უკრაინასა და უნგრეთში ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინასა და უნგრეთში მიმდინარეობს ვოლოდიმირ ზელენკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის სამზადისი. სააგენტო Reuters-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს.

დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ქვეყნები, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ. მათ შეძლეს უნგრეთის პრემიერ ორბანის უარყოფითი პოზიციისთვის გვერდის ავლა. ორბანმა გადაწყვეტილების მიღებამდე დატოვა მოლაპარაკების სივრცე.

თუმცა ვერ მოხერხდა ორბანის წინააღმდეგობის დაძლევა უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე. ორბანის სურვილია, უკრაინამ დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტს მიღმა არსებული სახსრებიდან მიიღოს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა კონსტრუქციული შეხვედრის ორგანიზება. მოგვიანებით ორბანმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე მიწვევა მიიღო.

უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ორბანმა რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც.