რატომ მოწამლა ბანანით ბიჭმა მეგობარი გოგონა - რთული საქმის მარტივი გასაღები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რთულად გამოსაძებელი საქმის გასაღები შესაძლოა იმდენად მარტივი იყოს და რაც მთავარია, ისეთ ადგილზე წააწყდე, სულ რომ არ ელოდები. ამიტომ არის, გამომძიებლებისთვის ბევრი კითხვა და ბევრი რამის ცოდნა აუცილებელია, რადგან დანაშაული ხშირად დეტალებში იმალება და თან ისეთ დეტალებში, რომელთა ცოდნა თითქოს აუცილებელია,  ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ საჭირო ცოდნა კონკრეტულ დროს არის გამოსაყენებელი და გამოძიების ხელოვნებაც ეს გახლავთ.

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა გოგონამ დარეკა, დახმარება მჭირდება და ეგებ მიშველოთო. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა და იქიდან რეკავდა. ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა და გოგონამაც მოყოლა დაიწყო:

„მამა ადრე გარდამეცვალა, დედის გაზრდილი ვარ. დედა ძლიერი ქალია, შემოსავალიც კარგი აქვს და რაც მთავარია, საკუთარი ბიზნესი ისე მოაწყო, ახლა არაფერი გვიჭირს, ჩემთვის ცალკე ბინა იყიდა, გაარემონტა, ავეჯით გამოტენა, რომ გათხოვდები, შენ და შენი ქმარი საცხოვრებლად იქ გადახვალთ, მეც ნაკლებად მომეშლება ნერვები და ოჯახი ცალკე უნდა იყოსო.

ჰოდა, აგერ, 23 წლის გავხდი, შემიყვარდა, თავდავიწყებით შემიყვარდა ერთ-ერთ ბარში გაცნობილი ბიჭი. იმ ბარში მღეროდა, სადღაც ნაქირავებში ცხოვრობდა ძმაკაცებთან ერთად. გადაირია დედაჩემი, ამას სახლში არ შემოვუშვებ, მთელი ცხოვრება დაგტანჯავს, ეგ ალბათ ნარკოტიკებსაც მოიხმარსო, მაგრამ არ ვუსმენდი. ჩემი შეყვარებული მარიხუანას კი ეწეოდა ხანდახან, მაგრამ სხვა ნარკოტიკს არ ეკარებოდა. იმისთვის, რომ დედას აზრი შეეცვალა, შეყვარებულს შევთავაზე ერთად ვიცხოვროთ მეთქი და მართლაც, ერთად ცხოვრება დავიწყეთ, რაც დედას აგიჟებდა. საბოლოოდ, ორსულად დავრჩი, დედამაც ხელი ჩაიქნია, სხვა რა გზა მაქვსო და სიძეს ნელ-ნელა ეგუებოდა.

რამდენიმე დღის წინ ვახშამზე დაგვპატიჟა, მივედით, ვივახშმეთ და სანამ სახლში წამოვიდოდი, მუცლის საშინელი ტკივილი ვიგრძენი. აქ წამომიყვანეს და ექიმმა მითხრა, რომ მუცელი მომეშალა. მეტიც, ექიმმა თქვა, რატომ გიკვირს, ნაყოფისთვის საზიანო და მუცლის მოსაშლელი სითხე გაქვს მიღებულიო. მერწმუნეთ, მე არაფერი მიმიღია და არის მხოლოდ ორი ვარიანტი - ან დედამ, ან შეყვარებულმა დამალევინეს ეს სითხე სპეციალურად. მოტივი ორივეს ჰქონდა - დედას არასასურველი სიძე და შეყვარებული კიდევ, მუდმივად იმას იმეორებდა, არც ბავშვისთვის ვარ მზად, არც ცოლისთვის, მე ხელოვანი ვარ და მეტი თავისუფლება მჭირდებაო. მინდა ის, ვინც ეს გააკეთა, უმკაცრესად დაისაჯოს, ჩემი შვილის მკვლელობას არავის ვაპატიებ“.

ატირებულ გოგონას  განცხადება იქვე დააწერინეს და საქმეც მაშინვე აღიძრა. სამართალდამცავებს ეჭვი უფრო შეყვარებულზე ჰქონდათ, რადგან სჯეროდათ, რომ დედა შვილს ასეთი სასჯელისთვის ვერ გაიმეტებდა. მითუმეტეს, ექიმმა დაბეჯითებით თქვა, საკმაოდ მოზრდილი ნაყოფის მოშორება იმდენად პრობლემური იყო, გოგოც ძლივს გადავარჩინეთ, მაგრამ მას შვილი აღარასოდეს ეყოლებაო. ეს კიდევ ცალკე უბედურება იყო და რაც მთავარია, გოგონა ჯერჯერობით ამის თაობაზე ოჯახის წევრებს არაფერს ეუბნებოდა და ექიმებსაც სთხოვა, დედაჩემს და ჩემს შეყვარებულს უთხარით, რომ ნაყოფი შემრჩა, ეგებ მეორე მცდელობა ჰქონდეთო. ეს იდეა თავად ძალოვნებსაც ძალიან მოეწონათ და გოგონას ურჩიეს, არამარტო ოჯახის წევრებისთვის, არამედ სანახავად მისული მეგობრებისთვისაც იგივე ეთქვა, რომ სიმართლე არავის სცოდნოდა. ესეც არ იყოს, გოგოს საავადმყოფოში კიდევ 2 კვირა უნდა გაეტარებინა და ამ დროის განმავლობაში, სამართალდამცავები საქმის გახსნას ვარაუდობდნენ.

შეყვარებული განყოფილებაში დაიბარეს. აუხსნეს, რომ გოგონას სისხლში ორსულობის შეწყვეტისთვის საჭირო ნივთიერება იპოვეს დიდი ოდენობით და ეჭვი მასზე ჰქონდათ. ისიც უთხრეს, გოგო და ბავშვი კი გადარჩნენ, მაგრამ დამნაშავეს აუცილებლად დავსჯითო.

„სისულელეა ჩემზე ეჭვის მიტანა. ჯერ ერთი, მაგ გოგოსთან ხელი არ მქონდა მოწერილი და შესაბამისად, არანაირი ვალდებულება არ გამაჩნდა. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან წავიდოდი, მე ხელოვანი ვარ და თავისუფლება მჭირდება. რაც შეეხება ბავშვს, არ მინდოდა, მაგრამ რეალურად, ხელსაც არაფერში მიშლიდა. ისეთი ბებია ჰყავს, არაფერს მოაკლებდა და მეც მეყოლებოდა ყველაფრით უზრუნველყოფილი შვილი, რომელსაც სხვები გაზრდიდნენ. რატომ უნდა მდომებოდა მისი სიკვდილი? პირიქით, ასეთ კარგ ვარიანტს ვერც ვინატრებდი - შვილი იზრდება საუკეთესო გარემოში, მე კი არანაირი ვალდებულება არ მაქვს. ამიტომ, დამნაშავე სხვაგან უნდა ეძებოთ ბატონებო“,- თქვა შეყვარებულმა და... ვაი, რომ მართალიც იყო. მისი საუბრიდან გამომდინარე, მას ამ ცხოვრებაში სერიოზული მიზნები აშკარად არ ჰქონდა, ერთი დღით ცხოვრობდა და ყველაზე მეტად თავისი გიტარა უყვარდა.

დაკითხვაზე ამჯერად დედა დაიბარეს.

„ვიცი, რას ნიშნავს, ბავშვის მარტო გაზრდა, თუმცა, ჩემი შვილისგან განსხვავებით, მე არც დედა მედგა გვერდით. რა თქმა უნდა, ასე არ მინდოდა, არ მსურდა, ყველაფერი სწორედ ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, შევეგუე და მეტიც, ბავშვისთვის ნივთების ყიდვა დავიწყე. მოდით ჩემს სახლში და ნახეთ, ყველაფერი ნაყიდი და გამზადებული მაქვს, სპეციალური საწოლით დაწყებული, საწოვარათი და ტანსაცმლით დამთავრებული. ანუ, თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იმისთვის შევიძინე, რომ შემდეგ ჩემი პირველი შვილიშვილის მკვლელობა მეცადა? კარგია, ბავშვი რომ გადარჩა, აქედან ჩემს გოგონას სახლში წავიყვან და იმ იდიოტ შეყვარებულს არც ვანახებ, სანამ შვილს არ გააჩენს, მათზე სრულ პასუხისმგებლობასაც მე ავიღებ“,- თქვა დედამ.

გამოდიოდა, რომ ინტერესი არც დედას ჰქონდა და დამნაშავე სხვაგან უნდა ეძებნათ, მაგრამ სად და ვინ? გამოძიება ჩიხში შევიდა და ისევ გოგონას დასაკითხად წავიდნენ. ჰო, რაც ყველაზე საინტერესოა, ექსპერტიზამ როგორც გოგოს, ისე დედამისის სახლიდან ამოღებულ ჭურჭელში ნაყოფის მოსაშრებელი ხსნარის კვალი ვერ იპოვა. გოგონა ახლიდან დაკითხეს. სამართალდამცავებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, სახლში, სავახშმოდ მისვლამდე, გოგონამ ქუჩაში ხომ არ მიიღო რაიმე სითხე, ან ნაცნობმა, ან მეგობარმა ხომ არ შესთავაზა მაგალითად ლიმონათი, წვენი, ჩვეულებრივი წყალი... გოგონამ თავი გადააქნია, ასეთი არაფერი ყოფილა, მეტიც, სახლში რომ მივედი, სანამ სავახშმოდ დავსხდებოდით, ორი ჭიქა კომპოტი სულმოუთქმელად დავლიე და... ორივე ჭიქა შეყვარებულმა შემივსო, მაგრამ მერე იგივე კომპოტს უკვე დედა მისხამდაო. არადა, ძალოვნებს კომპოტის ჭიქები შემოწმებული ჰქონდათ და იქ მათთვის საინტერესო სითხის შემცველობა არ აღმოჩნდა. ყოველი შემთხვევისთვის, გოგონას უთხრეს, რომ საავადმყოფოში მხოლოდ სამართალდამცავების მიერ მიტანილი წყალი დაელია და არავითარ შემთხვევაში სხვა. მეტიც, წყალი პირდაპირ ბოთლიდან დაელია და ჭიქაში არ ჩაესხა. ძალოვნებისთვის ცხადი იყო, რომ ვიღაც, კარგად შენიღბული დამნაშავე, გოგონას ებრძოდა.

რამდენიმე დღე კიდევ გავიდა, მაგრამ გამოძიება წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა. სწორედ იმავე პერიოდში, იმავე განყოფილების სხვა ოპერმუშაკებმა დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელიც მგზავრებს აძინებდა და ძარცვავდა. ძილი კი მას შემდეგ მოდიოდა, რაც ტაქსში ჩამჯდარ მგზავრს, მძღოლი ღიმილიანი სახით სთავაზობა ან ბანანს, ან ქაღალდში ჩასხმულ წვენს, რომელიც ნატურალურის შთაბეჭდილებას ტოვებს და მგზავრებიც მხიარულად თანხმდებოდნენ მათ მიღებას. მერე მოდიოდა ძილი და მგზავრები სადმე, ხის ძირში იღვიძებდნენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს გოგონასთან და მის ორსულობასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გამომძიებლებს გონება გაეხსნათ - ხომ შეიძლებოდა, მასაც არა სითხით, არამედ საკვების სახით მიაწოდეს სითხე, რომელმაც შვილი დააკარგვინა. სამართალდამცავები ისევ საავადმყოფოში წავიდნენ.

„მე ბავშვობის მეგობარი მყავს, ბიჭია, სულ ერთად ვართ, მაგრამ ის ჩემზე შეყვარებული არასდროს ყოფილა, ის გეია და შესაბამისად, ვმეგობრობთ, ყველა საიდუმლოს ვუყვები ხოლმე. ჩემი ორსულობის შესახებაც იცოდა და ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ იმ დღეს ბანანით გამიმასპინძლდა. არ მგონია, დამნაშავე ის იყოს, თანაც, გუშინ დამირეკა, დღეს ველოდები სტუმრად“,- განაცხადა გოგონამ და ძალოვნებმაც მოცდა გადაწყვიტეს. მეგობარი ნახევარ საათში მოვიდა და თან ბანანის შეკვრა მოიტანა. გამომძიებლებმა ბანანი ლაბორატორიაში წაიღეს, ბიჭი - დაკითხვაზე გადაიყვანეს. სანამ ექსპერტიზის პასუხი იქნებოდა, ბიჭს არ დაუმალავს, რომ სწორედ მან მოიფიქრა მეგობრისთვის მუცელი მოეშლევინებინა, რადგან მიაჩნდა, რომ ის მეტს იმსახურებდა, ვიდრე ვიღაც მათხოვარი მუსიკოსისგან შვილის ყოლას და ამიტომ, არც ის დაუმალავს, რომ შესაბამისი სითხით ეს ბანანებიც იყო გაჟღენთილი, რაც მოგვიანებით ექსპერტიზამაც დაადასტურა.

როცა „მეგობარმა“ გაიგო, რომ გოგონას არათუ მუცელი მოეშალა, არამედ ბავშვი აღარასოდეს ეყოლებოდა, დაკავებულმა მოთქმით ტირილი დაიწყო, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ ასცდა - სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პატიმარი #0578