„სპეკულიანტის“ მკვლელობა ტყეში - რატომ იძია ახალგაზრდა მამაკაცმა შური ტექნიკუმის სტუდენტ გოგონაზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც ტყეში არ ყოფილა. რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყის მასივში, მით მეტი სიმშვიდე და სიწყნარეა, თუმცა ამავდროულად, უფრო მეტია შანსი, რომ ტყის სიღრმეში ცხოველს წააწყდე. საშიში ცხოველები საქართველოშიც არიან, შესაძლოა, ვინმემ არ იცის ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ ბოლო დროს, ქართულ ტყეებში ტურა გამრავლდა. გამრავლდა იმდენად, რომ ქართულმა ტურამ საზღვრებიც გადაკვეთა და მეზობელი სახელმწიფოებიც შეაწუხა. ხმაც კი დადიოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტურების დახოცვაზე ჯილდოს აწესებსო, მაგრამ ეს ხმა სამინისტროში პირადად გადავამოწმე და ამიხსნეს, რომ ტურის მოკვლა ისევე, როგორც სხვა გარეული ცხოველის, დასჯადია და საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება ანუ ტურების ხოცვა-ჟლეტვა ისჯება და თუ ვინმეს ეუბნებიან, რომ ამ ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ფულად ჯილდოს მისცემენ, ტყუილია.

 

სოკოზე წასული პენსიონერი ტყეში ისე ღრმად შევიდა, მიხვდა, ცხოველთან გადაყრის დიდი შანსი ჰქონდა და ამიტომ, უკან გამობრუნება დააპირა, მაგრამ მოულოდნელად, გასროლის ხმა გაიგო. გასროლა ახლოდან გაისმა და მოხუცი სროლის ხმას გაჰყვა, აინტერესებდა, მონადირეები იყვნენ ტყეში, ბრაკონიერები, თუ უბრალოდ, ვინმე ერთობოდა და მიზანში ესროდა. დაახლოებით, ასი მეტრის გავლის შემდეგ, მოხუცმა მიწაზე მწოლიარე გოგონა დაინახა, რომელსაც მკერდთან ნატყვიარი ეტყობოდა. კაცმა იქაურობა მანამ არ დატოვა, სანამ არ დარწმუნდა, რომ გოგონა მკვდარი იყო, შემდეგ კი უახლოეს ტელეფონთან მივიდა და განყოფილებაში დარეკა. სამართალდამცავები ადგილზე კი მალე მივიდნენ, მაგრამ რად გინდა, მოხუცს გზის გაგნება უჭირდა და სანამ მილიციის თანამშრომლებს გვამთან მიიყვანდა, ტყეში სამ საათზე მეტხანს ატარა.

გვამის გარშემო ტურები ირეოდნენ და სხეული დაზიანებულიც იყო, მაგრამ იმდენად არა, ამოცნობა შეუძლებელი ყოფილიყო. ექსპერტის ვარაუდით, ტურებმა სისხლის სუნი იგრძნეს, თორემ ასე მარტივად, ახლადგარდაცვლილ ადამიანს არ მიეკარებოდნენ.

„გოგონას სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები ეტყობა - სავარაუდოდ, ხელით და ფეხითაც კი სცემეს, ხოლო სიკვდილის მიზეზი გულის არეში ნასროლი ტყვია გახდა. სროლა, მაქსიმუმ, ორი მეტრიდან განხორციელდა, გოგონა ან მიწაზე იწვა და ისე ესროლეს, ან ფეხზე იდგა და შემდეგ დაეცა. ტყვიის გულამ სხეული გაიარა. გოგონას კუჭში აღმოჩენილია ოქროს ბეჭედი, რომელსაც შიგნიდან „ლია“ აწერია“, - ეწერა ექსპერტის დასკვნაში.

გარდაცვლილი ადგილობრივი ტექნიკუმის სტუდენტი გახლდათ და როგორც მეგობრები ამბობდნენ, შემოსავალს არ უჩიოდა. შემოსავალი კი უცხოური ნივთების გაყიდვით ჰქონდა, რომელსაც რაღაც მანქანებით შოულობდა და თუ ბიჭებისთვის უცხოური სიგარეტი, ძირითადად, „ქემელი“ მოჰქონდა, გოგონებისთვის ევროპულ თეთრეულს „ჩითავდა“. არცთუ იშვიათად, ამერიკული ჯინსებიც ჰქონდა და ამიტომ, ყველასთვის სასურველი მეგობარი იყო, თუმცა სიტყვა „მეგობარი“ პირობითი გახლდათ - ვაჭრობის დროს, გოგონამ არ იცოდა დანდობა და მუშტარს ბოლომდე ფცქვნიდა. მართალია, მისი საქონელი ბევრს ეძვირებოდა, მაგრამ სხვაგან ყიდვა თითქმის შეუძლებელი იყო და სტუდენტებიც ბოლო კაპიკებს იხდიდნენ.

გამომძიებლებსაც, ლამის, მთელი ტექნიკუმის დაკითხვა მოუხდათ, რადგან, პრაქტიკულად ყველა, გარდაცვლილის მუშტარი გახლდათ და რაც მთავარია, არ არსებობდა ბიჭი, რომელსაც მისგან სიგარეტი ერთხელ მაინც არ ჰქონოდა შეძენილი. ბიჭებზე კი აქცენტი იმიტომ კეთდებოდა, რომ მოხუცმა, რომელმაც გვამი აღმოაჩინა, გაიხსენა, როდესაც სროლის ადგილისკენ მივდიოდი, მომეჩვენა, ვიღაცის სილუეტმა ჩამიქროლა და თუ არ ვცდები, ბიჭი იყოო.

მომხდარიდან მესამე დღეს, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ისევ დაბრუნდნენ და მეტალოდეტექტორი მიიტანეს. მათი ვერსიით, დიდი იყო შანსი, რომ გოგონას ტყვია უკვე წაქცეულს ესროლეს და ასეთ შემთხვევაში, ტყვია მიწაში უნდა ყოფილიყო ჩარჩენილი. მასრა ადგილზე ვერ ნახეს და ორი ვარიანტი იყო - ან მკვლელმა წაიღო, ან გოგონას პისტოლეტიდან კი არა, რევოლვერიდან ესროლეს. გამომძიებლებისდა სასიხარულოდ, დეტექტორმა მალე დაიწრიპინა და ოპერმუშაკებმა მიწის თხრა დაიწყეს. ტყვიის გულა დიდ მანძილზე არ იყო ჩასული და იპოვეს - ის „მაკაროვის“ სისტემის იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასრა მკვლელმა წაიღო, ხოლო ტყვია... იმ „მაკაროვიდან“ იყო ნასროლი, რომელიც დაახლოებით, სამი წლის წინ, ერთ-ერთი უბნის ინსპექტორმა დაკარგა. მაშინ მას თავს დაესხნენ, თავში რაღაც ჩაარტყეს და ტაბელური იარაღი წაართვეს. ამ დრომდე, აღნიშნული იარაღი არცერთ საქმეში ფიგურირებდა და სამართალდამცავებმა იცოდნენ, თუ გახსნიდნენ მკვლელობას, იპოვიდნენ მათაც, რომლებმაც მათი კოლეგა გაძარცვეს.

ერთი შეხედვით, საქმე გაიოლდა, რადგან მეორე განყოფილებაში, მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, შეტყობინება შევიდა - ორმა ახალგაზრდამ ქუჩაში გოგონა დააყაჩაღა და იარაღის მუქარით, ოქროს გულსაკიდი და ბეჭედი წაართვა. ბეჭედი გოგოს სპეციალურად მისთვის, შეკვეთით ჰქონდა დამზადებული და შიგნიდან „ლია“ ეწერა. გარდაცვლილის კუჭიდან ამოღებული ბეჭედი დაზარალებულს ანახეს და მანაც სიხარულით ტაში შემოჰკრა, ჩემი ბეჭედია, როგორ მიხარიაო, თუმცა აუხსნეს, რომ ბეჭედი ჯერ კიდევ ნივთმტკიცება იყო და საქმის დასრულებამდე ვერ დაუბრუნებდნენ. სამაგიეროდ, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაძარცვეს და ისიც თქვა, ერთ-ერთ თავდამსხმელს, ხელის თითებზე სვირინგი ჰქონდა, ასოები ეწერა და მართალია, ოთხივე ასო ვერ გავარჩიე, თუმცა „ე“ და „ა“ ნათლად დავინახეო. ძალოვნებმა ივარაუდეს, რომ თავდამსხმელს თითებზე „დედა“ ჰქონდა ამოტვიფრული და ეს აღმოჩენა არ მოეწონათ, რადგან ანალოგიური წარწერა, ლამის ყოველ მეორე კრიმინალს ჰქონდა. გამომძიებლები ისევ ტექნიკუმს მიადგნენ და როგორც იქნა, ერთ-ერთ სტუდენტს ათქმევინეს, რომ გარდაცვლილზე კბილებს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ილესავდა, ცუდი ჯინსი შემომტენა, ამერიკული მარკა ჰქონდა გადარტყმული რაღაც რუმინულ ნაგავზე და 180 მანეთი ამახიაო. რა თქმა უნდა, ძალოვნებმა ბიჭი ადვილად იპოვეს.

„კი, გაბრაზებული ვიყავი, რადგან მომატყუა, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, ჯინსიც დამიტოვა და 180 მანეთიც დამიბრუნა, აგერ, კარადაში მიდევს, ხელი არ მიხლიაო“, - თქვა ბიჭმა და სამართალდამცავებს ფულიც ანახა და ჯინსიც. ოპერებმა ერთმანეთს გადახედეს და მიხვდნენ, რომ ბიჭს გოგონას მოკვლის მოტივი არ ჰქონდა და სახლი ჩუმად დატოვეს.

საქმე წინ ერთი ნაბიჯითაც არ მიდიოდა. ვერავინ ამბობდა, ბოლოს სად წავიდა გოგონა, ვის შეხვდა, როგორ აღმოჩნდა ტყეში, ვის შეიძლებოდა მოეკლა და რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველამ იცოდა, რომ ფულს შინ არ ინახავდა, თითქმის ყოველ მეორე დღეს, ბანკში მიდიოდა და თანხა ანგარიშზე შეჰქონდა. ეს კი დაყაჩაღებისა და ფულის გამოძალვის ვერსიას გამორიცხავდა.

გამომძიებლებს ვერსიები გამოელიათ და სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა სტუდენტმა მილიციის თანამშრომლებს ანონიმურად უთხრა, იმ ბიჭს, რომელსაც უხარისხო ჯინსი მიჰყიდა, შარშან იარაღი ჰქონდა სასწავლებელში მოტანილიო.

გამომძიებლებმა პროკურორისგან მისი ბინის ჩხრეკის ორდერი მიიღეს და... იარაღი ვერ იპოვეს, თუმცა იპოვეს ოქროს გულსაკიდი და ეს სამკაული იმ გოგონამ ამოიცნო, რომელსაც ბეჭედთან ერთად, გულსაკიდიც წაართვეს. თითქოს ყველაფერი გაიოლდა, სამართალდამცავებმა მის გარემოცვაში ისეთი პიროვნების ძებნა დაიწყეს, რომელსაც თითებზე „დედა“ ეწერებოდა, მაგრამ ასეთს ვერავის მიაგნეს. სამაგიეროდ, ერთი საეჭვო მეგობარი აღმოაჩინეს და შინ მიადგნენ. კარი ახალგაზრდამ გააღო, ძალოვნები ძალიან მშვიდად შეიპატიჟა და როცა მის ხელს დახედეს, სახე გაუნათდათ - თითებზე „დედა“ არა, მაგრამ „გელა“ ეწერა. აკი, გოგონა ამბობდა, „ე“ და „ა“ გავარჩიეო. რა თქმა უნდა, ისიც მაშინვე დააკავეს და მისი ბინის ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ავტოფარეხში, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი იპოვეს.

„როცა გოგონას ბეჭედი და ყელსაბამი წავართვით, მივხვდი, ვერ გავყიდდით, რადგან სპეციფიური იყო, ამოტვიფრული სახელით. გადადნობა გვინდოდა, მაგრამ მაგასაც სპეციალური აპარატურა სჭირდება. ვიფიქრეთ, დავაგროვებდით ოქროს და მერე ერთად გადავადნობდით. ჯინსის თემა ცუდად გამოეჩხირა, ის გოგო შინ დავიბარე და გავლახე, მაშინვე ამოილუღლუღა, ფულს დაგიბრუნებო და ჯინსიც, უბრალოდ, აღარ მივეცი. არ ვიცი, როდის და როგორ, მაგრამ ბეჭედი მომპარა. ეს მეორე დღეს აღმოვაჩნე და იმან კიდევ ულტიმატუმი წამიყენა, ბეჭედი თუ გინდა, ჩემი ფული უკან მომეცი, ზედ ერთი იმდენი დაამატეო. იმას ხომ არ ვეტყოდი, ნაყაჩაღარია-მეთქი, ასე ვუთხარი, საგვარეულო ბეჭედია და მნიშვნელოვანია-თქო. შეხვედრაზე მივედი, მშვიდად მინდოდა ბეჭდის გამორთმევა, ფულიც მივუტანე, მაგრამ როცა ჯიბიდან თანხა ამოვიღე და მივეცი, იქვე მითხრა, კიდევ უნდა დამიმატოო, თან ბეჭედი დამანახა. მეგობრის მანქანაში ჩავსვი, სახლში მივიდეთ, ფულს ავიღებ-თქო და ტყეში წავიყვანე. იარაღი თან მქონდა, მაგრამ მოკვლა არ მინდოდა, გამივარდა. რაც შეეხება ბეჭედს, ვერ ვიპოვე, არ ვიცი, სად დამალა, მანქანაც გადავატრიალეთ და ისიც გავჩხრიკეთ, სანამ ტყვია გავარდებოდა. ამბობდა, ბეჭედს დაგიბრუნებ, ოღონდ დღეს ვერაო, ძალიან ეშინოდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

ისიც გაირკვა, რომ სამი წლის წინ, უბნის რწმუნებულს იარაღი, სწორედ მათ წაართვეს, ნასავამებმა მოიფიქრეს, ასე მოქცეულიყვნენ, გამოფხიზლებულებს კი იარაღი ძალიან მოეწონათ და დაიტოვეს.

სასამართლომ ორივეს 12-12 წელი მიუსაჯა, თუმცა მკვლელს ციხიდან გამოსვლა არ ეწერა - ათწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მეორემ კი... ციხე 8 წელიწადში, ვადაზე ადრე დატოვა.