აფხაზეთში რიწის ტბისა და ახალი ათონის მღვიმის მონახულება ძვირდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთში მთავრობამ ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების – რიწის ტბისა და ახალი ათონის მღვიმის მოსანახულებელი ბილეთების ღირებულება გაზარდა. ამ ფაქტს გიდებს შორის და სოციალური ქსელებში დიდი აღშფოთება მოჰყვა. ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ტურისტულ სეზონზე უარყოფითად იმოქმედებს.

ბილეთის ახალი ფასი 1-ლი მაისიდან ამოქმედდება. ტურისტს, რომელიც რიწის ეროვნული პარკის მონახულებას გადაწყვეტს, ბილეთში ორჯერ მეტის გადახდა მოუწევს. ღირებულება 350-დან 700 რუბლამდე იზრდება (4,5-დან 9 დოლარამდე).


500-დან 700 რუბლამდე გაიზრდება (6,5-დან 9 დოლარამდე) არანაკლებ ცნობილი ახალი ათონის გამოქვაბულის ბილეთის ფასიც.

მთავრობაში ბილეთების გაძვირებას იძულებით ნაბიჯს უწოდებენ. ამბობენ, რომ რიწის ეროვნული პარკისა და ახალი ათონის მღვიმის შენახვის ხარჯები, რომლებიც გასულ წელს ნახევარ მილიონზე მეტმა ტურისტმა მოინახულა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.

ტურისტულ კომპანიებში ახალი ტარიფები არ მოსწონთ. კომპანიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბილეთის მაღალი ფასი ამ ორი ძირითადი ტურისტული ადგილის მონახულების მსურველთა რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.

წუწუნებენ სოციალურ ქსელებშიც:

– „ჩვენთან ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მოდიან, ვისთვისაც ყოველი რუბლი მნიშვნელოვანია. ახლა, მას შემდეგ, რაც გასული თვის განმავლობაში ყველაფერი მკვეთრად გაძვირდა – ბენზინიდან დაწყებული სასურსათო პროდუქტებით დამთავრებული, რიწის ტბისა და ახალი ათონის მღვიმის ბილეთების ფასის გაზრდაც, ფაქტობრივად, შეურაცხყოფის ტოლფასია.

– “რუსეთში, სანქციების გამო, ძალიან რთული ეკონომიკური პერსპექტივა ჩნდება. შესაბამისად, ეს პირველ რიგში რიგით მოქალაქეებს შეეხება. ასჯერ დაფიქრდებიან, წავიდნენ თუ არა წელს ზღვაზე. და აქ კიდევ ჩვენ ვართ ჩვენი მოთხოვნებით. საბოლოოდ, ჩვენი სიხარბის გამო, ბევრ რუსს „დავარწმუნებთ“, რომ წელს აფხაზეთში არ ჩამოვიდნენ”.

– „ახლა, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მხრიდან კოლოსალური სანქციების ზეწოლის ქვეშ არიან, ფასების აწევა ახალ რეალობას სრულიად არ შეესაბამება. აფხაზეთის მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან რა არის ომი, სანქციები, ბლოკადა და უცხოური კოლექტიური ზეწოლა ხალხზე, ამიტომ ღირს დაფიქრება, როგორ დავუჭიროთ მხარი ხალხს, როგორ დავეხმაროთ. ფასების მკვეთრი ზრდა ახლა ნამდვილად შეუსაბამოა“, – მიიჩნევს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ახრა არისტავა.

წყარო: jam-news.net