"თურქმენთა მფარველმა" ქალაქი აიშენა და თავისი სახელი დაარქვა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქმენეთში ოფიციალურად გაიხსნა ქალაქი არკადაგი, რომლის მშენებლობაზე 4 წელი და მრავალი მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

არკადაგი ანუ მფარველი - ასე მიმართავენ თურქმენეთის მოქალაქეები ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ავტორიტარ მამას, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს, რომელიც თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში (2006-2022 წწ.) მართავდა ერთპიროვნულად.

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა „ჭკვიანი ქალაქის“ პრინციპით აგებული ქალაქი არკადაგი მამის 66 წლის იუბილეზე გახსნა, სადაც ისიც ითქვა, რომ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ქალაქი რუსულ ყაზანსა და ქართულ თელავს დაუძმობილდა.

2022 წელს „თურქმენთა მფარველმა“ გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თანამდებობა შვილს, 40 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვს გადააბარა, მაგრამ შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება, დარჩა რა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ჰალკ მასლაჰათის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ქალაქი, რომლის კონცეფცია და დაარსების იდეა უფროს ბერდიმუჰამედოვს ეკუთვნის, დედაქალაქ აშხაბადიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში, კოპეტდაგის მთისპირში მდებარეობს.

29 ივნისს გაიხსნა არკადაგის პირველი რიგი, რომლის მშენებლობაზე 3,3 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. თურქმენული გამოცემის Altyn Asur-ის მიხედვით, პროექტი ორეტაპიანია.

„ახლა დასრულებულია მშენებლობის პირველი ეტაპი - აშენდა 336 კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულების ობიექტი. ახალი „ჭკვიანი“ ქალაქი აერთიანებს მოწინავე ციფრულ, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და მწვანე ტექნოლოგიებს.

მთლიანობაში, პირველ ეტაპზე 3,3 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც 2023 წლიდან 2026 წლამდე გაგრძელდება (რისთვისაც დამატებით 1,5 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება), არკადაგში აშენდება კვების, სამრეწველო, ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ობიექტები. ქალაქში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იცხოვრებს“, - წერს გამოცემა.

არკადაგის მშენებლობა 2019 წლის აპრილში დაიწყო, როგორც აჰალის ვილაიეთის ახალი ადმინისტრაციული ცენტრისა, თუმცა შემდეგ შეიცვალა პროექტის მიზნები და მშენებლობა გაგრძელდა „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციის საფუძველზე, როგორც „მომავლის თურქმენეთის ქალაქების პროტოტიპისა“.

2023 წლის მარტში თურქმენეთის მეჯლისმა (პარლამენტმა) მიიღო კანონი „ქალაქ არკადაგის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, თურქმენეთის ისტორიაში პირველად, ქალაქს მიენიჭა სპეციალური სამართლებრივი სტატუსი - სახელმწიფო მნიშვნელობის ქალაქისა.

როგორც Altyn Asur-ი წერს, ახალ ქალაქს უკვე აქვს თავისი სახელმწიფო არქივი, ასევე ტელეარხი „არკადაგი“, გაზეთი „არკადაგი“ და საფეხბურთო კლუბი „არკადაგი“ 10-ათასიანი სტადიონით.

ქალაქის აშენების იდეის შესახებ გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ჯერ კიდევ თავისი პრეზიდენტობის დროს, 2019 წელს გამოაცხადა, როცა მომავალი ქალაქის ადგილზე ტრიალი მინდორი იყო, ახლა კი თურქმენეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ქრონიკაში კარგად მოჩანს თანამედროვე შენობები, ადმინისტრაციული, სპორტული, კულტურული ობიექტები.

ქალაქში მოძრაობს მხოლოდ ელექტროტრანსპორტი, ცენტრში კი აღმართულია ერის მფარველისა და ქალაქის დამაარსებლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ცხენიანი სკულპტურა.

არკადაგი უხვადაა გაფორმებული შადრევნებით, პარკებითა და სკვერებით, თვალშისაცემია ქუჩების სისუფთავე და ასფალტის იდეალური საფარი, თუმცა ისიც იქცევს ყურადღებას, რომ ქუჩები თითქმის უკაცრიელია. აშკარაა, რომ სახლებში არავინ ცხოვრობს.

რატომ გადაწყვიტეს თურქმენეთში „თურქული სამყაროს პირველი ჭკვიანი ქალაქის“ აშენება?

საინფორმაციო რესურსის „თურქმენეთის ქრონიკების“ რედაქტორის, რუსლან ტუხბატულინის თქმით, ვიდრე არკადაგის მშენებლობას დაიწყებდნენ, ცდილობდნენ ერთგვარ იდეალურ ქალაქად ექციათ აშხაბადი, თურქმენეთის დედაქალაქი.

„აშხაბადი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში კვადრატულ კილომეტრზე მარმარილოს შენობების რაოდენობის მიხედვით.

აშხაბადში ახლაც შენდება ბევრი მონუმენტი, რა თქმა უნდა, თეთრი მარმარილოსგან, მაგრამ 5 წლის წინ რაღაც მიზეზით გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გადაწყვიტა აეშენებინა ცალკე ქალაქი აშხაბადთან ახლოს, აეშენებინა, როგორც იტყვიან, ნულიდან.

მანამდე კი აშხაბადის გადაკეთება ხდებოდა. ბევრი რამე აიღეს, ბევრი უბრალოდ თვალს მოაფარეს (ერთ და ორსართულიანი უსახური სახლები), არკადაგი კი ნულიდან შენდება და, ჩანაფიქრის მიხედვით, ის იქნება იდეალური ქალაქი, რა თქმა უნდა, იდეალური უფროსი ბერდიმუჰამედოვის გემოვნების მიხედვით, როგორიც მას წარმოუდგენია.

რატომ გადაწყვიტა, გაუგებარია, რაციონალური ამაში არაფერია. ეს ქალაქი აბსოლუტურად არ სჭირდება თურქმენეთს. დედაქალაქიც კი არ არის გადატვირთული, აშხაბადში ბევრი ბინა ცარიელია... ახალი ქალაქის აშენებაში ძნელია რამე აზრის დაჭერა“, - ამბობს რუსლან ტუხბატულინი, რომლის თქმითაც, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ არკადაგი თურქმენეთის მომავალ დედაქალაქად განიხილებოდეს:

„არ მგონია, რომ ახალ ქალაქში გადაიტანენ მმართველობის რაღაც სტრუქტურებს, სამინისტროებს და სხვა დაწესებულებებს. ეს უფრო ჰგავს უფროსი ბერდიმუჰამედოვის საცხოვრებელ ადგილს, ანუ აქ იქნება ყველაფერი ის, რაც მას უყვარს: საჯინიბო, ცირკი, ცხენოსნობის აკადემია... მოკლედ, ყველაფერი, რაც მოსწონს. იქნება ბაღები, ვენახები, მოკლედ, იქნება რაღაც აგარაკის მსგავსი“.

არკადაგი, რომელიც 70 ათას მოსახლეზეა დაპროექტებული, გავრცელებული კადრების მიხედვით, თითქმის სრულად ცარიელია. ვინ იცხოვრებს ამ ქალაქში, ვინ და როგორ შეარჩევს მცხოვრებლებს ამ იდეალური ქალაქისთვის? - ამ კითხვის პასუხად რუსლან ტუხბატულინი ამბობს:

„ჯერჯერობით გაუგებარია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიღაც ჩინოვნიკები, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა იცხოვრონ მათ არკადაგში, როცა აშხაბადშიც არის ელიტური სახლები? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ აშხაბადში სამსახურიც უფრო ახლო აქვთ. არც მედიას და არც მთავრობას არაფერი უთქვამს ვინ უნდა ჩაასახლონ, როგორ უნდა შეირჩნენ მცხოვრებლები და როგორ უნდა განაწილდეს საცხოვრებელი ფართობი“.

არკადაგი უფროსი ბერდიმუჰამედოვის პირადი პროექტია, სწორედ ის არის დაკავებული პროექტის მიკრომენეჯმენტითაც კი: სწორედ მისი დამტკიცებულია მოაჯირების, განათების ბოძების, კანალიზაციის თავსახურების დიზაინი, მისი შერჩეულია ფანჯარათა ფერთა გამა, მარმარილო, გადახურვა.

თურქმენული მედია იუწყება, არკადაგი „ჭკვიანი“ ქალაქის სამაგალითო ნიმუშია, რომლის ფუნქციონირება მთლიანად ეფუძნება მოწინავე ციფრულ, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და „მწვანე“ ტექნოლოგიებს.

მშენებლობაშიც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოყენეს. შემთხვევით არ იყო, რომ ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც თურქმენეთის პრეზიდენტს და თურქმენეთის ნაციონალურ ლიდერს ორი ახალი ელექტრომობილი TOGG-ი გადასცა.

თურქმენეთი - ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა) ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება ყაზახეთს დასავლეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით უზბეკეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და დასავლეთით კასპიის ზღვას. ქვეყნის ფართობი: 488,1 ათასი კვ.კმ; მოსახლეობა: 5 მლნ ადამიანი.

თურქმენეთი ფლობს მსოფლიოს ბუნებრივი გაზის მეოთხე უდიდეს რეზერვებს. ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარულია ყარაყუმის უდაბნოთი. თურქმენეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართავდა მუდმივი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი, ვიდრე არ გარდაიცვალა 2006 წელს. 2007 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც 2022 წელს შეცვალა მისმა ვაჟმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოში პრესა მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. უკიდურესად შეზღუდულია უცხოურ მედიაზე წვდომაც.

ქვეყანაში შექმნილია გურბანგული ბერდიმუჰამედოვის პიროვნების რთული და უცნაური კულტი.

თურქმენეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი აირის მარაგით.

ქალაქ არკადაგში დგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ძეგლი. ყოფილი პრეზიდენტი ამხედრებულია მის საყვარელ თურქმენულ ახალთექურ ჯიშის ცხენზე. ცხენი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, რადგან მან უკანა ფეხებით 10-მეტრიანი დისტანცია დაფარა.

უფროსი ბერდიმუჰამედოვი ქალაქის გახსნის პომპეზურ ცერემონიას არ დასწრებია, რადგან იმყოფებოდა საუდის არაბეთში ჰაჯის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად.

თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა მსოფლიოში. Human Rights Watch-ის მიხედვით: „თურქმენეთი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყნად. თურქმენეთი პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი კვლევისა და მედიისთვის, რელიგიური თავისუფლებები ექვემდებარება დრაკონულ შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა აქტივისტების წინაშე არსებობს მუდმივი საფრთხე ხელისუფლების მხრიდან“.