როგორ შექმნეს კომუნისტებმა ადამიანების კასტა, რომელიც მუდამ პრივილეგიებით სარგებლობს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მთავარის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიერ, მეცნიერებათა აკადემიის ახალ ხელმძღვანელ როინ მეტრეველზე მომზადებულმა სატირულმა სიუჟეტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟურნალისტი სახალხო დამცველმაც დაგმო. იმის განხილვაში არ შევალ, თუ რას ეძღვნებოდა სიუჟეტი, ან ჟურნალისტი სწორად მოიქცა თუ არა, თუმცა ყველაფერმა ამან ერთი ძველი წერილი გამახსენა, რომელიც „ვერსიაში“ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა და რომელიც ე.წ. ინტელიგენციის რაობას ეხებოდა. ვინაიდან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, არქივიდან სწორედ ამ წერილს გთავაზობთ, კიდევ ერთხელ გავიხენოთ, თუ როგორ შექმნეს კომუნისტებმა ინტელიგენციის კასტა და რატომ სარგებლობენ ყველა დროში ამ კასტის წარმომადგენლები პრივილეგიებით.

ინტელიგენცია, როგორც სამოქალაქო განათლების ლექსიკონშია აღნიშნული, ადამიანთა ისეთი საზოგადოებრივი ფენაა, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც გონებრივი, უმთავრესად, რთული და შემოქმედებითი შრომა შეადგენს. ამავე წყაროს მონაცემებით, ეს ტერმინი რუსულ ენაში არცთუ ცნობილმა მწერალმა ბობორიკინმა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაამკვიდრა და მალე სხვა ენებშიც გავრცელდა. თავდაპირველად, ინტელიგენცია, როგორც ფენა, მაშინ გაჩნდა, როცა გონებრივი შრომა ფიზიკურს გამოეყო. საერთოდ, რამდენიმე, ასე ვთქვათ, ტიპის ინტელიგენცია არსებობს - ტექნიკური, ჰუმანიტარული, ადმინისტრაციულ-მმართველობითი, პოლიტიკური და ასე შემდეგ... საბჭოთა კავშირმა კი ინტელიგენციის კიდევ ერთი „სახეობა“ „შვა“, რომელსაც დღემდე „წითელ ინტელიგენციას“ ეძახიან. ქართულ ვიკიპედიაში ტერმინი „წითელი ინტელიგენცია“ ასეა განმარტებული: მეოცე საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა ინტელიგენცია, რომელიც თავის შემოქმედებაში სოციალისტურ და კომუნისტურ იდეებს ხოტბას უმეტესად საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ასხამდა, თუმცა ამ ხოტბის საბაბი ზოგჯერ შიშიც იყო.

მართლია, ლამის სამი ათეული წელია, რაც საბჭოთ კავშირი დაინგრა და კომუნისტურმა იდეოლოგიამაც პოლიტიკურ სარკოფაგში „საპატიო“ ადგილი დაიმკვიდრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანამედროვე საქართველოში „წითელი ინტელიგენციის“ თემა ისევ აქტუალურია და საზოგადოების ნაწილი დაუფარავად მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის ცუდ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ.

ეს მძაფრი შეფასებაა, მაგრამ თუ ჩვენი ბედკრული სამშობლოს უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ, ადვილად მივხვდებით, რომ ინტელიგენციის ნაწილი თავის მდგომარეობას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა და, როგორც ჩანს, ახლაც ასეა...

„წითელი და ვარდისფერი ინტელიგენცია“ - ასე ჰქვია წერილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე 2011 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა. ავტორი, გიორგი მაისურაძე სტატიას მერაბ მამარდაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტით იწყებს (ინტერვიუ 1989 წელსაა ჩაწერილი): ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც არაზუსტად ვაზროვნებთ. აზროვნების სიზუსტე არის იმ ადამიანის ზნეობრივი ვალდებულება, ვინც აზროვნებასთანაა ნაზიარები. და ახლა ამ კუთხიდან შევხედოთ მე-20 საუკუნეს, როდესაც მასობრივი იდეოლოგიური წარმოება აყვანილ იქნა სახელმწიფო მშენებლობის დონეზე და დაემთხვა კიდევაც მას... ჩვენ ვხედავთ ინტელიგენციის ღალატის ფანტასტიურ სურათს.

მამარდაშვილი იქვე დასძენს, რომ ინტელიგენციამ საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს უღალატა. „ღალატი“ კი სწორედ იდეოკრატიული სახელმწიფოების სამსახურში ჩადგომა იყო, რამაც ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სახელმწიფოების ფაქტობრივ თანაავტორად აქცია. ეს თანაბრად ეხება, როგორც საბჭოთა, ასევე, იმ ევროპელ ინტელექტუალებსაც, რომლებიც არანაკლები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ დასავლეთის იდეოკრატიული რეჟიმების მშენებლობაში.

... ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ინტელიგენციის ერთი ნაწილი ბოლშევიკების აქტიური მხარდამჭერი გახდა, ნაწილმა კი ან ემიგრაციით უშველა თავს, ან ახალი წყობილების კრიტიკა სცადა, რის გამოც ლენინის ცნობილი სიტყვები – „Интеллигенция не мозг народа, а говно народа“ („ინტელიგენცია ხალხის ტვინი კი არა, ხალხის ნეხვია“) - დაიმსახურა. ამასთანავე, საბჭოთა ხელისუფლება შეუდგა საკუთარი „წითელი“ ინტელიგენციის შექმნას, რომელიც ხელისუფლების ერთგული და მისი იდეოლოგიის გამტარებელი იქნებოდა. ეს პროექტი, საბოლოოდ, სტალინის მმართველობის დროს განხორციელდა, როდესაც ინტელიგენციის სახელმწიფოს იდეოლოგიურ აპარატში ინტეგრაცია მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი საზოგადოებრივი კლასი - საბჭოთა ინტელიგენცია გაჩნდა. რამდენადაც მეცნიერება და ხელოვნება საბჭოთა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული სფერო იყო მტრულ, კაპიტალისტურ სამყაროსთან კონკურენციისა თუ საკუთარი მოსახლეობის ინდოქტრინაციისათვის, შესაბამისად, მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებმა საზოგადოებრივ იერარქიაში პრივილეგირებული ფენის სტატუსი მოიპოვეს, თუმცა ინტელიგენციის პრივილეგირებულობა უფრო ცარიელი სტატუსი იყო, ვიდრე რეალობა: ბინები, აგარაკები, პრემიები და ა.შ. მხოლოდ ყველაზე გამორჩეული და ხელისუფლებასთან განსაკუთრებით დაახლოებული ადამიანების პრივილეგია იყო, საშუალო საბჭოთა ინტელიგენტი კი ეკონომიკურად უთანაბრდებოდა მუშათა კლასს, ხოლო რიგითი საბჭოთა საქმოსანი ან კორუმპირებული ფუნქციონერი თავისი შემოსავლით ბევრად აღემატებოდა საბჭოთა მეცნიერის ან ხელოვანის ეკონომიკურ მდგომარეობას. პრესტიჟულობის განმსაზღვრელი კი არაფიზიკური შრომა და კულტივირებულობის სტატუსი იყო, რომელსაც ხშირად, მძიმე გაჭირვების პირობებშიც ფსიქოლოგიური კომპენსაციის ფუნქცია ჰქონდა.

გვიან საბჭოთა ხანაში ინტელიგენციის ერთგვარი „ინფლაციაც“ კი დაიწყო: ასეთი სტატუსის მქონე ადამიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათთვის ეკონომიკურად სუსტ და ტოტალურად კორუმპირებულ საბჭოთა სახელმწიფოს იმის რესურსები აღარ ჰქონდა, რომ მომრავლებული ინტელიგენტები ბინებითა თუ სანატორიუმების საგზურებით უზრუნველეყო. შესაბამისად, ყოფითი კეთილდღეობისათვის ინელიგენტებიც იძულებული იყვნენ, ისევე ჩაბმულიყვნენ კონიუნქტურისა და კორუფციის ფერხულში, როგორც საბჭოთა საზოგადოების ყველა სხვა ფენის წარმომადგენელი.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ინტელიგენცია ორი, სრულიად განსხვავებული მენტალობისა და სტატუსის ჯგუფად იყოფოდა: ერთი მხრივ, კორუმპირებული და პრივილეგიებისთვის მებრძოლი ნომენკლატურა, რომლის „ელიტარულობის“ განმსაზღვრელიც არა იმდენად შემოქმედებითი მიღწევები, რამდენადაც მათი ძალაუფლების სტრუქტურებში ყოფნა და იდეოლოგიურ კონიუნქტურასთან მორგება იყო და, მეორე მხრივ, იმ მეცნიერების, მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების თუნდაც მცირერიცხოვანი ნაწილი, რომლებიც ზოგჯერ უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ყოფნის ფასად, საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულნი და პოლიტიკურ კონიუნქტურას ემიჯნებოდნენ. სწორედ ინტელიგენციის ეს კატეგორია - არა „კაცური კაცები“, მხოლოდ თავაზიანობითა და „სინაზით“ რომ გამოირჩეოდნენ კაი პურის მჭამელი და დედის მაგინებელი „ნამდვილი ქართველებისგან“ - იყო საბჭოთა ხანაში კორუმპირებული საზოგადოების დაცინვისა და აბუჩად აგდების ობიექტი.

„ინტელიგენციამ“ ახალი მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის ნგრევის დასკვნით სტადიაში - 80-იან წლებში შეიძინა, როდესაც „პერესტროიკით“ გააქტიურებულ საბჭოთა საქართველოში გავლენის სფეროებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. სწორედ ნომენკლატურულმა ინტელიგენციამ სცადა ყურადღების ცენტრში მოქცევა და ახალი კონიუნქტურის შესაბამისად, სრულიად ბნელი ნაციონალიზმის ქადაგებას შეუდგა, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საქართველოში ეთნოკონფლიქტებისა და საყოველთაო სიძულვილის განწყობის მომზადებას. ინტელექტუალთა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ნაწილმა გაბედა დაპირისპირებოდა იმ საფრთხეს, რომელიც უკვე თავად „ეროვნული მოძრაობიდან“ და მზარდი ნაციონალიზმისგან მომდინარეობდა. ეს კი საფუძველი გახდა ინტელიგენციის ახალი მითოსის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.

გამსახურდია „კრიმინალური“, „წითელი ინტელიგენციის“ ხატის შექმნას შეუდგა, რომელიც კლასობრივ ბრძოლას უცხადებდა პირველ პრეზიდენტს საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად, თუმცა ამის პარალელურად, 1991 წელს, გამსახურდიასვე ინიციატივით, დაფუძნდა „ინტელიგენციის დარბაზი“, რომელშიც მისი მომხრე ისეთივე საბჭოთა ნომენკლატურული ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი, როგორებიც მის ოპოზიციაში, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურობის გამო, მათი საბჭოთა წარსული აღარავის ახსოვდა.

„წითელი ინტელიგენციის“ მითი ყველაზე მეტად მაინც ედუარდ შევარდნაძემ გააფორმა, როდესაც 1992 წლის 7 მარტს, მოსკოვიდან დაბრუნებულმა, თბილისის აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც „იარაღით ხელში“ აუჯანყდა გამსახურდიას. ამით მან, ერთი მხრივ, შეიარაღებული გადატრიალება აჯანყებად გადახატა, თანაც ამ ქათინაურით, საკუთარი იდეოლოგიური საყრდენი შექმნა, ხოლო მეორე მხრივ, ინტელიგენციისა და ხელისუფლების ალიანსიც ახალი „ხელშეკრულებით“ განამტკიცა.

90-იან წლებში, შევარდნაძის მიერ „ქართველი საზოგადოების ნაღებად“ შერაცხული ინტელიგენცია, სწორედ მეორე პრეზიდენტის ძალაუფლების ფასადი იყო, რომლის უკანაც რეალური ძალაუფლების ბერკეტები - კორუმპირებული ბიუროკრატია და ბიზნესმენებად შერაცხული მაფიოზური კლანები იმალებოდნენ.

ინტელიგენციისა და ხელისუფლების ეს ალიანსი არც სააკაშვილის „ლიბერტარიანული“ მმართველობის ქვეშ შეცვლილა: როგორც გამსახურდიას დროს, ინტელიგენციის ერთი ნაწილი სახელისუფლებო არეალს გარეთ აღმოჩნდა და არ ითაკილა, სააკაშვილის ჯინაზე, სრულიად პრიმიტიული შოვინიზმის ქადაგება დაეწყო. სააკაშვილმა კი საკუთარი, ახალი „ინტელიგენცია შექმნა, რომელსაც პირობითად, „ვარდისფერ ინტელიგენციას“ დავარქმევდი.

„ვარდისფერი ინტელიგენცია“ სააკაშვილის „ლიბერტარიანული“ იდეოლოგიისა და ნაციონალისტური კიჩის უშუალო ავტორია. იდეოლოგიურ სფეროში მისი ძირითადი ფუნქცია პრეზიდენტის ნათქვამისა თუ ნამოქმედარისთვის ხოტბის შესხმა და მისი შიდა თუ გარე კრიტიკისგან დაცვაა. მაგალითად, თუ პრეზიდენტი იტყვის - „ზანგები ხომ არა ვართ?“ - „ვარდისფერი ინტელიგენტი“ განგვიმარტავს, რომ ამაში რასისტული სტერეოტიპი კი არა, „ვეფხისტყაოსანზე“ ალუზია უნდა დავინახოთ („აქა, მათ ზანგთა მონათა, მზე მოიყვანეს ნავითა“). ამასთანავე, ისაა სახელმწიფოსა თუ „ლიბერტარიანელ ბიზნესმენთაგან“ დაფინანსებული იმ მდარე ხარისხის იდეოლოგიური ესთეტიკის შემსრულებელ-ხორცშემსხმელი, რომელსაც ერთ დროს, წითელი ინტელიგენციის შექმნილი სოცრეალიზმის მსგავსად, ნაცრეალიზმი შეიძლება ეწოდოს.

მოკლედ, წითელი ფერის გავარდისფრებით პრინციპი არ იცვლება: ინტელიგენციის მთავარი პრობლემა კი კვლავაც ხელისუფლებისგან ვერგანთავისუფლებაა, რომელიც მას მომავალშიც კონიუნქტურის შესაბამის ფერებად გადაღებავს“...

მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან... საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა, ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე, - ამ სიტყვებს საქართველოს მეორე პრეზიდენტი, საქართველოს ცეკა-ს ყოფილი პირველი მდივანი, სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აწ გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძე     1989 წლის სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ, კერძოდ, 12 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე იტყვის.

მერე, წლები რომ გავა, ინტერნეტგამოცემა exspert.ge ედუარდ ამბროსის ძის ზემოხსენებულ სიტყვებს გაიხსენებს და დაწერს:

„შევარდნაძე გულწრფელი იყო - ჯერ კიდევ 1972 წლიდან, როგორც კი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, შევარდნაძემ დაიწყო ინტელიგენციასთან მუშაობა, რაც შემდგომ საქართველოში პარტიული ხელმძღვანელობის დამახასიათებელი სტილი გახდა. ქართველ ინტელიგენციას (ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მხატვრებს, კინორეჟისორებს, კომპოზიტორებს), რომელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი საქმის მართლაც შესანიშნავი მცოდნე იყო, ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა თათბირებზე და შეკრებებზე ცენტრალურ კომიტეტში. ეს უკანასკნელი იმ დროს ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა. ამდენად, ცნობილ პოეტს ან არანაკლებ ცნობილ მსახიობს გულს ეფონებოდა, როდესაც ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი დაურეკავდა და თათბირზე დაპატიჟებდა; შემდეგ მანქანას გაუგზავნიდნენ მოსაყვანად და ა.შ.

სხვათა შორის, ამ პერიოდშიც არანაკლები სიხშირით იმართებოდა ბანკეტები და წვეულებები (ოღონდ, რასაკვირველია საბჭოთა დღესასწაულებთან დაკავშირებით). ამ წვეულებებზე ყოველთვის პატიჟებდნენ ცნობილ ინტელიგენციას (რაიკომის მდივნებთან ერთად) - შევარდნაძემ ქართველი კაცის ფსიქოლოგია კარგად შეისწავლა, მან ზუსტად გათვალა, რომ სუფრის სულისკვეთება ადამიანთა და სოციალურ ჯგუფთა ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

ამავე დროს, საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რათა შეძლებისდაგვარად შეეწყო ხელი იმ ინტელიგენტებისათვის, რომლებიც პარტიულ დირექტივებს სწორად და ზუსტად ასრულებდნენ და ცენტრალურ კომიტეტს პრობლემებს არ უქმნიდნენ. დამჯერე მწერლებს საშუალება ჰქონდათ, გამოეცათ თავიანთი ნაწარმოებები, ხოლო კინორეჟისორებს - გადაეღოთ ფილმები და ა.შ.

თანდათანობით, ამგვარი პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სოციალური ფენა, რომელიც პარტიულ (სახელისუფლო) ელიტასთან იყო შეზრდილი და, ფაქტობრივად, იმდროინდელი საზოგადოების ზედაფენას წარმოადგენდა. ამავე დროს, ეს ინტელიგენცია (სახელწოდება, რასაკვირველია, პირობითია, მაგრამ რაკი სწორედ ეს სახელწოდება დამკვიდრდა, ჩვენც იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ) ე.წ. საბჭოთა ნომენკლატურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ისევე, როგორც ჩვეულებრივი პარტიული, კომკავშირული ან სამეურნეო-სამრეწველო ნომენკლატურა, მონაწილეობდა იერარქიულ კიბეზე ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ გადაადგილებებში.

კომუნისტების მიერ გამოძერწილ წითელ ინტელიგენციას ერთი უცნაურობა  ახასიათებდა: მიუხედავად შემოქმედებითი დისიდენტობისა, იგი ხელისუფლებისადმი ლოიალობას ყოველთვის ინარჩუნებდა. მაგალითად: რომელიმე მწერალს შეეძლო დაეწერა დისიდენტური რომანი (რა თქმა უნდა, გადაჭარბების საშუალებას არ მისცემდნენ), რომელშიც მკაცრად გააკრიტიკებდა (ქარაგმულად) საბჭოთა წყობას, კომუნისტურ იდეოლოგიას, მაგრამ იმავდროულად, ცენტრალურ კომიტეტში, თავის მეგობარ-ამხანაგებთან შესანიშნავ ურთიერთობას შეინარჩუნებდა ისევე, როგორც თვით ც-ს პირველ მდივანთან.

რასაკვირველია, იმავე ც-ს ინსტრუქტორები (იდეოლოგიის დარგში) შესანიშნავად ამჩნევდნენ იმ ქარაგმებს, რომლებიც რომანში (ფილმში თუ სპექტაკლში) იყო ჩადებული, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მათ ასაკრძალად - ესეც შევარდნაძის ძალზე ეშმაკური და შორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო. როდესაც ეს რომანი (ფილმი, სპექტაკლი) რუსეთში ხდებოდა ცნობილი, იქაური ინსტრუქტორები განცვიფრებას ვერ მალავდნენ და სულ ცოფებს ყრიდნენ, მაგრამ საქართველოში (შევარდნაძის ლოცვა-კურთხევით) კვლავ იდგმებოდა დისიდენტური სპექტაკლები, იღებდნენ დისიდენტურ ფილმებს, კომედიებს და ა.შ.

ამ უცნაურობის ახსნა ადვილად შეიძლება: შევარდნაძეს ინტელიგენციის იდეური მრწამსი არ აინტერესებდა, მისთვის მთავარი ის იყო, რომ ინტელიგენცია ხელისუფლებისადმი ლოიალური ყოფილიყო. ვიმეორებ, ყოფილიყო ლოიალური ხელისუფლების და არა იდეოლოგიისადმი.

... 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლება მოიპოვა ბლოკმა მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით.

ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდია ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი გახდა. მაგრამ რეალურად ძალაუფლება მას არასდროს არ ეპყრა ხელთ - 1990 წლის 28 ოქტომბრიდან, 1992 წლის 7 იანვრამდე. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ტრაგედია (როგორც თავად აღნიშნა) იმაში მდგომარეობდა, რომ მას დახვდა ძველი ხელისუფლების აპარატი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზვიად გამსახურდია მოვიდა იმ შენობის სათავეში, რომელიც მთლიანად ედუარდ შევარდნაძის აშენებული იყო. შევარდნაძის მიერ რუდუნებით და მოთმინებით გამოძერწილმა ზედაფენამ (მიუხედავად იდეოლოგიური მსგავსებისა) ვერ იგუა სხვა (უცხო) ლიდერი, რაც კრიმინალური ბანდების მიერ პრეზიდენტის დამხობის უმთავრესი მიზეზი გახდა. ელიტამ მას მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს მისი ელიტა არ იყო, ეს იყო შევარდნაძის ელიტა, შევარდნაძის ხელისუფლებაზე მორგებული ზედაფენა, რომელიც სხვა ლიდერს ვერ იგუებდა და ვერც იგუა, - ნათქვამია წერილში, რომელიც 1996 წლით თარიღდება.

 

ავტორი: ნათია დოლიძე