„ვამპირი ვარ!“ - დეიდა ახალგაზრდა მამაკაცს რუსეთიდან ჩამოტანილი სოკოთი წამლავდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნარკოტიკებმა იმდენად მყარად დაიმკვიდრა ჩვენს ყოველდღიურობაში ადგილი, რომ დღე არ გავა, ნარკოტიკის ან მისი რომელიმე მომხმარებლის შესახებ სადმე, რამეს ყური არ მოვკრათ. მწარე რეალობაა - ნარკოტიკს მოიხმარენ ყველგან და რაც მთავარია, მომხმარებელთა ასაკმა ძალიან დაიწია, არასრულწლოვნებისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი თემა გახდა „მარიხუანას“ თუ საკლუბო ნარკოტიკის მოხმარება და პრაქტიკულად, ამ პროცესს ხელს ვერ ვუშლით. დიდ ქალაქებზე არანაკლებ საგანგაშო ვითარებაა სოფლებშიც, იმ განსხვავებით, რომ სოფლებში უფრო „ნატურალურ ნაარკოტიკს“ იღებენ და უმუშევრობით, არაფრისკეთებით „დაკავებული“ ახალგაზრდები, ალკოჰოლით, ან ნარკოტიკებით ერთობიან. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და რაც ტურისტულ რელსებზე გადაერთო საქართველო, რაც სოფლებში ფული სწორედ ტურიზმით შევიდა, მიწასთან ურთიერთობას გადაეჩვია ხალხი. კაცი, რომელსაც ადრე 10 ტონა კარტოფილი მოჰყავდა, ახლა თურქეთიდან შემოტანილ კარტოფილს ყიდულობს და იმას აჭმევს ტურისტებს. ამიტომაცაა, ყოველწლიურად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანის მხრივ რეკორდებს რომ ვხსნით და კარტოფილს თუ ხახვს ვინ ჩივის, მწვანილიც კი უკვე უცხოეთიდან შემოგვაქვს და სოფლებში, სახლის კუთხეში საყვარლად აბიბინებული ბოსტნები უბრალოდ გაქრა...

 სამართალდამცავ ორგანოებს ახალგაზრდა გოგონამ მიმართა და სთხოვა, ეგებ, დამეხმაროთ, ჩემი საქმრო ბოლო დროს საკუთარ თავს აღარ ჰგავს, სასწაულებს აკეთებს და ცოტა არ იყოს, მისი მეშინია კიდეცო. გოგონასთან ერთად, განყოფილებაში დედამისიც იყო მისული და ქალიც აშკარად ნერვიულობდა - ჩემი შვილის მეგობარი უწესიერესი, უპატიოსნესი ბიჭი იყო, ახლა კი არ ვიცით, რა ემართებაო. გოგოცა და ბიჭიც ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდნენ და გოგონამ ისიც გაიხსენა, როგორ უთხრა რამდენიმე დღის წინ ქიმიის ლექტორმა ბიჭს, თუ იმას, რაც ჩვენს შორის მოხდა, სადმე იტყვი, მოგკლავო.

„ქიმიის ლექტორი ახალგაზრდა და ძალიან სიმპატიურია, მაგრამ მხოლოდ ბიჭებთან მეგობრობს. ლექციების შემდეგაც, მასთან ლაბორატორიაში მხოლოდ ბიჭები რჩებიან და რამდენჯერაც გოგონებმაც გამოვთქვით სურვილი, რომ დავრჩენილიყავით და ცდებისთვის გვეყურებინა, იმდენჯერ უარი მივიღეთ. მგონია, რომ ის უბრალოდ, „ცისფერია“ და სტუდენტ ბიჭებს აბამს“, - თქვა გოგონამ.

რაც შეეხება მეგობარი ბიჭის უცნაურ ქცევას, მას მუდმივად რაღაცები ეჩვენებოდა. ხან ეჩვენებოდა, რომ მოსაკლავად მისდევდნენ, ხან ფიქრობდა, რომ ირგვლივ გვამები დადიოდნენ და მათ გაურბოდა, ხან მანქანას უვარდებოდა... არადა, ადრე ასე არ იყო. ძალოვნებმა, პირველ რიგში, ლექტორი მოიკითხეს.

„სისულელეა... რა ჰომოსექსუალი და „გეი“? მე ამ ბიჭებისთვის უფროსი ძმასავით ვარ, მინდა, რომ ქიმიაში ბევრი იცოდნენ და ამიტომ, დამატებით ვამეცადინებ. რაც შეეხება გოგონებს... სწორად გამიგეთ, მე სიმპატიური და წარმატებული კაცი ვარ, რამდენ გოგოსაც გავუმართე ხელი სწავლაში, იმდენმა სიყვარულის ახსნა დამიწყო. შარია გოგონებთან ურთიერთობა და ამიტომ, გადავწყვიტე, მათ დამატებითი გაკვეთილები არ ჩავუტარო. წინა სასწავლებლიდანაც იმიტომ წამოვედი, რომ ერთ-ერთმა გოგონამ, ჩემი უარის გამო, თავის მოკვლა გადაწყვიტა. ამასთან ერთად, მე მყავს საცოლე, ქორწილიც მალე მექნება და სურვილი არ მაქვს, სტუდენტებთან რომანი გავაბა“, - განაცხადა ქიმიის ლექტორმა, თუმცა აშკარა იყო, რაღაცას მალავდა და ის რაღაც სტუდენტებს უნდა ეთქვათ.

გამომძიებლებმა სხვა განყოფილებებთან გადაამოწმეს, ხომ არ იყვნენ სტუდენტები რამე კრიმინალში შემჩნეულნი და ოპერმუშაკებმა თქვეს, რომ ისინი მსუბუქ ნარკოტიკს ყიდდნენ, თუმცა თან მუდმივად მცირე ოდენობა ჰქონდათ და ვერ აპატიმრებდნენ. ერთ-ერთი სტუდენტი, რომლის ძმაც სასჯელს იხდიდა, დაკითხვაზე დაიბარეს და დაპირდნენ, თუ ლექტორის საიდუმლოს გაამხელდა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მის ძმაზე დადებით პასუხს გასცემდა.

„ლექტორი კლუბურ ნარკოტიკს პირდაპირ ლაბორატორიაში ამზადებს, მერე ჩვენ ვასაღებთ და ფული მიგვაქვს. სანაცვლოდ, ქიმიაში არათუ კარგ ნიშანს, არამედ, რამდენიმე ისეთ ელემენტსაც გასწავლით, საკურსოს მარტივად დაიცავთო. იმ ბიჭმა კიდევ, გაყიდვაზე უარი თქვა და ამის გამო, ლექტორი ეჩხუბებოდა. სპეცოპერაცია მარტივად დაიგეგმა და ლექტორს პირდაპირ ლაბორატორიაში დაადგნენ. ექსპერტებმა ნარკოტიკების დამზადებისთვის საჭირო არაერთი ნივთიერება ამოიღეს, ამოიღეს უკვე მზა ნარკოტიკიც და ლექტორი შენობიდან ბორკილდადებული გაიყვანეს. გაჩნდა ეჭვი, რომ ბიჭი, რომელზეც მისი მეგობარი გოგონა ჩიოდა, სწორედ ამ ნარკოტიკებს იღებდა და ამიტომ, მას სისხლის ანალიზი ჩაუტარეს. თავად ბიჭი გაოცებული იყო, არაფერი მჭირსო, მაგრამ სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკული საშუალებები იყო ჭარბი ოდენობით და ეს ნივთიერებები ჰალუცინაციებს იწვევდა.

„საქართველოში იშვიათად გვხვდება ისეთი სოკოები, რომლებიც ჰალუცინაციებს იწვევენ. ისინი უფრო რუსეთის ტყეებშია და იქიდან კონტრაბანდულად შემოაქვთ. მეტიც, შემოაქვთ, როგორც კონსერვები, მერე აქ აშრობენ, ახმობენ და როგორც ნარკოტიკს, ისე ხმარობენ. რასაც ეს გოგო ჰყვება, ასეთ ჰალუცინაციებს სწორედ მომწამვლელი სოკოები იწვევენ“, - უთხრა ექსპერტმა გამომძიებელს.

ბიჭი ჯიუტად ამტკიცებდა, სოკოებსა და ნარკოტიკს არ ვიღებ, მეტიც, ვვარჯიშობ და ნარკოტიკები რომ მდომოდა, ქიმიის ლექტორს უარს კი არ ვეტყოდი, უფასოდ მექნებოდა, რაღაცას იგონებთო. ექიმებმა ბიჭს ორი დღის განმავლობაში რამდენიმე გადასხმა გაუკეთეს, სისხლი გაუწმინდეს და შინ გაუშვეს. ამ ამბიდან სამი დღე გავიდა და გოგონა ისევ განყოფილებაში მივიდა - ამჯერად, შეხვეული ყელით. როგორც გაირკვა, მეგობარმა ბიჭმა მას სწორედ ყელზე უკბინა, თან ყვიროდა, ვამპირი ვარო. ბიჭი სხვა განყოფილების ოპერებმა წაიყვანეს, გოგო კი ძველ ნაცნობებთან მივიდა და კვლავ შველა სთხოვა. სისხლის ანალიზმა ბიჭის ორგანიზმში იგივე შემადგენლობის ჰალუცინოგენები აჩვენა.

„არ ვიცი, რა გავაკეთო. ვცხოვრობ ჩვეულებრივად, ვიკვებები ჩვეულებრივად, არ ვიღებ ნარკოტიკს და ფაქტია, რაღაც ხდება. რაც მთავარია, მე არ მახსოვს, რას ვაკეთებ, მაგრამ მჯერა, რომ ვაკეთებ, რადგან ის ადამიანები მეუბნებიან, რომლებსაც ვენდობი“, - განაცხადა ბიჭმა.

გადაწყდა, მისი სახლი შეემოწმებინათ, მაგრამ იქ ვერაფერი აღმოაჩინეს. ბიჭი მარტო ცხოვრობდა, დედ-მამა ავარიაში დაეღუპა და დეიდა პატრონობდა. დეიდასა და მის ქმარს შვილი არ ჰყავდათ და ამიტომ, ობოლ ბიჭს საკუთარივით უვლიდნენ. დილით, სანამ ის სასწავლებელში წავიდოდა, დეიდა მასთან მისვლას ასწრებდა, საუზმეს უმზადებდა, სახლს ულაგებდა და საღამოს შინ დაბრუნებულ დისშვილს ცხელ ვახშამსაც ახვედრებდა. ერთი შეხედვით, გამორიცხული იყო, დეიდას დისშვილის მიმართ რამე ინტერესი ჰქონოდა, მას მეუღლესთან ერთად ცალკე ჰქონდა ბინა, შვილიც არ ჰყავდათ და ერთადერთი პატრონი თუ იმედი, სწორედ ეს ბიჭი იყო. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა... დეიდის სახლის ჩხრეკაც გადაწყვიტეს და თავს მოულოდნელად დაადგნენ. სამზარეულოში, ცელოფანში, წვრილად დაფქული რაღაც მუქი ნივთერება ნახეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაყნოსა და საზეიმო ხმით თქვა - სოკოს სუნი აქვს. ექსპერტიზამ მალე დაადგინა, რომ ბიჭი სწორედ ამ ფხვნილით იწამლებოდა.

„ღმერთმა შვილი არ მომცა და ამიტომ, დისშვილზე ვზრუნავდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ცხოვრება უსამართლოა და მისგან მეტი უნდა მიმეღო. გადაწყეტილი მქონდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გამეტარებინა, სადმე მემოგზაურა, ჩემი სამოთახიანი ბინა გამეყიდა, ერთოთახიანი მეყიდა, ზედ ის ფული დამემატებინა, რომელსაც ჩემის დისშვილის ბინის გაყიდვის შემდეგ მომცემდნენ. ამიტომ, მისი მოწამვლა გადავწყვიტე. ეს სოკო ადრე რუსეთიდან ჩამოიტანა ჩემმა ქმარმა, რაღაცას შველისო, მაგრამ კინაღამ დავიხოცეთ. ამიტომაც, სწორედ ამ სოკოთი გადავწყვიტე მომეწამლა. მე არ ვიცი შვილის სიყვარული, საკუთარ თავზე ზრუნვას მივეჩვიე და ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ჩემი ქმარი არაფრის აზრზე არ იყო, თორემ ნებას არ მომცემდა“, - განაცხადა დაკითხვისას ქალმა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქმარიც საქმის კურსში იყო და ცოლს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს არ უშლიდა. სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის დეიდას 6 წელი მისცა, დანაშაულის დამალვისთვის კი ქმარს 3 წელი ერგო. დისშვილს არც ციხეში და არც იქიდან გამოსვლის შემდეგ, დეიდასთან კონტაქტი აღარ ჰქონია.

 

ბათო ჯაფარიძე