2025 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ნაწილი თვითმმართველობებში დარჩება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2025 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში დარჩება.

აღნიშნულს საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს.

იქამდე კი თვითმმართველობები 2024 წელსაც არსებული მოდელით დაფინანსდებიან და მათზე დამატებული ღირებულების გადასახადის 19% გადანაწილდება. 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ეს თანხა 1 მილიარდ 733 მილიონი ლარი იქნება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ცვლილების მიზანი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდაა. თუმცა გიორგი კაკურიძის თქმით, ასევე დეტალურად უნდა გაანალიზდეს, თუ რა გავლენა ექნება საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დატოვებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებზე.

“თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა გაკეთეს ანალიზი, თუ რა შედეგს მოუტანთ მათ საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დატოვება. ამასთან, საკმაოდ ბევრი იქნება გასაკეთებელი ტექნიკურ დონეზე, რომ შესაბამისი ასახვა მოხდეს ხაზინის და შემოსავლების სამსახურის სისტემაში. ასევე კვლევები გვაჩვენებს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადს გარკვეულწილად გათანაბრების ფუნქცია აქვს, რადგან როგორც წესი, საშემოსავლო გადასახადი ძირითადად ეკონომიკურად აქტიურ მუნიციპალიტეტებს მისცემს რესურსს. იმისთვის, რომ არ დაიჩაგრონ მუნიციპალიტეტები, გარკვეული გათანაბრების ფუნქციის შემოღებაც იქნება საჭირო“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობა მუნიციპალიტეტების შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას გეგმავს. ამასთან, მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის, „ხედვა 2030“-ის თანახმად, 2025 წლისთვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შემოსულობების წილი მშპ-ში 7%-მდე უნდა გაიზარდოს.