საქართველოს მთავრობა რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

500 მილიონი ლარი და 15 000 ახალი, სამუშაო ადგილი 63 მუნიციპალიტეტში!

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ესაა რეგიონების განახლების მასშტაბუტი პროექტი, რისთვისაც 500 მილიონი ლარია განსაზღვრული. პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განახლებას, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს. რეგიონების განახლების პროგრამა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 26 აპრილს, მთავრობის სხდომაზე წარადგინა. „ვერსია“ დაინტერესდა, რას ნიშნავს საქართველოს განახლების მასშტაბური პროგრამა და კონკრეტულად, რა ღონისძიებები იგეგმება მის ფარგლებში.  

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე დეტალურად ახსნა, რას მოიცავს რეგიონების განახლების მასშტაბური პროგრამა. მისი თქმით, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტი სრულად განახლდება, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება, მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტები აშენდება, უკვე არსებული ობიექტები კი განახლდება. გარდა ამისა, ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში არსებული კურორტები და განსახლებები ურბანულად განახლდება. მეტიც, პროგრამის ფარგლებში, ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები შეიქმნება.

„რა თქმა უნდა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უამრავი ადგილია, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად, განვითარების პირობების გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებასა და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება. მისივე თქმით, პირველ რიგში, ეს პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ხელისუფლების გათვლებით, პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და რეგიონების მოსახლეობა დასაქმდება. რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე, მიმდინარე კვირაშივე გამოცხადება ტენდერები, ხოლო 63 მუნიციპალიტეტში მასშტაბური სამუშაოები კი ივნისიდან დაიწყება. მისივე თქმით, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და უშუალოდ, მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.

„პროგრამა 500 მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. რაც შეეხება პროგრამას, მასში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით. ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მასშტაბურად განახლდეს. ამ სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი ირაკლი ქარსელაძე და მისი გუნდი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ და მინდა, მას მადლობა ვუთხრა. ახლა უკვე, რეალურად, საქმეზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან და თანაბრად, ყველა მუნიციპალიტეტში - ახალი, ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა, ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ, ამ პროგრამის ზედამხედველობას განახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ირაკლი ქარსელაძის აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონების განახლებისა და განვითარების უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. მისვე თქმით, აქამდე, საქართველოში, ასეთი მასშტაბური პროგრამა არ განხორციელებულა.

ჩვენი ძალისხმევა და ენერგია უნდა იყოს მიმართული გაძლიერებული, განვითარებული, ახალშესაძლებლობა შეძენილი რეგიონები და ეს სწორედ ის პროგრამაა, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს ძლიერ საქართველოს, განვითარებულ საქართველოს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ შესაძლებლობებს ქმნის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, სტუმრებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება დამატებით შემოსავალში. დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და შესაბამისად, 15 000 ადამიანი დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი არა მხოლოდ დასაქმდებიან, არამედ, იმ ახალ უნარებსა და ჩვევებს შეიძენენ, რაც შემდგომში, ისევ მათ გახდის კონკურენტუნარიანს შრომის ბაზარზე.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, რომელიც 500 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით განხორციელდება. მისი თქმით, ამ პროექტებისთვის სახელმწიფო დამტებით, ახალ ვალს არ აიღებს.

500 მილიონი ლარი, პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულება გახლავთ, რომლის განხორციელებასაც ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათ შორის, ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე წელსვე, აუცილებლად განხორციელდება. თუმცა არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც შინაარსობრივად, გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვენ და შესაბამისად, მათ მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში განვახორციელებთ“, - განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ განახლებული რეგიონების პროგრამა, მუნიციპალიტეტებს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ეს იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრები სრულად განახლდება, რომლებიც ჩვენი ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალ კერებად იქცევა. მეტიც, თურნავამ დააზუსტა, რომ მთავრობის მიერ, აქამდე დაწყებული ყველა დანარჩენი პროგრამა, რეგიონულ ჭრილში გადაეწყობა.  

მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია აღდგეს. ამ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური, ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში და - არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ზოგადად, ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და კონკრეტული პროგრამების პაკეტებს შევთავაზებთ თითოეულ მუნიციპალიტეტს. ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რომლებიც ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფო პროგრამებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.