სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - უწყება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებით დაინტერესდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეფექტიანია თუ არა ექსპორტის ხელშესაწყობი სახელმწიფო ღონისძიებები

ავტორი: მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ღონისძიებები ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2018-2021 წლებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს ფუნქციებსა და ღონისძიებებს გაუმჯობესება სჭირდება. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სააგენტოს სამიზნე, პრიორიტეტული სექტორებისა თუ პროდუქტების იდენტიფიცირების პროცესი არათანმიმდევრულია.

ვიდრე სახელმწიფო აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპორტის განვითარება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხოლო სახელმწიფოსთვის მისი ხელშეწყობა - ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ექსპორტის წახალისება შეიძლება მოიცავდეს იმპორტირებულ ნედლეულზე ტარიფების შემცირებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შემოღებას, საბაჟო პროცედურების გამარტივებას და სხვა ღონისძიებებს.

ამასთან, ქვეყანაში არსებული საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად, გავრცელებული ინსტრუმენტია ექსპორტის ხელშემწყობი ორგანიზაციების მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება.

ექსპორტის წახალისების მიზნით, ბოლო ათწლეულში, საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა - გამარტივდა საბაჟო პროცედურები და რაც მთავარია, გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ჩინეთთან. ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ „აწარმოე საქართველოში“. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო აუდიტორები სააგენტოს საქმიანობით დაინტერესდნენ.

„აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“, არ ფლობს ინფორმაციას ექსპორტიორი კომპანიების ნაწილზე, რის გამოც მას არ აქვს საშუალება, უცხო ქვეყნებიდან შემოსული კონკრეტული პროდუქციის შესყიდვის მოთხოვნები გააცნოს ამ სახის პროდუქციის ყველა მწარმოებელს. ამასთან, სააგენტოს საკუთარ ბაზებში აღრიცხული კომპანიების ნახევარზე არ გააჩნია ინფორმაცია ექსპორტის განხორციელების სტატუსისა და ხარისხის სერტიფიკატების შესახებ. სააგენტოს ახალი პლატფორმა - tradewithgeorgia.com კარგი საშუალებაა მეტი და უკეთესი ხარისხის ინფორმაციის მოსაგროვებლად, თუმცა მის პრაქტიკაში გამოსაყენებლად, საჭიროა კომპანიების სათანადო რაოდენობის დარეგისტრირება. სააგენტოს მიერ ექსპორტთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის ჩასატარებლად არსებულ მექანიზმებში არსებობს გაუმჯობესების პოტენციალი. კერძოდ, სააგენტოს მიერ აუდიტის პერიოდში ჩატარებული კვლევა იყო ზოგადი ხასიათის, რის გამოც კონკრეტული საჭიროებები ვერ დადგინდა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სააგენტოს არ აქვს შეფასებული კომპანიებისთვის საჭირო სავაჭრო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონე, რათა უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციის სისტემატურად მოპოვებისა და დროული გავრცელებისათვის სათანადო მექანიზმების შემუშავება. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში, სააგენტოს ღონისძიებები პასუხობდა კომპანიების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების ნაწილს, თუმცა ვერ ფარავდა კომპანიების მხრიდან დასახელებულ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, როგორებიც იყო: კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის სტრატეგიის შემუშავებისას, ბაზრების კვლევა, სერტიფიცირება და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება-თანადაფინანსება.

„მიღწეული შედეგების შეფასების მიმართულებით, სააგენტოს გავლენის შეფასების სქემის შემუშავება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა იმისთვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს უწყების საქმიანობა, მნიშვნელოვანია, დოკუმენტში განისაზღვროს რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და მისი პრაქტიკული გამოყენება. აღსანიშნავია, რომ კმაყოფილების კითხვარების შედეგების მიხედვით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს ორი ძირითადი სერვისით მოსარგებლე კომპანიებს, უწყების საქმიანობა გამოფენებისა და სასერტიფიკაციო კურსის ორგანიზების მიმართულებით დადებითად ფასდება“.

იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აუდიტის შედეგად გამოვლინდა, სახელმწიფო აუდიტორებმა სსიპ „აწარმოე საქართველოში“, გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს. კერძოდ, პრიორიტეტული სექტორების ან პროდუქტების შერჩევის თანმიმდევრული და გამართული პროცესის უზრუნველსაყოფად, უნდა გაიწეროს პრიორიტეტული სექტორების გამოვლენის პროცედურა და განისაზღვროს პასუხისმგებელი პირების ან მხარეების როლები. სექტორის ან პროდუქტის პრიორიტეტულად აღიარებამდე, მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვში არსებული დაბრკოლებების იდენტიფიცირება.

„გარდა ამისა, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს კონსოლიდირებული ინფორმაცია ექსპორტიორი და ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების შესახებ, საჭიროა, რომ სააგენტომ სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მაგალითად, შემოსავლების სამსახურთან და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან კოორდინაციის შედეგად, ექსპორტიორი კომპანიების სია დააზუსტოს; სააგენტომ უნდა განსაზღვროს პლატფორმაზე დასარეგისტრირებელი კომპანიების მინიმალური რაოდენობა, მონიტორინგი გაუწიოს ახალი კომპანიების რეგისტრაციის პროცესს და სასურველი ნიშნულიდან ჩამორჩენის შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებებიც განახორციელოს“.

საჭიროებებზე საპასუხო ღონისძიებების დასაგეგმად, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ შეიმუშაოს საჭიროებების შეფასების ქმედითი მექანიზმები, რომლებიც მოიცავს, როგორც სექტორულ დონეზე, წინასწარ შემუშავებული დეტალური კითხვარების საშუალებით და დადგენილი პერიოდულობით სიღრმისეულ კვლევებს, ასევე, კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების პრიორიტეტულობის, საპასუხო ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრობის, მასშტაბისა და ბიუჯეტის განსაზღვრას.

„ექსპორტის მიმართულებით სააგენტოს საქმიანობის შესაფასებლად და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რეკომენდებულია გავლენის შეფასების სქემაში განისაზღვროს რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები, გაწერილი პერიოდულობით შეფასდეს მიღწეული შედეგები, გამოვლინდეს სამიზნესა და მიღწეულ შედეგებს შორის არსებული სხვაობების მიზეზები და ყველაფერი ეს, გათვალისწინებულ იქნეს მომდევნო წლის ღონისძიებების დაგეგმვისას“.