როგორ განვითარდა ეკონომიკა პოსტპანდემიის პერიოდში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მთავარი ეკონომიკური გზავნილები პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით
მაკა რუხაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. პოსტპანდემიის პერიოდში, ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა; ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ყოველწლიურ ანგარიშში, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე, ივლისის დასაწყისში წარსდგა, დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ღონისძიება და რეფორმა, რაც პოსტპანდემიის დროს, ქვეყანაში გატარდა. „ვერსიის“ წინა ნომერში, ინფრასტრუქტურისა და ტრანპორტის მიმართულება გაგაცანით. ამჯერად, ეკონომიკური განვითარება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა და დასაქმების პოლიტიკა განვიხილოთ.
ეკონომიკური განვითარება
პრემიერ-მინისტრის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2021 წლის მსგავსად, 2022 წელი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, რამაც გავლენა მოახდინა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ხოლო გამოწვევები საპასუხო და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. გეოპოლიტიკური შოკებისა და რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ, 2022 წელსაც, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა.
„2022 წელი, ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით, იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი. ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო, როგორც შიდა, ასევე, საგარეო მოთხოვნის ზრდამ. 2022 წლის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორში, მათ შორის, ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2023 წელსაც გაგრძელდა, შესაბამისად,
წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, 2023-2028 წლებში, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.
ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2022 წელს, დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, ხოლო სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
რაც მთავარია, 2022 წელს, პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა, როგორც საქონლის ექსპორტის, ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. 2022 წელს, ექსპორტი გაიზარდა 31.8%-ით და რეკორდული მაჩვენებელი - 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-აპრილში, ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა და 1.962.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2022 წლის ივლისიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს. 2022 წელს, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დონემ 7.6%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პოზიტიური დინამიკა გაძლიერდა 2023 წელსაც. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის დონეს 37.5%-ით აღემატება“.
რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61.1%-ით გაიზარდა და რეკორდული, 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ზრდა 47.9%-ია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 43%-ია.
„2022 წელს, პანდემიის პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ეკონომიკისთვის, ახალი რისკები გააჩინა და გააძლიერა ინფლაციური წნეხი. რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე, საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე, განვითარებად ეკონომიკებში
ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ინფლაციამ უკვე გაიარა პიკური პერიოდი. 2022 წლის მაისიდან (13.3%), მას კლების ტენდენცია აქვს და 2022 წლის ბოლოს, 9.8%-მდე შემცირდა. 2023 წლის აპრილში, წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს“.
არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების - Fitch-ის, S&P-ის, Moodys’-ის შეფასებით, საქართველომ უზრუნველჰყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა, რეიტინგის გაუარესების გარეშე. 2023 წლის დასაწყისში, კი Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა.
თანამშრომლობა საფინანსო ინსტიტუტებთან
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან, პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად, გაფორმდა 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება, დაახლოებით, 764 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). რაც მთავარია, დაახლოებით, 343 მილიონი აშშ დოლარი - საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო 421 მილიონი აშშ დოლარი - საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.
„საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, ასევე, სხვა პროექტების დასაფინანსებლად.
წლის ბოლომდე, დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB), დაახლოებით, 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად“.
დასაქმება
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზეც. 2022 წელს, უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს - 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა.
„დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად - 66.3 ათასით გაიზარდა და 1.283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს, დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტლიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში, დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტლები) მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო, როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე, თვითდასაქმებულთა ზრდით“.
სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, სამუშაოს მაძიებლებისთვის კვლავ აგრძელებს დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებას. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს, დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8 811 პირი სოციალურად დაუცველია. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით - 3 815, საიდანაც 3 600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა.
„მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების ფარგლებში, 2022 წელს, სწავლა დაასრულა 1 313-მა მოსარგებლემ, ხოლო 2023 წელს, პირველ კვარტალში, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში ჩაერთო 33 მიმწოდებელი, სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში, 2022 წელს, ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. აღნიშნულის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 151 სამუშაოს მაძიებელი.
საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, 2022 წელს, დამსაქმებლების მიერ წარდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. 2023 წლის პირველ კვარტალში, დამსაქმებლების მიერ წარდგენილ 2 716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე, ვაკანსიების ფარგლებში, შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი“.
მოქალაქეთა და დამსაქმებელთა ინფორმირების მიზნით, მუდმივად ტარდება დასაქმების ფორუმები. 2022 წელს, დასაქმების 14 ფორუმი ჩატარდა, ღონისძიების ფარგლებში, დასაქმებულია 578 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.
„გრძელდება ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევები შრომის ბაზარზე, რეგიონების მიხედვით, მოთხოვნადი პროფესიებისა და შესაბამისი მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირების მიზნით. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს, სააგენტო გეგმავს, შეიმუშაოს მოთხოვნადი უნარებისა და პროფესიების ხუთწლიანი პროგნოზიების მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევის შედეგებს სამომავლოდ დაეფუძნება სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დიზაინიც. მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი (ამჟამად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტმა უკვე გაიარა მესამე მოსმენა), რომელიც უზრუნველჰყოფს საქართველოში მოქმედი კერძო საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირებას, შრომითი ემიგრაციის პროცესებზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელთა დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებასა და მათ დასაქმებაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და სხვა“.
გარდა ამისა, გრძელდება მუშაობა დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარების, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნის მიმართულებით.