რატომ გაძვირდა ბენზინი და რა მექანიზმები არსებობს საწვავის გასაიაფებლად

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნავთობის კარტერული თამაშები - როგორ აშანტაჟებს „ოპეკი +“ მსოფლიოს

ბოლო დროს, ბენზინის საწვავი საგრძნობლად გაძვირდა - სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე, ფასი 3.00-3.15 ლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და ცხადია, საწვავის ფასს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციები განაპირობებს, რაც სახარბიელო სულაც არ გახლავთ. ამასთან, ნავთობიმპორტიორი კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში, სწორედ ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ამ ინტერვიუდან მხოლოდ ერთი რეფრენი აიტაცა. სინამდვილეში, ეს გახლდათ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, სადაც სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით, ბენზინის ფასი საქართველოში იმაზე ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ახლააო. პრობლემა რომ მხოლოდ ეს იყოს, ამ თემით საერთოდ არ დავინტერესდებოდი, მით უმეტეს, რომელიმე ბიზნესმენის ადვოკატობა ჩემი ჰობი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ სოსო ფხაკაძის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში მიზანმიმართული კამპანია აგორდა. ვიღაცები უფრო შორს წავიდნენ და საქართველოს ნავთობის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, თავისივე ფასებით ბანერზე გამოფინეს...

საზოგადოების აღშფოთება გასაგებია, რადგან საწვავის ფასი დომინოს პრინციპით მოქმედებს სხვა პროდუქტების ფასებზეც. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი პროდუქტის ფასწარმოქმნის სისტემაში ტრანსპორტის ხარჯიც შედის, შესაბამისად, როდესაც დღეს ბენზინი ძვირდება, ხვალ აუცილებლად პური, ყველი, კვერცხი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი... გაძვირდება. თუმცა, აღშფოთებაცაა და აღშფოთებაც - პრობლემა ის კი არაა, რომ სხვადასხვა ნავთობკომპანიებს ხალხი აუჯანყო, არამედ, უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ, რატომ გაძვირდა ბენზინი, რა წინაპირობა ჰქონდა ამ გაძვირებას და მერე პრობლემის გადაჭრის გზაც უნდა დავსახოთ. ჰოდა, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის, ანგაჟირებისა და სიძულვილის გარეშე, გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარესთან, ვანო მთვრალაშვილთან, რომელიც „ვერსიასთან“ საუბრისას, საწვავის გაიაფების რეალურ მექანიზმსაც ამხელს. 

 

- ბატონო ვანო, რატომ გაძვირდა ბენზინის საწვავი საქართველოში?

- რა თქმა უნდა, ეს საკითხი გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. სხვათა შორის, ბენზინის საწვავის ფასთან დაკავშირებით, არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, ევროკავშირის ქვეყნები... აბსოლუტურად ყველგან ფიქსირდება რეკორდულად მაღალი ფასები. შესაბამისად, ყველა ამ ქვეყანაში, საწვავის ფასთან დაკავშირებით, მოსახლეობა შეშფოთებულია. იგივე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე განცხადებაც კი გააკეთა საწვავის მაღალ ფასთან დაკავშირებით. ასეთი ვითარებაა მსოფლიოში და ცხადია, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია. ბენზინი გაძვირდა ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში - მოკლედ, ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა.

- რა არის მისი გაძვირების რეალური მიზეზი?

- ძირითადი მიზეზი ნავთობის რეკორდულად მაღალი ფასი გახლავთ. ფაქტობრივად, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ისევ პირველ კითხვას დავუბრუნდები და აგიხსნით, რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში. 1 სექტემბრიდან დღემდე პერიოდში, საწვავის ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, საშუალოდ, 10-15 თეთრით გაძვირდა, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე - 25-30 თეთრით, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფიქსირებული ფასის მატებასაც უკავშირდება.

რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებაში, კონკრეტულად ამ პერიოდში ანუ 1 სექტემბრიდან დღემდე, საწვავის გაძვირებაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

- საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის რეკორდულად მაღალი ფასი, გარკვეულწილად, პანდემიასაც ხომ არ უკავშირდება?

- პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ასეთი მაღალი ფასი ხელოვნურადაა გამოწვეული! ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გაერთიანება „ოპეკი პლიუსის“ გადაწყვეტილებით, ნავთობის მოპოვების რაოდენობა შემცირდა, რაც დიახ, კოვიდპანდემიას უკავშირდება. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს, როდესაც მთელი დედამიწა გაჩერდა, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა, რასაც ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა - ტრანსპორტი გაჩერდა, ფრენები შეჩერდა, საწვავი აღარავის სჭირდებოდა.

პანდემიის შემდეგ, მსოფლიო ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება - „ოპეკი პლიუსი“ შეიკრიბა და შეთანხმდნენ, რომ ნავთობის წარმოება შეემცირებინათ, მეტიც, ამ ქვეყნებმა კვოტებიც კი გადაინაწილეს, თუ ვის რამდენით უნდა შეემცირებინა წარმოება.

ნავთობის წარმოების შემცირებას მოჰყვა ის, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ქვეყნები გაიხსნა, ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა და ფასიც გაძვირდა. ზოგადად, „ოპეკი პლიუსი“, თავისი ბუნებით, კარტელურია (ესაა შეთანხმება მსხვილ მწარმოებლებს შორის, პროდუქტის ფასზე, წარმოების კვოტაზე-მოცულობაზე, ან ბაზრის გეოგრაფიულ გადანაწილებაზე, - ავტ.).

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა არაერთხელ მოუწოდა „ოპეკი პლიუსს“, რომ ნავთობის წარმოება გაეზარდათ, რათა ნავთობისა და შედეგად, საწვავის ფასები დასტაბილურებულიყო, მაგრამ უშედეგოდ - მსხვილმა ნავთობმომპოვებლებმა ბაიდენის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს! აი, ასეთი ვითარებაა ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე, რაც ნეგატიურად აისახება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებზე და მათ შორის, საქართველოზეც.

- ვინაიდან „ოპეკი პლიუსმა“ ჯო ბაიდენის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ნავთობის წარმოება არ გაზარდა, ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოსა და საქართველოში, საწვავი კიდევ გაძვირდება?

- დიახ, ასეა. მეტსაც გეტყვით, ჯო ბაიდენის გარდა, „ოპეკი პლიუსს“ ნავთობის წარმოების გაზრდა მოსთხოვეს იაპონიისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმაც, მაგრამ უშედეგოდ.

- აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ აგორდა სოციალურ ქსელში ბინძური კამპანია ნავთობპროდუქტების იმპორტიორი მხოლოდ ერთი კომპანიის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ამ ბაზარზე ხუთი ძირითადი, ბრენდირებული კომპანიაა და ამ კომპანიებს შორის, საწვავის ფასებში მინიმალური განსხვავებაა?

- აბსოლუტურად მართალი ხართ! წლების მანძილზე, სისტემატურად აშუქებთ ამ პრობლემას და კარგად იცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საწვავის ფასის გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ასეთი კამპანია აგორდა. არადა, ის კომპანია, რომელსაც დაუპირისპირდნენ ანუ „ვისოლი“ სულაც არაა ბაზრის მონოპოლისტი.

რეალურად, საქართველოს ნავთობის ბაზარზე, 30-მდე იმპორტიორი კომპანია ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით, 1300 გასამართი სადგური ფუნქციონირებს. ამ 1300 სადგურიდან, დაახლოებით, 700 - არაბრენდირებულია. ბრენდირებული ნავთობკომპანიების გაყიდვები - 60%, ხოლო არაბრენდირებულების - 40%-ია. ეს ნიშნავს, რომ ნავთობის ბაზარზე, დღეს, საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა!

ხუთი ცნობილი, ბრენდირებული კომპანიის გარდა, ბაზარზე არაბრენდირებული კომპანიებიც მუშაობენ და საბოლოოდ, მომხმარებლის გადასაწყვეტია, რომელ გასამართ სადგურზე და სად ჩაასხამს საწვავს. ამ პირობებში, მართლაც გაუგებარია, რატომ აგორდა ბინძური კამპანია ერთი, კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ.

- ბატონო ვანო, ცალკეული ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში საწვავის გაიაფება შესაძლებელია, თუ მთავრობა აქციზის გადასახადს შეამცირებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს და პრინციპში, არც უნდა გადადგას - ბენზინისა და დიზელის გარდა, თამბაქოც სააქციზო საქონელია და თუ აქციზის გადასახადი შემცირდება, ავტომატურად, სიგარეტიც გაიაფდება, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, კატეგორიულად არ შეიძლება! რა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი?

- საწვავის ფასზე მოქმედებს ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში და აქციზის გადასახადი. საერთაშორისო ბაზარზე რა მდგომარეობაა, უკვე გითხარით, ლარის გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ისეთი მყარი ნამდვილად არაა, რომ ფასები დაასტაბილუროს. რჩება აქციზის გადასახადი, რომლის შემცირებით, უფრო ზუსტად, კორექტირებით, ფასი დასტაბილურდება.

რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ თამბაქო არ უნდა გაიაფდეს, მაგრამ ეს არაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც მთავრობა აქციზის გადასახადს არ აკორექტირებს. პრობლემა ისაა, რომ თუ აქციზის გადასახადი შემცირდება, სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლები მოაკლდება. აქედან გამომდინარე, აქციზის გადასახადის შემცირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ ჩვენ მთავრობას ალტერნატიულ წინადადებას ვთავაზობთ - ესაა მცურავი აქციზი.

რას ნიშნავს მცურავი აქციზი? - როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, ამ დროს აქციზის გადასახადი იმდენად მცირდება, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავი არ გაძვირდეს. როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირებას იწყებს, მაშინ აქციზის გადასახადი თავის ძველ ნიშნულს უბრუნდება. ესაა რეალური გამოსავალი და სხვაგვარად, მცურავ აქციზს თურქულ პროექტსაც უწოდებენ, რადგან ჩვენს მეზობელ თურქეთში, სწორედ მცურავი აქციზის გადასახადი მოქმედებს. თურქეთის გარდა, ეს მოდელი ბევრ სხვა ქვეყანაშიც წარმატებით მუშაობს.

დღეს, საწვავის ფასს ვერაფერი ასტაბილურებს ანუ მცურავი აქციზის გარდა, სხვა, რეალური შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს. სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ გააჩნია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ერთობლივად უნდა მიიღოს.