„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე“... ანუ ზურაბ ჟვანიას ახდენილი წინასწარმეტყველება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ - საქართველოს აწ განსვენებული პრემიერის ეს სიტყვები დღესაც, მისი წარმოთქმიდან 21 წლის შემდეგაც აქტუალურია. მაშინ, 1999 წლის 27 იანვარს, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ეს სიტყვები წარმოთქვა, ალბათ, თავად ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ერთვარი ნიჰილიზმი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ევროპის სრულფასოვანი წევრი ძალიან დიდხანს ვერ გახდებოდა.

 

მას შემდეგ 21 წელი გავიდა. ეს დრო ისტორიისთვის არაფერია, თუმცა ადამიანებისთვის ძალიან ბევრია. დიახ, ამ 21 წელში ბევრი რამ მოხდა. ბოლოს და ბოლოს, ზურაბ ჟვანია გაურკვევე ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა ამბობენ, რომ სამყაროში არაფერი იკარგება და თუკი მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი წევრობის სტატუსის მინიჭებას იქ, იმიერში ზურაბ ჟვანიაც გაიგებს. დიახ, თუ ვინმეს გაუხარდება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი რამდენიმე დღეში მიიღებს, ეს ზურაბ ჟვანია იქნება. ახლა, შესაძლოა, ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ ფაქტია - თანამედროვე საქართველოში ევროპული ღირებულებების კულტივირება სწორედ ჟვანიამ დაიწყო... 

სხვათა შორის, 3 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას 60 წელი შეუსრულდა. რატომ არის ჟვანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, საქართველოს პარლამენტმა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა შექმნა საკანონმდებლო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდა. 

სიმბოლურია, რომ წელს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოლოდინშია, ზურაბ ჟვანია „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდა. ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ზურაბ ჟვანია დაჯილდოვდა „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“, რათა აღინიშნოს მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტარიზმის წინაშე.

„დღეს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და, განსაკუთრებულად, პარლამენტისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში. 31 წლის ასაკში გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, 41 წლის ასაკში, სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მან იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკაში იყო და, განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტს ხელმძღვანელობდა, უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც პროცედურულად პარლამენტის ჩამოყალიბებაში, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურების ჩამოყალიბებაში, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაში, ისე, ზოგადად, პოლიტიკის იდეის დანერგვაში. ამ ღვაწლის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის სახელით, ის დავაჯილდოვეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, რათა აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტარიზმის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჟვანია, ცხადია, ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე გაყვანს ცდილობდა. ეს ამბავი ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთში, ლუდოვიკოს ეახლა. მერე იყო ილია ჭავჭვაძე და... იყვნენ სხვებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საქართველო ძირძველი ევროპაა.

დიახ, საქართველო ძირძველი ევროპაა თავისი კულტურით, მენტალობით, შეგნებით და ახლა, დადგა დრო, როცა ეს ევროპელობა დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს.

დიახ, ზურაბ ჟვანიასა და სხვათა წინასწარმეტყველება ამ დღეებში ახდება, თუმცა სტატუსი უპირობოდ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ!

სტატუსიდან წევრობამდე კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს, მაგრამ სტატუსი იმ სინათლეს ჰგავს, რომელიც გვირაბის ბოლოს ჩნდება ხოლმე.

ასე რომ, ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, ამ სინათლეს მივუახლოვდებით თუ დავშორდბით, თუმცა რაც უნდა იყოს და ვინც რა უნდა იძახოს, ფაქტია, ევროპა საქართველოს სახლია!

ისე, რაკი ზურაბ ჟვანიაზე ვსაუბრობთ, აქვე, „ვერსიის“ არქივიდან ერთ მასალას შემოგთავაზებთ, რომელიც პრემიერის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას ეხება.

 

***

გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, ჟვანია აშშ-ში იმყოფებოდა. ეს ოფიციალური ვიზიტი იყო, რა დროსაც მისი მეგობრის, მარინა შენგელიას ვერსიით, ჟვანიამ „რაღაც დოკუმენტები“ დაკარგა. ერთი ვერსიით, გამქრალ-დაკარგული დოკუმენტაცია, რომელიც ექსსპიკერს ვაშინგტონში, ვიღაცისთის უნდა გადაეცა, სააკაშილისა და, საერთოდ, მისი გარემოცვის ფინანსურ მაქინაციებს ეხებოდა. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურ ოლიმპზე მწვანეთა მოძრაობის ლიდერობიდან ავიდა, შესაძლოა, სწორედ ამ დოკუმენტაციის ანაწერა გახდა ანუ ჟვანიამ რევოლუციონერ მეგობრებზე ისეთი რაღაც იცოდა, რაც თეთრ სახლში არ უნდა გაეგოთ. ამ ვერსიის დადასტურება, ცხადია, გაძნელდება, მაგრამ ამ კუთხით მსჯელობა ღირს.

„ - ... ქალბატონო მარინა, პრემიერსა და მის ოჯახთან ახლოს იყავით. ოდესმე, შეგიმჩნევიათ, რომ ჟვანიას კონსპირაციული ბინა ჰქონდა?

- არა, ეს არ შემიმჩნევია, მაგრამ გამორიცხულია, ზურა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ყოფილიყო... ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც რევოლუციამდე მოხდა: ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთი კარგი პიროვნება იყო, გორის ქარხნის დირექტორი, რომელსაც ჩვენი პარტიის (იგულისხმება ჟვანიას პარტია, - ნ.დ.) გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა უნდოდა.

- უკაცრავად, ეს პიროვნება კონსპირაციულ ბინასთან რა კავშირშია?

- გეტყვით... ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციები რომ ფუძნდებოდა, ერთხელ, შუაღამისას, გოკა გაბაშვილმა დამირეკა, იმ ადამიანის ძმისშვილი, ვინც გორში, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელად ინიშნება, დაშინების მიზნით, გაიტაცეს და ზურამ გთხოვა, შენს სასტუმროში მიიყვანოო. ჰოდა, თუ ზურას კონსპირაციული ბინა ჰქონდა, იქ არ მიიყვანდა?

- ვერ გავიგე: გორის ორგანიზაციის სავარაუდო ლიდერის ძმისშვილი ვინ გაიტაცა?

- როგორც ითქვა, მაშინდელმა ხელისუფლებამ...

- თუკი ხელისუფლებამ გაიტაცა, თქვენს სასტუმროში როგორ უნდა მიგეყვანათ?

- როცა დააბრუნეს, ზურას უნდოდა, რომ ერთი ღამე ჩემს სასტუმროში გაეთია და დილით, პარტიის ოფისში მიმეყვანა. მოკლედ, ეს ბავშვი ვნახე, გულმკერდთან გაკაწრული ჰქონდა. ზურამ რომ მკითხა, რას ფიქრობო, ვუპასუხე, ამაზე ჰაი-ჰუის ატეხვა არ ღირს. ეს რაღაც პიარისთვისაა გაკეთებული-მეთქი...

- რაულ უსუპოვი როდიდან გახსოვთ, ქალბატონო მარინა?

- რაულ უსუპოვი ერთი წყნარი ბიჭი იყო, რომელსაც არცთუ ხშირად ვხედავდი...

- ერთი სიტყვით, იზიარებთ ვერსიას, რომ პრემიერი უბედურ შემთხვევას კი არ შეეწირა, არამედ, მოკლეს, არა?

- დიახ, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული!

- თქვენი ვერსიით, ჟვანია რატომ უნდა მოეკლათ?

- აი, სწორედ ესაა საინტერესო. ვიდრე პრემიერი გახდებოდა, ზურა ჯერ სახელმწიფო მინისტრი იყო, დამიბარა და მითხრა, მარო, მინდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდი გავაკეთო, რომელსაც შენ უხელმძღვანელებო. ვიკითხე, ფონდს ვინ დააფინანსებდა. „იბიარდი“ დაგვპირდა, თუმცა როგორც მერე გაირკვა, თანხების გამოყოფა ზაფხულამდე გადასწიეს და ამასობაში, პრივატიზაციაც დაიწყებაო.

სხვათა შორის, ზურასთან, კანცელარიაში, ხშირად მივდიოდი. ვაშლიჯვარში, როცა თვითონ არ იყო, ზურას ოთახში არასოდეს შევდიოდით. ერთხელ, კანცელარიაში ვარ, ზურა მიშასთანაა ასული და ვხედავ, ბალაგანია - კობა ხარშილაძე ზურას კაბინეტში შედი-გამოდის. ამის შესახებ ზურას ვუთხარი, კაცი სახელმწიფო მინისტრი ხარ და ეს რა ხდება-მეთქი. უსიამოვნო ლაპარაკი კობა ხარშილაძესთანაც მქონდა, ქალბატონო მარინა, ზურას რატომ უთხარითო. კი არ ვუთხარი, მაინტერესებს, დაცვის უფროსი ხარ და რატომ უშვებ, რომ ვისაც უნდა, შედის და გამოდის-მეთქი. მოკლედ, ისე გააკეთეს, რომ ზურასთან, კანცელარიაში აღარ მივსულიყავი...

ზურამ ჯერ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, ამას სხვა ცოდნა სჭირდება-მეთქი. ვინაიდან ინგლისური კარგად არ ვიცი, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსობაზეც უარი ვთქვი, თუმცა მოადგილეობაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ არც ეს გამოვიდა ანუ რაკი არსად დამნიშნა, ყველას ეგონა, რომ ზურაზე ნაწყენი უნდა ვყოფილიყავი...

ზურამ დამირეკა და მითხრა, მარო, სახელმწიფო შპს-ს ვაკეთებთ, პროფკავშირებიდან ქონება მოგვაქვს, ამ შპს-ს დირექტორად გნიშნავთ და ხვალ ბენდუქიძეს შეხვდებიო.

- ამ დროს ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრია, არა?

- დიახ, ადეიშვილი კი - გენერალური პროკურორი...

- ბენდუქიძეს შეხვდით?

- დიახ, ნორმალურად შემხვდა. სხვათა შორის, ზურამ ტელეფონზე ისიც მითხრა, ბენდუქიძეს რომ შეხვდები, მერე შენი მოსაზრება მითხარიო. ეს რომ არ ეთქვა, შეიძლება, ეს თემა აღარ განმევითარებინა და პირდაპირ ამ შპს-ს დირექტორად დავმჯდარიყავი. ერთი სიტყვით, ბენდუქიძემ ეკონომიკის სამინისტროსა და პროფკავშირებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი მომცა, სადაც, დაახლოებით, 250 მილიონის ქონებაზე იყო ლაპარაკი ანუ მთელი საქართველოს კურორტებზე, ამის ჩამონათვალი დღესაც მაქვს. სხვათა შორის, ზურასთვის ნათქვამი მქონდა, რომ ჩვენი ეკონომიკის გზა ტურიზმი კი არა, კურორტოლოგიაა, რადგან ტურისტზე მეტ ფულს, დასასვენებლად ჩამოსული ხალხი ტოვებს...

ბენდუქიძის მიერ მოცემულ მემორანდუმს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ სანატორიუმების უმეტესობაში ლტოლვილები ცხოვრობდნენ. იდეა გამიჩნდა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ამდენი მიტოვებული სოფელია. ჰოდა, ლტოლვილებს, სანატორიუმებიდან გამოსახლების სანაცვლოდ, ფული კი არ მივცეთ, არამედ, ამ სოფლებში დასახლება შევთავაზოთ-მეთქი, თან ქვეყანა ხომ ძლიერ სოფელზე დგას, თუმცა ბენდუქიძე, როგორც გაირკვა, სხვანაირად ხედავდა. ამ იდეის შესახებ ჟვანიასაც ვუთხარი, ზურა, სახელმწიფო შპს გასაგებია და ისიც მესმის, რომ პრივატიზაციის 70 პროცენტი სახელმწიფოსი იქნება, 30 კი - პროფკავშირების, მაგრამ დანარჩენი ქონება განადგურდება. ამიტომ, მოდი, ფონდი გავაკეთოთ, სადაც შემოსავლებიდან ლტოლვილებისთვის რაღაც თანხა შევა და ამ თანხით სოფლებში სახლებს ვუყიდით, თან შევისწავლით, რომელ რეგიონში, რა არის განვითარებული. მაგალითად, იმერეთში ტყემალი და დაფნა მოდის, ჩაბარების პუნქტი ან სახელმწიფო ქარხანა გავხსნათ, სადაც ლტოლვილებს დავასაქმებთ-მეთქი...

- ჟვანიასთვის თქვენი იდეა მისაღები აღმოჩნდა?

- მითხრა, მარო, რა ჭკვიანი ხარ, „სვეცკი“ კი მყავხარ, მაგრამ შენი რენომე ლტოლვილებთანაც გამოდგება და მათი ხმები მომავალში დამჭირდებაო.

- ანუ, ეს საუბარი ჟვანიასთან, გარდაცვალების წინა დღეებში გქონდათ?

- არა, 2004 წლის გაზაფხულზე.

- მაშასადამე, 2004 წლის გაზაფხულზე, ჟვანია უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას ფიქრობდა?

- ასპროცენტიანი! ზურა ოპოზიციაში წასვლას აპირებდა!

- თქვენი აზრით, ამიტომ მოკლეს?

- გამორიცხული არაფერია...

- ... ჟვანია ბოლოს როდის ნახეთ?

- აქეთკენ მივდივარ... ბენდუქიძეს ვეუბნები, ლტოლვილები სოფლებში ჩავასახლოთ-მეთქი და მპასუხობს, ქუთაისში კორპუსები ავაშენოთო. ჯერ ერთი, ვიცოდი, რომ სამშენებლო ფირმა ჰქონდა. მეორეც, თუკი ლტოლვილებს ქალაქში დავასახლებდით, ისევ უმუშევრები დარჩებოდნენ. მე კი იმას ვცდილობდი, რომ ეს ხალხი სოფლისთვის მიმება, რათა თავისი მეურნეობა განევითარებინათ, მაგრამ ბენდუქიძეს არ შევეწინააღმდეგე, რადგან ზურასგან დარიგებული ვიყავი, არ გადაიმტეროო.

აი, ზურას ბოლო დღეებამდეც მივედი: ბენდუქიძე რეფორმების სახელმწიფო მინისტრად გადაჰყავს, ეკონომიკის მინისტრად კი ლექსო ალექსიშვილი ინიშნება. 29 იანვარს, პარასკევს, კახა ბაინდურაშვილი მირეკავს და მეუბნება, ეკონომიკის მინისტრად ლექსო ალექსიშვილი დაინიშნა, რომელიც დაგეკონტაქტებათო.

- დაგეკონტაქტათ?

- დიახ, დამირეკა და მითხრა, პრემიერისგან დავალება მაქვს, რომ უნდა შეგხვდეთ, მაგრამ დავოსში მივფრინავ, საიდანაც ორშაბათს ჩამოვალო. შაბათ-კვირას ანუ 30-31 იანვარს, არაფერი მომხდარა, ორშაბათს, პირველ თებერვალს, ლექსო ალექსიშვილი აეროპორტიდან მირეკავს, ერთ საათში, სამინისტროში ვიქნები და თუ შეგიძლიათ, მობრძანდითო. მივედი და ჩემი კონცეფცია გავაცანი. სხვათა შორის, ბენდუქიძე მეუბნებოდა, ადეიშვილი ამბობს, პროფკავშირების ხელმძღვანელი, ირაკლი ტუღუში ქონების გადმოცემაზე თუ არ დაგვთანხმდება, სულ წავართვათო. არ ვიცი, ეს რა თამაში იყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ლექსოს ვუთხარი, ამ ეტაპზე, ხელფასი არ მინდა, მთავარია, საქმე დავიწყოთ-მეთქი... იმ საღამოს, ლექსო ალექსიშვილი პრემიერს შეხვდა, სამშაბათს ისევ დამირეკა, ისევ შეხვედრა მთხოვა და მითხრა, რომ ფონდის წესდება იუსტიციის სამინისტროში გადააგზავნა, საიდანაც პასუხი ხუთ სამუშაო დღეში მოვიდოდა და ფონდი მუშაობას დაიწყებდა.

- ყველაფერი ეს, 2 თებერვალს ხდება?

- დიახ... 3 თებერვალს, ღამე კი ზურა იღუპება.

- ყველაფერ ამას, ჟვანიას გარდაცვალებასთან რა კავშირი აქვს?

- არ ვიცი... უბრალოდ, ის მოგიყევით, რაც იყო...

არ ვამბობ, რომ ზურა ზემოხსენებული 250 მილიონი დოლარისთვის მოკლეს, ეს უფრო პოლიტიკური მკვლელობა იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზურას გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, ეს ქონება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს გადაეცა და არავინ იცის, სად წავიდა. ისიც ფაქტია, რომ ლტოლვილები ამ შენობებიდან გამოყარეს...

იცით, რაში ვარ დარწმუნებული? - ზურა სახლში მიდიოდა, მაგრამ ზარის გამო, გზიდანაა მიბრუნებული.

- ანუ, უსუპოვმა დაურეკა?

- გამორიცხულია, უსუპოვის ზარის გამო ზურა მიბრუნებულიყო. ეს ზარი ზემოდან იქნებოდა. არ ვიცი, რა საქმეზე მიიყვანეს, მაგრამ ეტყობა, თანხმობა არ მისცა. სხვათა შორის, თავის დროზე, ზურა რკინიგზის გაყიდვის წინააღმდეგი წავიდა... მოკლედ, სადაც მიიყვანეს, იქ რაღაც მოხდა და, საერთოდ, მგონია, რომ ტყვიით მოკლეს!

ზურას გარდაცვალება რომ გავიგე, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი და კანცელარიაში წავედი. უფრო სწორად, ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი, მაგრამ პროზექტურაში ვერ შევედი და ვიფიქრე, კანცელარიაში მივალ და ვიკითხავ, რას ვშვრებით-თქო. იქ ერთი ადამიანი ვნახე, რომელმაც ჩაილაპარაკა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემაო. კანცელარიიდან, ზურასთან, სახლში წავედი, სადაც რემა დეიდას, ნინო ქადაგიძისა და ჩემს მეტი არავინ იყო. ხუთ წუთში, ნოღაიდელი მოვიდა, რომელსაც ვუთხარი, კოსტავა რომ მოკლეს და ზვიადი სიტუაციას ვეღარ მართავდა, ახლაც ის დაგვემართა-მეთქი. დამეთანხმა, ზუსტადო...

მახსოვს, ნინო ოთახში ბოლთას სცემდა და ამბობდა, სამი საათი პროზექტურაში რას უკეთებენო. ზურა რომ მოასვენეს, ტუჩზე ნაჭდევი მეც ვნახე... დარწმუნებული ვარ, ეს ემოციის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა არაა. შეიძლება, გათამაშებულია, რომ თითქოს, ემოციის დონეზე მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, დიდხანს იგეგმებოდა, დაწყებული „შეგდებული“ დაცვიდან. მოკლედ, მჯერა, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოკლეს და მინდა, გავიგო, რატომ მოკლეს!

- თუკი პრემიერი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, როგორ ფიქრობთ, მკვლელობაში რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?

- ვფიქრობ, დაცვის გაკეთებული არაა. დაცვამ, უბრალოდ, იცოდა.

- ანუ, დაცვას არ მოუკლავს?

- არ მგონია, შემსრულებული დაცვა ყოფილიყო...

იცით, ერთხელ რა მოხდა? - გაგარინის მოედანზე, შემთხვევით, ძაძამიას შევხვდი და რომ დამინახა, ყველაფერს გეფიცებით, სასტუმრო „სიმპათიასთან“, შესახვევში შევარდა“... 

 

 

 

 

 

ავტორი-ნინო დოლიძე