„არც ერთი სხვა ქვეყნის არც ერთ ლიდერს არ ელიან ისე მსოფლიოში, როგორც პუტინს“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველამ, ვინც პოლიტიკაში ოდნავ მაინც ერკვევა, გადასარევად იცის, რომ 2024 გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი წელი მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, არამედ, მთელი მსოფლიოსთვისაა ანუ წელს არჩევნები, საქართველოს პარალელურად, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც ტარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მსოფლიოს პოლიტიკური რუკა თუ არ შეიცვლება, მინიმუმ, ღირებულებები გადაფასდება. იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ წელს, კიდევ ერთი ვადით, პუტინი პრეზიდენტი უპირობოდ გახდება. შესაბამისად, ომი უკრაინასთან ისევ გაგრძელდება და არც ის არის გამორიცხული, რომ კრემლმა ცხელი წერტილები მსოფლიოს სხვა ადგილებშიც შექმნას. ისე, მხოლოდ ბრმები ვერ ხედავენ, თორემ საღად მოაზროვნეები ხვდებიან, რომ უკრაინის დაპყრობის ორწლიანი ეპოპეა პუტინისთვის პოლიტიკურ სიმსივნედ იქცა. დიახ, მითი და ილუზია, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე კიევს ორ, მაქსიმუმ, სამ დღეში აიღებდა, ორი წლის წინ გაცამტვერდა. ალბათ, თავად ოფიციალური მოსკოვიც კი არ ელოდა, რომ ზელენსკი და, ზოგადად, უკრაინელი ხალხი ბრძოლის ასეთ უნარს გამოავლენდა, მაგრამ პუტინმა, ალბათ, არ იცის, რომ არასოდეს არ უნდა თქვას „არასოდეს“.

 

***

ისე, კრემლის დიქტატორი, როგორც იტყვიან, ნირს არ იტეხს და ცდილობს, მსოფლიოს საკუთარ უძლეველობაზე ახალი ზღაპრები მოუყვეს. ეს კარგად გამოჩნდა   „ფოქს ნიუსის“ ყოფილ წამყვანსა და რუსული პროპაგანდის ფავორიტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, სადაც პუტინმა აშშ-ს ბრალი, პრაქტიკულად, ღიად დასდო და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ომი რამდენიმე კვირაში დასრულდება.

ზოგადად, რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ეს იყო საუკუნის ინტერვიუ, რომელიც მსოფლიო ახალი ამბების მთავარ თემად იქცა. იმაზე, რომ რუსული პროპგანდა აქაც იტყუება, ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი ზემოხენებული დიალოგი, ასე ვთქვათ, განვიხილოთ.

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში ნახევარ საათზე მეტი დაუთმო რუსეთის, პოლონეთის, უკრაინისა და ლიეტუვის ისტორიაზე საუბარს. ეს მონოლოგი მეცხრე საუკუნიდან კომუნისტურ რევოლუციამდე იყო გაშლილი.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუსული ინტერესების ლეგიტიმურობა უნდა აღიაროს და უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.

იმავდროულად, რუს პრეზიდენტს სჯერა, რომ გასული წლის მარტში, კრემლის მიერ დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება შესაძლებელია.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აქამდე მის მიერ წარმოთქმული ბევრი დებულება გაიმეორა, მათ შორის, კრემლის გადმოსახედიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა.

ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა ასევე ცრუ ნარატივი კიევში ნეონაცისტების ხელისუფლების სათავეში ყოფნის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა დაამახინჯა უკრაინის ისტორიაც და მას სტალინის მიერ შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ტაკერ კარლსონი ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერის გამო გააკრიტიკეს, თავად ჟურნალისტი კი აცხადებს, რომ არცერთ მის დასავლელ კოლეგას შეუწუხებია თავი პუტინთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობით.

კრემლში კი იმედი აქვთ, რომ მათ სასარგებლოდ ეს ინტერვიუ თავის წვლილს შეიტანს ამერიკული საზოგადოების მიერ, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, აზრთა ფორმირებაში.

ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკის უარს მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსი ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ომი რამდენიმე კვირაში დასრულდება, კიევს კი ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონის სატელიტს უწოდებს.

ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებების წარმოებაზე“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ცნობისთვის: უკრაინელთა უმრავლესობა ომის გაგრძელების მომხრეა და მათი სურვილია, იხილონ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლა, სწორედ ამ შედეგის მაჩვენებელია ორგანიზაცია „გალოპის“ მიერ ჩატარებული კვლევა, მაგრამ უცნობია, თუ როგორ შეიძლება ომის დასრულება, როდესაც რუსული მხარე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინული მიწების მითვისებას ცდილობს. უკრაინელთა უმრავლესობა ამ გარიგების წინააღმდეგია.

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სტრატეგიულ მარცხს ვერ მიაყენებ, იმავდროულად, კრემლში უარყოფენ, რომ მათ პოლონეთსა და ბალტიისპირეთზე თავდასხმა სურთ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება ვლადიმერ პუტინის არცერთი სიტყვის დაჯერება.

შეგახსენებთ: 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს დასავლურ მედიასთან ძალიან შეზღუდული კავშირი აქვს, ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას განაგრძობს, ქვეყანაში ოპოზიციური მედია აღარ არსებობს, უცხოელი ჟურნალისტები კი რუსეთს ტოვებენ.

ამერიკული მედიასაშუალებების ორი ჟურნალისტი - ევან გერშეკოვიჩი და ალსუ კურმაშევა რუსულ საპატიმროში იმყოფებიან.

ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინს ევან გერშეკოვიჩის გათავისუფლების შესახებ ჰკითხა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მან გაიმეორა, რომ ეს ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული, თავად ბრალდებული ამას უარყოფს.

ის დაიჭირეს სწორედ მაშინ, როდესაც ის საიდუმლო ინფორმაციას იპარავდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი ჟურნალისტი, შესაძლოა, სახლში მალე დაბრუნდეს.

ეს საკითხი ტაბუდადებული არ გახლავთ, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი, - ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის გადაჭრისთვის, მაგრამ ეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა უნდა განიხილონ, მჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია“.

ვლადიმერ პუტინმა, ასევე, ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფოს მიერ, ბოროტმოქმედის ლიკვიდაციის მიზეზით დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე. საუბარი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს ეხება, რომელიც ბერლინში, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის აგენტმა მოკლა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მისი სახელმწიფოს მმართველი ორგანოების პირდაპირი მითითებით მოქმედებდა.

 

***

რაც შეეხება ინტერვიუს მომზადებასა და შეფასებებს,  ამ ორსაათიანი ინტერვიუსთვის ჟურნალისტი რუსეთში სპეციალურად ჩაფრინდა  და კარლსონმა, პრაქტიკულად, ერთი მძაფრი კითხვაც არ დაუსვა პუტინს, თუმცა ამას დაპირებული იყო.

რუსული პროპაგანდა დაჟინებით ადევნებდა თვალ-ყურს ტაკერ კარლსონის გადაადგილებას რუსეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო მედია ასევე აქტიურად ავრცელებდა თავად პუტინის ინტერვიუს. პრეზიდენტის საუბარი ჟურნალისტთან სულ მცირე სამჯერ გამოქვეყნდა სხვადასხვა ფორმით: ჯერ, უბრალოდ, ციტირებდნენ პუტინის განცხადებებს, შემდეგ მედიამ მკითხველს შეატყობინა, რომ კრემლის ვებ-საიტზე გამოჩნდა ინტერვიუს სრული ჩანაწერი და ბოლოს, გამოაქვეყნეს სრული, ორსაათიანი საუბრის რუსული ვერსია.

9 თებერვალს, დილით, სააგენტო TASS-მა ინტერვიუს ჩანაწერის პირდაპირი ტრანსლაციაც კი დაიწყო. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, კრემლის მომხრე ტელეგრამ-არხმა MASH-მა მას „მსოფლიოს მთავარი მოვლენა“ უწოდა.

რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვან თემად იქცა პუტინთან ინტერვიუს „ნახვების რაოდენობაც“. პირველივე წუთებიდან, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები აკვირდებოდნენ  სოციალურ ქსელ X-ზე ნახვების რაოდენობის მაჩვენებელს. ამრიგად, ტაკერის პოსტი - პუტინთან ინტერვიუ - სოციალურ ქსელ X-ზე 86.6 მილიონჯერ იყო ნანახი მაშინ, როცა Youtube-მა გამოქვეყნებიდან 11 საათში მხოლოდ 4.3 მილიონი ნახვა მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაში, ინტერვიუს ნახვების რაოდენობაზე საუბარი არაკორექტულია. ამაზე ადრე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება მედია-ექსპერტმა, ალექსანდრე ამზინმა. სინამდვილეში, X-ში პოსტის ნახვების რაოდენობა არ ნიშნავს ვიდეოს ნახვების და არც თავად პოსტის წაკითხვის რაოდენობას.

რუსული მედიისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის აღნიშვნა, რომ ინტერვიუ საინტერესო იყო, როგორც მაყურებლისთვის, ასევე, უცხოელი ჟურნალისტებისთვის. ამრიგად, პროპაგანდამ მიაქცია ყურადღება, რომ პუტინის თემა იქცა აქტუალურ საკითხად სოციალური ქსელ X-ში (ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში, სოციალურ ქსელში დათვლილია თითქმის მილიონნახევარი პოსტი, სადაც ნახსენებია რუსეთის პრეზიდენტი - „მედუზას“ ცნობა). გარდა ამისა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა ყურადღება გაამახვილეს X-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის პუბლიკაციაზე, რომელმაც გაიზიარა ინტერვიუ საკუთარ გვერდზე და დაწერა, რომ უყურებს პუტინთან ინტერვიუს.

თავად ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ინტერვიუს ჩასაწერად კრემლში ხუთი საათი გაატარა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორი საათით დააგვიანა. საუბრის შემდეგ, ტელეწამყვანმა პუტინს ჭკვიანი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის უარყოფამ რუსეთის პრეზიდენტს „ძლიერ ატკინა გული. ამის გამო, მას უელავდა თვალები”, - განაცხადა კარლსონმა. ჟურნალისტის თქმით, რუსეთი არ არის დაკავებული ექსპანსიით, რადგან ის უკვე „ასე უზარმაზარია“ და „იდეოლოგიურ მატყუარებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტს მართავენ“, უნდათ ჰიტლერის გამოყვანა პუტინისგან.

კარლსონმა დასძინა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გამო, რუსეთი არ დათმობს ყირიმს.

„შეიძლება, არ მოგეწონოთ ეს ფაქტი, მაგრამ პუტინი დაიწყებს ბირთვულ ომს, რათა არ დათმოს ყირიმი. სწორედ ყირიმი იყო ომის დაწყების მიზეზი 2022 წლის თებერვალში“, - განაცხადა წამყვანმა.

„რუსეთის პრეზიდენტმა დასავლურ სამყაროს მაქსიმალურად დეტალურად აუხსნა, რატომ არ არსებობდა არანაირი უკრაინა, არ არსებობს და არც იარსებებს. ტაკერ კარლსონს არ შეეშინდა და არც დაიბნა“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა.

ომის მომხრე ერთ-ერთმა მთავარმა ტელეგრამ-არხმა „Рыбарь“  თქვა, რომ პუტინის ინტერვიუს ამერიკელ ტელეწამყვანთან „ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა“. არხის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ინტერვიუ წინასწარ იყო დაგეგმილ-ორგანიზებული და აღნიშნავენ „მრავალმხრივ და შეფარულ მინიშნებებსა და მითითებებს“.

ORT-ის მთავარი რედაქტორი და პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, თავის მხრივ, ჩიოდა, რომ კარლსონი არ ესაუბრებოდა პუტინს კონსერვატიულ ღირებულებებზე: „ეს არის მისი ძლიერი მხარე. ეს არის ერთადერთი, რაზეც რუსეთს შეუძლია და ახლაც უნდა ააშენოს საგარეო იდეოლოგია“.

„ამბობენ, რომ დღეს, ბევრ სკოლაში, გაკვეთილების ნაცვლად, ყველა უყურებს ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. არც ერთი სხვა ქვეყნის არც ერთ ლიდერს არ ელიან ისე მსოფლიოში, როგორც ჩვენსას. მე ვამაყობ“, - წერს უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის ხელმძღვანელი, ეკატერინა მიზულინა.

 

რა გამოხმაურება მოჰყვა პუტინის ინტერვიუს დასავლურ მედიაში

მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია აქტიურად ციტირებს ფრაგმენტებს დასავლელი კოლეგების პუბლიკაციებიდან, არც ერთ წამყვან უცხოურ მედიაში  პუტინის საუბარი კარლსონთან არ გახდა მთავარი სიახლე. ამერიკული და ევროპული გამოცემების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა პუტინის განცხადებებზე The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის შესახებ, რომელიც რუსეთში დააკავეს. კერძოდ, ამის შესახებ თავად Wall Street Journal, The New York Times, Pollitico, CNN, BBC, Associated Presss და Financial Times წერდნენ.

სხვა განცხადებები, რამაც დასავლური პრესა დააინტერესა, იყო ის, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძვის თავისი ინტერესებისთვის, მაგრამ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაფართოებით პოლონეთისა და ლატვიის ტერიტორიაზე (Reuters, Spigel და Le Monde). მედია ასევე ციტირებდა პუტინის სიტყვებს უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შესახებ (Bloomberg, The Guardian და The Washington Post).

Wall Street Jourrnal-ი წერს, რომ კარლსონმა პუტინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა „გარდამტეხ  მომენტში“. გამოცემა იხსენებს, რომ მილიარდობით დოლარის დახმარება, უკრაინის შიდაპოლიტიკური უთანხმოების გამო, აშშ-ის კონგრესში შეფერხდა, ხოლო რუსული ჯარები ბრძოლის ველზე წინ მიიწევენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი საბრძოლო მასალისა და იარაღის მწვავე დეფიციტს განიცდიან.

„ინტერვიუმ პუტინს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და ეჩვენებინა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია თავისი პირობები წაუყენოს დასავლეთს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მას ხელისუფლებაში ექვსი წლით დარჩენის შესაძლებლობას მისცემს“, - წერს გაზეთი.

კარლსონმა პუტინს საშუალება მისცა, განევრცო  წარმოდგენა რუსეთზე, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველზე -  წერს The New York Times. გაზეთი ასევე მიიჩნევს, რომ პუტინის  მოწოდებები შეერთებულi შტატებისადმი, დადებულ იქნას სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით, არის რუსეთის პრეზიდენტის მცდელობა, პირდაპირ მიმართოს ამერიკელ კონსერვატორებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის შეფასებით, პუტინის ინტერვიუმ კარლსონთან, ნაკლებსავარაუდოა, შეცვალოს ამერეკილების აზრი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

პუტინი სრულად იყო დიალოგის წარმმართველი, მის თანამოსაუბრეს კი ინტერვიუს უმეტესი დროის განმავლობაში, სიტყვა არ უთქვამს, - წერს BBC. გერმანული „შპიგელი“ აღნიშნავს, რომ პუტინის ინტერვიუ კარლსონთან არის „პირველი დეტალური საუბარი“ რუსეთის პრეზიდენტსა და ამერიკელ ჟურნალისტს შორის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

„იმის ნაცვლად, რომ პუტინზე ზეწოლა მოეხდინა ბევრ საკითხზე, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების სარწმუნო ბრალდებებსა და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებაზე, კარლსონმა ავტოკრატს მისცა პლატფორმა, რათა მოეხდინა საზოგადოების მანიპულირება და ისტორიის საკუთარი ვერსიის წარმოჩენა“, - აღნიშნა CNN-მა. ბრიტანულმა The Guardian-მა პუტინთან ინტერვიუს კარლსონისთვის „სირცხვილის ახალი დონე“ უწოდა.

გამომცემლობა „შემაფორ“-ი ირწმუნება, რომ ინტერვიუს გარდა, კარლსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთში დევნილობაში მყოფ ორ ამერიკელს - ედვარდ სნოუდენს, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სათვალთვალო პროგრამების შესახებ მონაცემების გადაცემა და ტარა რიდის, რომელიც ჯო ბაიდენს შევიწროებაში ადანაშაულებს. თავად კარლსონი უარყოფს მსგავსი შეხვედრებს.

 

პესკოვი კმაყოფილია...

კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა დასავლეთის რეაქციაზე რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე თქვა, რომ დასავლეთი ძალიან ყურადღებით შეისწავლის და გააანალიზებს პუტინის საუბარს კარლსონთან:

„იქ (აშშ-ში) ერთგვარი პროფესიული უხალისობაა, გამოაქვეყნო კარლსონის ინტერვიუ.  იქ არის განხეთქილება პოლიტიკური შეხედულებების კუთხით და ძალიან სერიოზული კორპორატიული განხეთქილება მედიაში. ისინი მკაცრად არიან გაყოფილი პარტიის მხარდაჭერის კრიტერიუმების მიხედვით, ერთი ორიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული პროფესიული ეჭვიანობა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ამ ინტერვიუს ღრმა ანალიზი მოჰყვება“, - თქვა მან.

პესკოვი ასევე, ირწმუნება, რომ კარლსონს წინასწარ არ შეუთანხმებია შეკითხვები კრემლთან  და ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო „რამდენიმე ათეული მოთხოვნა“ პუტინთან ინტერვიუსთვის მსოფლიოს სხვადასვა მსხვილი ქვეყნების მედიასაშუალებებისგან.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩვენი ხალხის რეაქციაა“, - განაცხადა პესკოვმა.

„ყველაზე ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, წაიკითხოს ეს ინტერვიუ“, - თქვა პესკოვმა.

 

უზუსტობები ინტერვიუში

რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ ყურადღება გაამახვილა პუტინის ინტერვიუში არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აშუქებდა პროპაგანდა ამ მოვლენას. კერძოდ, როგორც „დოჟდი“ წერს, პუტინმა თქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მამა „ფაშისტებს ებრძოდა“. სინამდვილეში კი, ალექსანდრე ზელენსკი დაიბადა 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ. პუტინს, ალბათ, უნდოდა ეხსენებინა ზელენსკის ბაბუა, რომელიც ნამდვილად იბრძოდა ჰიტლერის წინაღმდეგ.

 ავტორი- ნინო დოლიძე