ფიზკულტურის მასწავლებელმა 11 წლის მოსწავლე მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი შანტაჟი და გამოძალვა სკოლაში

საქართველოში მკვლელობებმა იმატა. 14 წლის გოგონას გახმაურებულმა მკვლელობამ გადაფარა შემდეგ მომხდარი დანაშაული - 36 წლის მამაკაცის მკვლელობა, შემდეგ 42 წლის კაცის მკვლელობა, თურქეთში ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის მკვლელობა... ირგვლივ კარგი თითქოს არაფერი ისმის და საუბედუროდ, ტელევიზიებიც, საინფორმაციო გამოშვებებს სწორედ კრიმინალური ამბებით იწყებენ, თითქოს ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. სავარაუდოდ, სწორედ მძიმე კრიმინალური შემთხვევების სიმრავლით უნდა აიხსნას ის, რომ სიკვდილს მივეჩვიეთ, გავაუბრალოეთ და ტელევიზიით მოსმენილ მკვლელობის ამბებს, ზუსტად ისე აღვიქვამთ, როგორც ამინდის პროგნოზს. ჩვენ უკვე გამოვიგლოვეთ შოვში მომხდარი ტრაგედია, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი ცოცხლად დაიმარხა ერთ დღეს, ერთ საათში... ჩვენ გამოვიგლოვეთ ავარიების დროს დაღუპული უამრავი მოზარდი, თუ მოზრდილი და ხვალ და ზეგაც იგივეს გავაკეთებთ. ცხარე ცრემლით ვიტირეთ დიდი მომავლის მქონე ბავშვები, რომლებიც თანატოლებში გამორჩეულები იყვნენ, ვიხილეთ ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები და ერთადერთი, რითაც შეგვიძლია თავი „მოვიწონოთ“, ის არის, რომ ამ მძიმე დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გახსნილია. მეტიც, სასჯელიც ჩამორიგებული აქვთ დამნაშავეებს და ერთი შეხედვით, ბევრ მათგანს საკმაოდ გრძელვადიანი „სროკიც“ აქვს, მაგრამ რა იცვლება ამ მოცემულობით დაზარალებულების ოჯახებისთვის?! პრინციპში, როგორც ინგა ლალიაშვილი იტყოდა, - „კუკარაჩა დაზარალებული არ არის, ის მკვდარია“... ჰო, გარდაცვლილები არიან ადამიანები და მათ ოჯახებს ტკივილს ვერასდროს ვერაფერი მოუშუშებს. აქვე ვიტყვით, რომ მძიმე დანაშაულებზე სასჯელი იმაზე მძიმე უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის...

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ქვემო ქართლის ერთ-ერთ რაიონში, არეულობის წლებში მოხდა. ჰო, 90-იანებში, მაშინ, როცა მივეჩვიეთ კიდეც სიკვდილს, ახალგაზრდების წასვლას, აქეთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაგვიხოცეს საჯიშე ბიჭები, სამოქალაქო ომმა კი საერთოდ ბოლო მოგვიღო, თაობები დაიკარგა. მაშინ ბევრმა გამოაჩინა სახე, ბევრმა ადამიანმა ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც გარდაცვლილი ბიჭის მშობლებს დღემდე ახსოვთ. პრინციპში, რაღა მშობლებს, მამა ნერვიულობას ერთ წელიწადში გადაჰყვა, გული გაუსკდა, რადგან შვილის მკვლელი, უბრალოდ, ვერ დასაჯა ვერც მან და ვერც მაშინდელმა სასამართლომ.

11 წლის ბავშვს გაკვეთილზე დააგვიანდა. გეოგრაფიის მასწავლებელმა დატუქსა, აქაოდა, რატომ დააგვიანე, ხომ იცი, რომ დღეს ახალი მასალა უნდა ავხსნაო და კლასში შესულ ბავშვს ზურგზე მსუბუქად უბიძგა. ბავშვი წაბორძიკდა, დაეცა და თავიდან სისხლი თქრიალით წამოუვიდა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს. ექიმებთან ერთად, სკოლაში სამართალდამცავებიც მივიდნენ, რომლებმაც გეოგრაფიის მასწავლებელი, გამოცდილი და ყველასთვის საყვარელი ქალბატონი დააპატიმრეს.

„მაშინ შოკი მქონდა, ახლა კი ვცდილობ, თითოეული დეტალი აღვიდგინო და მგონი, ბავშვებიც დამიდასტურებენ - როცა მოსწავლე საკლასო ოთახში შემოვიდა, მე მას რამდენიმე საყვედური ვუთხარი, რაზეც რეაქცია არ ჰქონია. ის უბრალოდ სივრცეში იყურებოდა და არაფერს ამბობდა. მერე კი, როცა ზურგში მსუბუქად ვუჯიკე, თავი ვერ შეიმაგრა და დაეცა. ბავშვები ამას ვერ დაინახავდნენ, მე კი დავინახე, რომ დაცემის დროს, თავი კეფით არ დაურტყამს, სახე დაარტყა და რეალურად, სასიკვდილო ჭრილობა სწორედ კეფაზე ჰქონდა ანუ როცა კლასში შემოვიდა, მაშინ უკვე დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ვერ შევამჩნიე“, - ამბობდა მასწავლებელი და გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ ის მართალი იყო. ბავშვს სახეზეც და კეფაზეც ახალი დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ გამორიცხული იყო, ისეთი ძალით დაცემულიყო ხის იატაკზე, რომ კეფაში, ლამის, მუშტის ტოლი ნახვრეტი გასჩენოდა. ის უდიდესი ალბათობით, მართლაც სახით დაეცა, მაგრამ კეფაზე ჭრილობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმები იქვე რომ ყოფილიყვნენ, გადარჩენას მაინც ვერ შეძლებდნენ. მედიცინის მუშაკები იმასაც ამბობდნენ, სავარაუდოდ, შოკურ მდგომარეობაში იყო, სხვაგვარად ვერ გაივლიდა, მას წესით სხეული არ უნდა დამორჩლებოდაო.

ვის უნდა გაემეტებინა პატარა ბავშვი სასიკვდილოდ, მიახლოებითაც ვერავინ ხვდებოდა. გეოგრაფიის მასწავლებელს დადებითად კი ახასიათებდნენ, მაგრამ მეზობლების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო დროს, ქალი სმას მიეჩვია და ამის მიზეზი ქმრის ავადმყოფობა იყო - მეუღლეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქალს ეს მძიმედ გადაჰქონდა. თუმცა, მისი ბრალეულობა ვერანაირად ვერ მტკიცდებოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, ქალი 48 საათით, მაინც დაეკავებინათ, ამით დრო მოეგოთ და ნამდვილი დამნაშავესთვის მოდუნების შესაძლებლობა მიეცათ, ეგებ, მას შეცდომა დაეშვა.

„ერთადერთი უცნაურობა, რაც ბოლო დროს, ოჯახში შევნიშნე, ის იყო, რომ ჩემი ცოლის ოქროს საყურეები და ყელსაბამი დაიკარგა. ჯერ ერთი ნივთი გაქრა, მერე მეორე. საკეტიც კი გამოვცვალე კარზე, ვიფიქრე, ვინმემ გასაღები ხომ არ მოარგო-მეთქი. ბოლო დროს, შვილი ცოტა გულჩათხრობილი კი იყო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ხანდახან ჰქონდა ხოლმე ასეთი გარინდებები, თითქოს, თავის სამყაროში ცხოვრობდა, მაგრამ ამ ასაკში ეს ნორმალურიაო, ასე თქვეს. მტერი არ მყავს, არც არასდროს მყოლია ისეთი ვინმე მტრად, რომ შვილი მოსაკლავად გაემეტებინა“, - ამბობდა ბიჭის მამა.

სამართალდამცავებმა მისი თანაკლასელები დაჰკითხეს და ერთ დასკვნამდე მივიდნენ - მათ რაღაც იცოდნენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ თქმას. თითქმის ყველა მათგანის თვალებში შიში იყო აღბეჭდილი და ამ შიშს ვერავინ ძლევდა. თანაც, ბავშვების დაკითხვა, როგორც მშობლების, ისე მასწავლებლის თანდასწრებით ხდებოდა და ყველა დაკითხვას ფიზკულტურის მასწავლებელი ესწრებოდა. სწორედ ის გამოჰყო სკოლის დირექციამ, აქაოდა, კაცია და ბავშვების დაკითხვის პროცესს უფრო მარტივად გადაიტანსო. გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, რომელიმე ბავშვი ცალკე დაეკითხათ, ეგებ, მას ეთქვა რამე საიტერესო და იმის მიუხედავად, რომ ჩვენება ოფიციალური ვერ იქნებოდა, შემდეგ მოაბამდნენ თავს გაოფიციალურებას და ბავშვს, რომელიც გამოტყდებოდა, იგივეს მშობლისა და მასწავლებლის თანდასწრებით გაამეორებინებდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანი გარდაცვლილი ბიჭის საუკეთესო მეგობარზე შეჩერდა. თუმცა, სურვილის მიუხედავად, მარტო მისი დაკითხვა ვერ გაბედეს და შინ ეწვივნენ, მშობლიურ, ოჯახურ გარემოში, მშობლებთან ერთად, ეგებ, რამე თქვასო. ბავშვს სამართალდამცავების დანახვა არ ესიამოვნა, მშობლებსაც შიშით უყურებდა და როცა დედამ თქვა, განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია, უბრალოდ, ბოლო დროს, ოქროს ნივთი დავკარგე და ქმარმაც რაღაც თანხა მოისაკლისაო, ძალოვნებისთვის ცხადი გახდა - ბავშვებს ვიღაც ფულს და ოქროულს სძალავდა და ამ ყველაფერს იმდენად სასტიკად აკეთებდა, რომ პატარებს მისი სახელის ხსენების ეშინოდათ.

„გვითხარი, ვინ არის პიროვნება, ვინც ფულსა და ოქროულს გძალავთ და გპირდები, აქედან, პირდაპირ მის დასაკავებლად წავალთ. შენ კი, სახლიდან მანამ არ გამოხვალ, სანამ მას არ დავიჭერთ და უსაფრთხოდ არ იგრძნობ თავს“, - როცა გამომძებელი ბიჭს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, გრძნობდა, რომ ეს საკმარისი არ იყო და იქვე დააყოლა - „გპირდები, არც მშობლები გეტყვიან რამეს მოპარული ოქროსა და ფულის გამო, მათაც მე დაველაპარაკები“...

ბიჭმა შეშინებული თვალებით ამოიხედა და ორად ორი სიტყვა ჩაილუღლუღა - „ფიზკულტურის მასწავლებელი!“

ოპერმუშაკებს ბევრი არ უფიქრიათ, მის დასაკავებლად წავიდნენ, მაგრამ ეს არცთუ მარტივი აღმოჩნდა. როგორც კი მას კარზე დაუკაკუნეს, მეორე მხრიდან სროლა ატყდა, ერთი სამართალდამცავი დაიჭრა, მეორემ საპასუხო ცეცხლი გახსნა და საბოლოო ჯამში, ეჭვმიტანილი დააკავეს. გაგიკვირდებათ და, მისი დაკავების შემდეგ, ბავშვები კი არა, სკოლის დირექტორიც ალაპარაკდა.

„შიშით ხმას ვერ ვიღებდი. ეს კაცი რამდენიმე თვის წინ გამომეცხადა და მითხრა, რომ ფიზკულტურის მასწავლებლად უნდა მიმეღო. ცხვირწინ იარაღი დამიტრიალა, შვილების მოკვლით დამემუქრა და აბა, რა უნდა მექნა? გაიხედეთ გარეთ, რა ხდება, პატრონი არ ჰყავს არავის და არაფერს. არ ვიცი, როგორ აშინებდა ბავშვებს, მაგრამ ამბობდნენ, რომ აშინებდა“, - განაცხადა მან.

მასწავლებლის დაკავების შემდეგ, რამდენიმე ბავშვი ალაპარაკდა. ფიზკულტურის პედაგოგი მათ აიძულებდა, სახლიდან ოქროული მოეპარათ და მისთვის მიეტანათ. თუ ისინი ვინმეს რამეს ეტყოდნენ, მშობლებს დაუხოცავდა და თუ მას დაიჭერდნენ, მისი მეგობრები გაუსწორდებოდნენ ბავშვების მშობლებს. ჰოდა, ბავშვები უფრო იმიტომ ალაპარაკდნენ, ეგებ, ჩვენი მშობლები გადაარჩინოთ, რომ დაიჭირეთ, მისი მეგობრები ჩვენზე შურს იძიებენო. სწორედ ამ დროს, სამართალდამცავები დაკავებულს „მთელი სიმკაცრით“ ჰკითხავდნენ და მანაც ჩვენების მიცემა დაიწყო. დეტალებში მოჰყვა, როგორ მარტივად აშინებდა და ატერორებდა ბავშვებს, ანახა მკლავზე ამოსვირინგებული თავის ქალა, უთხრა, რომ ციხეში იყო ნაჯდომი და ბევრი კრიმინალი მეგობარი ჰყავდა. ის ბავშვი კი გაჯიუტდა, დაემუქრა, ყველაფერს მამაჩემს მოვუყვებიო და როგორც დაკავებული ამბობდა, შემთხვევით, ვერ მოზომა და ბავშვს თავში მცირე ზომის სავარჯიშო გირა ჩაარტყა. მერე, როცა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, სისხლი მოწმინდა და აიძულა, სახლში კი არა, საკლასო ოთახში წასულიყო. არ ეგონა, ბავშვი თუ მოკვდებოდა...

სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა კი მიუსაჯა, მაგრამ ერთ წელიწადში, რაღაც მანქანებით, ციხიდან გამოვიდა და ამაზე ბევრი ლაპარაკობდა. მერე იყო ყაჩაღობების მთელი სერია, რომელიღაც საძოსთან მიკედლება, სასტიკი დანაშაულები და ბავშვის მკვლელს სამართალი მომხდარიდან 3 წლის შემდეგ დაეწია - სუფრაზე ვიღაცას აუშარდა და იმან დანით გამოასალმა სიცოცხლეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე