რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის არჩევნები და როგორ მუშაობს ეს სისტემა?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წლის ივნისში, ევროპის 27 ქვეყანაში იმართება არჩევნები, რომელსაც ფართომასშტაბიანი გავლენა ექნება როგორც ევროკავშირზე, ისე - მის ფარგლებს გარეთ. დაახლოებით, 400 მილიონ ამომრჩეველს აქვს ხმის მიცემის უფლება ჩრდილოეთით -  ფინეთიდან სამხრეთით - კვიპროსამდე, დასავლეთით - ირლანდიიდან და აღმოსავლეთით - ბულგარეთამდე. როგორც ამბობენ, სასწორზე დევს ევროპარლამენტის მომდევნო შემადგენლობა, რომელიც არის პირდაპირი დამაკავშირებელი ხიდი ევროპელებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის. მომავალი არჩევნების მნიშვნელობასა და სავარაუდო შემადგენლობაზე ინფორმაცია BBC-მ მოიძია. 

 

რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი?

 

სწორედ ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს ეხება კლიმატის ცვლილებასა და მიგრაციას, ინტეგრაციის მასშტაბების გაფართოებასა და მზარდ ნაციონალიზმს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა მთელ ევროპაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და სავარაუდოდ, ეს მომავალ ევროპარლამენტშიც აისახება. პარლამენტი, რომელიც ბრიუსელსა და სტრასბურგში მდებარეობს, იღებს კანონებს, რომლებიც ზემოქმედებს ევროკავშირის მოქალაქეების ცხოვრებაზე და ამტკიცებს წლიურ ბიუჯეტს, რამაც წელს 189 მილიარდ ევროს მიაღწია (160 მილიარდი ფუნტი). არჩევნების შედეგი ასევე გავლენას იქონიებს იმაზე, თუ ვინ გახდება ევროკომისიის პრეზიდენტი. 

 

როგორ მუშაობს ამ არჩევნების სისტემა?

 

კენჭისყრა ხუთშაბათს, 6 ივნისს, ნიდერლანდებში დაიწყება. არჩევნების მეორე დღეს გაიმართება ირლანდიაში და მალტაზე, 8 ივნისს, შაბათს კი - ლატვიასა და სლოვაკეთში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა კენჭს უყრის კვირას, 9 ივნისს. კენჭისყრის უმეტესობა ერთ დღეში დასრულდება, თუმცა ჩეხებს ხმის მისაცემად პარასკევი და შაბათი აქვთ, იტალიელებს კი -  შაბათ-კვირა. ბელგიელები მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ევროპულ არჩევნებში, არამედ - ეროვნულ და რეგიონულ კენჭისყრაშიც.

ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ხმის მიცემის უფლება აქვს 18 წლის მოქალაქეს. თუმცა, თუ 16 წლის ასაკში ხმის მიცემა შესაძლებელია გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიასა და მალტაზე, საბერძნეთში მინიმალური ასაკი 17 წელია. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის - ლუქსემბურგი და ბულგარეთი, ხმის მიცემას სავალდებულოს ხდის. კენჭისყრის შედეგები დგინდება პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, ამიტომაც ყოველი ხმა მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მინიმალური საარჩევნო ბარიერი 5%-მდეა. 2019 წელს, არჩევნებზე საშუალო აქტივობამ 50,7% შეადგინა. 

9 ივნისს, დღის ბოლომდე გაირკვევა, თუ რომელი პარტია და როგორ გადაინაწილებს ევროპარლამენტში არსებულ 720 მანდატს, რაც 2019 წელთან შედარებით, 15-ით მეტია. „ბრექსითამდე“ დიდი ბრიტანეთი წინა ევროპულ არჩევნებში მონაწილეობდა და მას შემდეგ, მისი ზოგიერთი მანდატი გადანაწილდა ან რეზერვში გადაინაცვლა იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი გაფართოვდება. ევროპარლამენტარების რაოდენობა თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის პირდაპროპორციულია. მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირის ყველაზე დიდ ქვეყანას -  გერმანიას 96 მანდატი აქვს. მალტას, ლუქსემბურგსა და კვიპროსს კი - მინიმალური, თითოეულს ექვს-ექვსი. 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტი?

 

ევროპარლამენტი, როგორც ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევენ 27 ქვეყნის მოქალაქეები, ევროპელებს ორ სხვა ძირითად ინსტიტუტთან აკავშირებს. ერთი მხრივ, ეს არის ევროკავშირის აღმასრულებელი შტო - ევროკომისია და მეორე მხრივ, ევროსაბჭო, რომელიც ევროკავშირის მთავრობის მინისტრებისგან შედგება. კანონმდებლობის შემუშავებითა და განახლებით,  საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაფართოებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით,  ევროპარლამენტი ევროკავშირის კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმართულებას აყალიბებს. მან უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის წლიური ბიუჯეტი და შეუძლია სთხოვოს ევროკომისიას კანონპროექტები წარადგინოს. ევროპარლამენტის წევრები ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მუშაობას ზედამხედველობენ. ისინი ევრპოსაბჭოსთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას, რომ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული კანონები მიიღონ.

ევროპარლამენტარების უმეტესობა მიეკუთვნება პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მოიცავენ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ჯგუფებს, ამიტომ ისინი ხშირად ჟონგლირებენ თავიანთი ერთგულებით პარტიის ან ქვეყნის მიმართ.

 

ვინ არიან ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები?

 ტრადიციულად, აქ ისახება ორი უდიდესი მოთამაშე. ესენი არიან მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D). მომდევნო ორი დიდი პარტია ევროპარლამენტში არის ლიბერალური „ევროპის განახლების“ ჯგუფი და „მწვანეები/ევროპელების თავისუფალი ალიანსი“. თუმცა მათ გვერდითვე არიან „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და „იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი“ (ID). კიდევ ორი პატარა ჯგუფი ასრულებს გადამწყვეტ როლს. ერთი არის პატარა მემარცხენე ჯგუფი GUE/NGL, მეორე კი - ევროპარლამენტის წევრების გაერთიანება, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან და მათ შემადგენლობაში არიან უნგრული ნაციონალისტური პარტია Fidesz-ის წევრებიდან დაწყებული, ესპანეთის კატალონიის რეგიონის რამდენიმე სეპარატისტი წარმომადგენლით დასრულებული. 

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ კენჭისყრაში?

 

მიუხედავად იმისა, რომ ივნისის არჩევნების მთავარი მიზანი პარლამენტის ახალი შემადგენლობის დადგენაა, ამომრჩევლები ხშირად იყენებენ ამ შესაძლებლობას, რომ თავიანთ ეროვნულ მთავრობებს სასურველი მესიჯი გაუგზავნონ. იტალიიდან საფრანგეთამდე, ავსტრიიდან ბელგიამდე, გერმანიიდან ნიდერლანდებამდე და მის ფარგლებს გარეთ, უკიდურესი მემარჯვენე პარტიები მნიშვნელოვან მოგებას ელიან. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორმა მემარჯვენე ჯგუფმა - ECR-მა და ID-მ შეიძლება მემარცხენე-ცენტრისტებს გადაუსწროს და ისინი გახდნენ სიდიდით მეორე ძალა პარლამენტში. აქამდე მემარჯვენე-ცენტრისტები მემარცხენე-ცენტრისტების გვერდით მუშაობდნენ, მაგრამ EPP შეიძლება იძულებული გახდეს, ახალი მოკავშირეები ეძებოს. მარჯვნივ გადაადგილებამ შეიძლება კლიმატისა და მდგრადობის შესახებ კანონპროექტები შეაჩეროს, ასევე - სოციალურ ან ეკონომიკურ კანონმდებლობაზე გავლენა იქონიოს. აღნიშნული ცვლილებით, შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა და სამხედრო დახმარებაც დაზარალდეს. 

 

ევროკომისიის შემდეგი ხელმძღვანელის არჩევა

 

ევროპარლამენტის ახალი წევრების ერთ-ერთი პირველი ამოცანა ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა იქნება. ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით არჩევისთვის იბრძვის. ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, რომლებიც ევროპის საბჭოს წარმოადგენენ, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით დაასახელებენ კანდიდატს, რომელიც პარლამენტს წარედგინება. კანდიდატი ევროპარლამენტარების 50%-ზე მეტმა უნდა დაამტკიცოს. ევროკავშირის პოლიტიკურ ფრაქციებს შეუძლიათ გამოიყენონ „წამყვანი კანდიდატების“ სისტემა, როგორც ეს 2014 წელს გააკეთეს. ამ პრინციპის მიხედვით, თითოეული ჯგუფი არჩევნების წინ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენს, მეტი მანდატის მქონე პარტიას შეუძლია ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა. თუმცა, ხუთი წლის წინ, ევროკავშირის ეროვნულმა ლიდერებმა ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს იმის მიუხედავად, რომ ის კანდიდატი არ ყოფილა და ამჯერადაც შეუძლიათ მათ, რომ „წამყვანი კანდიდატების“ სისტემაზე უარი თქვან.