მკვლელობა მილიციის განყოფილებაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უბნის რწმუნებული - თანამდებობა თუ „ზვანია“, რომელიც კომუნისტების დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბჭოთა კავშირის არაერთ ქვეყანაში, ეს ინსტიტუტი მთელი თავისი „მშვენიერებით“ არის შენარჩუნებული. საქართველოში კი... ზოგადად, საქართველოში, უბნის რწმუნებულების აბსოლუტურ უმრავლესობას კუკარაჩას ეძახდნენ, ახლა კი ეს ინსტიტუტიც მოშლილი თუ არაეფექტიანია. უბნის რწმუნებული იყო ყველა და ყველაფერი - მართლაც, დედა და მამა მოზარდებისთვის. უბნის რწმუნებული ვალდებული იყო, სცოდნოდა ყველაფერი, რა ხდებოდა, სად ხდებოდა, როგორ ხდებოდა და მისი წვლილი გამოძიების საქმეში განუსაზღვრელი იყო. სწორედ უბნის რწმუნებულების ინფორმაციის საფუძველზე იხსნებოდა არაერთი საქმე და იხსნებოდა მოკლე დროში...

                                                                                                              

80-იანი წლების გარიჟრაჟზე, თბილისის ერთ-ერთ რაიონში, საკუთარ ოთახში (უბნის რწმუნებულებს ოთახები ჰქონდათ), უბნის ადგილობრივი რწმუნებული მოკლული იპოვეს. მას დანა ზურგში ჰქონდა დარტყმული და ექსპერტმა პირველივე შეხედვაზე თქვა - მკვლელი მამაკაცია, რადგან დანა, ლამის ტარიანად არის ჩამალული სხეულშიო. იყო ვერსია, რომ შეიძლება, მამაკაცი კარგად ნავარჯიშებ ქალსაც მოეკლა, მაგრამ ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან არც უბნის რწმუნებული იყო დაბალი და სავარაუდოდ, არც - მკვლელი, რადგან დანა ჰორიზონტარულად იყო შერჭობილი და მკვლელი სიმაღლით მსხვერპლს არ ჩამოუვარდებოდა. ასეთი გაბარიტების ქალები კი თითზე დასათვლელნი იყვნენ - თან მაღლები, თან საოცრად ნავარჯიშები...

„მე ვიცი, ვინც მოკლა უბნის რწმუნებული. ჩვენი მეზობელი კაცი ცოლს ურტყამდა, ამ უბედურმა რამდენჯერმე გააფრთხილა, ბოლოს კი, ნერვები ვეღარ მოთოკა და ხელიც შემოარტყა, ნახე, როგორია ცემაო და ის კაცი დაემუქრა, აუცილებლად მოგკლავო. ჰოდა, დღეს დილით, სწორედ ის კაცი დავინახე ამის ოთახიდან რომ გამორბოდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა და ძალოვნებმაც მასზე ძებნა გამოაცხადეს. მამაკაცი დის ოჯახში დააკავეს და როგორც კი მან სამართალდამცავები დაინახა, ყვირილი ატეხა, მე არ მომიკლავსო ანუ მან ზუსტად იცოდა, რომ უბნის რწმუნებული გარდაცვლილი იყო.

„გარდაცვლილმა პირობა ჩამომართვა, რომ ცოლს აღარ შევეხებოდი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლო ოჯახში დაბრუნება. მარტო პირობას არ დასჯერდა, მითხრა, მოდი, ხელწერილი დამიწერეო და იმისთვის მივედი. ოთახის კარი რომ შევაღე, იატაკზე ეგდო, ზურგიდან კი დანის ტარი მოუჩანდა. მაშინვე გამოვიხურე კარი და გავიქეცი“, - განაცხადა დაკავებულმა და ექსპერტმაც დაბეჯითებით თქვა, ეს ჩია ლოთი დანას ისეთი სიძლიერით და თანაც იმ სიმაღლეზე, ჰორიზონტალურად ვერ მოიქნევდა, ამისთვის სკამზე უნდა შემდგარიყო და ორი ხელით დაერტყა, თან გარდაცვლილიც შესაბამის მანძილზე უნდა მდგარიყო, რაც გამორიცხულიაო.

დაკავებული გაუშვეს და ახალი ვერსიაც მაშინვე გაჩნდა - აგენტურის ცნობით, ბოლო დროს, უბანში ნარკოტიკების გასაღების შემთხვევები გახშირდა და უბნის რწმუნებული ამბობდა, მალე გავალ „ბარიგის“ კვალზე და ციხეში ჩავაყუდებო. სავარაუდოდ, მან ნარკოდილერებს მიაგნო და გაასაღეს.

ეს ვერსია გამოძიებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო - მათ ნარკოტიკების გამსაღებლები უნდა ეპოვათ და სავარაუდოდ, მკვლელების კვალზეც გავიდოდნენ. დაიწყო უბნის აგენტურის დაკითხვები, მაგრამ მათ საინტერესო ვერაფერი თქვეს. გამომძიებლების გასაოცრად, აგენტურაში ერთი ნარკომანიც არ იყო, მაგრამ ეს „პრობლემა“ მალე მოგვარდა. ერთ-ერთი ადგილობრივი ნარკომანი ფაქტზე დააკავეს, საკანში შეაგდეს და როცა „ლომკა“ დაეწყო, „ბარიგის“ მისამართი ჰკითხეს. მისი პასუხი მოულოდნელი გახლდათ: „მოხუცი ქალი, მზესუმზირას რომ ჰყიდის, ეგ არის ნარკოტიკების გამსაღებელი. ვინ ამარაგებს, არ ვიცი, მაგრამ წამალს მისგან ვიღებთ, ფულსაც მას ვაძლევთ და თან გვეშინია მისი, რადგან ისე გვესაუბრება, ძალიან გამოცდილი კრიმინალი უნდა იყოს“...

მზესუმზირის გამყიდველ ქალზე თვალთვალი დააწესეს, მისი დოსიეც გადაქექეს და ის ოთხჯერ ნასამართლევი აღმოჩნდა. პრინციპში, რაღა თვალთვალი უნდოდა, პრაქტიკულად, ქალი პირდაპირ ქუჩაში ჰყიდდა ნარკოტიკს და როცა წინ ძალოვნები აესვეტნენ, ისე მოკურცხლა, გაოცებისგან პირდაღებულ ოპერებს 50 მეტრზე მეტის გარბენა დასჭირდათ მის დასაპატიმრებლად. სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, თუმცა ქალმა მომმარაგებლებზე არაფერი თქვა, ციხეში რომ შევალ, მინდა, ცოტა ხანს იქაც ვიცოცხლო, ისეთ ასაკში ვარ, იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვაღწევ, მაგრამ ჩემი სიკვდილით მინდა მოვკვდეო (მისი ეს წინასწარმეტყველება ახდა).

რაც შეეხებოდა უბნის რწმუნებულის მკვლელობას, ქალმა მხრები აიჩეჩა - უბნის წინა რწმუნებული „გაკერილი“ გვყავდა, ვიხდიდით და ჩუმად იყო, ეს ვერ გავკერეთ და ჩემები ამბობდნენ, რამეს მოვუხერხებთო, მაგრამ არ მგონია, მოეკლათ. ასეთ ხმაურიან საქმეზე არ წავიდოდნენ, მაინც უბანია, სიმშვიდეა, ყველა ყველას იცნობს. მგონია, რომ ის, ვინც უბნის რწმუნებული მოკლა, აქაურია და მას ყურადღებას არავინ აქცევს, შევიდა, მოკლა, გამოვიდა, ეჭვიც ვერავინ მიიტანაო...

გამოცდილი კრიმინალის სიიტყვები გამოძიებას მწარედ ენიშნა. მართლაც, უცხო ადამიანი უბნის რწმუნებულის ოთახში ისე ვერ შევიდოდა, ვინმეს თვალი არ მოეკრა, აგერ, თავისი უბნელი დაინახეს და ჩაუშვეს. ყურადღება მიაქციეს უბნის ძველ რწმუნებულსაც, რადგან ის არა მარტო იმ უბნიდან, არამედ, ძალოვანი უწყებიდან გაუშვეს ქრთამის აღების ბრალდებით და იყო შანსი, რომ მას თავის შემცვლელზე შური ეძია. ამიტომ, უბნის ძველი რწმუნებულის დაკითხვა გადაწყდა, თუმცა ის საცხოვრებელ ადგილზე არ იმყოფებოდა და რაც მთავარია, ცოლმა თქვა, მოულოდნელად გაემგზავრა, ასე თქვა, სოფელში, მშობლებს უნდა ჩავხედოო. გამგზავრება მკვლელობის არა მარტო დღეს, არამედ, სავარაუდო დროსაც ემთხვეოდა. მასზე ძებნა გამოცხადდა, რადგან მშობლებმა პირდაპირ თქვეს, ჩვენთან არ მოსულა და არც ვიცით, სად არისო. სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ ნამდვილ მკვლელს მიაგნეს და უბნის ყოფილი რწმუნებულის დაკავებაც დროის ამბავი იყო, მაგრამ მომხდარიდან მალევე, განყოფილებაში ზარის ხმა გაისმა. გამომძიებელთან საუბარს... ძებნილი ითხოვდა.

„ერთადერთი მოთხოვნა მაქვს - დამაბრუნეთ ძალოვან სტრუქტურაში და მზად ვარ, გითხართ, ვინ არის მკვლელი. მე დავინახე მკვლელობის მომენტი, დავინახე მკვლელიც და შემდეგ მშვიდად წავედი შემთხვევის ადგილიდან. წავედი იმიტომ, რომ ხელის შეშლას აზრი არ ჰქონდა, უბნის რწმუნებული უკვე მკვდარი იყო, მე კი მილიციის თანამშრომელი აღარ ვარ, მკვლელი რომ დამეკავებინა. მე არა მარტო მკვლელის ვინაობა ვიცი, არამედ, მოტივიც და მოწმესაც მოვიყვან. თუ არ იჩქარებთ, შეიძლება, ის მოწმეც მოკლან და მერე ვერაფერს დავამტკიცებ“, - ტელეფონის ყურმილში სწრაფად, მაგრამ მკაფიოდ საუბრობდა ძებნილი. მან გამომძიებლებს ერთსაათიანი ვადა მისცა მოსაფიქრებლად და ყურმილი დაკიდა. მისი მოთხოვნა მინისტრთან იყო შესათანხმებელი და მან მოკლედ მოჭრა - „დააბრუნეთ და მერე, როცა რამე შეეშლება, გაუშვით“.

ერთი საათის შემდეგ, უბნის ყოფილმა რწმუნებულმა კვლავ დარეკა და როცა თანხმობა უთხრეს, დაიბარა, ნახევარ საათში მოვალო და მართლაც, 30 წუთში, განყოფილებაში გამომძიებლის წინ იჯდა.

„იმ დღეს, უბნის რწმუნებულთან დალაპარაკება გადავწყვიტე. მინდოდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაღაც რჩევები მიმეცა, ვისთვის უნდა მიექცია მეტი ყურადღება, ვინ რითი სუნთქავდა. სულ რაღაც 50 მანეთი მინდოდა, მეტი კი არა. რომ მივედი, ოთახის კარი ოდნავ შეღებული იყო და ჩვენი უბნელი კაცი ემუდარებოდა, ნუ დამღუპავ, მეტს აღარ ვიზამო. უბნის რწმუნებულმა კი უთხრა, მეტი რაღა უნდა ქნა, საკუთარ შვილს აუპატიურებ, გოგონამ ყველაფერი მომიყვა, ახლა ხელბორკილს დაგადებ და უმკაცრესად დაისჯებიო. სავარაუდოდ, ბორკილების ასაღებად მიბრუნდა, ამან კი დანა ამოიღო და ზურგში ტარამდე ჩაარტყა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერაფერი მოვასწარი, უბრალოდ, იქაურობას გავეცალე. იმ კაცს თუ არ დაიჭერთ, შეიძლება, გოგოც მოიშოროს თავიდან“, - განაცხადა მისულმა.

მის მიერ დასახელებული მამაკაცი მალე დაიჭირეს, გოგონა კი... სახლიდან იყო გაქცეული და თავს დაქალთან აფარებდა, თუმცა მიზეზს არ ამბობდა. როცა უთხრეს, რომ მამამისი დააკავეს, ტირილი დაიწყო და ალაპარაკდა.

„ეს მაშინ დაიწყო, როცა დედა ღამის მორიგე გახლდათ, მამა ნასვამი დაბრუნდა სახლში და გამაუპატიურა. მეორე დღეს მითხრა, ალბათ, თავს მოვიკლავო, დედას არ უთხრაო და როცა მეგონა, თავს მოიკლავდა, მეორე მორიგეობაზე ისევ გამაუპატიურა. მეშინოდა, მეუბნებოდა, თუ იტყვი, ორივეს დაგხოცავთო. ვითმენდი და არ ვიცოდი, რა მექნა. მერე, უბნის ახალი რწმუნებული მოვიდა, ყველა ემადლიერებოდა, ყველა ამბობდა, ნებისმიერს დაეხმარებაო და მას მოვუყევი. მომისმინა და მითხრა, ყველაფერი მალე დასრულდებაო. მერე გავიგე, რომ ჩვენი უბნის რწმუნებული მოკლეს, მივხვდი, ვინც გააკეთა და ჩავთვალე, რომ საშველი აღარ იყო“, - განაცხადა გოგონამ.

დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, მაგრამ ამაზე არავინ ნერვიულობდა, რადგან მისი დუმილი მალე სამუდამოდ იქცა - თანასაკნელებმა გამოუყვანეს წირვა.

რაც შეეხება უბნის ძველ რწმუნებულს, ის სამსახურში დააბრუნეს, მაგრამ ზუსტად ორი კვირის შემდეგ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და ციხეში გაისტუმრეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე