რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას გეგმავს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ყოფილი ლეიბორისტი, შემდეგ - პატრიოტი და ახლა უკვე „ევროპელი სოციალისტი“ მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს. ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს და დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც ცუდად მოქმედებს. ცოტა ხნის წინ, ინჯიამ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნაც მოითხოვა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს, 2008 წელს, შემოიტანა თუ არა ამერიკულმა ფლოტმა საქართველოში საბრძოლო მასალა ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად... „ვერსია“ სკანდალური განცხადებებით ცნობილი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, თუმცა მანამდე, მის ბიოგრაფიას გადავხედოთ.  

 

ფრიდონ ინჯიას ბიოგრაფია

ფრიდონ ინჯია 1946 წლის 5 იანვარს, მარტვილში დაიბადა. პროფესიით ინჟინერი, მეცნიერი და პოლიტიკოსია. 1989 წელს დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგის) კავშირგამბულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი.

1969-1970 წლებში, სსრკ-ს გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს გემების ელექტროტექნიკისა და ტექნოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი გახლდათ; 1972-1980 წლებში - ლენინგრადის პროფესორ ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში ჯერ უფროსი ლაბორანტი იყო, შემდეგ ლაბორატორიის გამგე და ბოლოს - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1984 წლებში - სსრკ კავშირგაბმულობის სამინისტროს მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი გახლდათ; 1984-1992 წლებში - ლენინგრადის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „კრასნაია ზარიას“ ელექტრო-ტექნიკურ მოწყობილობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ჯერ მთავარი ინჟინერი იყო, შემდეგ - დირექტორი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ეს ორგანიზაცია ს/ს „ეგრისად“ გადაკეთდა, ინჯია მისი დირექტორი იყო, ბოლოს კი ს/ს „ეგრისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ფრიდონ ინჯიას შრომითი საქმიანობა დამოუკიდებელ საქართველოშიც საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ: 1992-1998 წლებში, ჯერ საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ - მინისტრი; 1998-2000 წლებში - ს/ს „ეგრისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორია; 2000-2004 წლებში - საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკის - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ სახელით, მარტვილის საარჩევნო ოლქიდან; 2021 წლიდან - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, ამჯერად საარჩევნო ბლოკის - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სახელით.

ფრიდონ ინჯია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის პროფესორია.

 

ქონებრივი დეკლარაცია

შვიდი სახლი, მიწის 12 ნაკვეთი, ანგარიშები საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში, ეს იმ ქონების ნაწილია, რომელსაც დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს. იგი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა. შეგახსნებთ, რომ ოპოზიციის საყოველთა ბოიკოტის მიუხედავად, ინჯია პარლამენტში მაინც შევიდა და სამ თანაპარტიელთან ერთად, „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

ქონებრივი დეკლარაცია ფრიდონ ინჯიამ ბოლოს 2023 წლის მარტში შეავსო. დეკლარაციით ვიგებთ, რომ მან 186 075 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია ათეულობით მიწის ნაკვეთი თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში, რამდენიმე არასაცხოვრებელი ფართი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ძვირადღირებული სამი მანქანა.

ფრიდონ ინჯიას მანქანებს შორისაა: S 560 4 MATIC MAYBACH, რომელიც დოკუმენტის თანახმად, 136 000 ევროდ შეუძენია; Mercedec-Benz V 250 – 212 000 ლარად, ხოლო Mercedec-Benz S 500 - 274 000 ლარად.

მანქანების გარდა, ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია ძვირადღირებული - 11 500-ლარიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს აჩუქეს.

ფრიდონ ინჯია 100%-იან წილებს ფლობს კომპანიებში: შპს „მედ პლუსი“, შპს „ახტელი“, შპს „მერანი საქართველო“, შპს „სისტემა - გაზი საქართველო“, შპს „მარტვილი პალასი“, შპს West Wines. ფრიდონ ინჯია 1005-იან წილს ფლობს შპს „დომინანტში“, რომელიც რუსეთში, მაგადანში მდებარეობს. გარდა ამისა, 94%-ს ფლობს შპს „მარჯა სისტემ ტურიზმში“, რომელიც თურქეთში, კერძოდ, ხოფაშია რეგისტრირებული. მთლიანობაში, ფრიდონ ინჯია 31 კომპანიაში ფლობს სხვადასხვა მოცულობის წილებს. რაც შეეხება მეუღლეს, ლალი რუხიას, მის საკუთრებაშია ორ კომპანია - სრულად და ორიც - ნაწილობრივ.

სხვათა შორის, ფრიდონ ინჯიას საკმაოფ მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ წლების წინ, განათლება სანკტ-პეტერბურგში მიიღო. ფრიდონ ინჯიას, მის მეუღლე ლალი რუხაიას და ორ შვილს - რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ლალი რუხაიას საკუთრებაშია 40 კვ.მ. ფართობის ბინა მოსკოვში, კოშტოიანცას ქუჩაზე.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე