მიხეილ ლომთაძის Kaspi ყაზახეთში “წლის ტრანსფორმატორად” დაასახელეს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყაზახეთში ყოველწლიური ბიზნესფორუმი, Kazakhstan Growth Forum-ი იმართება, რომლის ფარგლებში, ქართველი ანტრეპრენიორის, მიხეილ ლომთაძის ფინტექ-პლატფორმა Kaspi.kz-ი “წლის ტრანსფორმატორ კომპანიად” დაასახელეს. აღნიშნული ჯილდო Kaspi.kz-მა ციფრული სერვისების ყაზახების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის მიიღო.

“დღეს, ყაზახეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სახელმწიფო სერვისების ციფრულად მიწოდების კუთხით, რაც თითოეული ყაზახისთვის დიდ სიამაყეს წარმოადგენს, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ ჯილდოს მიღებისას. “მადლობას ვუხდი სახელმწიფო ორგანოებს, რომელთაც სურთ, სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მეტი ყაზახისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. შედეგად, ყაზახეთის მოსახლეობას შეუძლია, სახელმწიფო სერვისები მარტივად და სწრაფად მიიღოს, პირდაპირ სმარტფონიდან”.

შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ოქტომბრიდან ივაჭრება. თავის დროზე, კომპანიის ერთი აქცია $43-ის ფარგლებში ღირდა. საფონდო ბირჟაზე დალისტვიდან ზუსტად ერთ წელიწადში, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს - აქციაზე $145-ს მიაღწია, მაგრამ მოგვიანებით, ყაზახეთში არსებული პოლიტიკური გადატრიალებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ფასი მკვეთრად შემცირდა.

გასული ერთი წლის განმავლობაში კი, Kaspi.kz-ის ბირჟაზე მკვეთრი აღმასვლის დინამიკა აქვს. თუ ერთი წლის წინ კომპანიის ერთი აქცია $46-ად ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი $95-ს აჭარბებს, რაც ზრდის 106%-იანი მაჩვენებელია. ამასთან, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა კასპის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც დღეს $18 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით Kaspi.kz-ი რიგით 924-ე კომპანიაა მსოფლიოში.

2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ამ პერიოდში, Kaspi.kz-ის წმინდა მოგება $844.5 მილიონამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-იან მატებას ნიშნავს. წმინდა მოგების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კომპანიამ ერთბაშად 5%-ით, 30%-მდე გაზარდა მთლიანი წლის წმინდა მოგების ზრდის მაჩვენებელი. Kaspi.kz-ი დივიდენდური კომპანიაა, ასე რომ ამ თანხის განაწილებას ის აქციონერებზე გეგმავს.

კომპანიის ამგვარი ფინანსური მაჩვენებლების ფონზე, ცხადია, მზარდია თავად მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასება. დღეს, ამერიკული Forbes-ი ლომთაძის ქონებას $4.6 მილიარდად აფასებს, რაც, უმეტესწილად, სწორედ Kaspi.kz-ის აქციების ფასის ზრდითაა განპირობებული. ამ მაჩვენებლით, მიხეილ ლომთაძე 606-ე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში.