რა ქონებას ფლობენ გასული კვირის მთავარი მოვლენების ფიგურანტები - სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრეზიდენტის სახლები თბილისსა და პარიზში და ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის მოკრძალებული დეკლარაცია

მაკა რუხაძე

22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი“ არხის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამია შეიწყალა. როგორც მოსალოდნელი იყო, სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილს გულწრფელად გაუხარდა, ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავდა, ნაწილმა „მკითხაობა“ დაიწყო, მიმართა თუ არა გვარამიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით - ეს იმიტომ, რომ როდესაც პატიმარი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს, ნაწილობრივ დანაშაულს აღიარებს. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო - გვარამიას პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს, მაგრამ ქალბატონმა მთავარსარდალმა პრეზიდენტის დისკრეციული უფლება გამოიყენა და პატიმარი შეიწყალა...

„ვერსია“ გასული კვირის მთავარი ფიგურანტების - სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა გვარამიას ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა.

 

სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია

ვიდრე ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თვალი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას გადავავლოთ. დაიბადა 1952 წლის 18 მარტს, საფრანგეთში, პარიზში. ფლობს ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.

რაც შეეხება განათლებას, 1969-1972 წლებში, სწავლობა პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, პარიზში.

ამის შემდეგ, სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერა 1974-2004 წლებს მოიცავს. ამ პერიოდში, დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (საელჩოები იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩადიში); საფრანგეთის წარმომადგენლობებში (გაერო, ნატო, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთო); მუშაობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ეროვნული თავდაცვის გენერალურ სამდივნოში, საერთაშორისო და სტრატეგიულ საქმეთა დირექტორად; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრატეგიულ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად.

2003 წელს, მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდება;

2003 წელს, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში;

2004-2005 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, 2006 წლის 11 მარტს, დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“.

2006-2015 წლებში, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;

2010 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე, ხელმძღვანელობდა გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების მონიტორინგის ჯგუფს.

2016 წელს, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია;

2018 წლის დეკემბრიდან, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტია.

 

რა ქონებას ფლობს პრეზიდენტი

ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია პრეზიდენტმა 2023 წლის 26  იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ქალბატონი პრეზიდენტის საკუთრებაშია 2006 წელს, 160 000 აშშ დოლარად შეძენილი 126.33 კვ.მ ფართობის სახლი თბილისში, კუფტინის ქუჩაზე და 235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, იგივე მისამართზე.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ფლობს 60 კვ.მ. ფართობის ბინას საფრანგეთში, პარიზში, რომლის ღირებულებაა 150 000 ევრო.

დეკლარაციის შევსების მომენტში, პრეზიდენტი ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 30 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 11 694 ევროს, „სოსიეტე ჟენერალ პარის“ ბანკის ანგარიშზე - 27 621 ევროს. პრეზიდენტის წინა წლის შემოსავალი 76 560 ლარი იყო.

დეკლარაციიდან ირკვევა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის მიხედვით, ქველმოქმედების სახით, „სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ - 40 000 ლარი, ხოლო თავად პრეზიდენტმა - 17 130 ლარი გასცა.

რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, შემოსავლის სახით, სალომე ზურაბიშვილს 34 093 ევრო მიუღია.

 

ნიკა გვარამიას ბიოგრაფია

ის ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენია. ყოველ შემთხვევაში, „ვიკიპედიაზე“ დაყრდნობით, ასეა. მოკლედ, ქართული „ვიკიპედიის“ დახმარებით, გავიხსენოთ ნიკა გვარამიას ბიოგრაფია,  მაგრამ ჯერ ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ: 2007 წლის მარტში, ნიკა გვარამია დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.

2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე, ნიკა გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ინტელექტკლუბის - „რა? სად? როდის?“ მოაზროვნეა.

2012 წლის 14 ნოემბერიდან 2019 წლის 18 ივლისამდე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია და იმავდროულად, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მეწილე გახლავთ. 2022 წელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით, 2023 წლის 22 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი შეიწყალა.

ნიკა გვარამია დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს ქალაქ სოხუმში. 1998 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 2000-2003 წლებში, იგი საადვოკატო კომპანიაში - შპს „სანდო“ მუშაობდა. 2004 წელს, მუშაობდა სს „თელასში“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. არჩეული იყო პარტიული სიით საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების პარტიიდან. იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიული საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი და პარლამენტის საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი ნიკა გვარამიამ საკუთარი ნებით დატოვა და იგი დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, გვარამიას სწავლის გაგრძელება სურდა, რის გამოც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

 

რა ქონებას ფლობს გვარამია

უკანასკნელად, ქონებრივი დეკლარაცია ნიკა გვარამიამ, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, 2010 წლის 5 იანვარს შეავსო. მართალია, ახლა ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს გვარამიას ქონებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, „მთავარი“ არხის დამფუძნებლის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი და სახლი ბეთანიაში და საკმაოდ მდიდარიც გახლავთ. თუმცა, 2010 წელს შევსებული დეკლარაციით, განათლებისა და მეცნიერების ექს-მინისტრი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა.

ნიკა გვარამიას საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი სოხუმში. მასვე ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც იმ დროისთვის, 12 4000 ლარად შეუფასებიათ. დეკლარაციის მიხედვით, ნიკა გვარამია არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის შევსების დროს, ბანკი „რესპუბლიკას“ მიმდინარე ანგარიშზე 600 ლარი ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების დროს, ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ხელთ ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4 000 ლარს. ნიკა გვარამიას ოჯახი არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში და შესაბამისად, არც ამ საქმიანობიდან მიუღია შემოსავალი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, ნიკა გვარამიას ხელფასი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე - 39 710 ლარი გახლდათ. დეკლარაციაშივე მითითებულია მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი - 2007 წელს, ნიკა გვარამიამ საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა ბანკ „რესპუბლიკასთან“. ნიკა გვარამიას ოჯახს იმ დროისთვის არ ჰქონდა მიღებული ისეთი ძვირადღირებული საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს.