„დაზარალებული ვითომ სამუშაოდ ირანში გაუშვეს, სადაც მასზე მუდმივად ძალადობნენ“ - სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაამგზავრეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ. დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, აკონტროლებდნენ და მასზე მუდმივად ძალადობდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.