რონალდუ სერიოზულ შარშია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისური პრემიერ-ლიგის მორიგ ტურში, ლივერპულის „ევერტონმა“, საკუთარ მოედანზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს, გვირაბისკენ მიმავალ ფეხბურთელებს, როგორც წესი, გულშემატკივრები სურათებს უღებდნენ და მათ შორის იყო 14 წლის ჯეიკ ჰერდინგი - აუტისტი ბავშვი, რომელიც ასევე სურათებს იღებდა. როგორც ჩანს, მარცხით გაღიზიანებული სტუმართა ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ხასიათზე არ იყო და...

„თამაშის შემდეგ, „მანჩესტერის“ ფეხბურთელებმა მოედნის დატოვება დაიწყეს, გვირაბთან ვიყავით, სადაც ისინი გადიოდნენ. ჩემი შვილი ყველას იღებდა, შემდეგ მან ტელეფონი ძირს დასწია, რადგან რონალდუს ფეხზე სისხლდენა ჰქონდა. კრიშტიანო საშინელ განწყობაზე იყო და არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ტელეფონი აიღო, გატეხა და სიარული გააგრძელა. ვერც ვიჯერებ, რომ ეს მოხდა, ჯეიკი შოკში იყო, ის აუტისტია და სახლში დაბრუნებამდე ვერც მიხვდა, რა მოხდა. ის პირველად იყო სტადიონზე და მოხდა ის, რაც მოხდა, ძალიან იმედგაცრუებულია. სრულიად ფანტასტიკური დღე იყო მანამდე, მაგრამ ყველაფერი ჩაგვშხამდა. რონალდო არ არის „ევერტონის“ ფეხბურთელი, მაგრამ ყველასთვის კერპია, ჩემი შვილი ბედნიერი იყო და ამბობდა, რომ მას ნახავდა“, - ეს განცხადება ბავშვის დედამ, სარა კელიმ გააკეთა.

„ადვილი არაა ემოციებთან გამკლავება ისეთ მომენტში, როცა მარცხდები, თუმცა ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, მოთმინება და მაგალითი მივცეთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. მინდა, ბოდიში მოვიხადო ჩემი საქციელის გამო და ეს გულშემატკივარი მივიწვიო „ოლდ ტრაფორდზე“, თამაშის საყურებლად“, - რონალდუმ ეს განცხადება კი გაავრცელა, მაგრამ ლივერპულის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო და მოზარდზე ძალადობის მუხლით, საქმეც აღძრა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე