სისხლიანი 25 თებერვალი, რომელმაც საქართველოს ბედის ბორბალი უკუღმა დაატრიალა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული ღალატის თანამედროვე ქრონიკა

 ... იმ დღეს თოვდა, მაგრამ ეს თოვლი თეთრი კი არა, სისხლისფერი იყო... იმ დღეს საქართველოში „წითელი ვირუსი“ გავრცელდა, ვირუსი, რომლის სამკურნალო ვაქცინის „გამოგონებასაც“ ათეულობით წელი დასჭირდება... თავდაპირველად, ვაქცინას დადებითი ეფექტი ექნება და სენს თითქოს დაამარცხებს... ამ ვაქცინას „ეროვნულ მოძრაობას“ დაარქმევენ, მაგრამ მერე, წლები რომ გავა, წითელი დაავადება „გაცოცხლებას“ დაიწყებს, ეროვნული მოძრაობაც მინავლდება და ვიღაცები 1921 წლის 25 თებერვლის რეინკარნაციას შეეცდებიან. ეს „ვიღაცები“ მოდერნიზებული ბოლშევიკები იქნებიან ანუ ახალი ყაიდის კომუნისტები, რომელთაც „37 მანეთის“ სევდა წალეკავს. მათ მარო მაყაშვილისა თუ სხვა იუნკრების პატრიოტულ სულისკვეთებაშიც ეჭვი შეეპარებათ და 21-ე საუკუნეში, გული ისევ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების იმპერიისკენ გაუწევთ...

 

ასე გაჩნდება ქართული ღალატის ისტორიაში ახალი სამარცხვინო დეტალები, თუმცა გაუცხოტომებული ჩვენებურების ღალატის ანატომიას „ვერსია“ სხვა დროს შეისწავლის. ამჯერად კი, სისხლიანი თებრვლის X-ფაილს წარმოგიდგენთ.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თებერვალი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის სისხლიანი თვეა. ნუგზარ საჯაია, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი - ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებისთვისაც თებერვალი ფატალური აღმოჩნდა. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, თებერვლის ფატალურობა არც უნდა გვიკვირდეს, რამეთუ სახელმწიფოს, რომელსაც „საბჭოთა სოციალისტური საქართველო“ ერქვა, საძირკველი, სწორედ თებერვალში, „ცეცხლითა და მახვილით“ ჩაეყარა. ზემოხსენებული პიროვნებებიც, თავის დროზე, საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ...

მართალია, ბოლშევიკებმა საოცნებო კომუნიზმი ვერ ააშენეს და „დიადი“ საბჭოეთის იდეაც ხუხულასავით ჩამოიშალა, მაგრამ ამბობენ, რომ ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება. ჰოდა, ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილისა თუ ნუგზარ საჯაიას ბედიც, შესაძლოა, სწორედ „წითელმა მონსტრებმა“ გადაწყვიტეს. ახლა, შეიძლება, თქვათ, ასეთი ფილოსოფიური წიაღსვლა რა საჭიროა, მაგრამ თავისთავად საყურადღებოა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტია, თავის დროზე, ეკლესია იდგა. ეკლესიის ეზოში სასაფლაოც ყოფილა და სწორედ ამ სასაფლაოზე დაუკრძალავთ 1921 წლის 25 თებერვალს, მტარვალ ბოლშევიკებთან ბრძოლაში განგმირული ქართველი პატრიოტი იუნკრები. ზურაბ ჟვანია დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს პირველი პარლამენტის პირველი თავმჯდომარე გახლდათ და... მუშაობა, წლების განმავლობაში, ნებსით თუ უნებლიედ, ცოდვიან ადგილას უწევდა...

იმ შენობას კი, სადაც ნუგზარ საჯაია და, შესაბამისად, უშიშროების საბჭო საქმიანობდა, კომუნისტების დროიდან მოყოლებული, „ქაჯეთის ციხეს“ ეძახდნენ... ბადრი პატარკაციშვილის „არკადიაც“ კომუნისტურ ეპოქაში „იშვა“...

ჰო, ყველაფერი ეს, შესაძლოა, მისტიკაა, მაგრამ თავისი მისტიკა პოლიტიკასაც აქვს, თუმცა ამჯერად თებერვლის მკვლელობებზე საუბრით, როგორც იტყვიან, თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ  ტრაგიკულ 25 თებერვალს გაგახსენებთ, იმ 25 თებერვალს, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია უკუღმა დაატრიალა და სამწუხაროდ, დღესაც თავისას შვრება - ვინმეს მოსწონს თუ არა, რეალობაა, რომ ვიღაცები ჩვენს ბედკრულ სამშობლოს ისევ რუსეთის ფრთებქვეშ შეთრევას უპირებენ...

 

***

როგორც აღვნიშნე, ნუგზარ საჯაია, ზურაბ ჟვანია და ბადრი პატარკაციშვილი, სწორედ თებერვალში ანუ იმ თვეს გარდაიცვალნენ, რომელ თვეშიც ჩვენს ბავშვობა-სიყმაწვილეში, მინიმუმ, ორ დღეს ზარ-ზეიმით აღვნიშნავდით: ახალგაზრდებს არა, მაგრამ ჩემს და ჩემზე უფროს თაობას კარგად ახსოვს, რომ 23 და 25 თებერვალი დასვენების დღეები იყო. მეტიც, 23 თებერვალი - საბჭოთა არმიის დღე, რატომღაც, ბიჭებისა და, საერთოდ, მამაკაცების დღედ ითლებოდა და ტრადიციაც არსებობდა - ამ დღეს თანაკლასელ, თანაჯგუფელ თუ თანამშრომელ დიაცებს მამაკაცებისთვის ოდეკოლონები უნდა ეჩუქებინათ.

სამწუხაროდ, 23 თებერვლის „ტრამპა-ცუმპით“ აღნიშვნის ნოსტალგია თითო-ოროლას დღემდე აქვს. არადა, საბჭოთა იმპერიის მოქალაქეების უმეტესობამ ხეირიანად არც კი იცოდა, 23-ში რას ზეიმობდა და ცხადია, იმაზეც არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ 1918 წლის 23 თებერვალს, წითელი არმია დაარსდა, ის წითელი არმია, რომლის მე-11 ბრიგადამაც 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში სისხლის კალო მოაწყო.

 

***

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ერთი ამბავი გამახსენდა და უნდა გიამბოთ: თუ არ ვცდები, 1999 წელი იქნებოდა. ბათუმში ჩავედი. ეს ის დროა, როცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ასლან აბაშიძე განაგებდა და ჩოლოქის ხიდი ერთგვარ სადემარკაციო ხაზად ითლებოდა...

23 თებერვალი იდგა...

მართალია, „ბაბუსთან“ (მოგეხსენებათ, აბაშიძეს მთელი საქართველო ასე ეძახდა) შეხვედრა შეთანხმებული მქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ აუდიენცია ჩაიშალა, რამეთუ აბაშიძე - არც მეტი, არც ნაკლები - 23 თებერვლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე წავიდა. იმხანად, რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველო ჯერ დატოვებული არ ჰქონდათ და საოცდასამთებერვლო „კარნავალსაც“ რუსები მართავდნენ... მახსოვს, ამის ნიადაგზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ, შუა ქუჩაში, მე და ასლან აბაშიძეს შელაპარაკება მოგვივიდა... ისიც მახსოვს, თავზე „ბაბუს“ დაცვის ბიჭები წამომადგნენ  და ჩემს თბილისელ თანმხლებს რომ არ გავეჩერებინე, ალბათ, საკადრისადაც დამსჯიდნენ. სხვათა შორის, აჭარაში ე.წ. „შიდა პატიმრობას“ მაინც ვერ გადავურჩი, თუმცა ეს სხვა ამბავია, რომელიც სხვა დროს მოხდა და რომელსაც სხვა დროს მოვყვები...

ერთი მისტიკური სიმბოლურობა: ასლან აბაშიძე, მაშინდელი ცენტრალური ხელისუფლებიდან, ყველაზე მძაფრად ცხონებულ ზურაბ ჟვანიასთან იყო დაპირისპირებული...

96 წლის წინანდელი 25 თებერვლის მოვლენებს ყველაზე ემოციურად კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“ გადმოსცემს, რომელიც ყველამ ზეპირად თუ არ იცის, გაგებული მაინც აქვს და რომელსაც აქვე გთავაზობთ:

„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს -

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“

 

***

ორ დღეში, 25 თებერვალია. არ ვიცი, წელსაც მოთოვს თუ არა, მაგრამ... სიონს ისევ თალხი რომ ახურავს და ხალხიც რომ ისევ დუმს, ეს ფაქტია.

 

ავტორი-ვანო პავლიაშვილი