ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა მილიონამდე ადამიანს ჯარიმისგან იხსნის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი სამშენებლო ამნისტიით ისარგებლებს. მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს ამინისტიის პროექტზე მუშაობა უკვე დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.

წლების წინ, უნებართვოდ დაეუფლეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობეთ და სახლიც ააშენეთ, თან ისე, რომ საკუთრება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ გაქვთ? ჰოდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა სამშენებლო ამნისტიის შესახებ თქვენ გეხებათ და ეს სტატიაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ინიციატივაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ - მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, ხოლო მეორე მხრივ - მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად და რომლებზეც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1 იანვრამდე, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ინდივიდუალურ შენობა-ნაგებობაზე, რომელსაც პირი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ფლობს.

რატი ბრეგაძის განცხადებითვე, სამშენებლო ამნისტია მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება:

„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა, ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია. სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ხარვეზიანია და შესაბამისად, ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულობით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში. გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. საკუთრების უფლების სრული მასშტაბის უზრუნველსაყოფად და უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ. ის გავრცელდება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა და ეს უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივით, ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ან/და დემონტაჟის რისკი, რადგან ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში. ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს. ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც აშენებული იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე. ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებიც აშენდება შემდგომ, აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შესაბამისად, ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში. ეს ინიციატივა არის არა მხოლოდ ამნისტია, არამედ, ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად“, - დასძინა რატი ბრეგაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ სამშენებლო ამნისტიის პროექტს, რატი ბრეგაძე, მთავრობის სხდომაზე უმოკლეს ვადაში წარადგენს.

 

ავტორი: მაკა რუხაძე