აუტისტური სპექტრის მქონე 4 წლის ლუკას ბრიტანული ცხოვრების ქრონიკა - რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ შშმ ბავშვებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც ადრეულ ასაკში ჩნდება. ის ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, საც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა. როგორც ექიმები ამბობენ, აუტიზმის სრული განკურნება დღეს შეუძლებელია, თუმცა ადრეულ ასაკში ანუ 3 წლამდე დიაგნოსტიკა და მკურნალობა სიტუაციას აუმჯობესებს.

„ჰოთნიუსი“ ინგლისში მცხოვრებ 4 წლის ლუკას ცხოვრებით დაინტერესდა, რომელსაც შეფერხებითი აუტიზმის სპექტრი აღენიშნება. ინტერვიუ ლუკას დედასთან, ლელა გულიშვილთან ჩავწერეთ, რომელიც პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე გვესაუბრა:

 

- მთავარი პრობლემა ისაა, რომ ლუკამ ცურვასა და ჯირითის თერაპიაზე უნდა იაროს, მაგრამ ყველაფერი დაკეტილია, გესმით?! ასევე, უნდა იაროს მასაჟისტთან. მასაჟისტი სახლში ვერ შემოდის იმიტომ, რომ აკრძალულია, მაგრამ ნელ-ნელა გაიხსნება. მოკლედ, ძალიან დიდი პრობლემააა, რადგან ჩაიკეტა თერაპიის ყველა საშუალება, რაც ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია.

- თავად ლუკა თუ საუბრობს, ან გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რაც პანდემიას მოჰყვა?

- არა, რადგან შინ, ეს ბავშვები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. ლუკა არაფერს გამოხატავს. ზოგადად, აუტისტი ბავშვებისთვის ყველაზე კომფორტული ზონა სახლია.

- როგორ ცდილობთ, შეინარჩუნოთ ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც პანდემიამდე გქონდათ?

- აუტისტი ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუტინაა. არ უნდა ამოვარდე ყოველდღიურობიდან. ამ ბავშვებს არ უყვართ ცვლილებები, შესაბამისად, მშობელი, რომელიც გათვიცნობიერებულია ამ საკითხში და აქვს შესაბამისი ცოდნა, არ დაარღვევს ამ რუტინას, რადგან ზუსტად იცის, როგორ უნდა მიჰყვეს იმ ყოველდღიურობას, რომელიც აუცილებელია ამ ბავშვებისთვის..

- როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი - როგორც ვიცი, ლუკა ბაღში დადის...

- მხოლოდ ცოტა ხანი შეისვენა ბაღიდან, საერთოდ, აქ არც სკოლა გაჩერებულა და არც - ბაღი. ყოველ შემთხვევაში, სკოლასა და ბაღში ისეთი ბავშვები დადიოდნენ, რომლებიც სპეციალურ განათლებას საჭიროებენ. ასევე, ისინიც, რომელთა მშობლებიც მუშაობდნენ...

- საერთოდ, ამ მხრივ, საქართველოსა და ინგლისს შორის რა განსახვავებაა?

- საზოგადოება, განათლება, ჯანდაცვა - ყველა სფერო განსხვავებულია. აი, მაგალითად, ჯანდაცვის მხრივ, როდესაც ბავშვს დიაგნოზს დაუსვამენ, სერვისები უფასოდ ეძლევა. ისე, მხოლოდ მეტყველების თერაპევტი გვენიშნება 8-დან 12 კვირამდე. დანარჩენი სპეციალისტები მშობელმა უნდა მოიძიოს.

საქართველოდან ხშირად მომდის შეტყობინებები, რა ბედნიერი ხარ, ინგლისში რომ ცხოვრობ და თქვენს შვილს უცხოპლანეტელივით არ უყურებენო. დიახ, აქ მსგავსს ვერასოდეს ნახავთ. აბსოლუტურად ყველა გაგებით ეკიდება შენს მდგომარეობას და ამ მხრივ, ძალიან ლაღები ვართ...

- სკოლა და ბაღი როგორაა ჩართული ამ ბავშვების განვითარებაში?

- სკოლასა და ბაღში მასწავლებლები ისე არიან გადამზადებულები და იმდენად ჩართულები არიან ბავშვის განვითარებაში, რომ აღარ იციან, რით დაეხმარონ.  საერთოდ, არ შეიძლება, ამ საკითხში, ინგლისი და საქართველო ერთმანეთს შეადარო! საზოგადოებრივი ცნობიერება საქართველოში ძალიან დაბალია - აუტისტ ბავშვს გიჟად რაცხავენ, ინგლისში კი, მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

 გვანცა პეტრიაშვილი