რატომ იძია შური მძღოლმა კოლეგაზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართალია, ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ საქართველოში საპატრულო პოლიციის შექმნის შემდეგ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პატრულის თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ქრთამად კი ის თანხა ჩაითვალა, რომელიც ან ნასვამმა მძღოლმა მიაწოდა პოლიციელს, ან ვინმემ, ვინც მოძრაობის წესები დაარღვია და 200 თუ 300-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 100 ლარში გადაწყვიტა გამოძრომა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევები იყო და საბედნიეროდ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება.

 

სამაგიეროდ, კომუნისტების დროს, „გაიშნიკი“ პირდაპირ იყო აღიარებული მექრთამედ და თუ ის თავის ჭრელ ჯოხს დაიქნევდა, 100-დან 99 შემთხვევაში, მძღოლი იძულებული იყო, თანხა გადაეხადა. ამას შეგუებული იყო ყველა და არც არავინ ჩიოდა - მანეთიანს ყველა ადვილად ელეოდა და თანაც, იმ მანეთიანიდან, წილი ზემოთაც მიდიოდა. ასე განსაჯეთ, ერთ-ერთ პოსტზე, ორი „გაიშნიკის“ დღიური ნორმა 31 მანეთი იყო, მის ზევით რასაც იშოვიდნენ, მათ რჩებოდათ ანუ იმ 31 მანეთის წილი ისე ნაწილდებოდა, რომ ვიღაცასთან ის ნაშთში არსებული მანეთიანიც კი მიდიოდა. სასწაული უნდა მომხდარიყო, ვინმეს რომ ეჩივლა და „გაიშნიკებმაც“ იცოდნენ, ვინ უნდა გაეჩერებინათ - მაღალჩინოსნების მანქანებს ცნობდნენ და ერიდებოდნენ. მეტიც, როცა თანამდებობის პირი გაივლიდა, მის გასახარად, „ჩესტსაც“ კი იღებდნენ.

„მე და ჩემი ქმარი მანქანით მოვდიოდით. „გაიშნიკებმა“ გაგვაჩერეს, გვითხრეს, რომ ზუსტად ჩვენნაირი მანქანით ვიღაცამ კაცი გაიტანა და ისიც გვითხრეს, რომ მანქანას წინა მარჯვენა ფარი ჩაემტვრა. ჩემი ქმარი გადავიდა მანქანიდან და დაანახა, რომ ფარი მთელი იყო, რომ ჩვენი მანქანა მთელი დღე მისი სამსახურის წინ იდგა, რომ იმ გზაზე საერთოდ არ გაგვივლია. ერთ-ერთმა „გაიშნიკმა“ ჩვენს ფარს ქვა მიარტყა, ჩაამტვრია და ღიმილით გვითხრა, ახლა მთავარი ეჭვმიტანილები ხართ და სანამ ფარზე იმ კაცის სისხლიც წავაცხეთ, 150 მანეთი მოგვეცითო. ფული არ გვქონდა, საბუთები გამოგვართვეს და გამოგვიშვეს, რათა ფული მიგვეტანა. გზაზე ვიმსჯელეთ და გადახდა ვამჯობინეთ, თუმცა მეორე დღეს, ჩემმა ქმარმა ვერ მოითმინა და პროკურატურაში წავიდა, „გაიშნიკებს“ უჩივლა და რაც მთავარია, მან სხვებიც აიყოლია. ჩემი ქმარი ავტოფარეხების ამხანაგობის თავმჯდომარე იყო, ბევრ მძღოლს იცნობს და სწორედ მათ უთხრეს კონკრეტულად მათზე, ნამდვილი ყაჩაღები არიანო. საქმე აღიძრა, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. ერთ საღამოს, სადარბაზოსთან დაგვხვდნენ, ჩვენი ფული მოიტანეს და გვთხოვეს, განცხადება გამოგვეტანა, აქაოდა, შეიძლება ციხეში გაგვიშვანო. ქმარმა არც ფული გამოართვა და არც განცხადება გამოიტანა. ჰოდა, რამდენიმე დღეში, ჩემი ქმარი ნაცემი მოვიდა სახლში, თქვა, რომ „გაიშნიკებს“ ეჩხუბა, მერე კი... მერე გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, ზონრით არის გაგუდული, მაგრამ მილიციაში გვითხრეს, „გაიშნიკების“ ბრალეულობა არ იკვეთება, მათ ალიბი აქვთო. არადა, დარწმუნებული ვარ, სწორედ მათ მოკლეს“, - ამ განცხადებით პროკურატურაში მოკლული კაცის ცოლი მივიდა და ტირილით ითხოვდა, სამართალი მაპოვნინეთო.

იმის გათვალისწინებით, თუ ვინ იყვნენ ქალის აზრით ეჭვმიტანილები, საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს. ზემოდან მითითება მარტივი იყო - თუ მართლაც, „გაიშნიკების“ ბრალეულობა გამოიკვეთებოდა, ისინი სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ, რადგან სხვას არ გაებედა ანალოგიურის გაკეთება. ესეც არ იყოს, მომხდარის შემდეგ, სხვა „გაიშნიკებს“ გასაგებად უთხრეს, რომ ცოტა ხანი საგზაო „ხარკის“ აკრეფისგან თავი შეეკავებინათ და დამრღვევი მძღოლებისთვის ოფიციალური ჯარიმა გამოეწერათ. ისინიც ზედმეტად ფრთხილობდნენ და ცდილობდნენ, თვალში ზედმეტად არავის მოხვედროდნენ.

„ჩვენ მართლა ალიბი გვაქვს. ვცემეთ თუ არა ის თავხედი მძღოლი? კი, ვცემეთ, მაგრამ იმის მერე, კარგა ხანს იცოცხლა, ჩვენი ხელთ არ მომკვდარა. რაც შეეხება ალიბის, ჩვენ ერთად ვიყავით მეგობრის შვილის ქორწილში, სადაც პრაქტიკულად, ყველა მაღალჩინოსანი ძალოვანი იმყოფებოდა. ჩვენ კარგად მოვილხინეთ, დავთვერით და მაშინაც კი ვცეკვავდით, როცა სტუმრების ლამის მეათედი იყო დარჩენილი. ამიტომ, ჩვენ ბრალს ვერ დაგვდებთ და სიმართლე გითხრათ, არც გვენანება ის კაცი იმიტომ, რომ ორ ადამიანს აწყობილი ცხოვრება დაუნგრია“, -„გაიშნიკები“ აშკარად „ანგლობდნენ“, რადგან ზუსტად იცოდნენ, მკვლელობას ვერ დაუმტკიცებდნენ და მკვლელები არც იყვნენ.

ცემას რაც შეეხება, მარტივად შეეძლოთ ეთქვათ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოგვივიდაო და ციხეში არც ამის გამო ჩასვამდა ვინმე.

სამართალდამცავებმა ისიც გაარკვიეს, რომ გარდაცვლილის გარდა, დაზარალებული სხვაც იყო. ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც ასევე იჩივლა, ახლა ჩადენილს ნანობდა. რატომ? - იმიტომ, რომ ერთ საღამოს ავტომობილი დაუწვეს.

„გარდაცვლილმა ამაგდო და ახლა ვნანობ. მეუბნებოდა, ვიჩივლოთ, სხვა „გაიშნიკები“ მოგვერიდებიანო და საბოლოოდ, რა მივიღე? არც არავინ დაიჭირეს, ის მოკლეს, მე მანქანა დამიწვეს, ვალებით ნაყიდი მანქანა და დამნაშავესაც ვერ პოულობენ. ვიღაცამ ცოცხი დააგდო ჩემს ავტომობილზე, მერე ბენზინი მიასხა, ცეცხლი წაუკიდა და სანამ მეშვიდე სართულიდან პირველზე ჩავედი, მთლიანად, ასანთის ღერივით დაიწვა. არ მაინტერესებს, ვის დასჯიან, დასჯიან თუ არა, მე ახლა მხოლოდ ვალების გასტუმრებაზე ვფიქრობ და არ ვიცი, რა გავაკეთო“, - ლამის ტიროდა კაცი.

ამასობაში, სამართალდამცავებთან გარდაცვლილის მეგობარი მივიდა და საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდა. როგორც გაირკვა, ავტოფარეხების გაერთიანება 50-ზე მეტ ადამიანს ითვლიდა და ისინი აპირებდნენ, მთელი ტერიტორია, სადაც ავტოფარეხები იყო განლაგებული, შემოეღობათ, საყარაულო ჯიხურიც ჩაედგათ, ყარაულიც დაექირავებინათ და ამისთვის ფულს აგროვებდნენ. ყველა მძღოლი ყოველთვიურად დებდა გარკვეულ თანხას და როგორც გაირკვა, საერთო ჯამში, თითქმის 5 ათას მანეთამდე აგროვდა. ეს უზარმაზარი თანხა იყო და ძალიან დიდი გახლდათ იმის ალბათობა, რომ კაცი, სწორედ ამ თანხის გამო მოეკლათ. საქმე ის გახლდათ, რომ ფული გარდაცვლილის ავტოფარეხში, იატაკში ჩაბეტონებულ სეიფში ინახებოდა, მისი გასაღები კი, სწორედ მოკლულსა და კიდევ ერთ მძღოლს ჰქონდათ. მძღოლებმა გადაწყვიტეს, ფულისთვის ადგილი შეეცვალათ, ან სამუშაოები ახლავე დაეწყოთ, სეიფი გააღეს, იქ კი თანხა არ აღმოჩნდა.

„მეუღლესთან მივედით და მან დაგვიდასტურა, რომ ავტოფარეხისა და სეიფის გასაღები ქმარს მუდმივად თან ჰქონდა, იმ დღესაც, როცა ავტოფარეხში გაგუდეს, გასაღები თან წაიღო, მაგრამ სეიფის გასაღები გაქრა, სავარაუდოდ, ფულთან ერთად, მკვლელმა ხელს გააყოლა. სამწუხაროდ, იქ ფულს რომ ვინახავდით, ყველამ იცოდა, მძღოლებს ვგულისხმობ, ავტოფარეხების ამხანაგობას და ეს ყველაზე ცოტა, ასი კაცია. მართალია, გაერთიანებაში 50 ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სახლში მეუღლეებისთვის ყველას ჰქონდა ნათქვამი, რომ ფულს აგროვებდნენ, მეუღლეებს - ალბათ, დაქალებისთვის და ასე დაუსრულებლად“, - ამბობდა ის მძღოლი, რომელსაც სეიფის მეორე გასაღები ებარა და... მთავარი ეჭვმიტანილიც ის იყო. ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი მას მოეწყო და თანხა, უბრალოდ, წაეღო, მერე კი ჭირისუფლის როლი ეთამაშა. მისი გადამოწმება დაიწყო და მეტიც, მის ბინაში ჩხრეკაც ჩატარდა, რამაც ეჭვმიტანილი ძალიან გაანაწყენა, ფულის გულისთვის კაცს როგორ მოვკლავდი, ადამიანი ვარ, მხეცი კი არაო. ბინაში ვერაფერი იპოვნეს და დაიწყო ხანგრძლივი პროცესი ავტოფარეხების ამხანაგობის ყველა წევრის გადამოწმების, თუმცა გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ თივის ზვინში ნემსს ეძებდნენ და პოვნის შანსი თითქმის ნული იყო. ამის მიუხედავად, მათ სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდათ და...

„კაცმა, რომელსაც მანქანა დაუწვეს, ვალიც გადაიხადა და ახალი მანქანაც შეიძინა. სამსახური არ აქვს ისეთი, ეს ხელფასით რომ მოეხერხებინა და არც მემკვიდრეობა მიუღია“, - თქვა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა დილის თათბირზე და ძალოვნები მთლიანად მასზე გადაერთნენ. ადვილი მისახვედრი იყო, რომ დაკითხვაზე, სამხილის გარეშე, ის არაფერს იტყოდა, აი, სამხილი კი... როცა შინ არ იყო, მის ბინასა და ავტოფარეხში ფარული ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ამიტომ, გამოძიება ავანტურაზე წავიდა და მის ავტოფარეხში, მალულად, სეიფის გასაღები დადო, მერე კი ოფიციალური ჩხრეკით მიადგა. კაცმა სახლიცა და ავტოფარეხიც თამამად გაუღო, მაგრამ როცა სამართალდამცავებმა სეიფის გასაღები იპოვეს, გაოცებისგან პირი დააღო, თავი ვერ შეიკავა და პირგამშრალმა წარმოთქვა - „შეუძლებელია, ის ხომ გადავაგდე“ და სანამ გამშრალ პირს დაკეტავდა, უკვე ხელბორკილი ედო და მანქანაში სვამდნენ.

„რა უნდა მექნა? იმ იდიოტის გამო, მანქანაც დავკარგე და ვალიც ავიკიდე. ამიტომ, მასთან მივედი და მოვთხოვე, შენი ბრალია და ვალი მაინც გადამიხადე-მეთქი, რაზეც უარი მითხრა. მერე შევყევით, თავი ვერ შევიკავე და გავგუდე. ვიცოდი, რომ სეიფში ფული იყო, ავიღე და.. ახლაც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, მეკუთვნოდა“, -განაცხადა დაკავებულმა, რომელსაც სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე