თაღლითობის რა ფაქტები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა აფხაზეთის ბიუჯეტში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - რა მასალები გადააგზავნა უწყებამ მთავარ პროკურატურაში

 ავტორი: მაკა რუხაძე

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ 2021 წლის ბიუჯეტის აუდიტი გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დარღვევების თანხობრივიმოცულობა - 1 870 000 ლარი, მათ შორის, არასწორად აღრიცხულითანხა- 1 121 000 ლარი იყო. გარდა ამისა, არარაციონალურად, არაეკონომიურად დაიხარჯა - 749 000 ლარი, არადა, ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა 1 837 000 ლარის დაზოგვა. სახელმწიფო აუდიტორებმამთელი რიგი გარემოებები გამოავლინეს, რომლებსაც შესაბამისირეაგირებასჭირდება, როგორც ცალკეული უწყების, ასევე, სისტემურ დონეზე. მეტიც, სახელმწიფო პროგრამების შესრულების ნაწილში, გენერალურმა აუდიტორებმა თაღლითობის ისეთი ფაქტები აღწერეს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები მთავარ პროკურატურაში გადააგზავნეს.

 

ხარვეზები სახელმწიფო ქონების გამოყენებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა აფხაზეთის ა/რ სამინისტროების, სხვადასხვა ორგანიზაციისათვის (სსიპ-ები) და წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენებასთან (მართვასთან) დაკავშირებული ნაკლოვანებები გამოავლინეს. ხშირია სახელმწიფო ქონების არა მარტო უკანონოდ (შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე) გამოყენების, არამედ, ისეთი ფაქტებიც, როდესაც აღნიშნული ქონების მიმართვა არ ხორციელდება დანიშნულებისამებრ. შესაბამისად, აშკარაა სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენება-მართვა.

„აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან სარგებლობის უფლებით გადმოცემულ შენობა-ნაგებობის ფართებზე ყოველგვარი სამართლებრივი (კანონიერი) საფუძვლის გარეშე, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დადგენილი წესის მოთხოვნათა შეუსაბამოდ, აუდიტის პერიოდში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები - შპს-ები.მაგალითად, დაბა წყნეთში არსებულ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართით - 599 კვ.მ. განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ცხუმი“; წყალტუბოში, 26 მაისის ქ. №17-ში მდებარე შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართით - 750 კვ.მ. განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა შპს „იგპ წყალტუბოს პოლიკლინიკა“; ხობში, 100 კვ.მ ფართზე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა შპს „აფხაზეთიდან იგპ ხობის პოლიკლინიკა“; თბილისში, კალოუბნის ქ. №16-ში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა შპს „აფხაზეთი“ - დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სსიპ „პროგრამების სააგენტოს“ სარგებლობის უფლებით ბალანსზე ერიცხებოდა ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში მდებარე 4 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 78 487 ლარის საბალანსო ღირებულების შენობა-ნაგებობა. აღნიშნული შენობა-ნაგებობით სარგებლობდა არაუფლებამოსილი ფიზიკური პირი, რომელსაც ფართზე მოწყობილი ჰქონდა დაფნის საშრობი. შესაბამისად, აუდიტორების მტკიცებით, შენობა-ნაგებობა, მიწასთან ერთად და იქ განთავსებული აქტივები გამოიყენებოდა არაუფლებამოსილი პირის მიერ მართლზომიერი და კანონიერი საფუძვლის გარეშე!

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით არ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ ან სასყიდლით - ქირით ან/და იჯარით გადაცემა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება ხორციელდებოდა არამართებულად, არამიზნობრივად და არაეფექტიანად.

 

ხარვეზები პროგრამების დაგეგმვა-შესრულებაში

ჩატარებული აუდიტებით დაფიქსირდა, როგორც პროგრამების/ქვეპროგრამების დაგეგმვაში, ისე მათ შესრულებაში არსებული ხარვეზები. თუმცა, ხარვეზების გარდა, აუდიტორებმა თაღლითობის ისეთი ფაქტებიც გამოავლინეს, რომ მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადააგზავნეს.

„ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ქვალონში (ხობის მუნიციპალიტეტი) მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი იყო ლურჯი მოცვის დარგვა და მიღებული მოსავლის რეალიზაცია, თუმცა ჩატარდა მხოლოდ მიწის შემოღობვის სამუშაოები და პროგრამის მიზნების შესრულების მიზნით, სხვა დამატებითი ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. თაღლითობა-მითვისების მუხლით, მათ შორის, მოცვთან დაკავშირებით, დაკავებულია სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, 2021 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დააკავეს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად, შპს „მედერის“ დირექტორიც იყო. აღნიშნულ პირს მოცვის საკითხთან დაკავშირებით თანხების მითვისების ბრალდება წარედგინა“.

სხვა პროგრამის ფარგლებში, სოფელ ხამისქურში (ხობის მუნიციპალიტეტი) მდებარე მიწის ნაკვეთზე, დაგეგმილი იყო დაფნის ფოთლის გადამუშავების საამქროს მოწყობა და მიღებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა განხორციელდა მხოლოდ ფართზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რომელშიც ამჟამადაც კი, არაუფლებამოსილი პირის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოწყობილია და ფუნქციონირებს დაფნის საშრობი. ასევე არასაკმარისი ღონისძიებების გამო, დაფნის ნერგები განადგურდა და პროდუქციაც ვერ იქნა მიღებული.

„ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში,დაგეგმილი იყო ზუგდიდსა და წალენჯიხაშიმცხოვრები დევნილების სათბურების რეაბილიტაცია და შემდგომი მომსახურების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით დახარჯულია საბიუჯეტო სახსრები და გაფორმებულია შესაბამისი დოკუმენტაცია, აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებს დამატებითი სათბურები ან/და არსებულის რეაბილიტაციის მომსახურება არ მიუღიათ. შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული მიზნები არ არის მიღწეული.შედეგად, სსიპ „პროგრამების სააგენტომ არამიზნობრივად გახარჯა 252 643 ლარი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაბამისი მასალებით, გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სსიპ „პროგრამების სააგენტომ“ დაგეგმა და განახორციელა ერთი და იმავე მიზნობრიობისა და შინაარსის მატარებელი ორი პროგრამა. პროგრამები ითვალისწინებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყესა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, სააგენტოს სარგებლობაში არსებულ მიწებზე სიმინდის მოსაყვანად სამუშაოების ჩატარებას და 80 ტონამდე სიმინდის მოსავლის მიღებას. მიღებული მოსავლიდან 20 ტონა სიმინდი უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდათ დევნილ ოჯახებს, ხოლო 60 ტონის რეალიზაციით იგეგმებოდა 90 000 ლარის შემოსავლის მიღება.

„დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში, 148 470 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის შესწავლით ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, კონკრეტულად, რა სამუშაოები შეისყიდა სააგენტომ და რა სამუშაოები ჩაატარა მიმწოდებელმა. ასე მაგალითად, გაწეული 27 300 ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯების ანალიზით დადგინდა, რომ სოფელ რიყეში შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები არ იყო გაფორმებული, ხოლო სოფელ ზემო ქვალონის მიწის მოვლა-პატრონობაზე დასაქმებულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებიდან არ ჩანდა, კონკრეტულად, რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. ამასთან, არ იყო წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშები“.

სახელმწიფო აუდიტოს დასკვნის მიხედვით, დაგეგმილი პროგრამების განხორციელების მიზნით, სააგენტოს სს „რუსთავის აზოტისაგან“ უსასყიდლოდ გადაეცა 23 954 ლარის ღირებულების 41 ტონა სასუქი. მოწოდებული ინფორმაციით, სასუქი სრულად მოხმარდა, ჯამში, 18 ჰექტარზე დათესილი სიმინდის ნიადაგის განოყიერებას, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი აუდიტორებს ვერ წარუდგინეს.

„ვინაიდან დადგენილი ნორმით, აღნიშნული მოცულობის სასუქის მოხმარება 1 ჰექტარ მიწაზე, საშუალოდ, 300-500 კგ-ის ოდენობით ხორციელდება, 41 ტონა სასუქით, მინიმუმ, 82 ჰექტარი მიწაუნდა განოყიერებულიყო. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოში განაცხადეს, რომ სასუქი იყო მეორადი ამონიუმის გვარჯილა და მასში აზოტის გვარჯილის დაბალი შემცველობის გამო, დანახარჯი იქნებოდა მეტი, კერძოდ, 1 ჰექტარზე - 1.5-2 ტონა (ნორმასთან შედარებით 200-300%-ით მეტი), თუმცა „რუსთავის აზოტისგან“ მიღებული ინფორმაციით, მეორადი ამონიუმის გვარჯილის გადახარჯვა უმაღლესი ხარისხის სასუქთან შედარებით, 1 ტონაზე შეადგენდა მხოლოდ 17 კგ-ს (1.7%). აღსანიშნავია, რომ მიღებული მოსავალი - 40 ტონა სიმინდი (დაგეგმილის ნახევარი), სააგენტოს მიერ შეფასდა 12 000 ლარად და ხარჯეფექტურობიდან გამომდინარე, 172 424 ლარის დანახარჯით, 12 000 ლარის ღირებულების მოსავლის მიღება არაეფექტიანი აღმოჩნდა“.

იქიდან გამომდინარე, რომ განხორციელებული შესყიდვებისა და ჩატარებული სამუშაოების რეალობა ვერ დადასტურდა, საბიუჯეტო რესურსები გაიხარჯა არამიზნობრივად და სიმინდის მოყვანისა და დევნილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები აღმოჩნდა არაეფექტიანი. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაბამისი მასალებით, გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.