წამლების გაიაფების რა საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავს პარლამენტი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვის აჩვენა ყვითელი ბარათი ირაკლი ღარიბაშვილმა

 

მაკა რუხაძე

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფარმაცევტული კომპანია PSP გააფრთხილა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, თითქოს, თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, PSP-ის აფთიაქებში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ. მისი თქმით, მსგავსი ფაქტის განმეორებას საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება. გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების შემცირების საკითხზე - უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.  

 

ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებას განვიხილავთ, რომლითაც საქართველოში, მედიკამენტების ფასი უნდა დარეგულირდეს, დეტალურად გავეცნოთ, რატომ და რის გამო გაბრაზდა ირაკლი ღარიბაშვილი:

ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს, PSP-ის აფთიაქებში, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და, ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომელი გნებავთ - ხარისხიანი ძვირიანი თუ უხარისხო თურქულიო. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა?! ესაა მტრობა, პირდაპირ! როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი, პენსიონერი შეიყვანოს შეცდომაში. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შევა აფთიაქში? ამას სჭირდება რეაგირება. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას! ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და, სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა. ღარიბაშვილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე:

„ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ, ჩემი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ, გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს, ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან, დაახლოებით, 200 მილიონ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. ქვეყანაში შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, გაჩნდა მეტი კონკურენცია, რამაც საგრძნობლად გააიაფა წამლები. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, მაგრამ სწორედ ეს მედიკამენტები გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მედიკამენტების გაიაფებაზე. მეტიც, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტის კომიტეტებში განხილვა მიმდინარეობს. მთავრობის სხდომის კვალდაკვალ, იმავე დღეს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს, რაც საკანონმდებლო დონეზე, რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.

კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა:

„კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში და თუკი დღეს სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის არსებობას საქართველოს ბაზარზე, შემოთავაზებული ცვლილებებით, სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებს ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, წამლებზე დაწესდება ზედა ზღვარი, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. საუბარია, საბითუმო დონეზე რეფერენტული ფასის განსაზღვრაზე. შედარება ხდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს მსგავსია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. ეს მეთოდოლოგია აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, სადაც ბევრი ქვეყანა იყენებს რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიას, როგორც მედიკამენტების ფასის რეგულაციისა და მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ მექანიზმს.

____________________________

____________________________

კანონი შექმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, რათა განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და განსაზღვროს მათი რეფერენტული ფასები; კრძალავს მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და ამასთან დაკავშირებით, განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს; ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა.

____________________________

____________________________

 

როგორც სხდომაზე აღნიშნეს, თავისთავად, კანონპროექტის პრინციპი მისაღებია, მაგრამ მსჯელობა გაიმართა მისი აღსრულების მექანიზმებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქცირების მექანიზმსაც. მართალია, ჯარიმების ოდენობა ემყარება ევროპულ გამოცდილებას, მაგრამ მის ოდენობასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხრიდან გამოითქვა შენიშვნა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯარიმას აქვს პრევენციული ხასიათი და იგი მეწარმის დასჯის მექანიზმი არ არის.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს შორის, კამათი მოჰყვა სანქციის დაუყოვნებლივ დაწესების საკითხს, უშუალოდ, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, სასამართლოს გარეშე. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამან ბიზნესის საქმიანობის თავისუფლება და ავტონომიურობა შეზღუდოს, რის გამოც სასამართლოს როლი ამ პროცესში შესუსტდება. საბოლოოდ, პრინციპების დონეზე, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.