კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, საქართველოში არაბი ტურისტების ბუმია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შალვა ალავერდაშვილი: „ერთი აცრილი ადამიანი ორ შემოსულ ტურისტს უდრის!“

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა, ეკონომიკა გამოცოცხლდა. ეს პროცესი ტურიზმის ინდუსტრიასაც დაეტყო, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტურისტული სეზონი ამოიქოქა და სასტუმროები, რესტორნები თუ კაფე-ბარები ამუშავდნენ. მართალია, ტურიზმის სექტორი პანდემიამდე - 2019 წლის პერიოდს ჯერ ვერ გაუთანაბრდა, თუმცა პოზიტიური ტენდენციები მაინც იგრძნობა. ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა და შედეგად, ივლისში, ტურისტული სექტორი 2019 წლამდე პერიოდს 65%-ით დაუახლოვდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ საკმარისი არაა. აღორძინების პროცესს ხელს საზოგადოების მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის დაბალი დონეც უშლის - სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად უნდა აიცრან! „ვერსიას“ საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ესაუბრება.

 

- შალვა, რა დადებითი ტენდენციები მოჰყვა კოვიდრეგულაციების შერბილებას ტურიზმის სექტორში?

- ივლისში, საშუალოდ, 65%-ით დავუბრუნდით პანდემიამდე ანუ 2019 წლის პერიოდს. საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა ვერ შევიგნეთ და ქვეყანა კვლავ „წითელ ზონაში“ გადავიდა, 30 ივლისიდან, ისრაელი საქართველოს სრულად ჩაკეტავს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან ფრენებს შეწყვეტს, რაც ძალიან ცუდი მესიჯია დანარჩენი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება დროულად და მალე, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვაქცინირებული უნდა იყოს. რეალურად, მთელი მსოფლიო ვაქცინაციის პროცესს და სტატისტიკას ადევნებს თვალ-ყურს, აკვირდება, რას აკეთებს ესა თუ ის ქვეყანა.

გადავხედოთ საქართველოს სტატისტიკას ტურისტულ სექტორში - ივნისში, 40%-ით დავეწიეთ 2019 წლის მაჩვენებლებს, ხოლო ივლისში - 65%-ით. სამწუხაროდ, აგვისტოში პოზიტიურ შედეგს ვეღარ გავიმეორებთ, მაგრამ გამოსავალი არსებობს - რაც უფრო დაჩქარდება ვაქცინაცია ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად აღდგება ტურიზმი.

- სხვათა შორის, ანტივაქსერების გააქტიურების მიუხედავად, ხალხს უნდა ვაქცინაცია და აქტიურად რეგისტრირდება კიდეც. მეტიც, საიტიც კი გაიჭედა...

- გასაგებია, მაგრამ ყველაფერი აღრიცხვა და ციფრებია. კი, ბატონო, რეგისტრირდება, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებთ ან გავაკეთებთ, ეს მერე გამოჩნდება. ამ ეტაპზე, საქართველოს მდგომარეობას რომ დავხედოთ მსოფლიო რუკაზე, „წითელ ზონაში“ ვართ, რაც ტურიზმის სწრაფ აღდგენას ხელს უშლის. შესაბამისად, რაც უფრო დროულად აიცრება მოსახლეობა, მით უფრო დროულად გადავალთ სხვა ზონაში და მით უფრო სწრაფად შემოვლენ ტურისტები. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ერთი აცრილი ადამიანი, ხუთ კაც-ღამეს ანუ ორ შემოსულ ტურისტს უდრის! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რაც შეიძლება, დროულად აიცრან.

- რეგულაციების შერბილებას მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უპასუხისმგებლობაც მოჰყვა, განსაკუთრებით, აჭარაში... სინამდვილეში, რა ხდება?

- ვერ გეტყვით... თუმცა, კიდევ ერთხელ განვმეორდები და მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. გიმეორებთ, ყოველი აცრილი ადამიანი, ქვეყანაში შემოსულ 5 კაც-ღამეს უდრის, 3 მილიონი ვართ და თუ ყველა ავიცრებით, ეს 15 მილიონ კაც-ღამეს ნიშნავს, 15 მილიონი კაც-ღამე, სავარაუდოდ, 2 მილიონი ტურისტია, რადგან რეალურად, ტურისტი ჩვენთან 4-5 დღით ჩერდება. 2 მილიონი ტურისტი რომ დავაბრუნოთ ქვეყანაში, ძალიან მაგარი იქნება.

- ინტერვიუს დასაწყისში მითხარით, რომ ისრაელი 30 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ამის გამო, სხვა ქვეყნებიდან ხომ არ გაუქმდა ჯავშნები საქართველოში?

- დიახ, ჯავშნებთან დაკავშირებით, სერიოზული დარტყმა მივიღეთ ისრაელიდან. ჯავშნები საერთოდ გაუქმდა და ისრაელის ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებსაც გადაეცა. მიზეზი მარტივია, ისრაელში ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდა და როცა ასეთი ქვეყანა საქართველოს საშიშ ქვეყნად მიიჩნევს, თქვენც რომ ტურისტი იყოთ, ნამდვილად არ გარისკავდით ასეთ ქვეყანაში წასვლას. თუ აცრილი ხალხი თვლის, რომ საშიშია იმ ქვეყანაში წასვლა, ალბათ, მართლაც საშიშია - აი, ასე ფიქრობენ სხვა ქვეყნებიც. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდში გააუქმეს ჯავშნები სხვა ქვეყნებმაც.

- რომელმა ქვეყნებმა, შალვა?

- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ სამაგიეროდ, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზე არაბული ქვეყნები არიან. ამ ეტაპზე, არაბები ლიდერობენ, მათ შორის, დუბაი, დოჰა და სხვა ქვეყნები. არაბული ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი გვყავს, რაც ძალიან კარგია, თუმცა ყველაფერ ამას გაფრთხილება უნდა. სამწუხაროა ის, რომ სხვა ქვეყნებიდან თითზე ჩამოსათვლელი ტურისტები გვყავს და ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.

- კოვიდრეგულაციების შერბილებით დავიწყეთ და ამავე თემით დავასრულებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეკონომიკის, განსაკუთრებით ტურიზმის გამოცოცხლება მოჰყვა და თუ ასე გაგრძელდება, წლის ბოლოს, ეკონომიკის ორნიშნა ზრდას უნდა ველოდოთ.

- ეკონომიკას ზოგად ჭრილში ვერ განვიხილავ, მაგრამ იმას კი ნამდვილად დაგიდასტურებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგა. რა თქმა უნდა, ეს კოვიდრეგულაციების შერბილებას უკავშირდება, რაც ძალიან კარგია და ყველას გვახარებს. თუმცა, საშიშროება არსებობს, რასაც ამ ეტაპზე, ვერ გავექცევით.

 

P.S. ისრაელმა საქართველოს „წითელ ზონაში“ შეყვანა გადადო. ეს ინფორმაცია 27 ივლისს, დღის ბოლოს გავრცელდა.