ადამიანის სითხე. გადამდები შეიძლება, იყოს კოცნა. სხვათაშორის, პირბადეები არ არის ცუდი ამბავი და გამოვიყენოთ. საერთოდ, კარგი იქნება თავი შევიკავოთ და გვყავდეს მხოლოდ ერთი პარტნიორი ან ვიყოთ დაცულები.

_ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰომოსექსუალ ადამიანებში უფრო მარტივად ვრცელდება, რამდენად რეალურია ეს ფაქტი?

_კარგი რა, ეს არის აბსურდი! ჰომოფობია და ქსენოფობია ყველგანაა და ეს ინფორმაცია ისეთი სასაცილო ტყუილია, რომ მეტი არ შეიძლება. აქ საუბარი იმაზეა, რომ პირველი შემთხვევა ბისექსუალ მამაკაცს დაუფიქსირდა და რატომ? - იმიტომ, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს უვლიან და ექიმთან დადიან, მეტი არაფერი. ქალებზეც გადადის, ბავშვებზეც და ვირუსმა არ იცის ასაკი, არც ორიენტაცია, არც კანის ფერი... ახლა გადახედეთ ქართულ საზოგადოებას, რამდენი მამაკაცი დადის ექიმთან? - დაფიქრდით, ჩვენი მამაკაცებს, სანამ რეანიმაცია არ დასჭირდებათ, ექიმთან ვერ წაიყვან! ზოგადად, ეს არის მენტალური პროცესი, შეიძლება, ძალიან აწუხებდეს რამე, მაგრამ ვერ მიიყვან საავადმყოფომდე.

_რამდენად საშიშია ეს ვირუსი საქართველოსთვის?

_ეს ვირუსი საერთოდ არ არის საშიში განსაკუთრებით საქართველოსთვის. ვერ ვხედავ საპანიკოს ვერაფერს, ერთადერთი, რაც ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს, ესაა ბოქსირებული პალატების გადამოწმება, კანონმდებლობით სავალდებულოა. როცა ადამიანი დაავადებულია, ყველაზე კარგი მკურნალობა არის კარანტინი, ანუ ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში. ქვეყანა კი არა, ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში 2-დან 4 კვირამდე.

_რა კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს ამ ვირუსთან დაკავშირებით?

_ ეს ძალიან ძველი ვირუსია, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ვაქცინები და წამლები არსებობს, მკურნალობის პროცესიც ვიცით. ასევე კიდევ ერთი პოზიტიური ასპექტი ამ ვირუსისა ისაა, რომ ძირითადად ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე და ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება ძალიან იშვიათი იყო.

 ახლა შევხედოთ სხვა კუთხით, ნახეთ, რა ხდება დედამიწაზე - კოვიდი ძირითადად ევროპაში და ამერიკაშია. უმრავლესი მოსახლეობა არის აცრილი, მე ახლა პარიზში ვარ, არავის არ უკეთია პირბადე, მოზარდი მოსახლეობის 90% არის აცრილი და ყველა დაიღალა ამ კოვიდის ჩაკეტვებით. ევროპაში და ამერიკაში ახლა კლუბში ადგილს ვერ ნახავთ, ხალხს კლუბი, ურთიერთობა უნდა. კოვიდი არსად წასულა, ეს უნდა გვახსოვდეს და ჩემი აზრით, კოვიდს უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ამ ორი წლის სტრესმა გვაჩვენა, რომ სექსუალური გზით გადამდები დაავადებები მოიმატებს გლობალურად. მიზეზი კი ძალიან მარტივია - სტრესია დაგროვებული, ურთიერთობის ნაკლებობა... ადამიანები ფიქრობენ, მეტი რაღა უნდა დაგვემართოსო და რისკებს ნაკლებად აფასებენ. რისკების არასწორი შეფასების შედეგად კი მივიღებთ სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პიკს. აი, ეს არის საშიში, მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს არის ინდიკატორი. ეს მაიმუნის ყვავილის ვირუსიც კი არის პატარა მაჩვენებელი, რომ ადამიანები დაიღალნენ ამ სტრესისგან და ჩვენ გვექნება „სიფილისის“ აფეთქება და შეილება აივ ინფექციაც წამოგვეწიოს. ამიტომ პრევენცია, პრევენცია და პრევენცია! ფრთხილად იყავით, დაიცავით თავი და შეაფასეთ რისკები!

გავიმეორებ - „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელება საქართველოში არ მგონია, პრობლემა იყოს. ახლა ყველას სჭირდება პანიკა. კოვიდი დამთავრდა და რაღაცაზე ხომ უნდა ილაპარაკონ?! გეუბნებით, კოვიდი უფრო საშიშია, არსად წასულა, პოსტ კოვიდური სიტუაცია უფრო საშიშია, რადგან მენტალური პრობლემა უფრო საშიშია. მენტალური პრობლემაა ხომ, როდესაც ორი ქალი ავტობუსში დაჭრეს, ეს ადამიანობაა?! ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ძალიან დიდი სტრესია საზოგადოებაში და არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ხვალინდელი დღის იმედი დაეკარგა ძალიან ბევრ ადამიას. 

„მაიმუნის ვირუსთან“ დაკავშირებით დაწყნარდით, დამშიდდით, თუ იქნება რაიმე საგანგაშო, აქ ვარ და გეტყვით!  სხვათაშორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შეიკრიბნენ, შეაფასეს მსოფლიოს მდგომარეობა და თითო ქვეყნის „ქეისები“ შეიამოწმეს, რეკომენდაციაც მისცეს თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებს. საქართველოში ასეთია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელსაც გადაცეს ეს რეკომენდაცია და ყველა არის ინფორმირებული. თუ რამე იქნება, იმ წამსვე ამოტივტივდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის საქმეს გააკეთებს. სისტემა ამუშავებულია მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ალბათ, კიდევ გამოვლინდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ 2-3 კვირაში ეს თემა საერთოდ დაიხურება.