126 ახალი სტატია

სად მიდის დისტანციური სწავლებით დაზოგილი სკოლების კომუნალური ხარჯები

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2020 წელი მიიწურა და პანდემიიდან გამომდინარე, თითქმის ყველა სოციალურ პრობლემებსა და პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს. ამასობაში კი ყურადღების მიღმა რჩება განათლება -  ჩვენი შვილების სწავლა, რაც წლების შემდეგ შესაძლოა, იმაზე დიდ პრობლემად იქცეს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია. განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს, რომელშაც ეს პოსტი არჩევებამდეც ეკავა, საკანონმდებლო ორგანოში გუშინ, 22 დეკემბერს, კიდევ ერთხელ მოუსმინეს. ამავე სხდომაზე ითქვა, რომ სწავლების „ჰიბრიდული“ მეთოდის საქართველოში დანერგვაზე ფიქრობენ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის მესვეურები ონლაინსწავლების მიღწევებზე საუბრობენ, მაგრამ მეორეა რეალობა - სადაც მოსწავლეებს სოფლებსა თუ ქალაქებში ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და არც ძვირადღირებულ კომპიუტერებსა თუ სმარტფონებზე მიუწვდებათ ხელი, რათა ონლაინსწავლებაში ჩაერთონ. მოკლედ, რამდენად გაამართლა პანდემიიდან გამომდინარე დანერგილმა დისტანმციურმა სწავლებამ და რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი შვილების განათლების მიღების პროცესი? - „ვერსია“ განათლების ექსპერტსა და პედაგოგ დავით ფერაძეს ესაუბრა:  

- ბატონო დავით, საქართველოში ონლაინსწავლება მუშაობს? პირადად მე, მოსწავლის მშობელი ვარ და ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია...

- ზოგადად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი არ არის და ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები რომ არ გვქონოდა, წარმოდგენაც არ მინდა, რა მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ მეორე მხარეა, თუ რამდენადაა ახალი ტექნოლოგიები ფუფუნების მდგომარეობა რომელიმე ქვეყანაში, ვთქვათ, საქართველოში. აშშ-სა და ევროპაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქართველოში მოსწავლეთა, ალბათ, 40%-თვის ეს ფუფუნებაა, ე.ი. არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე. ნებისმიერი ხარისხის მოწყობილობა ვერ „ქაჩავს“ ამ სისტემას, 50-ლარიანი ტელეფონით ვერ ჩაერთვება ბავშვი ონლაინსწავლებაში. მეორეს მხრივ, შესაძლოა, ვინმეს მისცეს, აჩუქეს, მაგრამ ინტერნეტს ხომ გადახდა უნდა? განსაკუთრებით, სოფლებში, სადაც „wi-fi“ არ არის, იქ საკუთარ ანგარიშზე უნდა დარიცხოს თანხა და ვიკითხოთ - აქვს კი ამის საშუალება სოფლებში და თუნდაც თბილისში ბევრს?! - ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, თორემ ისედაც არ ყვაოდა მანამდე ჩვენი განათლება და ახლა - მით უმეტეს...

- ხელისუფლების განაცხადებით, სწავლების ე.წ. ჰიბრიდული მეთოდის მუდმივად დანერგვაზე ფიქრობენ...

- ჰიბრიდული მეთოდი რომ დაინერგოს, კი ბატონო, მაგრამ მაშინ უნდა ჰკითხონ არამხოლოდ მოსწავლეს და მშობელს, არამედ, მასწავლებელსაც. ჩვენ თვალები „დაგვეთხარა“ ამ სიტუაციაში, გამოვიდა ტექნიკა მწყობრიდან. შენ - სახელმწიფო, მე რომ მეუბნები, ჰიბრიდულ მეთოდს დავნერგავო, წარმოიდგინეთ, მარტის შემდეგ მასწავლებლები იყენებენ საკუთარ ტექნიკურ შესაძლებლობებს და რაიმე ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს მიმართ, რომ თავიანთი კომპიუტერული ტექნოლოგიების ან ტელეფონის ექსპლუატაცია მოახდინონ? საკუთარ ფინანსებს ინტერნეტში რომ იხდიან, დილიდან საღამომდე რომ ჩართულნი ვართ, რამე ვალდებულება გვაკისრია სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ისედაც ვუხდი გადასახადებს, რომ კიდევ ჩემი ფინანსური რესურსი გამოვიყენო? - ეს საკითხიც ხომ უნდა დადგეს... თორემ, კი ბატონო, შეიძლება, ისტორია ჩაატროს ვიღაცამ ონლაინრეჟიმში, მაგრამ მათემატიკას, ფიზიკას ასე ვერ ჩაატარებ. აქვე, მინისტრმა ისიც თქვა, არაფერი შეედრება კლასში და აუდიტორიაში სწავლებასო. თუ სხვა გამოსავალი არაა, შეიძლება, თუ მოსწავლე ან მასწავლებელია ავად, მაგრამ ეს ტექნიკურად გამართული უნდა იყოს.

- გასაგებია, რომ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩია მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ვერ ეგუებიან ინტერნეტსწავლებას და სტრესშიც კი ვარდებიან, თუ მასწავლებელი ვერ ხედავს მათ აწეულ ხელს ან არ ესმის მათი ხმა, როცა ინტერნეტი „ჭედავს“...

- დიახ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა. რომ ითრგუნებიან, ეს ერთი საკითხია და მეორეა, რომ ბავშვები ხრიკებს იგონებენ, რაც მასწავლებლის ნერვებსაც ურტყამს. პირველი და მეოთხე კლასელი შვილები მყავს და პირველ კლასში ეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ვიღაც შეიძლება, მეტად აქტიურია, ვიღაც კი - არა და აქ მასწავლებელსაც ვერ დავადანაშაულებთ იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ახლა სწავლობენ ამ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, როგორ უნდა წარმართონ სწავლება ონლაინრეჟიმში. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა...

ძალიან დიდი ხარჯები დაიზოგა სკოლებში და სამინისტროს მოვუწოდე, როგორ შეიძლება, ეს გადართულიყო ტექნიკური პრობლემის მოგვარებაზე...

- ხარჯების დაზოგვაში რას გულისხმობთ?

- თითქმის ყველა სახის კომუნალური ხარჯი დაეზოგათ სკოლებს. ამას ზამთარში დაემატა გათბობის ხარჯი. საშუალო კონტიგენტის, ვთქვათ, 500-600 ბავშვიანი სკოლის მაგალითზე გეტყვით - ასეთ სკოლებს ყოველთვიურად, საშუალოდ, 3000-4000 ლარის ფარგლებში აქვთ დანაზოგი და ეს არ არის პატარა თანხა. ეს დანაზოგი, ღმერთმა უწყის, სად მიდის, არადა, შეიძლებოდა მოხმარებოდა მათ, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ ან მასწავლებლებს, რომელთაც კომპიუტერი არ აქვთ. ზოგი მასწავლებელი შეიძლება, მშობელია და ჰყავს 3 შვილი, როგორ გაანაწილოს, რა ქნას? ე.წ. მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნდა გაეწიათ  ტექნიკური დახმარება.

მანდატურთა სამსახურს რაც შეეხება, მეტყვის ვინმე, რა არის დღეს მანდატურის სამსახურის ფუნქცია? - არაფერი, მაგრამ შეუნარჩუნდათ ხელფასი. ადამიანური თვალსაზირისით, მესმის, მაგრამ ბავშვი, რომელიც განათლების მიღმა რჩება, ის უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ მანდატურის სამსახურში თბილ კაბინეტებში სხედან? რას მიკეთებენ, რა ფუნქცია აკისრიათ მათ დღეს?!

- ისე, ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, იმ ბავშვებს, რომელთაც ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა არ აქვთ, დანაკლისს „ტელესკოლა“ უვსებთო. ეს ტელეპროექტი საკმარისია?

-  სასაცილოა ტელესკოლაზე გამოთქმული „დაბოლებები“, რომ თითქოს, პირველად ხდება ასეთი რამ. მამაჩემის ბავშვობაშიც კი ტარდებოდა მათემატიკის და უცხო ენის გაკვეთილები გაქანებულ კომუნისტურ პერიოდში, მაგრამ ვინ უსმენდა ს? გარდა ამისა, ეს ხომ  პასიური სწავლების მეთოდია, როდესაც ტარდება ტელევიზიით გაკვეთილი და მოსწავლე კითხვას ვერ სვამს? სინამდვილეში, „ტელესკოლა“ კონკრეტული პირების, მურღულიების და მაღლაფერიძეების კონკრეტული ჯიბიდან გამომდინარე ინტერესია. მასწავლებელს არაფერს ვერჩი იმიტომ, რომ მათ მინიმალურ თანხას უნაზღაურებენ. 800 000 ლარით ფინანსდება „ტელესკოლა“, ამით და იმ კომუნალურებისგან დაზოგილი თანხით რომ უზრუნველეყოთ სოფლებში დარჩენილი მოსწავლეები, არ ჯობდა? ვიდრე მაღლაფერიძეების და მურღულიების „მარადმწვანე“ გრანტების პირადი ინტერესები განხორცილებეულიყო? თავიდან როცა დაიწყო „ტელესკოლა“, მეტ-ნაკლებად უყურებდნენ, მაგრამ დღეს ამას ვინ უყურებს? - არავინ. ამიტომ  აქაც სრულიად არამიზნობრივად გამიჯნული ბიუროკრატიული ხარჯია ცალკეული ჯიბეებისკენ მიმართული.

- გასაგებია... რა რეკომენდაციით მიმართავთ სამინისტროს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?

- რა პრობლმეებზეც ვისაუბრე, მათ მოსაგვარებელი რეკომენდაციით მივმართავ. მთავარი დღეს, 21-ე საუკუნეში, ფინანსური პრობლემაა. ეს ფინანსები კომუნალური ხარჯების, გათბობის, ელექტროენერგიის და ა.შ. პლუს გაუმართლებელი ტელეპროექტის ხარჯები გამოათავისუფლონ და მოწყვლად ჯგუფებს მიახმარონ, რომ  მომავალში არ დაგვჭირდეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ტექნიკურად მოაწესრიგონ ეს საკითხი.

შემდეგი ჩემი რეკომენდაცია ის იქნება , რომ დაწყებით კლასებში განახლდეს სწავლება სკოლაში. ჩემს პირველკლასელს შვილს რომ ეკითხებიან, სკოლა ხომ არ მოგენატრა, პასუხობს, როგორ უნდა მომენატროს, არ ვიცი, როგორიაო. ამიტომ პირველ-მეორე კლასელებს მაინც მისცენ კომუნიკაციის საშუალება, რადგან ადამიანურ ურთიერთობებს ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ესაუბრა თათია გოჩაძე