რა ხდება მოხუცთა თავშესაფრებში? - „ვერსიის“ ჟურნალისტური გამოძიება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორები:

ია გრიგალაშვილი

გვანცა პეტრიაშვილი

მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამ შექმნა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი რომ უნდა იყოს, ეს ყველასათვის ცნობილია, თუმცა, რეალობას თუ თვალს გადავავლებთ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი გამოწვევაა. დღესდღეობით საზოგადოება აპროტესტებს სხვადასხვა სოციალურ პრობლემას - იქნება ეს უმუშევრობა, სიღარიბე თუ სხვა, ამ დროს კი თითქოს ყველას დაავიწყდა ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა. ალბათ, ყველას სმენია ფრაზა: ადრე თუ გვიან ჩვენც დავბერდებით... თუმცა, ცოტა თუ დავფიქრებულვართ, რა გველის ხანდაზმულ ასაკში და როგორი სიბერე გვექნება...

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, შეიძლება ითქვას, რომ სიბერე ნაკლებად აშინებთ, რადგან მათი შემოსავალის და სხვადასხვა სოციალური პროგრამის მეშვეობით საშუალება ეძლევათ ცხოვრების ეს ეტაპი უზრუნველად განვლონ, თუნდაც მოხუცთა თავშესაფარში, სადაც სიმშვიდე და კარგი პირობები ელოდებათ. ასეთ ქვეყნებში თავშესაფრებისა და პანსიონატების კარგად განვითარებული და მუდმივად კონტოლირებადი სისტემაა შექმნილი. 

საქართველოში,  მოსახლეობის 14.8 პროცენტი ხანდაზმული მოქალაქეა და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ძალიან ბევრი ხანდაზმული დღემდე ელოდება თავის რიგს, რომ მოხუცთა პანსიონატში მოხვდეს. სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მოხუცთა თავშესაფრები მსურველთა მხოლოდ მცირე ნაწილის შენახვას ახერხებენ. კერძო პანსიონატები კი პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების უმრავლესობისთვის, მაღალი გადასახადის გამო, ხელმიუწვდომელია.

მოქმედი კანონმდებლობით, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა შეუძ­ლი­ათ საპენსიო ასაკის მოქალაქეებს – ქალებს 60 წლიდან და კაცებს – 65-დან. ხანშიშესულთა პანსიონატები, თავშესაფრებისგან განსხვავებით, მუდმივი საცხოვრისია. ხანდაზმულები, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ პანსიონატებში ცხოვრობენ, უმეტესად სოციალურად დაუცველები არიან.

საქართველოში, მოხუცთა პანსიონატებში უმეტესად ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც მომვლელი არ ჰყავთ, ვისაც აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, ბინა დაკარგა და საცხოვრებელი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრებთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ისინი, ვის ოჯახსაც მოხუცის სათანადოდ მოვლა არ შეუძლია.

იმი­სათ­ვის, რომ ხან­დაზ­მულ­ი პანსიონატში მოხვდეს, მან უნდა მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს. მოხუცს მი­ა­კი­თხავს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, შე­ა­ფა­სებს მის სა­ჭი­რო­ე­ბას და ამის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება - ეკუთვნის თუ არა პანსიონატით სარგებლობის უფლება. იმის გარდა, რომ პანიონატით ძალიან ბევრი ხანდაზმული ვერ სარგებლობს და მათთვის სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს, არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც თავშესაფრებში უკვე განთავსებულ მოხუცებულებს ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ეს სისტემა დახვეწილი არ არის, საშიშროებაა, რომ პანსიონატში მოხვედრილი მოხუცებს არც ისე კარგი პირობები დახვდეთ და მეტიც შეიძლება ისინი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნიც კი გახდნენ. აღნიშნული პრობლემის არსებობა „ვერსიას“ ერთ-ერთმა პიროვნებამ დაუდასტურა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ეს ქალბატონი რამდენიმე თვე მუშაობდა ერთ-ერთ კერძო თავშესაფარში…

პროფესიით ექიმი ვარ, წლები ვმუშაობდი ექთნად. 3 წლის წინ, როდესაც სამსახურს ვეძებდი, ახლობელმა მითხრა ვაკანსიის შესახებ, სადაც მოხუცებლთა თავშესაფარში ესაჭიროებოდათ მომვლელი ექთანი. გასაუბრებაზე რომ მივედი, მალევე ამიყვანეს, თუმცა საშინელი სიტუაცია დამხვდა, ნელ-ნელა ვამჩნევდი როგორ ცუდა ექცეოდნენ ხანდაზმულებს. ზოგს ახლობლების მოტანილ საჭმელს არ აჭმევდნენ და თავად მიჰქონდათ სახლში, რამდენიმე ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, გადაადგილება უჭირდათ და შესაბამისად, ზოგჯერ ტიროდნენ ან ვერ მშვიდდებოდნენ. ასეთ ბენეფიციარებს ძილის წამალს ასმევდნენ, რომ არ შეწუხებულიყვნენ მათი მოვლით, რამდენჯერმე ხელითაც კი შეეხნენ ერთ-ერთ მათგანს. ჯოჯოხეთს გავდა იქაურობა, ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. გავაპროტესტე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვსულიყავი. წესით, სამართალდამცავებისთის უნდა მიმემართა, მაგრამ შემეშინდა პანსიონატის ხელმძღვანელის. საბედნიეროდ, მალევე ვიღაცამ გამოიტანა ეს ინფორმაცია და რამდენიმე თვეა, დაიხურა ეს მოხუცებულთა სახლი. სულ მაქვს შეგრძნება, რომ სხვაგანაც იგივე სიტუაციაა, სახელმწიფო ბევრად უფრო მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ამ სისტემას“...

„ვერსია“ დაინტერესდა, აკონტროლებს თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა მოხუცებულთა სახლებს? რა არის საჭირო მის გასახსნელად და ზოგადად, რა ხდება ამ სისტემაში?- რაზეც საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ლალი გალუმაშვილს ვესაუბრეთ:

_ ქალბატონო ლალი, ამჟამად სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ რამდენი მოხუცებულთა თავშესაფარია საქართველოში?

-,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებულია სულ 18 სათემო ორგანიზაცია, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხანდაზმულ ბენეფიციარებს.

_რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თავშესაფარი ფუნქციონირებისთვის?

_სათემო მომსახურების განხორციელებისათვის საჭიროა, ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტებს’’. კერძოდ, მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, ბენეფიციარებს უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მათ მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ბენეფიციარები უნდა მონაწილეობდნენ   კულტურულ,  გასართობ და სხვა ღონისძიებებში, რაც ეხმარება მათ  ფიზიკური, სოციალური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი აქტიურობის შენარჩუნებაში და ა.შ.

_რა დოკუმენტების წარდგენა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო მოხუცებულთა თავშესაფრის გასახსნელად?

_სათემო მომსახურების განხორციელებისათვის საჭიროა, ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის ,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტებს’’. კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის სამინისტროში უნდა წარადგინოს მომსახურე ბანკის მიერ გაცემული ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ (საბანკო დაწესებულების დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი),  იმ ქონების საკუთრების ან იმ ქონებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი (მ.შ. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  რეგისტრირებული ან ნოტარიულად დამოწმებული) საბუთი,  სადაც უნდა განხორციელდეს/ხორციელდება მომსახურება, შესაბამისი შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი, ფართების კვადრატულობისა და მიზნობრიობის მითითებით, საშტატო პერსონალის სრული რაოდენობა და ჩამონათვალი (სახელების, გვარებისა და თანამდებობების მითითებით), პროგრამის პირობების შესრულების უზრუნველყოფის ფინანსური დასაბუთება: ყოველთვიური მოსალოდნელი შემოსავლების ოდენობა და წყარო/წყაროები, ასევე ყოველთვიური ხარჯების სტრუქტურა (ხელფასები, კომუნალური გადასახადები, კვების ხარჯი, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯი, სამეურნეო ხარჯი, საიჯარო ქირა, სხვა ხარჯი), ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც არ არიან უშუალო შეხებაში ბენეფიციართან), რომლითაც დასტურდება, რომ დასაქმებულ პირს არ აღენიშნება შემდეგი დაავადებები: ტუბერკულოზი (მწვავე) ნებისმიერი ლოკალიზაციის, ინფექციის გამავრცელებელი ფორმით; შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი; ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე; ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები და შესაბამისი განაცხადის ფორმა.

_ვინ ზედამხედველობს და რამდენად ხშირად კონტროლდება მოხუცებულთა თავშესაფრები?

_ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელთა მონიტორინგს ახორციელებს როგორც სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ისე პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება.

_დღემდე რამდენი თავშესაფარი დაიხურა და რა მიზეზით, რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი?

_სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობა დგინდება მონიტორინგის განხორციელებისას. 2016 წლიდან დღემდე ერთ ორგანიზაციას გაუუქმდა რეგისტრაცია სტანდარტების დარღვევის/შეუსაბამობის გამო, ხოლო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე 4 სათემო მომსახურებას შეუწყდა რეგისტრაცია.

_კერძო თავშესაფრებს რაც შეეხება, საკუთარი სურვილით საზღვრავენ ყოველთვიური გადასახადის ოდენობას თუ რაიმე რეგულაციები აქვთ?

_კერძო თავშესაფრები თავად განსაზღვრავენ ყოველთვიური გადასახადის ოდენობას, ასევე მომსახურების მოცულობას და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

_სხვა ქვეყნის მოქალაქეს თუ აქვს უფლება თავშესაფარი გახსნას და რა პირობით

,,სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციის უფლება აქვს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ჯანდაცვის სამინისტროსთნ საუბრის შემდეგ, „ვერსია“ დაინტერესდა კერძო თავშესაფრებში არსებული მდგომარეობით და პირობებით. როგორც ირკვევა, ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 500-დან 800 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – თუ როგორია ხანდაზმულის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლად თავის მოვლა და ა.შ. ნებისერ შემთხვევაში ყო­ველ­თვი­ურ გა­და­სა­ხად­ში შედის სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ხან­დაზ­მუ­ლის მოვ­ლა დამხმარე პერსონალის მიერ და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

იმის გასარკვევად, თუ რა პირობებში უწევთ მოხუცებულებს ცხოვრება და შეიძლება თუ არა ჩვენი მშობლების, ბებიების, ბაბუების მინდობა კერძო თავშესაფრებისთვის, საქართელოს ერთ-ერთ რეგიონში არსებულ კერძო თავშესაფარს დავუკავშირდით და მის ერთ-ერთ დამფუძნებელს ვესაუბრეთ:

 „თუ ჩვეულებრივ  გადაადგილდება მოხუცი, საკუთარ თავს თვითონ უვლის და სხვა დამატებითი პრობლემა არ აქვს, ამ შემთხვევაში 800 ლარია თვეში გადასახდელი. კვება სამჯერადია, დამატებით მოთხოვნაზეც არ არის პრობლემა. სამედიცინო დახმარებას რაც შეეხება, თუ ვინმეს დასჭირდება, სასწრაფოს გამოვიძახებთ, ექთანიც გვყავს, რომელიც წნევას გაუზომავს და ა.შ... დამატებით წამლები ხანდაზმულის ოჯახის წევრმა უნდა შეიძინოს, ელემენტარული წამლები ჩვენც გვაქვს და უზრუნველვყოფთ, მაგრამ თუ რაიმე სპეციფიური დასჭირდება, რომელიც შეიძლება ექიმმა გამოუწერა, ან დამატებით თანხას გადაიხდიან და ჩვენ ვუყიდით, ან მისი ახლობლები. ამჟამად გვყავს ერთი მომვლელი. გვყავდა ისეთი თანამშრომლებიც, რომლებიც არ იყვნენ კეთილგანწყობილი ბენეფიციარების მიმართ, ამიტომ გავუშვით ყველა. გადიან გასაუბრებას, მაგრამ პრაქტიკაში მაინც სულ სხვა არის, უფრო ვცდილობთ გამოცდილი კადრები მივიღოთ, ყოველშემთვევაში ვაკვირდებით, რადგან ურთიერთობის დროს სხვანაირი ხედვა უნდა გქონდეს ადამიანს და თუ მოხუცი არ უყვარს, მითუმეტეს ზოგს გონებრივი კუთხით მეხსიერებას კარგავს, ან რაღაც დაავადება თუ აქვს ურთულდება ხასიათი და ამ დროს ურთიერთობა ჭირს, ამიტომ საჭიროა გამოცდილი კადრი.“

„ვერსია“ ასევე დაუკავშირდა თბილისში არსებულ ერთ-ერთ კერძო პანსიონატსაც და მის ხელმძღვანელსაც ვესაუბრეთ:

 „ყოველთვიური გადასახადი 800 ლარს შეადგენს, შედის სამჯერადი კვება (ასევე ორი წახემსება), ჰიგიენა,  წამლები და მსგავსი წვრილმანები. ამჟამად 11 ბენეფიციარი გვყავს. სახელმწიფო სტრუქტურამ შეგვამოწმა, თუმცა არავინ არაფერში გვეხმარება და არც რაიმე შეღავათი არ გვაქვს ამ სექტორს. ვცდილობთ, ისეთი კადრები ავიყვანოთ, ვისაც მოხუცები ეყვარება და კარგად მოუვლის. წინასწარ არაფრისგან ვართ დაზღვეული, თუმცა, ვფიქრობ, კარგი გარემო გვაქვს შექმნილი“.

გადაწყვიტეთ, მოხუცთა თავშესაფარებში არსებული სიტუაცია ადგილზე გვენახა და თავად გავსაუბრებოდით ბენეფიციარებს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ კოვიდ პანდემიის გამო, მნახველებს არც ერთ სახელმწიფო თავშესაფარში არ უშვებენ და შესაბამისად, ვერ შევძლებდით მათთან სტუმრობას.