ვახო მეგრელიშვილი: „ალეკოს უნდა ვურჩიო, რომ შევიდეს პარლამენტში“

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოპოზიციაში დიდი არეულობაა. ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის სატელევიზიო ცხარე დებატმა არაერთი კითხვა გააჩინა - არის თუ არა ოპოზიცია ერთიანი ბოიკოტში? „გირჩი“ და ელისაშვილი გააგრძელებენ თუ არა კონსულტაციებს დანარჩენ ოპოზიციასთან ან ერთმანეთთან? რა ხდება ქართულ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ? - „ვერსია“ ამ თემებზე „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ვახო მეგრელიშვილს ესაუბრა:

- ბატონო ვახო, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ალეკო ელისაშვილთან ერთად მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებთ?

- ჩვენ ვაპირებთ, მათ შორის ადამიანური ურთიერთობების დონეზე, ეთიკური სტანდარტი შევათანხმოთ ჩვენს კოლეგებთან, როგორ ვურთიერთობთ, რომ პიროვნულმა შეუთანხმებლობამ და დაპირისპირებამ არ შეგვიშალოს ხელი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.

- ე.ი. მაინც ეცდებით, რომ ელისაშვილსა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა მოაგვაროთ?

- დიახ, რა თქმა უნდა, აბა, სხვა ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ არის და უცხო პლანეტაზე ხომ ვერ ვიპოვით ოპოზიციას? - ეს არის, რაცაა.

- მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალაა და რას გეუბნებიან ამ პარტიაში?

- კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ჩვენს კოლეგებთან ვსაუბრობთ და ველოდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ დაგვეხმარება ამ კონფლიქტის მოგვარებაში.

- რაიმე კონკრეტულს გეუბნებიან თუ, უბრალოდ, იმედი გაქვთ ?

- კი, როგორ არა, ხალხს აინტერესებს ის, რომ როგორც შევპირდით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი პარტნიორი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ის იდეა, რაც ჩვენ გამოვიტანეთ საჯაროდ და რასაც მოჰყვა გაუგებრობა, ლანძღვა-გინება და ა.შ., კონსტრუქციულ ვითარებამდე მივიყვანოთ, ანუ ოპოზიციას შვხვდეთ უკვე იმ მიზნით, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ და გავცვალოთ აზრები. დარწმუნებული ვარ, ნიკა (იგულისხმება ნიკა მელია - რედ.) მიიღებს ამაში მონაწილეობას და „ნაციონალური მოძრაობა“ საუბარს არასოდეს გაურბის.

- ანუ, ეცდებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაითვალოს ერთგვარ პლებისციტად და პარლამენტში შეხვიდეთ?

- არა, მაგას კი არ ვცდილობთ, ჯერ მთავარია, რომ მოლაპარაკება, რომელიც არის გაჭედილი მე-4 რაუნდზე, მე-5 რაუნდზე იყოს უფრო წარმატებული. გამოვიდა, რომ მოლაპარაკების 4 რაუნდი ვერ დასრულდა შედეგით და წარმოიდგინეთ, თუ მე-5 რაუნდზე ისევ მოუზმადებლები მივალთ, როგორც 4 რაუნდის განმავლობაში არ გვქონდა საჯარო პოზიცია ოპოზიციას, რა გვინდოდა და მარტო ვლაპარაკობდით ვადამდელ არჩევნებზე, ამ დროს, სინამდვილეში, მასე არ იყო და რაღაცები იცვლებოდა, ახლა ყველაფერი ეს გავაკეთოთ საჯაროდ, ჩამოვაყალიბოთ, რომელია საუკეთესო პოზიცია, თუ ვინმეს აქვს ალტერნატიული აზრი, გამოთქვას და ან ჩვენ გადავალთ იმ ხალხის აზრზე, ან ისინი გადმოვლენ ჩვენსაზე და გასაგები იქნება, რომ ოპოზიცია არ არის დესტრუქციული, ანუ ოპოზიცია მოლაპარაკებას იმიტომ კი არ იწყებს, რომ მოლაპარაკების ჩაშლა უნდა, მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ რაღაც მიუღებელი წინადადებები აქვს, გავარჩიოთ და გამოვიტანოთ საზოგადოების სამჯსავროზე. ამაზე უფრო საინტერესო არაა საუბარი, ვიდრე ალეკო ელისაშვილზე და „გირჩზე?

- და როდის გაიმართება ოპოზიციის ეს შეხვედრა, კონკრეტული თარიღი დასახელდა?

- გუშინ „ლელომ“ განაცხადა, რომ აუცილებელია შეხვედრა, ასევე, „ლეიბორისტების ჩატში“ წავიკითხე, რომ დავამთავროთ არდადეგები და დავიწყოთ მუშაობაო. ანუ, ჩვენ ეს ამბავი შეიძლება ცოტა ემოციურად, მაგრამ მედიაში გამოვიტანეთ და ამას შედეგი მოჰყვა, ბევრი მიმართულებიდან ისმის, მოდით, დავიწყოთ ლაპარაკიო.

- ზოგი ოპოზიციონერი იმასაც აცხადებს, „გირჩი“ ქაოსს ქმნისო...

- თუ ეს ქაოსი საჭიროა, თუ ჩამყაყებულია სიტუაცია და ჩიხია, გამოსავალი აღარ არსებობს, თან პასუხსაც ვერ ვიღებ, თუ ველოდებით, რას ველოდებით და რისი იმედი უნდა მქონდეს, მერე უკვე გიწევს ისეთი კითხვების დასმა ისეთ ფორმატში, რომ ვეღარ დაგაიგნორონ.

- მოკლედ, კიდევ ეცდებით, რომ ელისაშვილი არ ჩამოშორდეს ოპოზიციურ ერთობას და ბოიკოტს, არა?

- კი, ჩვენ ვუთხარით, იქნებ არ შეხვიდე-თქო, თორემ ალეკო შედიოდა პარლამენტში. ვთხოვეთ, ვუთხარით, რომ არ შეხვიდე და ცოტა ხანს ერთად გავაკეთოთ ოპოზიციაში კარგი საქმე-თქო და ალეკომ თქვა, თუ გამოვა, კი ბატონო, მაგრამ არ მჯერაო. ჩვენ კი ვარწმუნებდით, რომ გამოვა, თუ ჩვენ წესიერად მოვიქცევით და გულწრფელად შევთავაზებთ ამ ხალხს-თქო, მაგრამ მერე ისეთი ფორმა მიიღო ალეკოსთან დაპირიპისპირებამ და ვითომ ჩვენი და ალეკოს პარლამენტში შესვლის მცდელობამ, რომ მივხვდით, ჩვენთვისაც დამაზიანებელია ეგ ამბავი.

- რომ არ დაგიჯეროთ ელისაშვილმა და მაინც შევიდეს პარლამენტში, თქვენ როგორ მოიქცევით?

- ახლა უკვე უნდა შევიდეს, ჩემი აზრით, უკვე უნდა ვურჩიო კიდეც, რომ შევიდეს.

- რატომ?

- ვიდრე იჩხუბო ოპოზიციასთან... ჩვენი მიზანი ხომ კონფლიქტი არ ყოფილა ოპოზიციის შიგნით? ჩვენი მიზანი სხვა იყო და თუ საუბრამდე ვერ მივალთ, მანამდე შენ იჩხუბო ვიღაცებთან, არ მინდა ასეთი თანამშრომლობა, მიზანს ვერ მივაღწევ ასე.

- საზოგადოების ნაწილი თქვენ და ელისაშვილს ერთად გხედავდათ და ამიტომ გაიგივებთ თუნდაც პარლამენტში შესვლასთან. რას იტყვით, თუნდაც მიიღოს ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, თქვენ არ შეხვლათ და ოპოზიციასთან მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებთ?

- დიახ, ოპოზიციასთან დასალაგებელია სიტუაცია. პარლამენტში შესვლა თუ გვინდა, ამას ვეძახით იმ ადგილზე სიარულს, სადაც მართლა რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქ არაა, ნახევარი მილიონი კაცის პარტია, ის ხომ პარლამენტი არაა, ჰოდა, შესაბამისად ვცდილობ, პარლამენტი იყოს და ეს ნიშნავს უკვე სრულფასოვან პარლამენტს და ამისთვის ოპოზიციასთან ვაგრძელებ საუბარს.

თათია გოჩაძე