ჰეილიმ ტრამპი ვაშინგტონში დაამარცხა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად რესპუბლიკელების პირველად არჩევნებში(primary) პირველ წარმატებას მიაღწია ყოფილმა ელჩმა გაეროში, სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ. მან ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

კვლევითი ორგანიზაციის, Edison Research-ის მონაცემებით, ჰეილიმ ხმების 62,9% მიიღო, ხოლო ტრამპმა - 33,2%. ამ შედეგების მიხედვით, ნიკი ჰეილის კოლუმბიის ოლქიდან 19 დელეგატის ხმა ექნება.

როგორც ჰეილის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, გასაკვირი არ არის, რომ ვაშინგტონელი რესპუბლიკელები უარყოფენ ტრამპს და მის ქაოსს. დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ კოლუმბიის ოლქში კენჭისყრისგან თავი შეგნებულად შორს დაიჭირა, რადგან ეს არის „ჭაობი“ დელეგატების მცირე რაოდენობით და რაიმე უპირატესობის გარეშე.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ჰეილის გამარჯვებას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან მისი შანსი, გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ძალიან დაბალია. ვაშინგტონამდე ჩატარებულ რვავე პირველად არჩევნებში, მათ შორის ჰეილის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაში, ტრამპმა გაიმარჯვა.

პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად დემოკრატების მიერ ჩატარებულ პირველად არჩევნებში ჯერჯერობით ყველგან გაიმარჯვა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

5 მარტს პირველადი არჩევნები ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება. პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.