შანტაჟი ინტიმური კადრებით

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

გასულ კვირას, სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველ ქალთან თანაცხოვრობდა, დაშორების შემდეგ კი,  ქალისთვის გადაღებული შიშველი ფოტოებით ვიდეო-კოლაჟი შექმნა და მის ახლობლებს გაუგზავნა. ახლა მას სასამართლო და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სამწუხაროდ, ანალოგიური დანაშაულები საქართველოში ძალიან მომრავლდა. მეტიც, ამ ყველაფერმა ფეხი არასრულწლოვნებშიც მოიკიდა და შიშველი ფოტოების გამოქვეყნების შიშით, არასრულწლოვან გოგონებს სექსზეც კი მარტივად ითანხმებენ. ცალკე საკითხია, რატომ შიშვლდებიან იგივე არასრულწლოვნები, რატომ აძლევენ სხვას ნებას სურათები გადაუღონ, ან თავად რატომ უგზავნიან ფოტოებს. რამდენიმე ისტორია, რომლებსაც ახლა გიამბობთ, საქართველოში მხოლოდ მიმდინარე წელს მოხდა. კიდევ გავიმეორებთ, ასეთი ფაქტები საგანგაშოდ მომრავლდა და შიშველი ფოტოებით შანტაჟი, თითქოს, ყოველდღიურობად იქცა.

 

ქვემო ქართლის ერთ-ერთ ქალაქში, ახალგაზრდა ბიჭმა ბინა იყიდა და შემდეგ მისი გაქირავება დაიწყო. თითქოს, უცნაური არაფერია, მაგრამ მეზობლებს ის უკვირდათ, რომ ბინაში ერთ თვეზე მეტხანს არავინ ჩერდებოდა და ბიჭიც ბინას ან მხოლოდ გოგონებზე, ან მხოლოდ ქალებზე აქირავებდა. ბინა ბოლოს ორმა აზერბაიჯანელმა ქალბატონმა იქირავა, რომლებიც იქვე, ახლომდებარე რესტორანში მუშაობდნენ, ერთი - მზარეულად, მეორე - დამლაგებლად. სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა და სამართალდამცავებმა ბიჭი დააკავეს. მისი დაპატიმრების შემდეგ გაიგეს მეზობლებმა, რა ხდებოდა. აი, რა წერია გამომძიებლის პატაკში.

„ეჭვმიტანილი უ.ფ. კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. მან ბინის გაქირავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აბაზანაში ფარული ვიდეოთვალი დააყენა (სულ 3 ცალი). ერთი ვიდეოთვალი აბაზანას გვერდიდან იღებდა, მეორე - ზედხედით, მესამე კი ტრაპში იყო ჩამონტაჟებული. ვიდეოთვალები მხოლოდ მაშინ ირთვებოდა, როცა აბაზანაში ვინმე შედიოდა ანუ ყველაფერი მოძრაობის სენსორებით იყო გაკეთებული, კვების წყარო კი ჰაერის გამწოვში იყო ჩამონტაჟებული. მდგმურებისთვის რამდენიმე ვიდეოს გადაღების შემდეგ, ბინის მეპატრონე მათთან მიდიოდა, ვიდეოს აჩვენებდა (თავდაცვის მიზნით, არ უგზავნიდა) და ეუბნებოდა, რომ პოლიციაში წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან სამართალდამცავები ვერასდროს იპოვიდნენ ვიდეოს, ის ისეთ ადგილზე ჰქონდა დამალული, დანაშაულს ვერ დაუმტკიცებდნენ და შემდეგ, როცა გამოუშვებდნენ, ვიდეოს სოციალურ ქსელში ანონიმურად ატვირთავდა. სანაცვლოდ, ერთჯერადად, სოლიდურ თანხას სძალავდა მდგმურებს და შემდეგ ბინიდან აგდებდა, რადგან ახალი მსხვერპლი ეძებნა. ბინის გაქირავების ფასი კი იმდენად იაფი იყო, რომ ბევრს ხიბლავდა“...

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ გზით ბიჭმა ათამდე ქალბატონი გააბითურა და ფული გამოსძალა, ერთ მათგანს, რომელსაც ფულის შოვნის შანსი არ ჰქონდა, სექსუალური ურთიერთობაც აიძულა. სწორედ იმის გამო, რომ მსხვერპლთა უმრავლესობას არ ჰქონდა პოლიციის იმედი ანუ სჯეროდათ, რომ ბიჭი ყველა ფაილს საგულდაგულოდ მალავდა და ვერავინ იპოვიდა, სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართა. სამაგიეროდ, მიმართა ორმა აზერბაიჯანელმა ქალბატონმა, რომლებსაც ბიჭზე გადასაცემი ფული ძალოვნებმა მისცეს, შემდეგ კი, იგივე ბინა უკვე შსს-ს თანამშრომელმა გოგონამ იქირავა. როცა მეპატრონემ მორიგი ვიდეო გადაიღო და ფულის გამოძალვისთვის მივიდა, უკვე მას იწერდა ვიდეოთვალი ისე, რომ მან არაფერი იცოდა და ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა - ბიჭი დააკავეს და სამწუხაროდ, მხოლოდ 9 წელი მისცეს.

შიდა ქართლში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს თავბრუ დაახვია, მიყვარხარ, უშენოდ არ შემიძლიაო და აიძულა, წელს ზემოთ გადაღებული შიშველი ფოტოები გაეგზავნა. გოგონამ ორი ფოტო გაგზავნა ისე, რომ სახე არ უჩანდა, შემდეგ კი, როცა ორი კვირა გავიდა და ბიჭმა ფოტოები „ბოროტად არ გამოიყენა“, გათამამდა, სახეც გამოაჩინა და სრულადაც გაშიშვლდა. ამის შემდეგ, ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ისევ საგამოძიებო უწყების არქივიდან:

„ეჭვმიტანილმა გოგონას არა მარტო ფოტოების, არამედ, ვიდეოს გაგზავნაც აიძულა, რის შემდეგაც, ფოტოების კლასელებისთვის ჩვენების შიშით, კლასელი სექსზე დაითანხმა და აიძულა, მასთან კონტაქტი ჰქონოდა. შემდეგ, ისევ ფოტოებისა და ვიდეოს გავრცელების მუქარით, მან აიძულა, სექსუალური ცხოვრება მეგობართან ჰქონოდა, სანაცვლოდ, მეგობარს 200 დოლარი გამოართვა“...

საქმე მას შემდეგ გასკდა, რაც გოგონა დაორსულდა და საავადმყოფოში მუცლის არეში ტკივილებით მარტო (და არა - მშობლებთან ერთად) მივიდა. საბედნიეროდ, არასრულწლოვნის ორსულობის შესახებ არსებული პროტოკოლი საავადმყოფოს ექიმებმა სრულად დაიცვეს და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობეს. ამის შემდეგ დაიწყო ძიება და არასრულწლოვნისთვის სექსუალური ცხოვრების იძულების ბრალდებით, ორივე ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა რადგან ისინიც არასრულწლოვნები იყვნენ, სასჯელი ისეთი მკაცრი ვერ იყო, როგორსაც იმსახურებდნენ. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ გოგონაზე ოჯახმა უარი თქვა და ის დღემდე თავშესაფარში რჩება, სადაც პატარა ბიჭს ზრდის, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ იცის, დაკავებული ორი მოზარდიდან, რომელია ბავშვის მამა.

არც თუ შორეულ წარსულში, დიდი სკანდალი იყო, როცა გაირკვა, რომ ერთ-ერთი სკოლის მძღოლი სკოლის მოსწავლეს „ეჩალიჩებოდა“. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა და სკოლის დირექტორი, რომელიც მძღოლის ცოლი იყო, თანამდებოიდან წავიდა. ამის ფონზე, დაიჩრდილა ამბავი, რომელიც აღნიშნული სკანდალიდან მალევე მოხდა. დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები ორდღიან ექსკურსიაზე წავიდნენ, უკან დაბრუნების დროს კი, გვარიანად დალიეს და გოგო-ბიჭები ისეთი მთვრალები იყვნენ, დაქირავებულ სამარშრუტო ტაქსიში ვინ ვის თავზე, თუ კალთაში არწყევდა, ვეღარავინ არჩევდა. საბოლოოდ, მძღოლმა მოახერხა და ბავშვები სახლებში დაარიგა, ბოლოს კი ერთი გოგონა შერჩა, რომელიც უგონოდ მთვრალი იყო და მისამართი რომელიღაც კლასელმა უთხრა. მამაკაცმა გოგონა სახლის ნაცვლად, ქალაქგარეთ წაიყვანა, გააშიშვლა და ფოტოები გადაუღო. სამწუხაროდ, არა მარტო გოგოს გადაუღო, თავადაც გაშიშვლდა და ვითომ სექსუალური აქტის იმიტაცია შექმნა, შემდეგ გოგონას ტელეფონიდან საკუთარ მობილურზე ზარი გაუშვა, ჩანთიდან პატარა სარკე ამოაცალა და სამი დღის შემდეგ დაურეკა, აქაოდა, მანქანაში სარკე ვიპოვე და მგონი, შენი უნდა იყოს, დაგიბრუნებო. გოგონამ უთხრა, რომ მისვლას მხოლოდ მეორე დღეს შეძლებდა და არც ის გაუპროტესტებია, კაცმა ერთ-ერთი რესტორნის შესასვლელთან რომ დაუთქვა შეხვედრა.

„ახალგაზრდა გოგომ მოგვმართა, რომელმაც გამოთქვა ეჭვი, რომ ექსკურსიიდან შინ დაბრუნების დროს, რაღაც მოხდა. ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და არაფერი ახსოვდა, მაგრამ დილით აღმოაჩინა, რომ საცვალი უკუღმა ეცვა. მას გაუჩნდა ეჭვი, რომ სიმთვრალეში, საცვალი ვიღაცამ გახადა და ამას კლასელები არ იზამდნენ. ის მძღოლზე ეჭვობდა და როცა მან დაურეკა და სარკის დაბრუნება შესთავაზა, ეჭვი განუმტკიცდა, რადგან მას მძღოლისთვის ნომერი არ მიუცია. ის განყოფილებაში მოვიდა და ეჭვი გაგვიზიარა. მოხდა მისი შესაბამისი აპარატურით აღჭურვა და შეხვედრაზე წასული გოგოს სხეულზე დამაგრებული ვიდეოთვალი ყველა დეტალს იწერდა“, - წერია გამომძიებლის პატაკში.

მძღოლმა გამარჯვებული სახით დაუდო წინ სურათები და ღიმილით უთხრა, რესტორნიდან ჩემთან მივდივართო. რა თქმა უნდა, სახლის ნაცვლად, ეჭვმიტანილი პოლიციაში წაიყვანეს, მაგრამ ისევ სამწუხაროა, რომ მას მხოლოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ფოტოებით არ უსარგებლია და სექსუალურ ურთიერთობაზე იძულება ვერ მოასწრო.

და ერთიც - 1982 წელს, დედამ 3 წლის შვილი საავადმყოფოში მას შემდეგ წაიყვანა, რაც ბავშვს გული აერია. მანამდე დედა მაღაზიაში იყო წასული და ბავშვი მეზობელ ქალს დაუტოვა, რომელიც იფიცებდა, ბავშვისთვის არაფერი მიჭმევია, ჩემი შვილი ეთამაშებოდა ოთახშიო და შვილი ჯარიდან დაბრუნებული, 20 წლის მუტრუკი იყო. ბავშვს გული საავადმყოფოშიც აერია და ექიმს სითხე არ მოეწონა, რაღაც უცნაური სჭირს ბავშვსო და სითხეზე ლაბორატორიული შემოწმება ჩაატარებინა. პასუხი მტკიცე და საშინელი იყო - სპერმა! სამართალდამცავებმა 20 წლის ბიჭი დააკავეს, რომელმაც დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც დაუმტკიცეს, რომ სპერმა სწორედ მას ეკუთვნოდა. სასამართლო მალევე ჩაინიშნა (მანამდე, ის ოჯახი მეზობლებმა ლამის ლინჩის წესით გაასამართლეს და კორპუსიდან გააძევეს), თუმცა ბრალდებულს სასამართლომდე მისვლა არ დასცალდა - კამერაში, სადაც ბრალდებული ჩამომხრჩვალი იპოვეს, კიდევ ოთხი პირი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდი და ისინი ერთხმად აცხადებდნენ, დილით ზეწარზე ჩამომხრჩვალი ვნახეთ, წარმოდგენა არ გვაქვს, თავი რატომ მოიკლაო. სამართალდამცავებმა „დაუჯერეს“ და საქმე თვითმკვლელობის ვერსიით დაიხურა.

პატიმარი #057

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე