ქართული პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ბაბაკოვს „რუსულ პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტების დამყარებას“ სთხოვდა, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც არ ახლავს თარიღი და რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოება InformNapalm-მა გამოაქვეყნა.
ორგანიზაციამ მასალები ჰაკერული ჯგუფის „კიბერ წინააღმდეგობისგან“ მიიღო. ჯგუფმა ბაბაკოვის ელექტრონული ფოსტა „გატეხა". მოპოვებულ მრავალ დოკუმენტს შორის არის Alt-Info-ს „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი ქარდავას წერილი.
გარდა რუსულ პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტების დალაგებისა, ქარდავა ითხოვს „საერთო ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ“ დახმარებას, ასევე ახალგაზრდობასთან მუშაობის გამოცდილების გაზიარებას, საგანმანათლებლო პროექტების განვითარებას, მათ შორის რუსული ენის შესწავლასა და სხვა საკითხებში დახმარებას.
ქარდავას წერილის თანახმად, ბაბაკოვისადმი მიმართვა საქართველოში მცხოვრებმა „რუსმა თანამემამულეებმა“ ურჩიეს. ქარდავა ბაბაკოვს თავისი პარტიის შესახებაც უყვება და განუმარტავს, რომ ის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფება და „მართავს ანტიდასავლურ და ნატოს საწინააღმდეგო აქციებს“.
"კონსერვატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ბაბაკოვს უხსნის, რომ მათი ინტერესი ახალგაზრდებთან მუშაობაა, რომლებიც დასავლურ ყაიდაზე იზრდებიან, რის შედეგადაც „უკიდურესად შეზღუდულ და გამრუდებულ ცოდნას“ იძენენ რუსეთზე. ამასთან ქარდავა გამოხატავს წუხილს, რომ რუსული ენა არ დომინირებს და ქართველი ახალგაზრდობა ინგლისურს ეუფლება, რაც მისი მოსაზრებით, კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში.
აქედან გამომდინარე, ქარდავა, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი საგანმანათლებლო პროექტების დაწყება, რაც ახალგაზრდობას რუსეთის მიმართ ინტერესს გაუღვივებს.
კიდევ ერთი წერილი, რომელსაც InformNapalm-ი ავრცელებს, ბაბაკოვისადმი მიწერილი აქვს "ევრაზიული ინტეგრაციის სამეცნიერო ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს. ის ბაბაკოვს სთხოვს 2022 წლის 12 ოქტომბერს მოსკოვში დაგეგმილ კონფერენცია-სემინარს დაესწროს რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები გიორგი ქარდავა, ზურაბ მარტინენკო, ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.
სემინარზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს - წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ. განიხილეს სამხრეთ კავკასიის საკითხი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფარგლებში და რუსეთის როლი „როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების კონსერვატიული იდენტობის დაცვის გარანტისა“.
InformNapalm-ის თანახმად, რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი საზღვარგარეთ პრორუსული მოძრაობების მეშვეობით დივერსიულ საქმიანობაშია ჩართული.
"ბაბაკოვი თანამშრომლობს მემარჯვენე ქართულ პრორუსულ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს პრორუსულ და ანტიამერიკულ-ანტიევროპულ ნარატივებს საქართველოში. რუსეთი ატარებს კონკურსებს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც „დიდ სამამულო ომს“ ეძღვნება და საფუძვლად უდევს საქართველოს შეყვანა ერთიან ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში “, - ნათქვამია სტატიაში.
ვრცელ სტატიაში, რომელშიც ბაბაკოვის ელექტრონული ფოსტიდან ჰაკერული გზით მოპოვებული დოკუმენტებია გაანალიზებული აღნიშნულია, რომ მის ფოსტაში იყო ბევრი ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ ბაბაკოვი ხელს უწყობს რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ბულგარეთში, საბერძნეთში, მექსიკაში, სირიაში, თურქმენეთში, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით ამბობს რომ არ იცის გამოქვეყნებული წერილი „ნამდვილია თუ არანამდვილი“ მაგრამ ამბობს, რომ ალექსანდ ბაბკოვის პარტია "Справедливая Россия "-სთან კავშირები ნამდვილად აქვთ.
„თუ იმას მეკითხებით, რომ [„Справедливая Россия-სთან] ერთობლივ ღონისძიებებს ვატარებთ თუ არა - ვატარებთ და ჩავატარეთ... არ ვიცი, რამდენად ნამდვილია თუ არა ეს წერილი, მაგრამ კონტაქტი გვაქვს ამ პარტიასთან, არ უარვყოფ... [მხარდაჭერა ყოფილა], ჩატარდა კონკურსი და ამის შესახებ "ალტ-ინფოზეც" გავიდა [ინფორმაცია]. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდა და რამდენიმე ათასმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მანდ იყო პრიზები და გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე. ახლაც გვაქვს კონტაქტი, თავისთავად ცხადია“, - ეუბნება კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას.
"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც. ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები. კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.
წელს 8 ივლისს "ალტ-ინფოს" მიერ წაქეზებული ჰომოფობიური ჯგუფები შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" კვირეულის დახურვის ღონისძიების ადგილი, მიუხედავად სამართალდამცველების დაპირებისა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, ღონისძიება დაწყებამდე ჩაიშალა.
წყარო: Radiotavisupleba.ge
„გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე“ - რას სთხოვდა „კონსერვატიული მოძრაობა“ დუმის თავმჯდომარის მოადგილეს?
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი