როგორ აპირებდა ექიმი დაქალის ქმრის წართმევას - უცნაური კრიმინალური ამბავი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ანგარებით ქორწინება უცხო ხილი არც ადრე იყო და არც ახლაა. საქართველოში არც ის უკვირთ, როცა ფულის გამო, მშობლები წყვეტენ, რომ შვილები დააქორწინონ და ქონებას ქონება მიუმატონ, სიყვარული კი... რატომღაც, ადამიანების გარკვეულ კატეგორიას სჯერა, რომ სიყვარული თავისით მოვა, არადა, ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება, თავისით არაფერი მოდის, თუმცა ანგარებით შექმნილი ოჯახები იშვიათად ინგრევა, უფრო ხშირად ხდება, რომ წყვილები ცალკე პოულობენ სიყვარულს, ყველამ ყველაფერი იცის და მაინც მშვიდად ცხოვრობენ, რადგან ეს სიმშვიდე აწყობთ და ორივეს თავისი საკუთარი, ცალკე ცხოვრება აქვთ.

„კი, იცით, ერთადერთი ქალიშვილი მყავს, რომელიც სამი წლის წინ გათხოვდა. არჩევანი თავად გააკეთა, ვიღაც ღარიბ-ღატაკს გაჰყვა, მაგრამ არ შევიმჩინე, მეგონა, წესიერი ბიჭი იყო. ახლა კი, ისე გამოდის, რომ ის ბიჭი ჩემი გოგოს საგიჟეთში გამომწყვდევას ცდილობს. შვილს ვეღარ ვცნობ და ეჭვი მაქვს, შეგნებულად აგიჟებს“, - პოლიციის გადამდგარ პოლკოვნიკს, ბატონ თენგიზს, კარგად ნაცნობმა ქალმა ეს წინადადება უთხრა და მაგიდაზე განცხადებაც დაუდო, რომელიც ძიების დასაწყებად საკმარისი იყო, თუმცა გამოძიებას ფარულად უნდა ემოქმედა, რადგან თუ სიძე დამნაშავე იყო, არ დაეფრთხო.

ბატონმა თენგიზმა, პირველ რიგში, გოგონას მონახულება და ექიმებთან გასაუბრება გადაწყვიტა, მაგრამ სიდედრმა ურჩია, ექიმების ნაცვლად, აჯობებს, ჩემი შვილის დაქალს გაესაუბრო, მანდ მუშაობს, მე მოვაწყვე და ფსიქიატრიულში შვილი, სწორედ მის იმედად მყავს დატოვებულიო. ეს უკეთესიც იყო და გამომძიებელი სწორედ პაციენტის დაქალთან მივიდა.

„გული მეწვის, ჩემს მეგობარს ვეღარ ვცნობ. ამას წინათაც იყო, დედამისს არ ვუთხარი, წამლები გამოვუწერეთ, მაგრამ არ უშველა. ამ ოჯახს კარგად კი არ ვიცნობ, მე მათი გაზრდილი ვარ, მიპატრონეს, თან გადამყვნენ... საქმროს მეც ვუწუნებდი, მაგრამ მშობლებს არ დაუჯერა და მე ვინ ვარ?! ისე, მაინც არ მგონია, ქმარი ყველაფერ ამას შეგნებულად აკეთებდეს, ამას შესაბამისი ცოდნა სჭირდება და შეგნებულად რომ აკეთებდეს, მაშინ ექიმებთანაც არ მიიყვანდა და დაელოდებოდა, როდის გაგიჟდებოდა“, - თქვა გოგონამ და მართალიც იყო - მეუღლე ყველაფერს აკეთებდა, ცოლისთვის რომ ეშველა. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა.

სამართალდამცავებმა ქმრის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მეგობრებმა თქვეს, ავტომობილისთვის აგროვებს ფულს, ოღონდ არ სურს, რომ ცოლის მშობლები დაეხმარონ, თავად უნდა ყიდვაო, რაც მასზე, როგორც დადებით პიროვნებაზე, მეტყველებდა. გადაწყდა, გოგოც დაეკითხათ და გაეგოთ, მართლა სჭირდა რამე, თუ ემოციური ფონი ჰქონდა.

„ღამით, სახლში, მუდმივად რაღაც ხმა მესმის, თითქოს სტვენის ხმაა, ოღონდ ისეთი, გულის გამაწვრილებელი. ეს ხმა ქმარს არ ესმის და ამიტომ მგონია, რომ ვგიჟდები. მეტიც, ერთ დღეს, ჩემთან დაქალიც დავტოვე, სწორედ ის, აქ რომ მპატრონობს და მის გვერდით დავწექი. ღამით ხმა ისევ მესმოდა, მას კი არა და ამიტომ, სამკურნალოდ მოსვლას დავთანხმდი“, - განაცხადა გოგონამ.

გამომძიებლები სხვა ექიმებსაც გაესაუბრნენ და მათაც ერთხმად თქვეს, რომ გოგონას აშკარად ნერვიული თუ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და რაც მთავარია, როგორც კი ის კლინიკაში მიდიოდა და შესაბამის მკურნალობას იწყებდა, ხმები აღარ ესმოდა და თითქოს, ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა, მაგრამ გაწერიდან რამდენიმე დღეში, ისევ იგივე მეორდებოდა.

წყვილმა დასასვენებლად წასვლაც კი გადაწყვიტა, საკუთარი სახლი იქირავა ზღვის პირზე, პირველ დღეს, ყველაფერი ნორმალურად იყო, მეორე დღეს კი კვლავ ის ხმები, რომლებიც მას დაძინების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეიძლება ითქვას, აგიჟებდნენ.

„ამ საქმეს ყველა მხრიდან მოვუარე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მცირე ხელჩასაჭიდიც კი ვერ ვნახე, რომ ქმარი ცოლს შეგნებულად უკეთებდა იმას, რასაც უკეთებდა და რაც მთავარია, ამის საფუძველი თითქოს არ არსებობდა. იგივეს ამტკიცებდა დაქალი და დედის ეჭვები იმას მივაწერე, რომ არ სურდა, ერთადერთი შვილი ასეთ დღეში ენახა, ამიტომ ეძებდა ვინმეს, ვისაც ყველაფერს დააბრალებდა და ეს „ვინმე“, ამ შემთხვევაში, სიძე იყო. ამიტომ, პირდაპირ ვუთხარი, შენი ეჭვები უსაფუძვლოა-მეთქი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ამჯერად, ექიმებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, გოგონა ფსიქიატრიულში ერთი თვე დაეტოვებინათ და დაქალი პირობას დებდა, ერთი თვე, მეც აქ ვიცხოვრებ, სახლში არ წავალო. გამომძიებელმა ექიმებს სთხოვა, როცა გაწერთ, დეტალური კვლევა ჩაუტარეთ და მომწერეთ, როგორ იქნება, განცხადება მიდევს მაგიდაზე და საქმეში უნდა ჩავაკრაო. ეს ისტორია, სავარაუდოდ, ასეც დასრულდებოდა, რომ არა ერთი სამართალდამცავის დაუდევრობა, რომელსაც გაჩერებული მანქანა დაუგორდა და მაღაზიის ვიტრინაში შევარდა. მთელი მილიცია ფეხზე დადგა და ბატონი თენგიზიც შემთხვევის ადგილისკენ გაეშურა, რათა სიტუაციაში გარკვეულიყო და ეს საქმე რაც შეიძლება მალე მიეჩქმალათ. იცოდნენ ხოლმე ასეთი ამბების დროულად „ჩაფარცხვა“. ჰოდა, გამომძიებელი ადგილზე ღამის ორ საათამდე შემორჩა და ის იყო, შინ წასვლა დააპირა, რომ წინ ტაქსმა ჩაუარა, რომლის უკანა სავარძელსაც განათების შუქი წამით მოხვდა, თუმცა ოპერმუშაკის გამოცდილმა მზერამ მგზავრი მაშინვე იცნო - გოგონას დაქალი, ფსიქიატრიულის თანამშრომელი, რომელიც იფიცებოდა, ერთი თვე, საავადმყოფოში ვიცხოვრებო. ბატონი თენგიზი ცოტა ხნით ჩაფიქრდა, ეგებ, მეგობარი დააძინა, სახლში კი ტანსაცმლის გამოსაცვლელად მივიდაო, მაგრამ ვერ მოისვენა, როგორც კი ტაქსმა კორპუსთან შეუხვია, გზა სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა და ეზოში შევიდა. გოგონა ტაქსიდან გადმოვიდა, სადარბაზოში მიიმალა და ის იყო, გამომძიებელი უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ ხის ჩრდილს მამაკაცის სილუეტი გამოეყო და ქალს უკან მიჰყვა. სამართალდამცავმა განმცხადებლის სიძე ამოიცნო. ადგილზე დგომას აზრი არ ჰქონდა, გამომძიებელი ტელეფონის უახლოეს აპარატთან მივიდა, განყოფილებაში დარეკა და 20 წუთში, მორიგე მანქანა ადგილზე მივიდა. ბატონმა თენგიზმა წყვილს მეთვალყურეები დაუტოვა, თავად კი სახლში წავიდა, რათა ცოტა მაინც დაეძინა, რომ მეორე დღეს, ენერგიულად ყოფილიყო.

ოპერმუშაკები განყოფილებაში გამთენიისას დაბრუნდნენ და თქვეს, რომ სადარბაზო ჯერ კაცმა დატოვა, შემდეგ - ქალმა და ერთი შინ წავიდა, მეორე - სამსახურში. მათი ახლა დაკითხვა და დაფრთხობა არ შეიძლებოდა, აშკარა იყო, სიდედრის ეჭვი უსაფუძვლო არ გახლდათ.

„ფსიქიატრიულში წავედი, გოგონას დაქალი ვინახულე, მკურნალობა კარგად მიდის, ყველაფერი რიგზე იქნებაო. ძალიან მშვიდად საუბრობდა და ისეთი უმწიკვლო სახით მიყურებდა, თითქოს წინა ღამე, უახლოესი მეგობრის ქმართან, მე გავატარე. მადლობა გადავუხადე, შევაქე მეგობრის ერთგულებისთვის და ისეთი სახით შემომხედა, ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში აშკარად ეჭვი შეეპარა. რაც მთავარია, სახეზე კმაყოფილება აესახა ანუ დარწმუნდა, რომ მასთან ზედმეტი კითხვები არ მქონდა. ჩემი მიზანიც ეს იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ძალოვნებმა მამაკაცის ბინის ჩხრეკა გადაწყვიტეს, მაგრამ ისე, რომ კაცს არ გაეგო. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სიდედრს ბინის მეორე გასაღები ჰქონდა (მისი ნაყიდი ბინა იყო და...). ამიტომ, როცა კაცი ბინიდან გავიდა, იქ ექსპერტ-კრიმინალისტები შევიდნენ. ბევრი ძებნა არც დასჭირვებიათ, სათავსოში, გაზეთების შეკვრებისა და შპალერის გრაგნილების უკან, მცირე ზომის აპარატი იპოვეს. ერთ-ერთმა ექსპერტმა დაბეჯითებით თქვა, ეს გერმანული აპარატია, გერმანელები სამამულო ომის დროს, პატიმრების გასაგიჟებლად იყენებდნენ, საოცარ ხმებს გამოსცემსო და აპარატი ჩართო. მართლაც, აპარატმა ისეთი ხმები გამოუშვა, ყველამ ყურებზე ხელი აიფარა. სიძისა და გოგონას დაქალის დაკავება მაშინვე გადაწყდა.

თავიდან ორივე მყარად იდგა, გვაბრალებთო, შემდეგ ქალი ალაპარაკდა, რადგან სასჯელის მაქსიმალურად შემსუბუქებას დაპირდნენ.

„მართალია, ამ ოჯახის მადლობელი ვიყავი, მაგრამ ჩემი დაქალის ქმარი შემიყვარდა. გულგრილი არც ის იყო და ჩუმად შეხვედრა დავიწყეთ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ ჩემი დაქალი ცოცხალი იქნებოდა, ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ექნებოდა. გავლენიანი მშობლები, განქორწინების შემთხვევაშიც კი, გასაქანს არც მე მომცემდნენ და არც - სიძეს. ფსიქიატრიულის სარდაფში, შემთხვევით, ეს აპარატი აღმოაჩინეს, გადაგდება უნდოდათ, მაგრამ ვიცოდი, რაც იყო და შინ წამოვიღე, ჩემმა შეყვარებულმა შეაკეთა და გეგმაც მაშინ დაისახა. მას სპეციალურ წამლებს ვაძლევდი, ხმაზე რეაქცია რომ არ ჰქონოდა, გოგონას კი ესმოდა. თანაც, ტალღები ისეთია, ვერ გაიგებ, საიდან მოდის, ამიტომ ძებნას აზრი არ აქვს. საავადმყოფოში მძიმე ფსიქოტროპულებით ვმკურნალობდით და ადრე თუ გვიან, ყველაფერი ეს, ჯანმრთელობას დაუნგრევდა. ამასთან, ოჯახმა ჩემს დაქალს მთელი ძვირფასეულობა აჩუქა, რაც მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ქმრის საკუთრება გახდებოდა“,-აღიარა ქალმა.

მამაკაცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ქალს - პირობით სასჯელი აკმარეს და ეს იმიტომ, რომ მათ ქმედებას, რეალურად, მძიმე შედეგი არ მოჰყოლია.