უმწვავესი რეალობა - საქართველოში 12 431 ბავშვი უფასო სასადილოში იკვებება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენი ასეულ ათასი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას და რა უჯდება სახელმწიფოს ერთი უმწეოს ყოველდღიური გამოკვება

საქართველოში 12 431 ბავშვი უფასო სასადილოს საკვებით იკვებება - ამ თემაზე  კვლევა „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ჩაატარა. „უფასო სასადილოს მენიუ ბავშვებზე არაა მორგებული - საკვებში მოზარდებისთვის საჭირო პროდუქტი არ არის გათვალისიწინებული“, - აცხადებს ჭალიძე.

 

ამასთან, ირკვევა, რომ საქართველოს დღემდე არ გააჩნია ბავშვების სოციალური დაცვის გამართული სისტემა და მათი ოჯახების დახმარების სტრატეგია. არადა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ოჯახი და მასზე ზრუნვა უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში რთული ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შობადობის შემცირება, უმეტესად, ოჯახების ფინანსურ გაჭირვებას უკავშირდება - მშობლები ვერ ახერხებენ, შვილები აუცილებელი საკვები პროდუქტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველჰყონ.

ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვებაა, რადგან ეს, პირდაპირ, მათ ზრდა-განვითარებაზე აისახება.

არასრულფასოვანმა და არაჯანსაღმა კვებამ, შესაძლოა, ბავშვებში სხვადასხვა დაავადები გამოიწვიოს.

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანები და მათი შვილები უფასო სასადილოს საკვებით სარგებლობენ. სასადილოებში, სხვადასხვა სახის საკვებს ულუფებით იღებენ. ზოგიერთი მათგანი ადგილზე იკვებება, უმეტესობას კი საჭმელი შინ მიაქვს, თუმცა აღნიშნული საკვები, ხშირად, უვარგისი და უგემურია, ბავშვებისთვის კი - მიუღებელი. ბენეფიციარები განსაკუთრებით უკმაყოფილებას წვნიან საკვებზე გამოთქვამენ.

„ვერსია“ ერთ-ერთ ქალბატონს ესაუბრა, რომელიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება და ყოველდღიურად, უფასო სასადილოს საკვებით სარგებლობს:

„მყავს ორი შვილი - 11 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი. ამჟამად, გლდანის რაიონში ვცხოვრობ, შვილებსა და დისშვილთან ერთად, რომელსაც მშობლები გარდაეცვალა და მე ვპატრონობ. ჩვენი საცხოვრებელია ვაგონი, სადაც გაუსაძლისია არსებობა. ყოველდღიურად, უფასო სასადილოს საკვებს ვიღებ, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ხშირად, ჩემი შვილები უარს ამბობენ ამ საკვებზე, რადგან ძალიან უგემურია, განსაკუთრებით, წყალ-წყალაა წვნიანები. პური იმდენად უვარგისია, ჭამის შემდეგ, კუჭის ტკივილს იწვევს. ბავშვებისთვის ამ პურისა და საკვების მიღება არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა? ახლა დასაქმებული ვარ, თუმცა ძალიან ცოტა შემოსავალი მაქვს, რაც არსებობაში გვეხმარება და ამ მცირედი ანაზღაურებით ვცდილობ, დამატებითი  საკვები შევიძინო ბავშვებისთვის. მე კი სასადილოს საკვებს მივირთმევ, რაც უნდა უგემური იყოს, მაგრამ ბავშვებს ვერ ვაძალებ... საკვებს თავი რომ დავანებოთ, ბავშვებს სხვა ბევრი რამე სჭირდებათ“.

 

***

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, წლებია, უფასო სასადილოების საკითხზე მუშაობს. მისი თქმით, საკვებზე ხელმისაწვდომობა აუცილებელია, რათა ხალხი არ შიმშილობდეს:

- ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ადამიანებს მიაწოდოს ელემენტარული საბაზისო საკვები, თუმცა საჭმლის ხარისხი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს. დღეის მდგომარეობით, 1.29 ლარია გამოყოფილი ერთ ბენეფიციარზე.  აქედან, 0.29 ლარი მიდის პურზე, 1.00 ლარი კი განაწილებულია არა მხოლოდ პროდუქტზე, არამედ, მომსახურე პერსონალის ანაზღაურებაზე, სასადილოების ფართის ქირაზე, კომუნალურ გადასახადებსა და სხვა საჭირო რესურსებზე. აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება მარტივია, თუ რა ხარისხის საკვები პროდუქტია წარმოდგენილი სასადილოებში.

- არის თუ არა უფასო სასადილოს საკვები ბავშვებზე გათვლილი?

- ბავშვებისთვის კი არა, უფროსებისთვისაც არაა მსგავსი კვება მისაღები. საბავშვო ბაღებში, ერთ ბავშვზე დღიური საკვები თანხა 3.65 ლარია, უფასო სასადილოში კი - 1.29 ლარი. ზედმეტი დაკვირვების გარეშეც მარტივი მისახვედრია, რამხელა დისბალანსთან გვაქვს საქმე. ბაღის ასაკის ბავშვებიც არიან რიგ სასადილოებში რეგისტრირებულნი, მაგრამ ეს ბავშვები საბავშვო ბაღებშიც იკვებებიან. მათზე ცუდ მდგომარეობაში სკოლის ასაკის მოზარდები არიან და ისინი მხოლოდ უფასო სასადილოს 1.29-ლარიან საკვებზე არიან დამოკიდებულნი.

რა თქმა უნდა, აუცილებელი და შესაძლებელია, რომ ბავშვებისთვის იყოს გათვალისწინებული და არსებობდეს მათზე მორგებული მენიუ, თუნდაც დამატებითი პროდუქტი ან ულუფა.  ამისთვის საჭიროა, რომ ამ საკითხზე იმუშაოს შესაბამისმა ორგანოებმა და სპეციალისტებმა. ყველაზე მთავარი კი ნება და მთავრობის ინიციატივაა, რათა არსებული ხარვეზები გამოსწორდეს.

- საკვების ხარისხის შემოწმების მოთხოვნით, რომელიმე სახელმწიფო უწყებისთვის მიგიმართავთ?

- თანხის გაზრდას ვითხოვდით და პეტიციაც შევადგინეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული. მერია არ ასაჯაროებს ინფორმაციას უფასო სასადილოს მომსახურების პროგრამის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ბოლო ერთი წლის მანძილზე, უკვე მეორედ გამოვითხოვე ეს ინფორმაცია, თუმცა მალავენ. ეჭვი მაქვს, რომ მომლოდინეთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.  ბოლოს, როდესაც გამოვითხოვე ეს ინფორმაცია, 7 000-ზე მეტი ადამიანი იყო რიგში, მაგრამ ეს იყო პანდემიის დაწყებამდე. მერე ბაზას 100 000 სოციალურად დაუცველი დაემატა. ბოლო მონაცემებით, 532 000-ზე  მეტი პირია საარსებო შემწეობის მიმღები, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისთავად გაიზრდებოდა მოთხოვნა სასადილოების მომსახურებაზე.

 

P.S. „ვერსია“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ არსებული მენიუ არ არის გათვალისწინებული ბავშვებისთვის და ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცდება. ასევე, გვითხრეს, რომ ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხებს, ჯანდაცვის სამინისტროში მივიღებდით. ჯანდაცვის სამინისტროში კი კომიკურ ვითარებაში აღმოვჩნდით - უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჯერ გვითხრა, რომ ამ საკითხს გაარკვევდა, ორ წუთში კი მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, მერიას მიმართეთო.

მოკლედ, ჩვეულებრივი „ცისფერი მთებია...“

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი