რა გავლენას მოახდენს ადგილობრივი არჩევნები და როგორ გაზარდა კოვიდრეგულაციების შემსუბუქებამ ქართული ეკონომიკა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანდრია გვიდიანი: „ეკონომიკა პრიორიტეტულია, მაგრამ პანდემიის მართვაც სერიოზული გამოწვევაა!“

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ამის დასტურად, ირაკლი ღარიბაშვილს „საქსტატის“ მონაცემები მოჰყავს, რომლითაც ივნისში, ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა: „ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში 45%-იანი, მაისში - 25%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო ივნისში - 18.7% -იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რათა ახალი პროექტები დაფინანსდეს“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი „ვერსიასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდის ასეთი ტენდენციები კოვიდრეგულაციების გაუქმების პოლიტიკის შედეგია.

 

- ბატონო ანდრია, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ წლის ბოლოს, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვექნება, რა აძლევს პრემიერს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს?

- როგორც იცით, ვიდრე ღარიბაშვილი დაინიშნებოდა პრემიერ-მინისტრად, მთელი რიგი შეზღუდვები გვქონდა. კოვიდრეგულაციები მისი გაპრემიერების შემდეგ მოიხსნა ანუ ახალმა პრემიერ-მინისტრმა აქცენტი ახალ პოლიტიკაზე გააკეთა, რაც ნაკლებ რეგულაციებსა და კოვიდშეზღუდვებს გულისხმობს. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებადაა შეზღუდული ეკონომიკა, ბუნებრივია, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა იზრდება. სხვათა შორის, ეს ქართული ნოუ-ჰაუ არ არის, საერთაშორისო პრაქტიკაა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ანუ ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებლები, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს, თავიდან ბოლომდე, ახალ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წარმართავს.

მოკლედ გადავხედოთ ჩვენი ეკონომიკის ძირითად პარამეტრებს: წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით, საწარმოთა ბრუნვა 50.3%-ით გაიზარდა, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა - 12.5%-ით, ექსპორტი - 45.0%-ით, ფულადი გზავნილები - 42.4%-ით, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 180%-ით. ეს ფაქტორები პირდაპირ გვეუბნება, რომ ეკონომიკის ზრდის ასეთი ტენდენცია ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე გადის. ეს ტენდენციები კი იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ნაკლები რეგულაციებითა და შეზღუდვებით ვივლით, მაგრამ ამავდროულად, მეორე ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რაც ეკონომიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ესაა ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკა პრიორიტეტულია, მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებასა და მაქსიმალურად სწრაფ ზრდაზე, მაგრამ ჩვენთვის პანდემიის მართვაც სერიოზული გამოწვევაა. ამ კუთხით, ერთადერთი სწორი და ეფექტური გზა ვაქცინაციის მაღალი ტემპია.

ევროპის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიდის, სიკვდილიანობა მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, ფართო ვაქცინაციის შემდეგ, დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შეფარდება, დაახლოებით, 80%-ით შემცირდა. რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა ადასტურებს, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა სწრაფი ვაქცინაციაა - სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს! უკვე შემოტანილია საკმაო რაოდენობით ვაქცინები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, შეზღუდვების ახალ ტალღას ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. აქედან გამომდინარე, ახლა ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, რაც ნიშნავს, რომ სწრაფი ვაქცინაციითა და ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვით, ამ ტალღას უნდა გავუმკლავდეთ. ხელისფულება და ხალხი ერთ მხარეს უნდა დადგეს და სწრაფი ვაქცინაციითა და ელემენტარული რეგულაციებით (პირბადის ტარებით), ეს პროცესი უნდა გადავაგოროთ.

- ჩვენ ახლა მოსახლეობის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. სხვათა შორის, შეზღუდვების შერბილების შემდეგ, ხალხის გარკვეული ნაწილი პირბადის გარეშე დადის არა მარტო ქუჩაში, არამედ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტშიც კი. მეორე მხრივ, ბიზნესის მთავარი გზავნილი რეგულაციების შერბილებაა, რა ზომებს უნდა მივმართოთ ამ დროს?  

- აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: სწრაფად მოხსნილმა რეგულაციებმა საზოგადოებაში გააჩინა მოსაზრება, რომ პანდემია დასრულდა, რაც მცდარი და არასწორი შეხედულებაა. შესაბამისად, ის, რომ ვიღაცები პირბადეებს აღარ იკეთებენ, სწორედ ამის შედეგია. მეორე ფაქტორი ცნობიერების საკითხია - ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებით, საზოგადეობის ცნობიერება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ეს პროცესი მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რათა ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი კამპანიები გავაძლიეროთ. ფაქტია, რომ ამ მხრივ, პრობლემები ნამდვილად გვაქვს. იმაშიც გეთანხმებით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსა და პირად ურთიერთობებშიც კი, ადამიანების დიდი ნაწილი საერთოდ არ ხმარობს პირბადეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი ცნობიერების ამაღლების კამპანიების გაძლიერებაა.

სხვათა შორის, მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ცნობადი სახეები, მათ შორის, პოლიტიკოსების ნაწილიც კი, ვაქცინაციას, პირბადის ტარებასა და ზოგადად, ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებს, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ. ეს პანდემიასთან ბრძოლის დისკრედიტაციაა, რაც დაუშვებელია! თითოეული ადამიანის დამსახურებაა, თუ ქვეყანაში წარმატებული მდგომარეობაა ისევე, როგორც წარუმატებლობაც თითოეული ჩვენგანის ბრალია. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, ეპიდემიოლოგებსა და ხელისუფლებაზე ხელის შეწმენდა. ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.

გარდა ამისა, ძალიან ცუდი ტენდენციაა, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - მას შემდეგ, რაც ეპიდსიტუაცია გაუარესდა და იყო ხარვეზები ვაქცინაციის პროცესშიც, ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების დისკრედიტაციის პროცესი დაიწყეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების ცალკეულმა წარმომადგენლებმა. არადა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, როდესაც ვირუსის შესახებ არაფერი ვიცოდით და სიბნელეში ხელების ცეცებით დავდიოდით, ჩვენი ექიმების - ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და პაატა იმნაძის იმედი გვქონდა. დღეს კი, სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზების გამო, სწორედ ამ ადამიანებს ვლანძღავთ, რაც მორალურად და ადამიანურადაც კი, არასწორად მიმაჩნია. ჩვენი ეპიდემიოლოგების დისკრედიტაცია, პანდემიასთან ბრძოლის დისკრედიტაციას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, ცნობიერების ამაღლების კამპანიას უკავშირდება - საზოგადოება აღარ ენდობა იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე კარგად ერკვევიან პანდემიის მართვაში. დისკრედიტაციის კამპანიების შედეგად, ქვეყანაში აღარ დატოვეს ავტორიტეტი, რომელიც იტყვის, რომ პირბადე აუცილებლად უნდა ვატაროთ, რაც ქვეყანასაც აზიანებს და მოსახლეობასაც.

- ბატონო ანდრია, 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ზოგადად, არჩევნები ინფლაციის პროცესს აჩქარებს, გარდა ამისა, ინფლაციის თვალსაზრისით, შემოდგომა ისედაც სენსიტიური პერიოდია. ამ პროცესის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია პრემიერ-მინისტრის ის პოზიტიური ეკონომიკური მოლოდინი, რომლითაც ინტერვიუ დავიწყეთ? 

- ზოგადად, არჩევნებისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი, თავიდან ბოლომდე, მოლოდინების მართვას უკავშირდება, კერძოდ, რა მოლოდინი აქვს ბიზნესს. ისეთი ტიპის არჩევნებზე, სადაც არ არის მოსალოდნელი გართულებები, გარკვეული ტიპის პოლიტიკური დესტაბილიზაცია ან სხვადასხვა საფრთხეები, ვგულისხმობ, თუნდაც ქუჩის აქციებს, ბიზნესს პოზიტიური მოლოდინი აქვს. ასეთ დროს, არჩევნებს დიდი გავლენა არ აქვს ეკონომიკურ პროცესებზე. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც დესტრუქციული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში იყვნენ აქტიურები და მათი დღის წესრიგიც, თავიდან ბოლომდე, დესტრუქციას უკავშირდება, ასეთი ტიპის არჩევნები ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და აქ პანდემია არაფერ შუაშია. ნებისმიერი სხვა, არაპანდემიური წელიც რომ ავიღოთ, თუ საზოგადოებაში, ბიზნესსა და ინვესტორებში ნეგატიური მოლოდინებია არჩევნებთან და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ცხადია, ეკონომიკაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს.

საერთოდ, პოლიტიკური პროცესის სტაბილური მართვა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ხელისუფლების გამოწვევაცაა და იმავდროულად, ვალდებულებაც, თუ როგორც საარჩევნო, ასევე, პოსტსაარჩევნო პერიოდი გვექნება. თუ ხელისუფლება ამას მიაღწევს, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და ასეთ შემთხვევაში, არავითარი გართულება არ გველის. სამწუხაროდ, როდესაც ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია დესტრუქციასა და ობსტრუქციაზე, რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი და საფუძველი, რომ არჩევნები ეკონომიკისთვის რისკის შემცველი იყოს. წინასწარ ძნელია იმის გაზომვა, რა გავლენა ექნება არჩევნებს ეკონომიკაზე, მაგრამ გიმეორებთ, ეს არის მოლოდინისა და აღქმის საგანი - ვინ როგორ აღიქვამს და ვის რა მოლოდინი აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება ამ პროცესს წარმატებით გაართმევს თავს.