ბრილიანტებით მოვაჭრეები და სადისტურად მოკლული მოსკოველი მუშები - უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 დღეის მდგომარეობით, ევროპაში საქართველოს პოლიციის ატაშეები არიან და ადგილობრივ სამართალდამცავებს ქართველ კრიმინალებთან ბრძოლაში ეხმარებიან, თუმცა ეს მივლინება კი არა, მათი მუდმივი სამუშაოა. |ატაშეებს არ აქვთ განსაზღვრული ვადა, რომ კონკრეტულ ქვეყანაში იყვნენ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ, ადრე კი ასე არ იყო. საბჭოთა კავშირის დროს, მივლინება ძალიან, ძალიან მიღებული გახლდათ და არა მარტო სამართალდამცავები, არამედ, ყველა სფეროს წარმომადგენლები დადიოდნენ მივლინებაში, სწავლობდნენ, ასწავლიდნენ, პროფესიულ ჩვევებს ხვეწდნენ. გამონაკლისი არც სამართალდამცავი უწყება იყო და სწორედ ამიტომ, კონკრეტული მიმართულების პროფესიონალები ერთმანეთს ხშირად პირადად იცნობდნენ, რაც საქმესაც აიოლებდა და უფრო პროდუქტიულსაც ხდიდა.

 1979 წელს, საქართველოში, სამართალდამცავებმა მოკლე პერიოდში, ოთხი ორგანიზებული ბანდფორმირება გამოააშკარავეს და მათი წევრები უსისხლოდ დააკავეს. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მოსკოვიდან ბრძანებაც მოვიდა, ორი გამომძიებელი, რომლებიც აღნიშნული ბანდების გამოძიების საქმეში იყვნენ ჩართულნი, სასწრაფო წესით, უკრაინაში უნდა წასულიყვნენ, რადგან იქ რვა თვის განმავლობაში დათარეშობდა ბანდა, რომელიც ძარცვავდა, კლავდა, ყაჩაღობდა... რა თქმა უნდა, ქართველები დანიშნულების ადგილზე წავიდნენ და მათ მხოლოდ ერთთვიანი მივლინება გამოუწერეს - ამ ვადაში უნდა ჩატეულიყვნენ ანუ უნდა დაეკავებინათ ბანდა, რომლის ასავალ-დასავალსაც უკრაინელმა არცთუ ურიგო მაძებრებმა, ლამის ერთი წლის განმავლობაში ვერ მიაგნეს. ქართულ დელეგაციას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობდა.

„ადგილზე რომ ჩავედით, იმდენი სამუშაო დაგვხვდა ჩატარებული, ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა. ჩვენ ამდენს ვერ მოვახერხებდით და ალბათ, ვერც შევძლებდით. მოგეხსენებათ, უკრაინა სხვა რესურსი და მასშტაბებია, თუმცა საქმის გაცნობის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბანდის წევრები მუდმივად ერთი ნაბიჯით უსწრებდნენ სამართალდამცავებს, რაც პირდაპირ იმას ნიშნავდა, რომ მათ ჰყავდათ კარგი ინფორმატორი და ეს ინფორმატორი ძალოვან სტრუქტურებში უნდა გვეძებნა, თანაც როგორი საქმეა, ახლადჩასული ხალხი ვართ და ყველას ეჭვის თვალით უნდა ვუყურო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საინტერესო ის იყო, რომ ბანდის წევრები თუ ვინმეს კლავდნენ, აუცილებლად ყელში გასროლით. არავინ იცოდა, ეს რატომ კეთდებოდა, შეიძლება, ვინმეს მოსწონდა ყელში სროლა, შესაძლოა, სხვა რამ იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია - მსხვერპლების ასი პროცენტი, სწორედ ასე იყო გარდაცვლილი. ექიმებმა კი თქვეს, ყელში სროლა გარანტირებულ სიკვდილს უდრისო, მაგრამ რეალურად, უფრო გარანტირებული შუბლში სროლა იქნებოდა.

ჰოდა, ქართული დელეგაციის ჩასვლიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, სამართალდამცავებს შეატყობინეს, სასტუმროში ორი ახალგაზრდა კაცის გვამი ნახეს და ორივეს ყელში აქვს ნასროლიო. ადგილზე ყველა ერთად გავიდა და იქ მისულებს ორი ახალგაზრდა დახვდათ მოკლული. ხელწერა ძებნილი ბანდის იყო და ამიტომ, როგორც მომსახურე პერსონალს, ისე ახლო-მახლო მცხოვრებლებსაც უმკაცრესი დაკითხვა მოუწყვეს. რაც მთავარია, გაარკვიეს გარდაცვლილების ვინაობა და ისინი მოსკოვის ოლქიდან ჩასული ჩვეულებრივი მუშები იყვნენ, რომლებიც უკრაინაში, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ და მეორე დღეს, უკვე საერთო საცხოვრებელში უნდა გადასულიყვნენ. მათ ტანსაცმლით სავსე ორი ჩემოდანი ჰქონდათ, რომელიც ბანდის წევრებმა ხელს გააყოლეს.

„საქმეში ჩავრთეთ რუსი სამართალდამცავებიც, თავიდან ბოლომდე შევამოწმეთ გარდაცვლილები და ვერაფერს მივაგენით. ვერავინ ხსნიდა, რატომ შეიძლებოდა მოეკლათ ორი, არაფრით გამორჩეული ბიჭი, რომლებიც არასდროს ყოფილან შემჩნეულნი კრიმინალში. ის, რომ მათ ბანდას სადმე გადაურბინეს, გამორიცხული იყო. აეროპორტიდან სასტუმრომდე ავტობუსით მივიდნენ, ნომრიდან არ გასულან და ნომერშივე ჩაცხრილეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღით მოხდა, რადგან სროლის ხმა არავის გაუგია. უცხო ხალხი სასტუმროში არავის შეუნიშნავს, მაგრამ ისინი, რომლებსაც სხვა ნომრები ჰქონდათ ნაქირავები, ეჭვს არ იწვევდნენ. ვიღაცამ თქვა, შეიძლება, ბანდამ გაიგო, რომ საქართველოდან გამომძიებლები ჩამოვიდნენ და ეს მკვლელობა, სწორედ მათ დასანახად ჩაიდინეს, აქაოდა, ვერ დაგვიჭერთო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დეტალური გადამოწმების შემდეგ, ძალოვნებმა ყურადღება ერთ რამეს მიაქციეს - იმავე დღეს და იმავე საათზე, იმავე სასტუმროში, კიდევ ორი ბიჭი შესახლდა და ისინიც სწორედ იმ ოლქიდან იყვნენ, საიდანაც გარდაცვლილები. დაკითხვის შემდეგ, ბიჭებმა სასტუმრო სასწრაფოდ დატოვეს. მოსკოველმა სამართალდამცავებმა თქვეს, რომ აღნიშნული პიროვნებები ბრილიანტების კონტრაბანდაში იყვნენ ეჭვმიტანილნი და მათ ადგილობრივი მილიცია აკონტროლებდა, თუმცა ფაქტზე ვერ იჭერდნენ. გამოდიოდა, რომ თავდამსხმელებს აერიათ ანუ არა ბრილიანტის კონტრაბანდისტები, არამედ, რიგითი მუშები დახოცეს და ტანსაცმლიანი ჩემოდნებიც იმიტომ წაიღეს, რომ მშვიდად დაეთვალიერებინათ, რადგან სასტუმროში დრო არ დაეკარგათ.

ბრილიანტების კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ორივე პირი დააკავეს და უკრაინაში ჩაიყვანეს. ძალოვნებს, რადაც უნდა დასჯდომოდათ, უნდა ეთქმევინებინათ, ვინ იცოდა მათი ვოიაჟის შესახებ და სწორედ ასე უნდა გასულიყვნენ ბანდაზე.

დაკავებულებმა სამი პიროვნება ჩამოთვალეს, ორი მოსკოვში, ერთიც უკრაინაში. უკრაინაში მყოფი პირის დასაკავებლად, სამართალდამცავები მაშინვე გავიდნენ და ის... საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ყელში ტყვია ჰქონდა მორტყმული. მოსკოველები აღარც უძებნიათ, ცხადი იყო, ვინ გასცა ბრილიანტის კონტრაბანდისტები და ბანდის წევრებმა ეს ძაფიც ჩაჭრეს.

სწორედ ამ პერიოდში, კიეველმა მილიციელებმა ოთხი პიროვნება დააკავეს, რომელთაც საბადოებიდან მოპარული ოქრო ჰქონდათ. კონტრაბანდა ამოიღეს, თუმცა იქვე დაიბადა იდეა - კონტრაბანდისტები გაუშვეს ერთი პირობით, მათ უნდა ეთქვათ, რომ ძალოვნებმა ოქრო ვერ იპოვეს და თან ისინი ხმამაღლა დაეცინათ, უნდა ექირავებინათ სახლი და აქტიურად დაეწყოთ ოქროს მყიდველთა მოძიება. ამ პირობის სანაცვლოდ, მათ თავისუფლებას ჰპირდებოდნენ. კონტრაბანდისტები დათანხმდნენ, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიერ ნაქირავებ სახლში, ოპერმუშაკები 24 საათის განმაავლობაში იქნებოდნენ, თუმცა ოპერმუშაკების ნაცვლად, იქ სპეცდანიშნულების მთელი რაზმი შეიყვანეს, ორი კვირის სამყოფი საკვები შეუტანეს და მოვლენების განვითარებას დაელოდნენ.

მეცხრე დღეს, ბანდამ სახლში შესვლა სცადა. კონტრაბანდისტები წინასწარ მომზადებულ ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი, სპეცრაზმისთვის ხელი რომ არ შეეშალათ. რა თქმა უნდა, მათ განყოფილებაშიც დარეკეს და აყვანის ოპერაცია დაიწყო.

„დამხმარე ძალა, რომლის შემადგენლობაშიც ჩვენ, ქართველებიც ვიყავით, ადგილზე, დაახლოებით, ათ წუთში მივიდა, იქ კი უკვე ნამდვილი ბრძოლა იყო გაჩაღებული. ბანდის წევრები ავტომატებიდან ისროდნენ, რაც ასე იშვიათი გახლდათ იმ დროისთვის და რაც მთავარია, ისროდნენ უწყვეტად ანუ ტყვია-წამალი ბევრი ჰქონდათ. ორის ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა, მესამე ტყვედ ავიყვანეთ, მეოთხე კი გაიქცა. ჰო, გაარღვია სამმაგი კორდონი და გაიქცა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაჭრილს საავადმყოფოში მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრეს, თუ მთელ სქემას არ გასცემ და გაქცეულის ვინაობას არ იტყვი, არ გიმკურნალებთ და მოკვდებიო. ყველაზე მეტად სამართალდამცავებს ის აინტერესებდათ, ვინ იყო ინფორმატორი, თუმცა დაჭრილმა მხოლოდ გაიღიმა და უარყოფის ნიშნად, თავი გადააქნია. მან ზუსტად იცოდა, დახვრეტის მუხლი არ ასცდებოდა და ამიტომ, სიკვდილის წინ, ვინმეს ჩაშვებას არ აპირებდა, თუმცა ეს საჭირო აღარც იყო, მისი და გარდაცვლილების ვინაობის დადგენის შემდეგ, ძალოვნებს მეოთხე პირის იდენტიფიკაცია არ გასჭირვებიათ და მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს.

„ის მეოთხე მხოლოდ სამი წლის შემდეგ დააკავეს. მას გარანტია მისცეს, რომ ინფორმატორის დასახელების შემთხვევაში, დახვრეტის მუხლს არ მიუსჯიდნენ და მანაც თქვა, სამძებროს უფროსის მძღოლი იყო ჩემი ინფორმატორიო. არადა, მძღოლი ორი წლის გარდაცვლილი იყო, ავარიით დაიღუპა და მისი სიტყვების გადამოწმება ვერ მოხერხდებოდა, თანაც ძალოვნებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მძღოლის დასახელება, სწორედ ინფორმატორის იდეა იყო და ამიტომ, მას დახვრეტის მუხლი მიუსაჯეს. როგორც ამბობდნენ, ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ არ დახვრეტდნენ, მაგრამ განაჩენი სისრულეში მალევე მოიყვანეს. სავარაუდოდ, ამაშიც ხელი ინფორმატორმა შეუწყო, რათა დაკავებულისთვის ნერვებს არ ემტყუნა და მას საუბარი არ დაეწყო“,-დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.