პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ იკრიბებიან - რუსთაველზე მოძრაობა გადაიკეტა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტის შენობის წინ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. რის გამოც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. შეკრება მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ე.წ რუსული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს გადმოიტანეს და ამ წუთებში პირველი მოსმენით სასესიო დარბაზში განხილვა მიმდინარეობს.

აქციაზე საქართველოს რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).