რა ქონებას ფლობენ ნიკა მელია და მამუკა მდინარაძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონებრივი დეკლარაციები

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ დატოვებს. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ვიდრე ამ პარტის გადარჩენის თეორიულ შანსს ვხედავ, მის დატოვებას არ ვაპირებო. მეტი დამაჯერებლობისთვის დაგვიზუსტა, ამ პარტიაში მაშინ მივედი, როცა ნაციონალური მოძრაობიდან ხალხის გადინება დაიწყოო. მოკლედ, ვიდრე ნიკა მელია გვარწმუნებს, რომ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო“, „ვერსია“ მისი და „ქართუყლი ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა.

 

ნიკა მელიას დეკლარაცია

ვიდრე მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერის ქონებას გაგაცნობთ, თვალი მის ბიოგრაფიას გადავავლოთ. ნიკანორ მელია დაიბადა 1979 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ცნობილი ექიმის - ანზორ მელიასა და ნანა ცაავას ოჯახში. 1996 წელს, დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო, 2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2006 წელს - ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

2002-2003 წლებში, ნიკა მელია საქართველოს უშიშროების სამინისტროში, გამომძიებლად მუშაობდა. 2007 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად, 2007-2008 წლებში - ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში იყო მრჩევლის პოზიციაზე. 2008-2009 წლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გახლდათ, ხოლო 2009 წლიდან - აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო.

2010 წელს, ნიკა მელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი იყო. იმავე წელს გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, სადაც 2012 წლამდე მუშაობდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013-2014 წლებში, ნიკა მელია მთაწმინდის რაიონის გამგებელი იყო. 2014 წელს, თბილისის მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა. ამის შემდეგ დაიწყო მელიას აქტიური პოლიტიკური საქმიანობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.

2016-2019 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, თუმცა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს, პროკურატურამ პარლამენტს მისი დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. 26 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობამ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2019 წლის 12 ნოემბერს, პარლამენტარს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში, ნიკა მელიამ მიიღო 31 391 ხმა ანუ 44.06% და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე და მეორე ტურში ხმების 10.64% მიიღო.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ის საკმაოდ მწირია. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნიკა მელიას საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში და ავტოფარეხის 15%-იანი წილი. დეკლარაციის შევსების მომენტში, მელიას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 20 117 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 8 000 აშშ დოლარი ჰქონდა.

მამუკა მდინარაძის დეკლარაცია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰყავს მეუღლე, ნათია კუნჭულია და ორი შვილი - გურამი და კატო ჰყავს. ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია - დეპუტატის მეუღლე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საქმის წარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია.

მამუკა მდინარაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის იანვარში შეავსო. ამ დოკუმეტიდან ირკვევა, რომ დეპუტატის მეუღლე ნათია კუნჭულიამ, თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში, 2022 წელს, მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 6 000 ლარი გადაიხადა. ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია თბილისში, 119 კვ.მ. ფართობის ბინა ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2008 წელს, 170 000 ლარად შეუძენია. ნათია კუნჭულია ფლობს 1 509 კვ.მ. მიწის ნაკვეთს თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში, რომელშიც 2021 წელს, 9 600 ლარი გადაუხდია.

მართალია, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძის სახელზე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული, მაგრამ სამაგიეროდ, გატაცებულია მხატვრობით. მაგალითად, ლადო გუდიაშვილის ნახატში (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით), 2010 წელს, 2 000 ლარი გადაუხდია. 2013-2014 წლებში, მდინარაძეს ბაღდავაძის სამი ტილო შეუძენია და ჯამში, 4 200 აშშ დოლარი გადაუხდია.

დეკლარაციის შევსებისას, მამუკა მდინარაძეს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 37 931.47 ლარი და 412.41 აშშ დოლარი. ნათია კუნჭულიას სახელფასო ანგარიშზე - 293.35 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე - 1 188.08 ლარი ერიცხებოდა.

ნათია კუნჭულიამ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“, საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე, ხელფასის სახით, 37 708.91 ლარი მიიღო, ხოლო მამუკა მდინარაძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე - 54 161.98 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძეს ორი იპოთეკური სესხი ჰქონია - 120 000 ლარის და 118 000 ლარის ოდენობით.

სხვადასხვა დროს, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში, მამუკა მდინარაძეს ჯერ - 55 000 ლარი; ამის შემდეგ - 50 000 ლარი; 27 000 ლარი; 20 000 ლარი და კიდევ ერთხელ - 20 000 ლარი დაუხარჯავს.

 

მაკა რუხაძე