სახელმწიფო აუდიტის დასკვნა - რა დარღვევები გამოვლინდა აგროდაზღვევის სახემწიფო პროგრამაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდის სამსახური აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაინტერესდა. ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტია და 2014-2021 წლებს ეხება. რა თქმა უნდა, აუდიტის ობიექტები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „სოფლის განვითარების სააგენტო“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვისა და განვითარების პროცესი. ამასთან, სახელმწიფო აუდიტორები დაინტერესდნენ აგროდაზღვევის პროგრამის განვითარების ტენდენციებით, სააგენტოს შექმნილი წინაპირობებით აგროდაზღვევის პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად და ბენეფიციარებთან უკუკავშირის მექანიზმებით. როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტის შედეგადს გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, თუმცა მთავარმა მაკონტროლებლებმა მათ გამოსასწორებლად გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

 

ზოგადი მიმოხილვა

ვიდრე იმ ნაკლოვანებებს გაგაცნობთ, რაც აუდიტის შედეგად, აგროდაზღღვევის სახელმწიფო პროგრამაში გამოვლინდა, ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ. შეგახენებთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, სოფლის განვითარებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველჰყოს სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

ფაქტია და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი, ყველაზე რისკიანი სფეროა, რომელზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბუნებრივი პირობების ცვალებადობა. სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზიანი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სფეროში ჩართული მოსახლეობის ფინანსურ სტაბილურობასა და აგრარული სექტორის განვითარებას. ამ რისკებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია აგროდაზღვევა, რომელიც საქართველოში, 2014 წლის შემდეგ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.

სახელმწიფოს მხრიდან აგროდაზღვევის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმამ, სადაზღვევო პროდუქტი ბევრად მეტი ფერმერისთვის გახადა ხელმისაწვდომი. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, რთულია აგრორისკების დაზღვევის სისტემის განვითარება, მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და ფერმერთა ძალისხმევით, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობა სისტემის განვითარებაში.

„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014-2021 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 73 000 000 ლარი. პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებდა საშუალოდ 11 700 ბენეფიციარი, ჯამში, 95 000-მდე პირი. პროგრამის შედეგად, 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66 100 000 ლარის ზარალი, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია. დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პროგრამა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ, 2014-დან 2021 წლამდე, დაგეგმილი იყო აგროდაზღვევით სასოფლო-სამეურნეო ფართობებისა და ფერმერების მოცვის მაჩვენებლების ეტაპობრივი ზრდა, თუმცა დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში არსებითად არ გაზრდილა. დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნის შესავალში.

ამ გარემოების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია რამდენიმე ძირითადი რეგიონისა და კულტურის ძალიან მაღალი - თითქმის 71%-იანი წილი მთლიან სადაზღვევო პორტფელში. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ საქართველოს მასშტაბით, კვლავ გამოწვევად რჩება ფერმერებისთვის რელევანტური სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და რეალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და მის სრულფასოვნად ასამოქმედებლად საჭიროა ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს.

 

ხარვეზები სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ აგროდაზღვევის პროგრამის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის შედეგების შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორებს წარმოადგენს ანაზღაურებული ზიანის ღირებულება, ასევე, ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების დროულობა. სადაზღვევო შემთხვევების მართვის პროცესის ობიექტური შეფასების მიზნით კი აუცილებელია, სააგენტო სისტემატურად და სრულად აღრიცხავდეს პროგრამის ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების, ასევე, მათი ადმინისტრირების პროცესის შესახებ პერიოდულად განახლებად ინფორმაციას. მონაცემთა სისრულე და სიზუსტე სააგენტოს მისცემს საშუალებას, შეაფასოს დადგენილებასთან შესაბამისობის კონტროლი, პროგრამის განხორციელების ხარისხის დონე და ბენეფიციართა კმაყოფილება.

„სააგენტოს მიერ, 2014-2021 წლებში წარმოებული ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია. გარდა ამისა, „ზარალების ბაზის პროტოკოლით“ დადგენილი აუცილებელი ველები და სააგენტოს ზარალების ბაზაში წარმოდგენილი ველები, რაოდენობისა და შინაარსის მიხედვით - განსხვავებულია, რაც განპირობებულია „ზარალების ბაზის პროტოკოლის აღწერის“ დოკუმენტის განახლების საჭიროებით. ამასთან, ისიც გაირკვა, რომ ზარალების მონაცემთა მონიტორინგის ელექტრონული მოდული არ ფუნქციონირებს“.

 

ხარვეზები სადაზღვევო პოლისების სუბსიდირებაში

ხარვეზები გამოვლინდა სადაზღვევო პოლისების სუბსიდირების ნაწილშიც. კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტო სადაზღვევო პოლისების დოკუმენტური მონიტორინგის პროცესის სამართავად იყენებს ელექტრონულ პროგრამას, რომლის საშუალებითაც ამოწმებს პოლისების ვალიდურობას და იღებს გადაწყვეტილებას კომპანიისთვის სუბსიდიის ჩარიცხვის შესახებ.

„სადაზღვევო პოლისების დროული სუბსიდირების მნიშვნელობა მაღალია სადაზღვევო ზარალის შემთხვევაში ბენეფიციარის საქმიანობის დროული ფინანსური ხელშეწყობის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამასთან, პოლისების დოკუმენტური მონიტორინგის პროცესის პროდუქტიულობა ხელს შეუწყობს ბენეფიციარისთვის ზარალის არასრულად ანაზღაურების რისკების შემცირებას. შესწავლის შედეგად გამოვლინდა სადაზღვევო პოლისების ელექტრონული მონიტორინგის პროცესის შემდეგი ნაკლოვანებები: რიგ შემთხვევებში, პოლისისთვის სუბსიდირების საბოლოო სტატუსის მინიჭება მისი გაცემიდან არაგონივრული დროის შემდეგ ხორციელდება. გარკვეულ შემთხვევებში, ბენეფიციარის მოლოდინის დრო თითქმის გაუტოლდა პოლისის მოქმედების მაქსიმალურ ერთწლიან ვადას; ამასთან, პოლისების 25 018 (23%) შემთხვევაში, სუბსიდირების საბოლოო სტატუსი მინიჭებულია დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდგომ, საიდანაც 28% შემთხვევაში, 6 924 პოლისისთვის, სტატუსის მინიჭებამდე დადგა ზარალი“.

ზოგადად, სახელმწიფო სუბსიდიის თანხის ჩარიცხვამდე ზიანის დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ზიანის ანაზღაურება კომპანიის მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს ნაწილობრივ - ბენეფიციარის თანხის პროპორციულად, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის/პრემიის პროპორციული ზიანი ანაზღაურდება სააგენტოს მხრიდან თანხის გადარიცხვის შემდგომ. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მიუხედავად ასეთი შესაძლებლობისა, დაგვიანებით დარეგისტრირებული პოლისების შემთხვევაშიც კი, ზარალი ანაზღაურდა სრულად.

 

ხარვეზები სადაზღვევო მომსახურებით უზრუნველყოფაში

მომხმარებელთა ლოიალობის ტენდენციების გაანალიზებით, მზღვეველებს შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ სერვისის პრეფერენციები და გაუმჯობესების სფეროები. ეს ინფორმაცია ღირებულია სტრატეგიული დაგეგმვის, პროდუქტის განვითარებისა და სტაბილურ მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად.

„2014 წლიდან, პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობის ზოგადი ტენდენციის შეფასებით გამოვლინდა, რომ მონაწილეთა გადინების წლიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 50%-ზე მეტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამიდან გასვლის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, რაც მეტწილად განპირობებულია სერვისით - ბენეფიციართა კმაყოფილებით. მიუხედავად ამისა, მცირედით იზრდება დაუზარალებელი ფერმერების გასვლის რაოდენობა, რაც შესაძლოა, ცნობიერების გაუმჯობესების საჭიროებაზე მეტყველებდეს“.

პროგრამის მიმართ მომხმარებელთა ნდობის და კმაყოფილების ამაღლების მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს საჩივრების მექანიზმი. საჩივრების ანალიზის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ სააგენტო ვერ უზრუნველჰყოფს საჩივრების სრულად აღრიცხვას და სისტემური პრობლემების კატეგორიზაციას. გარდა ამისა, ისიც გაირკვა, რომ სადაზღვევო შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, სააგენტოში შესული საჩივრების რაოდენობა უმნიშვნელოა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, მიუთითებდეს ამ მექანიზმის მიმართ ნდობის დაბალ ხარისხსა და საჩივრების ადმინისტრირების სისტემურ ნაკლოვანებებზე.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ გარკვეული საჩივრები არადამაკმაყოფილებელი ხარისხით რეგულირდება კონკრეტული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის გამო, რაც სიტუაციის სხვადასხვანაირი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ამასთან, სააგენტო არ აწარმოებს საჩივრების/პრეტენზიების სისტემატიზაციას და არ ატარებს მიზნობრივ ღონისძიებებს მსგავსი პრობლემების პრევენციისთვის.

 

რეკომენდაციები

ხარვეზების გამოვლენის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტორებმა გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რაც სააგენტოსა და სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

სადაზღვევო შემთხვევების ადმინისტრირების პროცესზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით, „სოფლის განვითარების სააგენტომ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, უნდა უზრუნველჰყოს სადაზღვევო შემთხვევების მონაცემთა მართვის ერთიანი სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება - სრული და ზუსტი, რეგულარულად განახლებადი მონაცემების წარმოება, სათანადო კონტროლების დანერგვა, რაც დაეხმარება სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის რისკების იდენტიფიცირებასა და მათზე დროული რეაგირების მექანიზმების შემუშავებაში.

„სადაზღვევო სერვისის მიმართ მომხმარებელთა ნდობის ამაღლების მიზნით, „სოფლის განვითარების სააგენტომ“, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა უზრუნველჰყოს საჩივრების კატეგორიზაცია შინაარსის მიხედვით; იმ ტიპის საჩივრების იდენტიფიცირება, რომლებიც მოქმედი სისტემის ფარგლებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, დამაკმაყოფილებელი ხარისხით ვერ გვარდება (ალტერნატიული ექსპერტიზის ნაკლებობა, აგროტექნიკური რეგლამენტების ნაკლოვანებები და სხვა) და მათ დასარეგულირებლად აუცილებლად უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები“.

ავტორი: მაკა რუხაძე