ვარშავაში ფერმერების აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვარშავაში ფერმერების საპროტესტო აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. არიან დაკავებულები და დაშავებულები.

როგორც პოლონური მედია წერს, არეულობა პოლონეთის სეიმის შენობასთან მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა საგანი დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას შეეცადა. ისინი პოლიციელებმა შეაჩერეს.

სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა არეულობა ვარშავის სხვა უბნებშიც არ დაიწყოს. მათვე ცნობით, შეტაკებების დროს დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი. ათობით ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში, უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება ფერმერების აქციები, რომლის მონაწილეებიც უკრაინიდან და ევროკავშირის არაწევრი სხვა ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტის შეჩერებას, ასევე, ევროკავშირის ბიუროკრატიული და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, 5 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა პროტესტის მონაწილე ფერმერებს შეხვედრა შესთავაზა, რათა სადავო საკითხები გადაიჭრას. ტუსკის ადმინისტრაცია ამ შეხვედრას 9 მარტს გეგმავს.