ნავალნის გუნდმა პუტინის ახალი იახტის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების მონაცემები უკიდურესად ძვირადღირებული იახტის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არის დაკავშირებული. გემი სახელად Graceful სიგრძეში 82 მეტრია. მისი სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.

იახტაზე მოიპოვება ზღვისა და მტკნარი წყლის აუზები, ვერტმფრენის მოედანი, სპორტული დარბაზი, კინოთეატრი და სასადილო დარბაზი ბუხრით. იახტა აღჭურვილია უაღრესად ძვირადღირებული ავეჯით, ინტერიერი მორთულია მარმარილოთი და მოოქრულია. Graceful-ს ასევე აქვს სამთავრობო კომუნიკაციები, მის ეკიპაჟს დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები შეადგენენ.

იახტა Graceful-ის კორპუსი, აქტივისტების თქმით, აშენდა სევეროდვინსკის ვერფ „სევმაშში“. შემდეგ ტექნიკური აღჭურვა და მოპირკეთება განხორციელდა ჰამბურგში, Blohm + Voss-ის გემთმშენებელ ქარხანაში. იახტა წყალში ჩაუშვეს 2014 წელს.

იახტის ოფიციალური მფლობელი თავდაპირველად იყო ოფშორული კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარია პუტინის დიდი ხნის მეგობარი პიოტრ კოლბინი. კოლბინისა და პუტინის კიდევ ერთი ახლო მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს სახელზე ასევე არის ვენახები გელენჯიკთან ახლოს მდებარე „პუტინის სასახლესთან“. 2020 წლის დეკემბერში გემი სავარაუდოდ მიჰყიდეს სხვა მფლობელს, რუსულ სააქციო საზოგადოება „არგუმენტს“, რომლის მფლობელები გასაიდუმლოებულნი არიან.

გამომძიებლები იუწყებიან, რომ 2022 წელს იახტა Graceful-ი დაგეგმილ რემონტს გადიოდა ჰამბურგის გემთმშენებელ ქარხანაში, მაგრამ 19 იანვარს გემთმშენებლებმა მიიღეს მოთხოვნა, სასწრაფოდ გაეგზავნათ გემი რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მიხედვით, რემონტი კიდევ ერთი წელი უნდა გაგრძელებულიყო.

ისინი ვარაუდობენ, რომ ამგვარად შეეცადნენ იახტა სამშვიდობოს გაეყვანათ და გადაერჩინათ დაპატიმრებას, რაც მას შეიძლებოდა დამუქრებოდა 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთის ჯარებმა უკრაინაში ფართო მასშტაბის შეჭრა დაიწყეს.

გამომძიებლები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Graceful-ი აშშ-ის ხაზინის სანქციების სიაში სწორედ პუტინთან იყო ასოცირებული. ამის მიუხედავად, ქვეყნები, როგორიცაა ესტონეთი, იტალია, თურქეთი, აგრძელებენ იახტისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას შუამავალი ფირმების მეშვეობით.

კიდევ ერთი იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინთან ასოცირდება, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იახტა Sheherazade, რომელიც 140 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 700 მილიონი დოლარი ღირს. იგი 2022 წლის მაისში დააკავეს იტალიაში პუტინის მიმართ დაწესებული სანქციების გამო და აშშ-ში გაგზავნეს სადგომზე. მისი ოფიციალური მფლობელი „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ედუარდ ხუდაინატოვია, მაგრამ გამომძიებლები თვლიან, რომ Sheherazade-ს ნამდვილი მომხმარებელი რუსეთის პრეზიდენტი იყო.

საშემოსავლო დეკლარაციაში, რომლის გამოქვეყნება ოფიციალურ პირებს ყოველწლიურად ევალებათ, პუტინი ასახელებს ხელფასს - თვეში 850 000 რუბლს - და თავის საკუთრებად აცხადებს ორ ავტომობილ „ვოლგას“, ერთ „ნივას“ და მისაბმელ „სკიფს“.