სამშენებლო მაფიის სასიკვდილო თამაშები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა კავშირი აქვს ბათუმის ტრაგედიასთან ენმ-ს მმართველობის დროს მიღებულ კანონებს

8 ოქტომბერს, ბათუმში, შვიდსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ამის გამო, 11 ოქტომბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, მაყურებლების გარეშე ჩატარდა ფეხბურთის მატჩი საქართველო-საბერძნეთს შორის. რაც მთავარია, თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაუქმდა, ხოლო თანხა, რომელიც ამისთვის იყო გამოყოფილი, ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების ფონდში გადაირიცხება.

 

მდუმარე ბათუმი

სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა ფოტო, რომელიც ბათუმში, 8 ოქტომბრის ტრაგედიას ასახავს - ჩამოშლილი სადარბაზოს ადგილი ანუ ნანგრევები შავი არშიითაა დაფარული და იქვეა თარიღიც: 08.10.21. ორი დღეა, ტრაგედიის ადგილი ყვავილების თაიგულებითა და სათამაშოებითაა შემკული, რაც ამ დღის ტრაგიკულობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს - სადარბაზოს ნგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვი...

ნანგრევებში ათზე მეტი ადამიანი მოჰყვა. მომხდარიდან მალევე, მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც კორპუსთან მდგომ ავტომობილში იმყოფებოდა. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი - 35 წლის ქალბატონიი, 9 ოქტომბერს, დილით გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში, ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, ღამის განმავლობაში, მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა... მოგვიანებით გაირკვა, რომ ნანგრევებში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ბავშვი, სწორედ მისი შვილები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი - 36 წლის მამაკაცი, რომელიც ნანგრევებიდან 11 საათის შემდეგ ამოიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, სადარბაზოს ნგრევის მიზეზია, პირველ სართულზე, უნებართვოდ დაწყებული სარემონტო სამუშაოები. ამის გამო, უწყებამ ბინის მფლობელი და ორი მუშა დააკავა. შსს-ს ცნობით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რასაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევა მოჰყვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

უნებართვოდ შეცვლილი K2 კოეფიციენტები

უნებართვოდ დაწყებულ სარემონტო, გნებავთ, სამშენებლო სამუშაოებს არაერთი ტრაგედია უკავშირდება. სულ რაღაც სამიოდე წლის წინ, 2019 წლის 16 იანვრის საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რვა - დაშავდა, გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის, ბავშვებიც იყვნენ. 2019 წლის 17 იანვარი, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გლოვის დღედ გამოაცხადა...

მართალია, ავთანდილის ქუჩაზე ნგრევა გაზის აფეთქებას მოჰყვა, მაგრამ ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ახლადაშენებული ის საცხოვრებელი კორპუსი თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში არ მიუღია. სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა დაასრულა, მაგრამ ვიდრე შესაბამისი სამსახური კორპუსს ექსპლუატაციაში მიიღებდა, იჩქარა და ხალხი შეასახლა. ხალხმაც გაზი ისე შეიყვანა კორპუსში, როგორც მოუხერხდა ანუ იმის მიხედვით, რა ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა...   

თბილისი რომ ბეტონის უსახური შენობების ქალაქად იქცა, ფაქტია. ესაა მიზეზი, რის გამოც, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქის გამწვანებას, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ეს საკმარისი არაა. მეტიც, მას შემდეგ, რაც 2017 წელს, მერად აირჩიეს, კალაძის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტით მანიპულირების აკრძალვა იყო.

რას ნიშნავს ეს? - ინტენსიურ განაშენიანებას რამდენიმე კოეფიციენტი აქვს: K1, K2 და K3. თითოეულის ახსნა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ K2 კოეფიციენტის განმარტებით შემოვიფარგლოთ, რადგან არაკეთილსინდისიერი მშენებლები, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ კოეფიციენტს არღვევენ: „ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან“.  

მარტივად აგიხსნით, დავუშვათ, მშენებელმა (კომპანიამ ან ფიზიკურმა პირმა), ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მიიღო კონკრეტულ ფართობზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, რომლის K2 კოეფიციენტი მხოლოდ 7 სართულითაა განსაზღვრული, მშენებელი ვალდებულია, ზუსტად 7-სართულიანი კორპუსი ააშენოს. გაინტერესებთ, რა ხდებოდა ამ რეგულაციამდე? - როგორც წესი, 4 ან 5-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას იღებდნენ, მერე არქიტექტურის სამსახურში გარკვეულ თანხას იხდიდნენ და K2 კოეფიციენტს ისე ცვლიდნენ, როგორც სურდათ - საბოლოოდ, 5-სართულიანის ნაცვლად, 9 ან 16-სართულიან კორპუსს აშენებდნენ, ოღონდ ყველა სამშენებლო პარამეტრი, უსაფრთხოების ნორმების ჩათვლით, როგორც წესი, 5-სართულიანზე იყო გათვლილი. ესაა ობიექტური რეალობა და ასეთი მკვლელი შენობებითაა სავსე, როგორც თბილისი, ასევე, ბათუმიც და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი.

სხვათა შორის, K2 კოეფიციენტის გაზრდის წინააღმდეგ, პირველად კახა კალაძის წინამორბედმა, დავით ნარმანიამ გაილაშქრა 2014 წელს. თუმცა აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ ნარმანიამ ამ კოეფიციენტის ცვლილება კი არ აკრძალა, არამედ, დროებით შეზღუდა, თანაც თბილისის მხოლოდ ცენტრალურ უბნებში, კალაძემ კი K2 კოეფიციენტის ცვლილება დედაქალაქის მასშტაბით აკრძალა. კარგი იქნება, თუ ბათუმის მერი კალაძის გამოცდილებას გაიზიარებს და K2 კოეფიციენტის ცვლილებას აკრძალავს.  

მშენებლობის კოეფიციენტის ზრდა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკანონდა. „ფაქტჩეკის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა K2 კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებით, 1 948 თანხმობა გასცა. 

 

ქაოტური მშენებლობების ბუმი

„მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ საკანდელიძე „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკანონო და მკვლელი მშენებლობების ბუმი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.

 

- ის, რაც ბათუმში მოხდა, საქართველოს მასშტაბით წარმოებული უნებართვო მშენებლობების საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი, სამწუხარო რგოლია. რა მოხდა, ამის ზუსტად თქმა ახლა ძნელია, მაგრამ ის განუკითხაობა და ქაოსი, რაც საქართველოშია, 2004 წლიდან გამეფდა, როდესაც სამშენებლო მაფიამ გააუქმა მშენებლობის ხარისხი, სამშენებლო წესრიგი, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვა, სეისმოუსაფრთხოება, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოება და სამშენებლო პოლიტიკის გამტარებელი, მშენებლობის სამინისტრო. მეტსაც გეტყვით, პოსტსაბჭოთა სივრცის არცერთ ქვეყანას არ გაუუქმებია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაშიც ფუნქციონირებს ეს სამინისტრო. უწყების გაუქმებამდე, სამშენებლო მაფიას თავისუფლად რომ ეგრძნო თავი და ეპარპაშა, არქმშენინსპექცია მოშალეს, რომელიც სამშენებლო, გნებავთ, სარემონტო, თუ მიშენება-დაშენების ნებართვებს გასცემდა და აკონტროლებდა კიდეც მშენებლობებს.

მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დაიწყო დიდი უბედურება ამ ქვეყანაში. სამშენებლო მაფია სამინისტროს ვერ ეკარებოდა, რადგან წარმოუდგენელი იყო ისეთი ნებართვების გაცემა, რომელიც უწყების გაუქმების შემდეგ გასცეს. პირდაპირ გეუბნებით და თითოეულ სიტყვას ვადასტურებ, რომ სწორედ 2004 წლის შემდეგ, სამშენებლო მაფიამ სასიკვდილი კონვეიერი აამოქმედა.

- რას გულისხმობთ, ბატონო ანზორ?

- სასიკვდილო სამშენებლო ნებართვების გაცემას! 2004 წლის შემდეგ გაცემული სამშენებლო ნებართვების 90% სასიკვდილოა. რეალურად, სამშენებლო ზედამხედველობაც სასიკვდილოა და ამის შემდეგ, სასიკვდილოდ აშენებულის მიღება-ჩაბარება ხორციელდება. აგერ, სულ ახლახანს, პარლამენტში გაიტანეს სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი, რომლითაც ყველა შეჩერებული მშენებლობა უნდა მიიღონ და ჩაიბარონ. არავინ ამოწმებს, რამდენად კანონიერადაა გაცემული ნებართვა, ჰქონდა თუ არა მიშენება-დაშენების ნებართვა ან მეწყერსაშიშ ზონაშია, თუ არა ეს შენობა. სხვათა შორის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორჯერ გადაიდო, მაგრამ მიმდინარე წლის ზაფხულში, მაინც „გააპარეს“ და მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ უკანონოდ აშენებული და დროებით შეჩერებული ნებისმიერი შენობა, მაპატიეთ და, „გააპრავეს“. მართალია, უკანონო მშენებლობები, თითქოს კანონიერ ჩარჩოებში მოაქციეს, მაგრამ რა ეშველება იმ ხალხს, რომლებმაც ასეთ შენობებში უნდა იცხოვრონ? ამაზე აღარავინ ფიქრობს.

- მშენებლობის სამინისტროს ფუნქციები მუნიციპალიტეტებშია გადანაწილებული, სწორედ ახლა, ქვეყნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და 30 ოქტომბერს,  მეორე ტური უნდა გაიმართოს. კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, დროის უმოკლეს ვადებში, ბათუმის მერიის არქიტექტურის ან თუნდაც სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურებმა რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ?

- ეს პრობლემა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებით უნდა მოგვარდეს და თუ საჭიროა, ახალი რეგულაციებიც უნდა შემოვიღოთ! თუმცა, რა კანონებიც გვაქვს, იმასაც კი არ ვასრულებთ. მაგალითად, არსებობს კანონი სეისმომედეგობის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუ შენობა რკინა-ბეტონის კარკასული კიდისაა, მისი სართულიანობა, მაქსიმუმ, 12 უნდა იყოს, ხოლო თუ ურიგელო კარკასულია ანუ როდესაც  სართულებს ერთიანად აბეტონებენ, მისი მაქსიმალური სართულიანობა 7 უნდა იყოს. თბილისი 8-ბალიან სეისმურ ზონაშია და შესაბამისად, 7-სართულიანი, მაქსიმუმ 12-სართულიანი შენობების მშენებლობის უფლება გვაქვს. არადა, დედაქალაქი გადაჭედილია 16, 20, 30 და 40-სართულიანი შენობებით და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა.