„ამ პროცედურებით შეიძლება, განვითარდეს მომენტალური სიბრმავე, მწვავე ანთებითი პროცესი, ქსოვილების ნეკროზი, შეშუპება, დეფორმაციები... არ შეიძლება ამის გაკეთება!“ - კოტე მათითაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი

დღეს ქალბატონები სახის მოცულობითი კორექციისთვის და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის უამრავ ხერხს მიმართავენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია შემავსებელი, იგივე „ფილერი“, არადა უმრავლესობამ არ იცის, რომ შეიძლება მსგავსი პროცედურები მათთვის სავალალოც კი აღმოჩნდეს. რა შემთხვევაში გვჭირდება „ფილერი“, რა დანიშნულება აქვს და რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატების შესახებ - აღნიშნულ საკითხებზე გაზეთ „ვერსიას“ პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი ესაუბრა:

- ბატონო კოტე, განგვიმარტეთ, რა არის ე.წ. შემავსებელი?
- შემავსებელს სამედიცინო ტერმინოლოგიით ინპლანტს ეძახიან, თხევადი ინპლანტი. ნივთიერება, რომელიც თავსდება ქსოვილებში, ქსოვილების მოცულობის გაზრდის მიზნით

-ძირითადად რა ასაკის ადამიანები იკეთებენ ამ შემავსებელს?
-შემავსებელს მიმართავს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, 18 წლიდან (მანამდე არც არის რეკომენდირებული) 60-70 წლამდე და უფრო მეტიც ზოგ შემთხვევაში.

- არასრულწლოვანი გოგონები ძირითადად მშობელთან ერთად მიდიან პროცედურის გასაკეთებლად. საინტერესოა, რამდენად არის რეკომენდირებული არასრულწლოვანზე პროცედურის ჩატარება და ამ შემთხვევაში ექიმი როგორ უნდა მოიქცეს?
- მომართვიანობა მშობელთან ერთად ამ მიმართულებით რეალურად იშვიათია, ყოველშემთხვევაში ჩემს პრაქტიკაში ასეა. ძირითადად თავისით მოდიან ადამიანები, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, როდის შეიძლება და სწორია თუ არა პროცედურის წარმოება მიუხედავად პაციენტის სურვილისა, რადგან პაციენტს შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, წარმოდგენა, ხშირად არასწორი, რომელიც უნდა აღმოაჩინოს ექიმმა, კონსულტაცია სწორად ჩატარდეს და გაკეთდეს დასაშვები პროცედურა.


-პროცედურისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა რომელ ზონებზეა?
-ახლა აქტუალურია ცხვირის შემავსებლებით მოდელირება. ხშირია ამაზე მომართვიანობა და ცხვირის მოდელირება შემავსებლით არის ერთ-ერთი საკმაოდ რისკის შემცველი პროცედურა. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური რაოდენობით ამ საშუალების გამოყენება უმნიშვნელო კორექციის მიზნით. კომპეტენტური ექიმის ხელით უნდა შესრულდეს ამ ტიპის პროცედურები.


-როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ ექიმი-კოსმეტოლოგი ხარისხიან ინექციას იყენებს?
-საქმე იმაშია, რომ, მაგალითად, აშშ-ში კოსმეტოლოგებს ამ ტიპის პროცედურების წარმოების უფლება არ აქვთ. ამ პროცედურის წარმოების უფლება ენიჭება ან პლასტიკურ ქირურგს, ან ექიმ-დერმატოლოგს სათანადო კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ან ესთეტიური მედიცინის სპეციალისტს, რომელსაც აქვს გავლილი ძალიან მკაცრი და ხანგრძლივი მზადების კურსი, რათა გააკეთოს საინექციო პროცედურა. საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ არის რეგულაციები, რაც ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება.

-რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს არასწორმა ინექციურმა პროცედურამ?
-დაწყებული ადამიანის მომენტალური დაბრმავებით, (ხშირია ეს შემთხვევები მსოფლიო პრაქტიკაში) დეფორმაციებით, დამთავრებული ქსოვილების იშემიით, ნეკროზით. ბევრი გართულება ახასიათებს, ასევე ახასიათებს ესტეთიური თვალსაზრისით გართულებებები, როდესაც დაგეგმილი პროცედურა ვერ აღწევს სასურველ შედეგს და იწვევს არასწორად მიღებულ ესტეთიურ რეზულტატს. იმის გასწორება შემდეგ უკვე არის ძალიან რთული.

-ხშირად სილამაზის სალონებში აკეთებენ მსგავსი ტიპის პროცედურებს და საინტერესოა, რამდენად მოწმდება ეს პროცესი? რადგანაც ხშირია შემთხვევა, როდესაც გოგონებისთვის არასწორად ჩატარებული პროცედურა სავალალო შედეგებამდე მისულა...
-არამარტო სალონებში, სახლის პირობებშიც კეთდება მსგავსი პროცედურები. მსოფლიოში ესტეთიკური მედიცინის სალონები ბინებში ბევრ სპეციალისტს აქვს გახსნილი. ევროპაში, ამერიკაში, თურქეთში ძალიან პოპულარულია და არ არის აუცილებელი, კლინიკაში გახსნა, მაგრამ სტრუქტურულად უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ პროფესიონალი ვინც ამას აკეთებს, იყოს, როგორც აღვნიშნე, ამ დარგის სპეციალისტი. თუ გუშინ კურსები გაიარა და სერთიფიკატი აიღო, ეს არ აძლევს ადამიანს უფლებას, აწარმოოს საინექციო პროცედურა. კონკრეტულად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საინექციო პროცედურები, სახის წმენდა, კოსმეტოლოგიური თუ სხვა პროცედურების წარმოება ამასთან კავშირში არ არის, მათ შორის აპარატურული ტექნოლოგიების გამოყენებაც თუნდაც, თუმცა იქაც სათანადო მზაობაა საჭირო. ჩვენთან ამის კონტროლი არ არსებობს, სამწუხაროდ.

-ბატონო კოტე, თუ ეს ყველაფერი არ კონტროლდება და ადამიანი დაზარალდა არასწორი საინექციო პროცედურის გამო, ამ შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს?
- ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობს. რა თქმა უნდა, კარგი სპეციალისტები ბევრი გვყავს საქართველოში, თავის საქმის პროფესიონალები. ასეთი არჩევანის გაკეთების საშუალება ყველას გვაქვს. საქმე ისაა, რომ „იაფი პროცედურა“ არასდროს არის სახარბიელო და მიმზიდველი. ამ დროს აღარ აკვირდებიან, ვინ რას აკეთებს, რა პრეპარატია, რამდენად აპრობირებულია ეს პრეპარატი მსოფლიო პრაქტიკაში ან სპეციალისტი რამდენი ხანია, მუშაობს ამ პრეპარატით. ამიტომ, სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევაში მომხმარებლები ზარალდებიან. შემდეგ იწყება გადაბრალებები, რომ ორგანიზმია ასეთი, არ მიიღო და ხშირად მისტიური ალერგიის თემაა გამოტანილი წინა პლანზე, თუმცა ასე არ არის.

- ბატონო კოტე, E ვიტამინზეც გვესაუბრეთ, რა შედეგებამდე მივყავართ და რა დაზიანების გამოწვევა შეუძლია მას?
-ეს ზუსტად იგივეა, როგორც ჩემი კოლეგა გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ხშირად ამბობს, ლეღვის ნახარშით რუჯის მიღება, პარადოქსული სიგიჟეაო! დაუშვებელია, ეს არის თვითდაზიანება. E ვიტამინის გამოყენებით, მაგალითად, ტუჩების მოცულობის გაზრდა, ეს იგივეა, ცემენტით რომ სახე დაიბანო და თქვა, რომ სკრაბი გამოიყენე ან ქვანახშირით რომ კბილები გაიხეხო და თქვა, კბილები გავითეთრეო. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, მიუღებელი, არალეგალური პროცედურა, რომელიც არანაირ კავშირში არ არის მსგავს პროცედურებთან!

-კი,მაგრამ რატომღა მიმართავენ ამ ინფორმაციის მიუხედავად, მსგავს პროცედურებს, რით ხსნით ამას?

-ამის მიზეზი პირველ რიგში ინფორმაციის დეფიციტია, ასევე განათლების და კიდევ სხვა პრობლემა, რომელზეც კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ადამიანმა ეს გააკეთო?!

-ბატონო კოტე, ჩვენ ვისაუბრეთ შემავსებლის შემთვევაში სხვადასხვა დაზიანებებზე, E ვიტამინმა კონკრეტულად რა დაზიანებები შეიძლება, გამოიწვიოს?

-E ვიტამინი არის ბლანტი სითხე, რომელიც ამპულებშია მოთავსებული და კეთდება ვიტამინოთერაპიის მიზნით კუნთებში სრულიად სხვა დანიშნულებით. რადგან ბლანტი სითხეა, ვიღაცამ ოდესღაც „მოსინჯა“ და მიიღო შედეგად, რომ მოცულობაში ქსოვილმა მოიტამა. ამის შედეგად შეიძლება, განვითარდეს მწვავე ანთებითი პროცესი, ქსოვილების ნეკროზი, შეშუპება, ძალიან ხანგრძლივი რეგენერაციის პროცესი, დეფორმაციები - მოკლედ, უმძიმესი პროცესები. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი რამ, არ შეიძლება ამის გაკეთება!