"შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს..." - რა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას თბილისის ძველი ლიფტები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელ ლიფტებს იყენებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია, გასულია. სარემონტო და წყობიდან გამოსული ლიფტები წლებია, დიდ პრობლემას წარმოადგენს და რაც დრო გადის, მოსახლეობისთვის უფრო საფრთხის შემცველი ხდება. საინტერესოა, ვინ აკონტროლებს ამ საკითხს საქართველოში და რატომ არ ექცევა შესაბამისი ყურადღება იმ მექანიკურ ტრანსპორტს, რომელსაც მოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ და რომელმაც შეიძლება, ადამიანის სოცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს?...

„ვერსია“ დაინტერესდა ყველა იმ საკითხით, რაც ლიფტების ზედამხედველობას, შეკეთებას და ფუნქციონირებას ეხება. პირველ რიგში, დავუკავშირდით თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ მერიაში არ არსებობს კონკრეტული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ლიფტებს აკონტროლებს. თუმცა, ლიფტის რეაბილიტაციის შემთხვევაში, კორპუსის თავჯდომარემ თავისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს განცხადებით, რის შემდეგაც გაიაროს შესაბამისი პროცედურები და მიიღოს დაფინანსება. მერიაში გვირჩიეს, რომ პროცედურების და დეტალების დასაზუსტებლად რომელიმე რაიონის გამგეობას დავკავშირებოდით. რის შემდეგაც, „ვერსია“ გლდანის რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, მაკუნა აბუაშვილს ესაუბრა.

_მაკუნა, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რათა გამგეობის მხარდაჭერით, კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდეს?

_საერთო სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები, როგორიც არის  ამორტიზებული ლიფტები, დაზიანებული სახურავები,  წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალარინების ქსელი, კიბეების რეაბილიტაციია, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამით ხორციელდება. იმისთვის, რომ გამგეობამ შეძლოს ლიფტის სრული რეაბილიტაცია, ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა მომართოს გამგეობას, შესაბამისი წესის მიხედვით.

_რამდენ ლიფტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია 2021 წელს გლდანის რაიონში და სრულად აფინანსებს თუ არა გამგეობა ამ სამუშაოებს?

_აღნიშნული პროგრამით 2021 წელს გლდანის რაიონში 34 ლიფტი რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება და ლიფტებს უტარდებათ სრული რეაბილიტაცია. გამგეობის 100 % დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება კიბის, სადარბაზოს რემონტსა და რკინის  კარის  რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.

სახელმწიფო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნულ თემაზე „ვერსია“ „საქართველოს ლიფტების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ანა ცხადაძეს ესაუბრა.

_ანა, როდის დაარსდა „საქართველოს ლიფტების კომპანია“ და  რა სახის მომსახურებას უწევთ ლიფტების მომხმარებლებს?

_ჩვენი კომპანია 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელები ვართ საქართველოში. ჩამოგვაქვს და ვამონტაჟებთ ლიფტებს და ამწე მოწყობილობებს (ესკალატორები, ტრავოლატორები, სპეციალიზებული ლიფტები და ა.შ) მოთხოვნისამებრ.  ვაგვარებთ ყველა საკითხს რაც ლიფტს უკავშირდება. კომპანიამ 2014 წელს შექმნა ლიფტის სერვისის ბრენდი „თბილისი ლიფტი“, რომელიც თანამედროვე მომსახურებას სთავაზობს მოსახლეობას. გვყავს 300-ზე მეტი აბონენტი,  ვემსახურებით როგორც ძველი ისე ახალი, თანამედროვე ლიფტებით მოსარგებლეებს. ლიფტი სერვისს საჭიროებს. არ არის აუცილებელი კორპუსის თავჯდომარემ შემოიტანოს განცხადება. მთავარია, იყოს ის, ვისაც კორპუსის მაცხოვრებლები ენდობიან ე.წ. პასუხისმგებელი პირი, ვისთანაც იკონტაქტებს კომპანია.  ახალი სერვისის განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 2 დღეში ადგილზე ვუშვებთ ტექ-ჯგუფს, ხდება ლიფტის შემოწმება, მდგომარეობის გაანალიზება.    ფასის შეთავაზება ხდება ლიფტის ბრენდის, სართულების რაოდენობის, დატვირთვის, მაცხოვრებლების რაოდენობის, ტექნიკური მდგომარეობის და ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. აბონენტები თვიურად იხდიან  საფასურს, რაშიც შედის 24/7 ზე ქოლცენტრის მომსახურება, ფუნქციონირებს სპეცნომერი 16000, რომელზეც შეუძლია მოქალაქემ დარეკოს 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი აბონენტიდან უფასოდ ბალანსის არქონის შემთხვევაშიც და მიიღოს საჭირო ინფორმაცია, არსებულმა აბონენტებმა მიიღონ ლიფტთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარება. ლიფტში გაჭედვის შემთხვევაში, მაქსიმუმ 30 წუთში მოვა დამხმარე ჯგუფი. დაზიანების შემთხვევაში რეაგირების დრო მაქსიმუმ 2 საათია. თუ შესაძლებელია იმ დღესვე ვაკეთებთ, უფრო სერიოზული პრობლემის შემთხვევაში ხდება საფრთხის ლოკალიზება და დამკვეთთან შეთანხებით ტექ-მომსახურების დაგეგმვა. ფასში ასევე შედის ყოველთვიური გეგმიური შემოწმება, მიუხედავად იმისა შეფერხდა თუ არა ლიფტის მუშაობის ხარისხი. ფასები საკმაოდ მისაღებია, რაც ინდივიდუალურია ობიექტის და ლიფტის მდგომარეობის მიხედვით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოსახლეობა დაცულია და ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირია. ყოველთვიურად მოწმდება ყველანაირი უსაფრთხოების სისტემა, რაც მგზავრების დაცულობას უზრუნველყოფს. ასევე, ჩვენმა კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა  ტექინსპექტირების სამსახურთან და ყოველ ახალ მომხმარებელს ვთავაზობთ უფასო ტექინსპექტირებას.

_როგორ შეაფასებთ, ძველი ლიფტების გაუმართავობის საკითხს, რამდენად დიდი პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა?

_საკმაოდ რთული ვითარებაა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში, სადაც კორპუსებია,  განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში. ოფიციალურად 10 000-ზე მეტი ლიფტია რეგისტრირებული, მაგრამ რეალურად ბევრად მეტია, აქედან 20 პროცენტიც არ იღებს აუცილებელ სერვისებს. ლიფტი არის მესამე კატეგორიის საფრთხის შემცველი ტრანსპორტი, რომელიც საჭიროებს ყოველთვიურ შემოწმებას და შესაბამის სერვისს, რომელიც მოიცავს ქოლ-ცენტრს, ტექნიკურ მომსახურებას და ა.შ. ფაქტობრივად, ლიფტები არის მოსახლეობის საკუთრება და თითოეული მოქალაქე ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ ლიფტზე. მერიას და საკრებულოს მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა. ზედამხედველობის სამსახური არ არის ქმედითი. ყველა ლიფტმა ტექინსპექტირება უნდა გაიაროს სამ წელიწადში ერთხელ. თუ არ აქვს გავლილი, მაშინ კორპუსის მაცხოვრებლებს ეკისრებათ ჯარიმა. აღნიშნული სისტემა, სამწუხაროდ, არ ფუნქციონირებს და  ყველაფერი მოსახლეობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

მეორე პრობლემაა ის, რომ ხშირად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარეები ინდივიდუალურ შეთანხმებას დებენ ე. წ. ლიფტიორებთან, რომლებიც არ არიან პროფესიონალები და იბრალებენ, რომ ერკვევიან ამ საკითხში, არ აქვთ 24 საათიანი ქოლცენტრი და ვერ ახორციელებენ შესაბამის სერვისს.

_თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა იმოქმედოს ქალაქის მერიამ?

_პირველ რიგში, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, ეს არის ცნობიერების ამაღლება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რეალურად რა საფრთხის წინაშე დგას. ლიფტის გაუმართაობამ შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს, რაც შეიძლება ყოველდღიურად ემუქრებოდეს ადამიანს. მაგალითად ლიფტი, როდესაც მთელი წლის მანძილზე არ ჩერდება, უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე ის, რომ გაჩერდეს თვეში ერთხელ და დაგჭირდეთ უსაფრთხოების სამსახურის გამოძახება. როდესაც ლიფტი ჩერდება, ესეიგი დაცვის სისტემა აქტიურდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც არ არის მწყობრში და შეკეთებას ან რეაბილიტაციას საჭიროებს.  მოქალაქეებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან ლიფტის მოხმარების წესი. გადააქვთ იმაზე მეტი წონის ტვირთი, ვიდრე ლიფტი იტანს. ასევე, სამშენებლო მასალები, რომლის ნარჩენებით ბინძურდება ლიფტის შახტა და აფუჭებს დანადგარს. ქალაქის მერიამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას. აქტიურად უნდა დაიწყოს ტექნისპექტირების მოთხოვნა. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ რეალურად, საკუთარ უსაფრთხოებაში იხდის თანხას, როდესაც იღებს ლიფტის მომსახურებას, რაზეც მომსახურე კომპანია (იურიდიული პირი) იღებს პასუხისმგებლობას.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი