56 ახალი სტატია

რა არის პატრიოტიზმი - ანწუხელიძის სამშობლოდან უცნობის სამშობლომდე

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სულისკვეთებითა და პატრიოტიზმით, ძველად პატრიოტიზმი მეფისა და სამშობლოს სიყვარულსა და მათთვის თავდაუზოგავ, გმირულ ბრძოლაში გამოიხატებოდა. პატრიოტები იყვნენ ის მამაცი და მხნე მებრძოლები, რომლებიც თავიანთი მეფისა და ქვეყნისთვის მზად იყვნენ ნებისმიერ მტერს შეწინააღმდეგებოდნენ. მათი პატრიოტიზმის წყალობით, მტერი ვერასდროს იმონებდა ქართველებს სულიერად და სწორედ გმირების შეუპოვარმა ბრძოლამ გადაარჩინა ქართული გენი.

თუმცა, მას შემდეგ სამყარო შეიცვალა - სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები. ჩამოყალიბდა ახალი ღირებულებები, შეიცვალა ხედვა და სიტყვის „პატრიოტიზმი“  მნიშვნელობა ტრანსფორმირდა ანდა საერთოდაც  დაიკარგა.

ჩვენს რეალობაში,ქართველების უმეტესობა სამშობლოსადმი სიყვარულს სადღეგრძელოებში გამოხატავს, ხშირად შევხვდებით სუფრებზე მამაკაცების პაექრობას სადღეგრძელოებსა და განსახვავებული სასმისების გამოცლაში. ისინი თითქოს ამით უმტკიცებენ ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულს, კამათობენ და განიხილავენ, ეპაქრებიან და ასე უმტკიცებენ ერთმანეთს კაცობასა და პატრიოტიზმს.

წინა საუკუნეებში თუ გმირულად იბრძოდნენ ქვეყნის წინაშე და ამით ამტკიცებდნენ საქართველოს სიყვარულს, ახლა რა ხდება? ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც უთქმელად, საქციელებით ამტკიცებენ თავიანთ პატრიოტიზმს, მაგრამ რატომ არის რომ უმეტესობას სიტყვა „პატრიოტიზმი“ არასწორად (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა)  ესმის?!

ადამიანი, რომელიც უნიათო და უსაქმურია და მხოლოდ სადღეგრძელოებში ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებს სამშობლოს სიყვარულს, თითქოს  გვიკარგავს პატრიოტიზმის დადებით აღქმას. ჩემი აზრით, ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, აკეთებენ თავიანთ საქმეს და ორიენტირებულები არიან განვითარებისკენ, თავისთავად პატრიოტია.

ილია წერდა: სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი.” უნდა შევთანხმდეთ, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელოს შესმითა და გულზე მჯიღების ბრაგუნით არ განისაზღვრება.  რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მებრძოლი თითოეული ადამიანი გმირია, თუმცა დღეს შეიცვალა დრო და მხოლოდ ბრძოლის ველზე ყოფნა არ განაპირობებს სამშობლოს სიყვარულს.  ჩვენ, ქართველები, უძველესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ერი, საერთოდ არ ვუფრთხილდებით ჩვენს საგანძურს, უფლებას ვაძლევთ შინაურ თუ გარეშე მტრებს ქართულ „პატრიოტიზმს“ ამოფარებულმა გვებრძოლონ და გამოუთხარონ ძირი ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ამის მერე გამოვდივართ და ერთმანეთს მივუთითებთ, ჭკუის სწავლებითა და ლამაზი სიტყვებით ვეჯიბრებით - ვინ უფრო დიდი პატრიოტია.

პატრიოტიზმს იბრალებენ ჩვენს რეალობაში პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ ყბედობით გვიმტკიცებენ საქართველოს სიყვარულს. საქართველოს სახელმწიფო დროშა, ჩვენი ეროვნული სიმბოლო, რომელიც ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის სიწმინდესთან არის ასოცირებული, ფსევდოპატრიოტიზმით შეპყრობილმა ადამიანებმა არაფრად ჩააგდეს და ზედ გადაუარეს, უცნობი ( კარგად ნაცნობი გიორგი გაჩეჩილაძე), რომელიც ყოველთვის გვაჯერებს თავის სიყვარულს ქვეყნისადმი, ერთ-ერთ აქციაზე დროშას არაფრად აგდებს, თუმცა მას რომ ვკითხოთ, იგი პატრიოტია.  თუმცა ის კი ავიწყდება, რომ ეს ის დროშაა, რომელიც გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა -  როცა ტყვედჩავარდნილს, მისი გათელვა სთხოვეს, საქართველოს დროშას ფეხი არ დაადგა, რუსებს ბოდიში არ მოუხადა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა გიორგი ანწუხელიძე ჯერ სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს. ეს ორი ფაქტი, ორი ადამიანის ქმედება ნათელი მაგალითია პატრიოტისა და ფსევდოპატრიოტის ქმედებისა. პატრიოტიზმის მაგალითია გიორგი ტატუნაშვილისა და იმ ქართველი ვაჟკაცების ცხოვრება, რომლებიც სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ, სიტყვით პატრიოტები  კი სწორედ მათ გმირობას იფარებენ ფარად საკუთარი ლაჩრობის შესანიღბად.

რატომ შემაწუხა ამ კითხვამ დღეს - 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს? ალბათ იმიტომ, რომ მოახლოებული არჩევნებისა თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, როცა სოციალურ ქსელში ყოველდღიურად თვალში გხვდება ებრაელთა თავგანწირული ბრძოლა ისრაელისთვის, უცნაური სევდა გიპყრობს - სევდა იმის გამო, რომ საქართველო ოკუპირებულია და სწორედ დღეს გვჭირდება ნამდვილი პატრიოტები. ანწუხელიძეები, ტატუნაშვილები, შინდისის გმირები, სწორედ ისეთი ქალბატონები, ერთ ხელში რომ ავტომატი უჭირავს და მეორე ხელით ჩვილ ბავშვს უვლის.  

ეროვნული თავისუფლება პიროვნული თავისუფლებით იწყება და თუ გვსურს ქვეყნის გადარჩენა და განვითარება, ჯერ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ - რა არის ჩვენთვის „სამშობლოს გრძნობა განსაცვიფრები“ (როგორც გალაკტიონი უწოდებდა)? ვაცნობიერებთ თუ არა, რომ გაბოროტებული, ჭორიკანა, ღვარძლიანი ადამიანები, არც საკუთარ ოჯახს რომ არ უფრთხილდებიან და არც მოყვასს, ამით  უპირველესად იმ ქვეყანას მტრობენ, სადაც ცხოვრობენ და შვილებს ზრდიან? უფიქრიათ კი ოდესმე, რომ საქართველო  ვერასდროს ვერ გამოვა ამ მოჯადოვებული წრიდან, თუ  ყველა ოჯახში არ იქნება სიმშვიდე, სიყვარული, პატივისცემა, თუ ყველა ქართველი ბირჟაზე დგომის ნაცვლად იმ საქმეს გააკეთებს, რომელიც უყვარს, სხვის გადმოგდებულ ლუკმას კი არ დაელოდება და მათხოვრის ფსიქოლოგიით კი არ იცხოვრებს, თავად შექმნის საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას?! თუ ყველა ქართველი თავის გაზრდილ შვილს არ ასწავლის, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ვალდებულება აქვს სამშობლოს წინაშე და გიორგი ანწუხელიძის დაღვრილი სისხლი გიორგი ანწუხელიძის წილია და ყველას საკუთარი ვალი აქვს გადასახდელი!

თუმცა ზნეობრივი და გმირული მაგალითებით საზოგადოების უზნეო და ლაჩარ ნაწილს ვერაფერს შეასმენ - არც ლაჩრების დაბრუნებული სამშობლო ახსოვს ისტორიას, ჰოდა, სანამ სადღეგრძელოს სათქმელად ჭიქა ავწევთ, ანდა ჭკუის დარიგებას ან ლანძღვას დავიწყებთ, საკუთარ თავს ვკითხოთ - ჩვენ რა გავაკეთეთ (ან ვაკეთებთ) სამშობლოსთვის?

 სალომე ნოზაძე