ქალების ფერმა - შემაძრწუნებელი კრიმინალური ამბავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, ქართველ სამართალდამცავებს ნაკლები საერთაშორისო პრაქტიკა აქვთ. მართალია, ისინი არც ისე იშვიათად მიდიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპასა თუ აშშ-ში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ორი მიზეზის გამოა არასაკმარისი. პირველი ის, რომ ევროპული დანაშაულები და კრიმინალური აზროვნება რადიკალურად განსხვავდება პოსტსაბჭოთა სივრცის დანაშაულისა და კრიმინალთა აზროვნეისგან, ხოლო რაც შეეხება აშშ-ს, იქ დანაშაულის საერთოდ სხვა სპეციფიკაა.

                                                                      

ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, ყველა რესპუბლიკის თანამშრომლებს ძალიან ბევრი მივლინება ჰქონდათ, 15 სახელმწიფო კოორდინირებულად მუშაობდა და კრიმინალებისთვის ყველაზე საშიში „საკავშირო ძებნის“ გამოცხადება იყო. ეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნას ჰგავდა, რადგან „რკინის ფარდის“ გამო, სსრკ-დან გასვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო და ამიტომ, გეძებდნენ იქ, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყავი. შემთხვევა, რომელსაც ახლა გიამბობთ, რუსეთში მოხდა და მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ეს წარმოუდგენლად ჩანდა. მთავარი ის გახლავთ, რომ საქმის გასახსნელად, ლამის მთელი საბჭოეთი დაირაზმა, მაგრამ რეალურად, გამომძიებლები ვერაფერს გააწყობდნენ, რომ არა ერთი უბრალო შემთხვევა, თუმცა ამაზე მოგვიანებით და ქვემოთ იმასაც მოგითხრობთ, როგორ და რატომ შეცდა საბჭოთა წყობილება მაშინ, როცა დამნაშავეთა ჯგუფს სასჯელის უმაღლესი ზომა არ გამოუტანა. ყველაფერს კი, მოსკოვში, სახელგანთქმულ „მურ“-ში, იმ დროს მივლინებით მყოფი ქართველი გამომძიებელი გვიყვება.

„მოსკოვშსა და მის შემოგარენში, ძალიან გახშირდა ახალგაზრდა გოგონების გაქრობა. მათ შორის, ორსულებიც იყვნენ და ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანდა. მაშინ უკვე იყო შემთხვევები, რომ გოგონებს მიწისქვეშა ბორდელებისთვის იტაცებდნენ, მთელ საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა იკრებდა ძალას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, უშუალოდ რუსეთშიც არეულობები იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, სამართალდამცავები გამართულად მუშაობდნენ და ამის მიზეზი ძლევამოსილი „კა გე ბე“-ს მიმართ არსებული შიში იყო. უშიშროება მოდუნების უფლებას არავის აძლევდა, ამიტომ ამ საქმის გამოძიება მთელი რესურსით მიდიოდა, მაგრამ წინ ვერ ვიწევდით, ნაბიჯს ვერ ვდგამდით“, - ამბობს ის.

მართლაც, უცნაური იყო გამტაცებლების ქმედება. ისინი არ ითხოვდნენ გამოსასყიდს, არ ტოვებდნენ სისხლის კვალს (ანუ გოგონები ცოცხლად მიჰყავდათ) და მერე ქრებოდნენ. გოგონებს ერთადერთი რამ აერთიანებდათ - ისინი 20 წელზე ნაკლების არ იყვნენ და არცერთი არ იყო 25 წელზე მეტის. ორსულებიც კი, რომლებიც მოიტაცეს, ამ ასაკში მერყეობდნენ. როცა ქართველი გამომძიებელი ჩავიდა მოსკოვში, პირველი შემთხვევიდან უკვე რვა თვე იყო გასული და ამ ხნის განმავლობაში, უკვალოდ კიდევ 30-მდე გოგო გაქრა. ამ 30-დან, სამი გარდაცვლილი ნახეს. უფრო ზუსტად, მოკლული. ისინი გაგუდულები იყვნენ და ტყის პირზე ეყარნენ. თითქმის ერთსა და იმავე ადგილას, ოღონდ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ექსპერტიზის დასკვნით, სამივე გაუპატიურებული იყო და რაც მთავარია, ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, მათ უშვილობის პრობლემა ჰქონდათ, თუმცა სავარაუდოდ, ეს არ იცოდნენ, რადგან სამივე გასათხოვარი იყო. იმის მიუხედავად, რომ გვამები დეტალურად იყო შესწავლილ-გამოკვლეული, რამე ახალი მინიშნება, ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ ყველაფრის უკან და რისთვის სჭირდებოდათ გოგონები, არავინ იცოდა.

დაძაბულობა პიკს აღწევდა. მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვდა დაკარგული გოგონების მოძიებას, მშობლები გაერთიანდნენ კიდეც, მაგრამ ახალი ვერაფერი გაიგეს. მეტიც, ერთ-ერთი დაკარგული გოგონას მამა საკმაოდ შეძლებული იყო და მზად გახლდათ, მოსკოვის ცენტრში, სამოთახიანი ბინა ეჩუქებინა იმისთვის, ვინც მის გოგონას მოიყვანდა და ამ მოწოდებამ ბევრი რიგითი მოქალაქეც გაააქტიურა, თუმცა შედეგი კვლავ ნული იყო. ერთ-ერთი გატაცებული გათხოვილი გახლდათ, ორსულობის მერვე თვეში იმყოფებოდა და მისი ქმარი, პრაქტიკულად, ყოველდღე სამმართველოს წინ იყო ატუზული, მიშველეთ, ცოლი და შვილი დავკარგე, ერთ თვეში ბავშვი უნდა მენახა და ახლა ბავშვი კი არა, ცოლიც დავკარგეო. ძალოვნებს მისი კარგად ესმოდათ, მაგრამ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, საერთოდ არაფერი. უმკაცრესად კონტროლდებოდა ყველა სამშობიარო სახლი, გამომძიებლები ითხოვდნენ მშობიარეების სურათებს, ხომ შეიძლებოდა, იქ ქალი სხვა სახელითა და გვარით შეეყვანათ, მაგრამ არა - სხვა გოგონების დარად, ეს ქალიც თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ვერც აგენტურული ქსელი ამბობდა რამეს, გატაცებული გოგონების შესახებ არავინ არაფერი იცოდა და რაც მთავარია, ერთადერთ ვერსიად რჩებოდა გოგონების სექსმუშაკებად არაოფიციალური, მონური დასაქმება, მაგრამ მაშინ, რისთვის გახლდათ საჭირო ორსული ქალი?

„ცოლი ვიპოვე, სახლში ვართ და გვეშინია“, - მამაკაცი, რომელმაც რვა თვის ფეხმძიმე ცოლი დაკარგა, არეულად ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ერთი წინადადება საკმარისი იყო იმისთვის, რომ მამაკაცის ბინისკენ სპეცდანიშნულების რაზმი, სამძებრო სამმართველოს ყველა თავისუფალი ოპერმუშაკი და უშიშროება ერთად წასულიყო. ქალი მართლაც სახლში იყო და მისი მუცელი გამოძიებას არ გაჰკვირვებია - რვა თვის ორსული სამი თვის წინ გაუჩინარდა და რა თქმა უნდა, ბავშვს გააჩენდა, მაგრამ სად, როგორ, რატომ?! გოგონა ისე იყო შეშინებული, საუბარი უჭირდა და სასწრაფოდ ექიმთა ბრიგადაც გამოიძახეს, ფსიქოლოგიც, ფსიქიატრიც, ყველა, ვისაც დახმარება შეეძლო და რაც მთავარია, ძალოვნები ცდილობდნენ მას ერთი-ორი წინადადებით მაინც ეთქვა რამე, რაც ძიებას კვლაზე დააყენებდა, მიმართულებას მისცემდა. მცდელობა ამაო აღმოჩნდა, ქალი შოკში იყო და ის საავადმყოფოში გადაიყავნეს. მის პალატას უპრეცედენტოდ ბევრი, 12 სპეცრაზმელი დარაჯობდა, გარეთ იდგნენ სხვა სპეცრაზმელებიც, უშუალოდ პალატაში იჯდა ორი ოპერმუშაკი და ექიმებმა იცოდნენ, რომ პაციენტი საუბრის იშტაზე, რაც შეიძლება მალე უნდა მოეყვანათ. ჰო, გამოძიებამ კატეგორიულად აკრძალა იმის გახმაურება, რომ დაკარგული გოგონებიდან ერთ-ერთი იპოვეს, რადგან დანარჩენების ახლობლები საავადმყოფოს შტურმით აიღებდნენ, სიმართლე რომ პირველწყაროსგან გაეგოთ. პაციენტმა მეოთხე დღეს შეძლო საუბარი.

„მე ფერმაში ვიყავი, ქალების ფერმაში. იქ გოგონები მოჰყავთ, აუპატიურებენ, შემდეგ კი, როცა გოგო დაორსულდება, სხვა ოთახში გადაჰყავთ. იმ ოთახში მეც ვიყავი, როცა თავიდან გამიტაცეს, კარგად მექცეოდნენ, მივლიდნენ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვყავდი. როცა ბავშვი გავაჩინე, ორი კვირა ძუძუ ვაწოვე, მერე თქვეს, საკმარისიაო და ბინძურ ოთახში შემაგდეს, იქ, სადაც ჩემსავით, ძალიან ბევრი გოგო იმყოფებოდა. იქ უკვე საშინლად გვექცეოდნენ, დიდი ქვაბით შემოჰქონდათ სალაფავი, იმით ვიკვებებოდით, სარდაფი იყო, მხოლოდ ერთი ნათურა ენთო, ლეიბები და რაღაც ზეწრები ეყარა, რომ დაგვეძინა. როცა გოგო გასაუპატიურებლად მიჰყავდათ, აშიშვლებდნენ, წყლის ჭავლით ბანდნენ, მერე კი ორი-სამი დღის განმავლობაში, რიგ-რიგობით აუპატიურებდნენ. თუ გოგონა ორსულდებოდა, კარგ ოთახში გადაჰყავდათ, გააჩენდა და ისევ უკან აგდებდნენ. ბავშვები სად მიჰყავთ, არ ვიცი. ერთხელ, როცა საჭმელი შემოიტანეს, კართან ვიყავი და ზეწარი მქონდა გადაფარებული. არჩევდნენ, რომელი გოგო გაეუპატიურებინათ და კარში გავძვერი, კიბეზე ავედი და იქაურობას თავი დავაღწიე. ირგვლივ ტყე იყო, ხეზე ავედი და იქ გავათენე, მერე გზა ვიპოვე და სახლამდე მოვედი. სავარაუდოდ, ჩემი გაპარვა ვერ შეამჩნიეს, რადგან არასდროს გვთვლიდნენ, 25-30 ვიყავით და ის გოგონები, რომლებიც არ ორსულდებოდნენ, ქრებოდნენ, უკან აღარ შემოჰყავდათ“, - განაცხადა მან.

გამომძიებლებმა სხვა დაკარგულების ფოტოები ანახეს და მან რამდენიმე ამოიცნო, ყველა არც მახსოვს სახეზე, ჯოჯოხეთში ვიყავითო. რაც მთავარია, ქალი დაბეჯითებით ამბობდა, ზუსტად ვიცი, სად არის ის სახლი, რომელიც გოგონების ფერმად აქვთ გადაქცეული და განახებთო. სპეცოპერაცია ერთ საათში დაიგეგმა და საქმეში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო. 1500 ჯარისკაცი, სრული ეკიპირებით, სახლის გარშემო, ტყის შემოგარენში განალაგეს, რათა არავის მოეხერხებინა გაქცევა და შტურმიც დაიწყო. პრინციპში, შტურმი გადაჭარბებული სიტყვაა, რადგან სახლის მეპატრონეებს იარაღი არ ჰქონდათ და შესაბამისად, წინააღმდეგობასაც ვერ გაწევდნენ. სარდაფში ნახეს ყველა გატაცებული, გარდა იმ სამისა, რომლებიც მანამდე მოკლეს. ამ საქმის ორგანიზატორიც სახლში იყო და ყველაზე მეტად, სწორედ მისი დაკითხვა გახლდათ საინტერესო.

„მას შემდეგ, რაც აქ სიტუაცია აირია და ასე თუ ისე, ევროპაში გასვლა შეიძლება, ჩვილებზე ინტერესი გაიზარდა. ჰო, ორი თვის ბავშვებს ევროპაში ყიდულობენ, ზოგს შვილად აყვანა უნდა, ზოგს კი არ ვიცი, მთავარია, იხდიდნენ. ბავშვების მოპარვას, ქალების მოპარვა ვამჯობინე და ასე გავაკეთე მათი ფერმა. ყოველწლიურად, 20-დან 25 ბავშვამდე უნდა გამეყიდა, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბავშვები ჯერ ბელორუსში ან უკრაინაში გაგვყავდა, იქიდან - პოლონეთში, პოლონეთიდან კი მთელ ევროპაში“, - განაცხადა მან.

ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაშინ დამნაშავეთა ჯგუფის აბსოლუტურად ყველა წევრი დახვრეტას გადაურჩა და მათ 15-წლიანი სასჯელები აკმარეს. მხოლოდ ხუთი-ექვსი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მათ არც ეს სასჯელი მოუხდიათ ბოლომდე, რადგან იგივე ჯგუფის წევრები უკვე ბულგარეთსა და მაშინდელ იუგოსლავიაში დააკავეს იგივე ბრალდებით - გოგონების ფერმა მათ ამ ორ ქვეყანაში ჰქონდათ მოწყობილი.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე